მთავარი,სიახლეები

გონიოში საბავშვო ბაღს აღარ გაარემონტებენ – ახლის აშენება სხვა ადგილზე იგეგმება

08.09.2026
გონიოში საბავშვო ბაღს აღარ გაარემონტებენ – ახლის აშენება სხვა ადგილზე იგეგმება

გონიოში ადგილი, სადაც ახალ საბავშვო ბაღს ააშენებენ, ცნობილია. გაურკვეველი რჩება ძველი ბაღის ადგილის საკითხი, სადაც შენობის რემონტი დაიწყეს, თუმცა სამუშაოები შეწყდა. იმ კომპანიის ხელმძღვანელები კი, ვინც თავის დროზე ამ ბაღის რემონტის ტენდერი მოიგო, დღეს პატიმრობაში არიან.

ერთი ხელშეკრულების ფარგლებში [Design-Build მეთოდით], გონიოში 200 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი ტენდერი გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 021 640 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 4 ოქტომბერს დაიწყება და 9 ოქტომბერს დასრულდება.

რაც შეეხება ახალი ბაღის მშენებლობას, ის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა დასრულდეს. აქედან პირველი 3 თვე პროექტის კორექტირებისთვისაა საჭირო [ფონდი ბაღების მშენებლობაზე ტენდერს ტიპიური პროექტებით აცხადებს, რომელიც გამარჯვებულმა კონკრეტულ ლოკაციას უნდა მოარგოს].

გონიოში საბავშვო ბაღის შენობა, რომელიც უნდა გაერემონტებინათ, პეტრე იბერის N 1-ში მდებარეობს. ახალი ბაღი კი, აფსაროსის II ჩიხის, N5ა-ში უნდა ააშენონ. არსებული და ასაშენებელი ბაღების ადგილებს შორის დაშორება დაახლოებით 2 კილომეტრია.

ახალი ბაღის საპროექტო ტერიტორია გონიოში [ზემოთ მონიშნულია მწვანე ფერით] და არსებული ბაღის ტერიტორია [ქვემოთ წითელი ფერით], რომლის ბედი ამ დროისთვის გაურკვეველია

ახალი ბაღის საპროექტო ტერიტორია 7 074 კვადრატული მეტრია და დღეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. ქალაქს ის აჭარის მთავრობამ 2026 წლის აგვისტოში გადასცა.

რაც შეეხება არსებული [ფაქტობრივად უკვე ყოფილი] საბავშვო ბაღის ტერიტორიას, მისი ფართობი 1011 კვადრატული მეტრია და ის ამ დროისთვის კვლავ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.

ბათუმის N29 ბაღის შენობა გონიოში, სამუშაოების შეწყვეტის შემდეგ / ფოტო: 2026 წლის ივლისი.

გონიოში, პეტრე იბერის პირველში, #29-ე საბავშვო ბაღის შენობის სარემონტო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, რომელსაც ამ ბაღთან ერთად კიდევ ორი საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები დაუკვეთეს, 1 მილიონ 523 373 ლარი მიიღო, თუმცა სამუშაოები არ შეუსრულებია.

2025 წელს კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტეს.

ბათუმის 29-ე და კიდევ ორი საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოებზე ხელშეკრულება მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წელს გააფორმა შპს „ლაგი კაპიტალთან“. ხელშეკრულების ღირებულება 12 მილიონ 190 000 ლარი იყო, პრეისკურანტი – 1 მილიონ 775 269 ლარი, დღგ-ს გარეშე.

დღეს ამ კომპანიის მფლობელები პატიმრობაში არიან.

ბათუმის მერიაში ამბობდნენ, რომ შენობა უსაფრთხო არ იყო და ახალი უნდა ააშენონ, ოღონდ არა ამ ადგილზე. მერიაში არ გვეუბნებოდნენ, სად აპირებდნენ ტერიტორიის გამოყოფას ახალი ბაღისთვის.

___

ვრცლად ამ თემაზე

გონიოში დანგრევას უპირებენ საბავშვო ბაღს, რომელსაც 3 წელია არემონტებენ – აქ შესაძლოა კორპუსი აშენდეს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: