მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობის შენობას, რომელშიც 3 სამინისტროა, დროებით გაამაგრებენ – „ცალკეული ზონები ავარიულია“

28.07.2026
აჭარის მთავრობის შენობას, რომელშიც 3 სამინისტროა, დროებით გაამაგრებენ – „ცალკეული ზონები ავარიულია“

ბათუმში, მამია კომახიძის ქუჩა N119-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც აჭარის სამი სამინისტროა განთავსებული, ავარიულია. ამის შესახებ წერია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განაცხადში, რომლითაც სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

სამშენებლო დგარებით შენობის დროებით გამაგრებაში კი სამინისტრო 17 874 ლარს გადაიხდის უტენდეროდ – გადაუდებელი აუცილებლობით.

„შენობის ცალკეული ზონები ავარიულია და საფრთხის შემცველ მდგომარეობაში იმყოფება. შენობის მდგომარეობის სრულყოფილად გამოსასწორებლად საჭიროა შესაბამისი კონსტრუქციული პროექტის მომზადება და მის საფუძველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება…

ამასთანავე, საექსპერტო შეფასებით დადგენილია, რომ ზეძირკვლის სართულზე არსებული დაზიანებული კონსტრუქციები საჭიროებს გადაუდებელი დროებითი დამზღვევი ღონისძიებების განხორციელებას, რათა ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე შემცირდეს კონსტრუქციების უეცარი რღვევისა და მდგომარეობის შემდგომი გაუარესების რისკი“ – წერს სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს.

„ადმინისტრაციული შენობის ზეძირკველის [იგივე „ცოკოლის“] სართულის გადახურვის ფილის სამშენებლო დგარებით გამაგრებას“ სამინისტრო დროებით გეგმავს, ვიდრე შენობის გასამაგრებლად შესაბამის პროექტს და სამშენებლო სამუშაოებს შეისყიდის.

„შენობის დროებით გამაგრებისათვის საჭირო საყალიბე დგარების დღიური მომსახურების ღირებულება შეადგენს 113.85 ლარს, ხოლო 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საჭიროა 17 874.45 ლარი“ – წერს სამინისტრო.

„დაზიანებული კონსტრუქციების უეცარი რღვევის შემთხვევაში რეალური საფრთხე შეექმნება შენობაში დასაქმებული პირებისა და ვიზიტორების ჯანმრთელობას.

ამასთანავე, ავარიული მდგომარეობის გაუარესებამ შესაძლოა გამოიწვიოს შენობის ცალკეული სივრცეების გამოყენების შეზღუდვა ან შენობის ნაწილობრივი თუ სრული ევაკუაციის აუცილებლობა. 

შესაბამისად, არსებული ვითარება რეალურ საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანების უსაფრთხოებას, ისე შემსყიდველი ორგანიზაციისა და შენობაში განთავსებული სხვა სახელმწიფო უწყებების შეუფერხებელ ფუნქციონირებას“ – წერია სამინისტროს განაცხადში.

სამხარაულის ბიუროს დასკვნიდან

ბათუმში, მამია კომახიძის ქუჩა N119-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობა და არსებული მდგომარეობა – ფოტოები ექსპერტიზის დასკვნიდან

„სარდაფში არსებული დაზიანებული კონსტრუქციების საყალიბე დგარებით გამაგრება უზრუნველყოფს მხოლოდ გადაუდებელ დროებით დამზღვევ ღონისძიებას.

შენობის ძირითადი გამაგრების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა განხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრული კონკურენტული პროცედურების საშუალებით, რისთვისაც საჭიროა დაახლოებით 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი,“ – წერს სამინისტრო.

აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის ახალი ადმინისტრაციული შენობის პროექტში 542 800 ლარია გადახდილი, თუმცა, უკვე მერვე წელია მთავრობა მის განხორციელებას არ გეგმავს.

აღნიშნული პროექტის მიხედვით, მთავრობის ახალი ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად, 2018 წლის გათვლებით, 28 მილიონი ლარი იყო საჭირო.

„აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის ფინანსურ ანგარიშგებაში კი, „დაუმთავრებელი მშენებლობის“ ანგარიშზე ასახულია 542 მილიონ 800 ათასი ლარის ღირებულების დაუმთავრებელი აქტივი, რომელზეც 2018 წლიდან ბრუნვა არ ყოფილა“ – აცხადებდა სახელმწიფო აუდიტი 2022 წელს და განმარტავდა, რომ აღნიშნული აქტივი წარმოადგენს 2018 წელს შესრულებული საპროექტო სამუშაოს ღირებულებას, რომლის სამომავლო გამოყენების გეგმა სამინისტროს არ აქვს.

დღემდე გაურკვეველია რაში გამოიყენებს, ან გამოიყენებს თუ არა საერთოდ ამ ნახევარმილიონიან პროექტს აჭარის მთავრობა.

ამ თემაზე:

პროექტი, რომელშიც აჭარის მთავრობამ 542 800 ლარი დახარჯა და ვერ იყენებს

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: