მთავარი,სიახლეები

ბათუმში მოკლული ორი ბიჭის საქმის განხილვა სასამართლომ დახურა

29.05.2018
ბათუმში მოკლული ორი ბიჭის საქმის განხილვა სასამართლომ დახურა

ბათუმში ორი ბიჭის მკვლელობის საქმე დახურულად გამოცხადდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მიიღო.

საუბარია გასული წლის 5 აგვისტოს ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე. თბილისიდან დასასვენებლად ჩამოსული 19 წლის გიორგი ხაჭაპურიძისა და 25 წლის ზვიად სახლთხუციშვილის ცხედრები ნაქირავებ ბინაში 8 აგვისტოს იპოვეს. განზრახ მკვლელობას გამოძიება ორ პირს ედავება. გამოძიების ვერსიით, მკვლელობა „კისრის არეში ხელის მიჭერის და სასუნთქი გზის გადაკეტვით მოხდა“.

ბრალდებულები ნიკა ბახტაძე და რუსლან ბედიევი ბრალს არ აღიარებენ. ისინი თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები არიან.

ამ საქმის არსებითი განხილვა დღეს, 29 მაისს დაიწყო. მოსამართლემ ბრალდებულებს პროკურატურის დაზუსტებული ინფორმაცია ბრალის შესახებ კიდევ ერთხელ წაუკითხა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების დროს თავდაპირველად გიორგი ხაჭაპურიძე მოკლეს, შემდეგ კი დანაშაულის დაფარვის მიზნით მოკლეს ზვიად სახლთხუციშვილი.

“სცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?” – მოსამართლის შეკითხვას დღევანდელ პროცესზე ორივე ბრალდებულმა ერთნაირად უპასუხა: “ვიყენებ დუმილის უფლებას”.

ბრალდებულებს მოსამართლემ განუმარტა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში მათ 13-დან 17 წლამდე ელით თავისუფლების აღკვეთა.

პროკურორებმა შესავალი სიტყვის თქმამდე სასამართლო სხდომის სრულად დახურვის შესახებ დააყენეს შუამდგომლობა. მათი განმარტებით, მტკიცებულებების გამოკვლევა, ასევე შესავალი და დასკვნითი სიტყვები პირადი ცხოვრების დეტალებს შეიცავს, “რომლის საზოგადოებაში გავრცელება მიზანშეუწონელია,” – თქვა პროკურორმა გიორგი რამიშვილმა.

“არ ვეთანხმები სხდომის დახურვას. ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ორიენტაცია. ორიენტაციის გარკვევა არ არის ჩვენი მიზანი,” – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ. მისი თქმით, პროკურატურა დოკუმენტაციის ფალსიფიკაციას ახდენს და ამის დამალვა უნდა საზოგადოებისთვის.

ვიდრე მოსამართლე სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში გარდაცვლილების სექსუალურ ორიენტაციაზე საუბრობს.

ადვოკატი აქცენტს აკეთებს ასევე სატელეფონო ჩანაწერზე, რაც ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა ბრალდებულების წინააღმდეგ. ადვოკატი ამბობს, რომ ეს ჩანაწერი მოსამართლის ნებართვის გარეშე და კანონის დარღვევით არის მოპოვებული.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თქვა, რომ ღია მხოლოდ დასკვნითი სიტყვის ეტაპი იქნება. დასკვნით სიტყვებს მხარეები მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ამბობენ.

სასამართლო სხდომას გარდაცვლილის ახლობლები არ ესწრებოდნენ. სხდომა უკომენტაროდ დატოვეს ბრალდებულების ახლობლებმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: