კვირის ამბები,მთავარი

რა პრობლემები გამოიკვეთა ტურისტული სეზონის დასაწყისში

14.06.2016 • 2852
რა პრობლემები გამოიკვეთა ტურისტული სეზონის დასაწყისში

Maroon 5-ის კონცერტთან დაკავშირებით, რომელიც ბათუმში 7 ივნისს გაიმართა, ბათუმს განსაკუთრებით ბევრი ტურისტი ესტუმრა. როგორ დახვდა ქალაქი ტურისტებს და რა პრობლემები გამოიკვეთა, ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელები“ აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, სოფიკო გუჯაბიძეს ესაუბრა.

ქალბატონო სოფიკო, რამდენი ტურისტი მიიღო ბათუმმა Maroon 5-ის კონცერტის დღეებში?

ჩვენ შეგვიძლია გაყიდული ბილეთების რაოდენობით ვიმსჯელოთ. ინფორმაციით, რომელიც კონცერტის ორგანიზატორებისგან – კულტურის სამინისტროსგან გვაქვს, დაახლოებით 31 000 ბილეთი გაიყიდა ამ კონცერტზე. ამასთან, მეორე დღეს ქალაქში იყო ისეთი დიდი ღონისძიება, როგორიც იყო გარემოს მინისტერიალი, მე-8 საერთაშორისო კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც 56-მდე ქვეყნის 800-მდე დელეგატი იმყოფებოდა რეგიონში.

რა ღონისძიებები გატარდა ტურისტების ასეთი დიდი ნაკადის დასახვედრად? 

ის, რომ წელს ტურისტული სეზონი ბევრად უფრო ადრე დაიწყებოდა და იქნებოდა ბევრად უფრო დიდი ნაკადი, არაერთხელ ითქვა, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინტერვიუებში, რომელიც მუდმივად რეგიონალურ არხებზე შუქდებოდა, ასევე ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ არაერთ ღონისძიებაზე. ტურიზმის დეპარტამენტი, რომელიც არის უშუალოდ ამ რგოლზე – ტურიზმის მიმართულებაზე პასუხისმგებელი ორგანო, ატარებს მუდმივ შეხვედრებს კერძო სექტორთან. მათ აქვთ სპეციალური გადამზადების საკონსულტაციო/ტრენინგ ცენტრი, რომელმაც მხოლოდ წელს, იანვრიდან სეზონის დაწყებამდე პერიოდში ორასამდე მომსახურე პერსონალი გადაამზადა. რაც გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგებს, როგორიც არის მიმტანების, ასევე სასტუმრო სახლების მეპატრონეების, საშუალო რგოლის მენეჯერების და ა.შ. ამას ტურიზმის დეპარტამენტი ყოველწლიურად ახორციელებს.
თუმცა, მიუხედავად ამისა, გვაქვს ხარვეზები და არ გვაქვს იდეალური მდგომარეობა, მაგრამ თუკი შევადარებთ გასულ წლებს ტურიზმის დეპარტამენტის კვლევების მიხედვით – სერვისის ხარისხის დონე რეგიონში შეფასებულია საშუალოდ. ის, რომ ტურისტთა რაოდენობა წელს ზაფხულში გაიზრდებოდა და მითუმეტეს, ამ კონცერტის ფარგლებში ველოდებოდით ამდენ ტურისტს, კერძო სექტორმა კარგად იცოდა. ბათუმში ბევრი კვების ობიექტია, მაგრამ, სამწუხაროდ, არის მოდური ტენდენცია, მაგალითად, ვთქვათ BK-ში მოხვედრის, ან „პრივეტში“ და ა.შ. და შესაძლოა ამ კონკრეტულ, ასე ვთქვათ, მოდურ კაფე-რესტორნებში იყო გადატვირთვა და ეს ბუნებრივიცაა, რადგან ქალაქში ბევრი ტურისტი იყო შემოსული.

იმასაც დავამატებ, რომ ევროპის ნებისმიერ ტურისტულ ქალაქში არის რესტორნები, სადაც თუ წინასწარი ჯავშანი არ გაქვს, ცოცხალ რიგში უნდა იდგე, იქ რომ მოხვდე. ასე რომ, ეს შეიძლება ჩვენთვისაა უცხო, მაგრამ ჩვეულებრივი მოვლენაა. თუნდაც ბევრი კლიენტის გამო სამზარეულოს რომელიღაც კერძი რომ ამოეწუროს, ვფიქრობ, ესეც არ არის უცნაური და იშვიათი შემთხვევა ტურისტული ქალაქებისთვის.

კონცერტის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ იყო განთავსებული სწრაფი კვების ან სხვა ტიპის ჯიხურები?

მე კონცერტის მენეჯმენტში ჩართული არ ვყოფილვარ, თუმცა, როგორც ერთ-ერთი მაყურებელი, რომელიც იმყოფებოდა კონცერტზე, ვიტყვი, რომ იყო სასმელებისა და სწრაფი კვების ჯიხურებიც. რა თქმა უნდა, ეს არ იყო შუაში, სცენის წინ, ეს იყო მიმდებარე ტერიტორიაზე. ყველაზე დიდი პრობლემა რაც იყო, ეს არის ძლიერი წვიმა. მიუხედავად ამისა, ასეთ წვიმაში მაყურებელი ბოლომდე იდგა და ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ეს კონცერტი. ხალხი ბოლომდე დარჩა.

ითქვა და დაიწერა, რომ ქალაქში ფასები საგრძნობლად გაიზარდა. თუ გაქვთ ამაზე ინფორმაცია?

კერძო სექტორში, მითუმეტეს ფასების დარეგულირებაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ბევრმა გამოიყენა მომენტი და, ვთქვათ, ქუჩაში საწვიმარები უფრო ძვირად გაიყიდა… კაფე-რესტორნებში კი ფასები არ შეცვლილა. ქუჩაში თუ ვინმე რაიმეს დამატებითი ღირებულებით ყიდდა, ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს.

გადატვირთული საგზაო მოძრაობა და საცობები იყო ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. იგეგმება თუ არა რაიმე ღონისძიებების გატარება ამ პრობლემის პრევენციისთვის?

რა თქმა უნდა, ქალაქში გვაქვს პარკინგის პრობლემა და ეს ნამდვილად არ იყო ახალი ამბავი. თუმცა დამატებით კიდევ რამდენიმე პარკინგიც რომ არსებობდეს, ასეთი დიდი რაოდენობით ტურისტის შემოსვლის შემთხვევაში მაინც იქნებოდა ეს პრობლემა. ეს გარკვეულწილად სწორედ ტურისტების რაოდენობამ განაპირობა. ჩემი ინფორმაციით, ბათუმის მერია ზაფხულისთვის გეგმავს ამ მიმართულებით გარკვეული პროექტების განხორციელებას.

გარდა წვიმისა, რა პრობლემას გამოყოფდით, რომელიც ამ კონცერტის პერიოდში გამოიკვეთა. რისი გაკეთება იყო უკეთესად შესაძლებელი, ანუ რის გამოსწორებაზე აპირებს რეგიონის ხელისუფლება მოკლე დროში მუშაობას?

ალბათ ვიტყოდი, რომ თუნდაც კვების ობიექტების მიმართულებით [მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შეუძლებელიც კი არის ტურისტების ამხელა ნაკადის მოგერიება, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მოთხოვნაა განსაკუთრებით ტენდენციურ კაფეებზე და ეს იმის ფონზე, როცა ქალაქში არის სხვა უამრავი კვების ობიექტი, სადაც, ვთქვათ, არ ყოფილა არანაირი რიგი და მიწოდების პრობლემა]. ვფიქრობ, შეიძლებოდა უფრო მომზადებული ვყოფილიყავით იმ კუთხით. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთი დიდი ნაკადის დროს, თუნდაც მათი [კერძო სექტორის] მხრიდან ყოფილიყო დიდი მონდომება, შესაძლოა იგივე პრობლემა დამდგარიყო.

დათვლილია რა სარგებელი მიიღო რეგიონმა ამ კონცერტით? 

ეს ძალიან დიდი ეკონომიკური სარგებელი იყო. ერთ-ერთი ჩემი ნაცნობი ყვებოდა, რომ ისეთ ჯიხურსაც კი, რომელიც, ვთქვათ, ყოველდღიურად რაღაც უმნიშვნელო თანხას ვაჭრობდა, მხოლოდ იმ დღეს, დაახლოებით 9-10 ათასლარიანი ვაჭრობა ჰქონდა. ეს კონკრეტული მაგალითია, რაც მე დამისახელეს. ჩვენ ველოდებით მონაცემებს ეკონომიკური სარგებლის მიმართულებით და ამჟამად კონკრეტულ ციფრებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ფაქტია, ასეთი ღონისძიებები ძალიან უწყობს ხელს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას, ამიტომ რაც შეიძლება მეტი ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს ქალაქში და ის ხარვეზები, რომელიც იყო, მომავალში უნდა იქნას გათვალისწინებულ-გამოსწორებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: