მთავარი

მირანდა ჩარკვიანი ვაჟა-ფშაველას #13-ზე: შესაძლოა უფრო მეტი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო საჭირო

31.01.2016 • 2033
მირანდა ჩარკვიანი ვაჟა-ფშაველას #13-ზე: შესაძლოა უფრო მეტი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო საჭირო

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო სამუშაოებისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლომ კომპანია „სლავა 2015“ 10 000 ლარით დააჯარიმა. კომპანიის იურისტი ამბობს, რომ მათ არ იცოდნენ მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი თუ იყო. მოითხოვს თუ არა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ძეგლის აღდგენას, რის საშუალებასაც კანონმდებლობა იძლევა? ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელები“ სააგენტოს ხელმძღვანელს, მირანდა ჩარკვიანს ესაუბრა.

სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ აპირებს თუ არა სააგენტო ისევ გააგრძელოს დავა სასამართლოში, ამჯერად ძეგლის აღდგენის მოთხოვნით?

გავმიჯნავ ორ პროცესს, რაც ახლა მიმდინარეობს.  ერთი – ძეგლის დანგრევის გამო სისხლის სამართლის საქმეს იძიებს პროკურატურა და ეს სხვა პროცესია, იქ უნდა გამოვლინდეს იყო თუ არა დანაშაული და თუ იყო – ვინ არის დამნაშავე და შემდეგ ადეკვატური სასჯელი დადგეს.
ახლა სასამართლოში რაც მიდიოდა, ეს იყო სხვა პროცესი. ჩვენ ვნახეთ, რომ მძიმე ტექნიკა მუშაობდა ძეგლის ნაკვეთზე, შევაჩერეთ სამუშაოები, გამოვიძახეთ ზედამხედველობის სამსახური და პატრული და მივმართეთ სასამართლოს, რადგან ტერიტორიაზე მიდიოდა უკანონო სამუშაოები. პირველ ჯერზე მიმართვის დროს მაქსიმალური შეგიძლია 10 000-ლარიანი ჯარიმა მოითხოვო და მოვითხოვეთ ეს ჯარიმა, რადგან ტერიტორია სუფთავდებოდა და ხდებოდა ე.წ. საძირკვლის ამოღება და ეს პროცესი იყო უკანონო. იმ შემთხვევაში, თუ უკანონო სამუშაოები გაგრძელდება, ჩვენ კანონმდებლობა საშუალებას გვაძლევს ისევ მივმართოთ სასამართლოს და ჯარიმის ოდენობა გავასამმაგოთ, შემდეგ ისევ და ასე შემდეგ. ანუ ნებისმიერი ტიპის სამუშაო ამ ტერიტორიაზე ექვემდებარება სანებართვო პროცედურებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვიყენებთ საჯარიმო სანქციებს.

რაც შეეხება მეორე საქმეს. მას შემდეგ რაც ძიება დასრულდება და საბოლოო შედეგი დადგება, შესაძლებელია დაიწყოს საქმის წარმოება, ანუ ნებართვის მაძიებელმა მომართოს სააგენტოს. როცა ეს პროცესი ჩაირთვება, ვფიქრობ ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება, ზუსტად იმავე ტიპის, მაქსიმალურად იმასთან მიახლოებული შენობა აღდგეს, რაც იქ იყო. თუმცა ამას მხოლოდ სააგენტოს ხელმძღვანელი ვერ წყვეტს, მრჩეველთა საბჭომ უნდა იმსჯელოს ამაზე და ამის შემდეგ უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული.

კომპანიის იურისტი აღნიშნავს, რომ არ ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და აპირებენ გასაჩივრებას. მათი მთავარი არგუმენტია, არ იცოდნენ, რომ ეს იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ამის შესახებ უნდა მიეღოთ ოფიციალური შეტყობინება სააგენტოსგან და გაფრთხილება. ზოგადად უშვებთ თუ არა შესაძლებლობას, რომ ეს მათ არ იცოდნენ?

ეს გამორიცხულია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს პროცესი იყო საჯარო და სატელევიზიო ჩანაწერიც არსებობს, სადაც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ყველაფერს ათანხმებენ სააგენტოსთან.

ჩვენ გვქონდა გაფრთხილების წერილიც, რომელსაც სამი დღე დაატარებდა კურიერი, არ იბარებდნენ და ჩვენი საქმისწარმოების სპეციალისტი ურეკავდა ყოველ დღე და სთხოვდა, რომ სად მოგიტანოთ ეს წერილი, სად გადმოგცეთო და არ იბარებდნენ, რომ არ დაფიქსირებულიყო ეს ჩაბარება. ასე, რომ ძალიან კარგად იყვნენ ამის შესახებ ინფორმირებული და ამის მოწმეებიც არსებობენ.

ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე ძეგლთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად რა კითხვაც ჩნდება, ეს არის სააგენტოს დროული რეაგირების საკითხი: დროზე რატომ ვერ მოახერხა სააგენტომ ჩარევა და ძეგლის გადარჩენა? „სლავა 2015“ იურისტმაც სწორედ ამას გაუსვა ხაზი, როცა თქვა, რომ მერიაც და სააგენტოც ხედავდნენ, რომ მიმდინარეობდა დემონტაჟი და თუ ძეგლი იყო, დროზე შეეჩერებინათ ეს პროცესიო..

შვიდი თვის განმავლობაში დაახლოებით კვირაში ორჯერ ვხვდებოდით კომპანიის წარმომადგენლებს მე და ჩემი თანამშრომლები. პირველივე უკანონო სამუშაოები რომ შევაჩერეთ დემონტაჟის, იმის შემდეგ გვქონდა ინტენსიური მცდელობა, რომ სწრაფად მოემზადებინათ რეაბილიტაციის პროექტი და გვერდით მდებარე ნაკვეთებში [ეს ნაკვეთები მერიის დაქვემდებარებაშია, რადგან ძეგლის სტატუსი არა აქვს] გადაეთამაშებინათ მოცულობები კანონმდებლობის ფარგლებში, ისე, რომ ეს ძეგლს არ შეხებოდა. ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ინტენსიურად და ჩვენ ბოლომდე გვქონდა იმედი. ათასგზის გავაფრთხილე მფლობელი, რომ საკმარისია ძეგლს შეეხოთ და მივმართავთ პროკურატურას. ეს შეიძლება თვალსაჩინო არ იყო და ყველა შეხვედრა ჩვენ არ გაგვიშუქებია, მაგრამ ეს იყო ინტენსიური პროცესი და საბოლოო ჯამში ის, რომ არარელევანტური და არაადეკვატური აღმოჩნდა ვიღაც… მე არ ვფიქრობ, რომ ხვალ ამისგან დაზღვეული შეიძლება ვიყოთ ასი პროცენტით, იმიტომ, რომ არ არის ჩვენს ქვეყანაში კანონმდებლობა ისეთი მკაცრი, რომ ეს აშინებდეს ვინმეს. არც ცნობიერება არ არის შესაბამისი და ვერ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შედეგი შეიძლება ხვალ, ზეგ, მაზეგ კიდევ დადგეს, თუმცა, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ არ დადგეს.

სასამართლო პროცესზე კომპანიის წარმომადგენელმა ახსენა ზვიად ბურჭულაძის თემა, რომ მათ ჰქონდათ მოლაპარაკება, რომ ზვიად ბურჭულაძე გააკეთებდა პროექტს, თუმცა მან მოითხოვა 50 ათასი ლარი, რაც კომპანიას არ აწყობდა და ამას მოჰყვა უკმაყოფილება…

არანაირად არ ჩავრეულვარ არქიტექტორსა და კომპანიას შორის რა მოლაპარაკება მიდიოდა და საკონტრაქტო პირობებზე საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა. ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის. ჩვენ უბრალოდ ვთხოვეთ სწორი პროექტის მომზადება. ზვიად ბურჭულაძე არის სააგენტოს მრჩეველთა საბჭოს წევრი, ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც მას მიმართეს. მას ინტერესთა კონფლიქტი არ ჰქონია, იმიტომ, რომ როდესაც მოიტანა პროექტი, თქვა, რომ ის არ მონაწილეობდა ამ პროექტის შეფასებაში, რადგან ავტორი თვითონ იყო. მრჩეველთა საბჭოს მიერ მოწონებული იყო ეს ესკიზი. რაც შეეხება მათ კომერციულ გარიგებას, ეს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს ცდება.

ახლა, შედეგის დადგომის შემდეგ, ფიქრობთ თუ არა, რომ სააგენტოს მეტის გაკეთება შეეძლო? რომ გქონდეთ შესაძლებლობა, სხვაგვარად მოიქცეოდით თუ არა?

კანონმდებლობით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ბერკეტი გამოვიყენეთ აბსოლუტურად. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ შესაძლოა უფრო მეტი ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება იყო საჭირო, მაგრამ მე ბოლომდე იმედი მქონდა, რომ ეს ადამიანი მომყვებოდა თანამშრომლობაზე და აცნობიერებდა, რადგან გავაფრთხილეთ ბევრჯერ, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია ძეგლის ხელყოფა. მე ვფიქრობ, საკუთარი თავის მიმართაც კი მავნებლობა ჩაიდინა, იმიტომ, რომ ეს არ იყო ბიზნესისთვის კარგი გადაწყვეტილება. მე იმედი მქონდა, რომ ბიზნესისთვის რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებდა კომპანია და ამ გზით ივლიდა, იმიტომ, რომ მისთვის გაცილებით მომგებიანი იყო თუ დროზე მომზადდებოდა სწორი პროექტი, დროზე მიიღებდა ნებართვას და იმუშავებდა. ახლა ბიზნესი კიდევ უფრო დაზარალებულია და კიდევ ბევრი თვის განმავლობაში იქნება გაჩერებული, ვიდრე ძიება არ დასრულდება და საბოლოო შედეგი არ დადგება. უბრალოდ ნებისმიერ სანებართვო პროცედურაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

კანონმდებლობით ჩვენ მეტი შესაძლებლობა არ გვქონდა, მაგრამ ვფიქრობ, ალბათ მეტი ფსიქოლოგიური ზეწოლა შეიძლებოდა გაგვეხორციელებინა ან უფრო თვალსაჩინოდ აგვეხსნა, რომ ეს თქვენი ბიზნესისათვის არის წამგებიანი. არ ვიცი. რა თქმა უნდა, როცა დანაშაული ხდება, მერე ყველას აქვს იმის განცდა, რომ მეტი შეიძლებოდა გაკეთებულიყო. მომავალში ეს გამოცდილება იმას მოგვცემს, რომ უფრო მეტად ჩასაფრებულები ვიქნებით და ვიღაცის გონიერების იმედზე როგორც ჩანს, არ უნდა ვიყოთ. შეიძლებოდა მეტი გაგვეკეთებინა ალბათ, მაგრამ რა ფორმით, ამაზე უნდა ვიფიქროთ, რადგან კანონმდებლობა არ გვაძლევს მეტის შესაძლებლობას.

რა პროცესშია ახლა საქმის ძიება პროკურატურაში?

ჩვენ ყველა მასალა გადავეცით პროკურატურას, დეტალურად მივეცით ჩვენება, პროცედურულად რა ხდება, ვერ გეტყვით.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ აპირებთ თანამდებობის დატოვებას. ეს რამდენად მართალია?

ამაზე ოფიციალურ ფორმატში არ არის ლაპარაკი. გუშინ სოციალურ ქსელშიც დავწერე, რომ, რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრება არ ვაპირებ ერთ ადგილას მუშაობას, ზოგადად მიმაჩნია, რომ მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის დიდხანს ერთ ადგილას მუშაობა. ალბათ შევიცვლი სამსახურს, მაგრამ როდის, არ ვიცი.

ნანგრევები ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილას

ნანგრევები ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილას

გადაბეჭდვის წესი


ასევე: