მთავარი

სლავა 2015-ის იურისტი: თუ ძეგლი იყო, სააგენტოს სასამართლოს მეშვეობით უნდა შეეჩერებინა დემონტაჟი

28.01.2016 • 2398
სლავა 2015-ის იურისტი: თუ ძეგლი იყო, სააგენტოს სასამართლოს მეშვეობით უნდა შეეჩერებინა დემონტაჟი

შპს “სლავა 2015” ბათუმის საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რომლის თანახმადაც სახელმწიფომ კომპანია 10 000 ლარით დააჯარიმა ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევისათვის – ამის შესახებ “ბათუმელებთან” კომპანიის იურისტმა, ნიაზ ხაბაზმა ისაუბრა. “არ ვიცოდით ძეგლი თუ იყო, ფასადის კედელი თავისით ჩამოინგრა. თუ ძეგლი იყო, დემონტაჟი უნდა შეეჩერებინა სააგენტოს სასამართლოს გზით”, – ეს კომპანიის არგუმენტებია. შპს “სლავა” ვაჟა-ფშაველას #13-ში რვასართულიანი კორპუსის აგებას გეგმავს.

ნიაზ ხაბაზი, შპს "სლავას" იურისტი

ნიაზ ხაბაზი, შპს “სლავას” იურისტი

ნიაზ ხაბაზი, “სლავა 2015”-ის იურისტი: ამას [დემონტაჟს] ყველა ხედავდა, რა თქმა უნდა, სააგენტოს თანამშრომლებიც ხედავდნენ, მერიის თანამშრომლებიც, მაგრამ უცბად გადაწყვიტეს შოუ მოეწყოთ, 21 ოქტომბერს მოიწვიეს ჟურნალისტები, საპატრულო პოლიცია და შეწყდა დემონტაჟი. ამის შემდეგ შევთანხმდით, რომ გადაწყდებოდა პროექტი ერთობლივად, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ეს შენობა წაიქცა და ქალბატონმა მირანდა ჩარკვიანმა ჩათვალა, რომ შენობა წავაქციეთ ჩვენ.

ანუ თავისით წაიქცა შენობა?

დიახ. ამაზე მესამე თვეა გამოძიება მიმდინარეობს, ალბათ მალე შეწყვეტენ საქმეს იმის გამო, რომ დანაშაული არ დადასტურდება. ჩვენ რომ ეს წაგვექცია [ფასადის კედელი], ახლა იქნებოდა სისხლის სამართლის საქმეში მიცემული [კომპანია].

ბოლოს როდის იყავით პროკურატურაში?

26 ნოემბერს დაკითხეს ქალბატონი მირანდა, 27-ში დამკითხეს მე, შემდეგ დირექტორი [კომპანია “სლავა 2015”-ის ხელმძღვანელი], მეზობლები და ასე შემდეგ. ყველამ დაადასტურა, რომ შენობა წაიქცა თავისით. გარდა ამისა, ჩატარდა ექსპერტიზა, ექსპერტიზამაც ვერაფერი დაადგინა.

თქვენ გაეცანით დასკვნას?

ჩვენ არა ვართ მხარე ამ საქმეში და მოწმის სტატუსით არ გვეძლევა დასკვნა. ეს დასკვნა ექნება სააგენტოს. მაგრამ რომ დადგენილიყო ჩვენი დანაშაული, ამ შემთხვევაში ვიქნებოდით ბრალდებული, ეჭვმიტანილი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ვინაიდან მიხვდნენ, რომ ვერაფერს ვერ მიაღწევდნენ, გამოიყენეს 21 დეკემბრის მომენტი, როცა ნაგავი გაგვქონდა ტერიტორიიდან და ერთადერთი საშუალება, რაც ჰქონდათ, რომ აეტეხათ ეს ამბავი. სასამართლო რომ დაიწყო, მხარემ იგრძო, რომ წააგებდა. პირველივე დღეს მოსამართლემ გააგებინა, რომ წააგებდნენ პროცესს, შეკამათებაც მოხდა მირზა ცეცხლაძესთან [კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს იურისტი].

სამინისტრო და მათ შორის სააგენტო ვალდებული იყვნენ, იმ შემთხვევაში, თუ შენობას მიენიჭა ძეგლის სტატუსი, გაეფორმებინათ ხელშეკრულება და რადგან ქონება იყო ჩვენი, უნდა დაგვკისრებოდა მოვლა-პატრონობა. ასეთი ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

კომპანიის ხელმძღვანელს, მურმან ჯინჭარაძეს ესაუბრა “ბათუმელები”, როცა სახლზე მოხსნეს მოაჯირები. მან აღნიშნა, რომ მოაჯირი სარესტავრაციოდ იყო წაღებული და სააგენტო იყო საქმის კურში. გამოდის, მან იცოდა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე იყო საუბარი…

არა, არ იცოდა. იცით რაშია საქმე, სააგენტოს წარმომადგენელს, ზვიად ბურჭულაძეს უნდა გაკეთებინა პროექტი, სადაც ამ შენობის რაღაც ნაწილი, რომელიც იმ დროისათვის განადგურებული არ იყო, დარჩებოდა, ამიტომ იყო ეს… ჩვენ არ ვაპირებდით შენობის დანგრევას.

მე ვარ იურისტი. ადამიანს რომ პასუხი მოსთხოვო, ის უნდა იყოს ინფორმირებული არა ზეპირი ფორმით, არამედ წერილობით. ისინი ვალდებული იყვნენ შეეჩერებინათ მშენებლობა, მიემართათ სასამართლოსთვის, თუ ჩვენ ჯიუტად ვიქცეოდით და სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდებოდა დემონტაჟი, მაგრამ მათ სასამართლოს არ მიმართეს. მე ვერ დავადანაუშაულებ ვერავის, მაგრამ მათ აინტერესებდათ აშენებულიყო ისეთი სახლი, რომლის პროექტიც დაიხაზებოდა მისი [სააგენტოს ხელმძღვანელის] მეგობრის მიერ. ვინაიდან ვერაფერს ვერ მიაღწიეს, გამოიყენეს ეს ტელე-შოუ. მოსამართლე, რომელიც ახალგაზრდა ბიჭია, დარწმუნებული ვარ, იმ დღეს შეშინდა, რადგან ჟურნალისტები ესწრებოდნენ სხდომას, მაგრამ არა უშავს, ჩვენ გავასაჩივრებთ და იმედი მაქვს, დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს.

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში კულტურული მემკიდრეობის ძეგლი ნოემბრის ბოლოს დაანგრიეს. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებულ სახლს დანგრევამდე მოხსნეს მოაჯირი, მოანგრიეს შიდა კედლები, ახადეს სახურავი, ისე, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს აღნიშნულ სამუშაოებზე ნებართვა არ გაუცია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს სწორედ სააგენტო იცავს, თუმცა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ბათუმში მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ არასათანადო ძალისხმევა გაიღო ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე ძეგლის დასაცავად, რადგან სახლის ნგრევა თვეების მანძილზე მიმდინარეობდა და სააგენტომ ძეგლის გადარჩენა ვერ შეძლო. სააგენტო, თავის მხრივ, ამ ბრალდებას უარყოფს.

ნანგრევები ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილას

ნანგრევები ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილას

გადაბეჭდვის წესი


ასევე: