ტარიელ ნაკაიძე ახალი მეჩეთის ზომებთან დაკავშირებულ შესაძლო კომპრომისზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მერია მუსლიმ თემს ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვას არ მისცემს, ისინი საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

„საპროტესტო აქციები დაიწყება იმ ტერიტორიაზე, სადაც ახალი მეჩეთის მშენებლობას ვაპირებთ. თუმცა, როდის დაიწყება ეს აქციები ან რა ფორმატში წარიმართება, ამ საკითხებს მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი სხვა მორწმუნეებთან ერთად გავივლით.

საპროტესტო აქციები აუცილებლად იქნება, ოღონდ დემოკრატიულ ჩარჩოებში. პროტესტის მიზანია განვახორციელოთ პოლიტიკური ზეწოლა იმ უსამართლობაზე, რომელიც ჩვენ მიმართ განხორციელდა.“

ტარიელ ნაკაიძის თქმით, პროტესტი არ აგვარებს სამართლებრივ მხარეს, მაგრამ ის გადაწყვეტილება, რომელიც ბათუმის მერიამ მიიღო, არ არის სამართლებრივ საფუძველზე დამყარებული. „შესაბამისად, პოლიტიკური აქტივობები ამისთვის აუცილებელია“, – გვეუბნება ის.

ტარიელ ნაკაიძის თქმით, მერიასთან ტექნიკურ საკითხებზე შეთანხმება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი ისინი მშენებლობის ნებართვას მიიღებენ.

„იმაზე საუბარი, ვთქვათ, დიდი უნდა იყოს მეჩეთი თუ პატარა, მინარეთი რა ზომის უნდა იყოს ან რამდენი მინარეთი შეიძლება იყოს ან არ იყოს, ამ თემებზე, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ. და ამისთვის მზად ვართ, ეს კომპრომისი არ არის, ეს არის აუცილებელი და ვალდებულნი ვართ ეს მოთხოვნები შევასრულოთ, მაგრამ ჩვენი დიალოგის ჩარჩო მთავრობასთან იქნება ახალი მეჩეთის მშენებლობა“.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა ბათუმის მერიას 8 თებერვალს მიმართა, მერიამ უარის პასუხი ფონდს 5 მაისს წერილობით გაუგზავნა.

ბათუმში, გენერალ ა. აბაშიძის 49/3-ში, მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მერიამ უარი იმ მოტივით დაასაბუთა, რომ ეს ტერიტორია მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს, საკულტო ნაგებობა კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com