მთავარი,სიახლეები

„დღევანდელ წვიმაში კაცი გარეთ რომ ილოცებს, მეტი ჩაგვრა რა გინდა?“ – ბათუმის ახალი მეჩეთი

10.04.2024 •
„დღევანდელ წვიმაში კაცი გარეთ რომ ილოცებს, მეტი ჩაგვრა რა გინდა?“ – ბათუმის ახალი მეჩეთი

„დღევანდელ წვიმაში რომ კაცი გარეთ ილოცებს, ამაზე მეტი ჩაგვრა რა გინდა?“ – გვითხრა ბათუმში მცხოვრებმა მუსლიმმა, ასლან ქამადაძემ პრესკონფერენციაზე, რომელიც დღეს, 10 აპრილს, ბაირამის ლოცვის შემდეგ, ბათუმის ახალ მეჩეთში მოეწყო.

პრესკონფერენციაზე მუსლიმმა მრევლმა ადიგენის ინციდენტი გააპროტესტა – მუსლიმებს ადიგენში ლოცვაზე მიუვარდნენ და დაემუქრნენ. გამოძიება კი, არ დაწყებულა. ბათუმში შეკრებილმა მუსლიმებმა გააპროტესტეს ისიც, რომ მეშვიდე წელია ბათუმის მერია მათ საკუთარ მიწაზე მეჩეთის აშენების ნებას არ აძლევს.

„ტრაგიკულია, რომ ადიგენში ქართველ მუსლიმ თემს ისევ წართმეული აქვს ლოცვის უფლება და რელიგიური შევიწროება ხდება. უკვე ათი წელია, ადიგენში ჩვენი ძმები და დები ითმენენ მთავრობის და სხვა უწყებების, თვითმმართველობის, ადგილობრივი სასულიერო პირების და სხვა ჯგუფების შეურაცხყოფას, უგულებელყოფას, მუქარას, ძალადობასაც კი.

ჩვენი მთავარი სათქმელია ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის აუცილებლობა. 2017 წელს ჩამოყალიბდა მეჩეთის მშენებლობის ფონდი და მას შემდეგ გავიდა 7 წელიწადი. არ მოგვცა ქალაქის მერიამ ნებართვა, წავედით სასამართლოს გზით… სასამართლომ დისკრიმინაციულად ცნო ბათუმის მერია, მერიამ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები და სასამართლო გაიწელა.

დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს ნება, რომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე,“ – განაცხადა ნოდარ პაქსაძემ, ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის ხელმძღვანელმა.

„რა სახელმწიფოა ეს, რომ მეჩეთის აშენების ნებას არ გვაძლევენ?“ – კითხულობენ მუსლიმები და გვიყვებიან, რამდენად საჭიროა ევროპასთან დაახლოება.

„ევროპა რომ იყოს, აქ აშენდებოდა მეჩეთი,“ – მიიჩნევს, მაგალითად, ასლან ქამადაძე. მორწმუნეები სველ ხალიჩებს გვაჩვენებენ – ბაირამის ლოცვაზე ათასობით კაცი ღია ცის ქვეშ ვლოცულობდით, წვიმაშიო.

მათი აზრით, რატომ ვერ იღებს ამ დრომდე გადაწყვეტილებას სასამართლო „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე“? – ვეკითხები მორწმუნეებს.

„პოლიტიკური მოტივია, როგორც პოლიტიკურად გაიცემა ბრძანება, სასამართლო იმის ქვემდებარეა,“ – ამბობს თამაზ ღორჯომელაძე.

„ხელისუფლებას ეშინია ამომრჩევლის დაკარგვის, უთხრეს, მართლმადიდებელ მრევლს გადაიკიდებ და ვეღარ იქნები ხელისუფლებაშიო,“ – ამატებს კიდევ ერთი მორწმუნე.

ახალ მეჩეთში შეკრებილებს ვკითხეთ რუსულ კანონზეც:

„რუსულ კანონს, რა თქმა უნდა, ვეწინააღმდეგებით. ემხრობიან მოსკოვის პოლიტიკასო და ალბათ ასეა… ქვეყანა უნდა იყოს დამოუკიდებელი, რომ გადაწყვიტოს თავისი საქმე, რაც ქვეყანას სჭირდება,“ – ამბობს ასლან ქამადაძე და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ხელისუფლებამ საზოგადოება მოატყუა, როცა 2023 წლის მარტში თქვა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ხელისუფლება როცა იტყუება, არასდროს მისგან ხეირი არ იქნება. ოჯახში როცა მამა ატყუებს შვილებს, იმას ხეირი ექნება? – არ ექნება, ასეა ქვეყანაც. არც აქვს მერე, ვერ ვხედავ მე ხეირს… საქართველოსნაირი ქვეყანა ასე რატომ უნდა იყოს, ევროპის აკვანი ქვეყანა?

თავისუფლება, გემრიელობა, სიტკბო, ამას რამე აჯობებს, იმ ხალხშია [ევროპაში] და ეს გვინდა ჩვენც ხომ?

ღმერთს ვევედრებით, რომ არ დავშორდეთ ევროპას და ვნახოთ, ყველა უნდა დავდგეთ სიმართლის მხარეს. ძალა ხალხშია,“- გვითხრა ასლან ქამადაძემ.

ამ თემაზე:

ბაირამის ლოცვა წვიმაში, ქუჩაში და აივნებს ქვეშ შეფარებული მთავრობა 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: