16326905_1244674465628257_377024904_o

მახუნცეთის ჩანჩქერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა წელს, პირველ ეტაპზე,  288 125 ლარს დახარჯავს, აქედან 224 355 ლარი დაბა მახუნცეთის კეთილმოწყობას მოხმარდება.

აჭარის ტურიზმის სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, მაღალმთიან აჭარაში ყველაზე მეტი ვიზიტორი ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთის ჩანჩქერსა და იქვე არსებულ თამარის ხიდს ჰყავს.

ტურისტების სიმრავლიდან გამომდინარე ქედის გამგეობა დაბა მახუნცეთის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად წელს 224 355 ლარს დახარჯავს, ამ თანხით ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიზე ტურისტული ცენტრი, ავტოსადგომი და საპირფარეშო მოეწყობა. ტურისტული ცენტრი ერთსართულიანი იქნება.

ქედის გამგებლის მოადგილის, გურამ ბერიძის ინფორმაციით, ტურისტული ცენტრი ინტერნეტქსელში ჩაერთვება და აქ მოსულ ტურისტს საშუალება ექნება ისარგებლოს ინტერნეტითა და ტურისტულ მარშრუტებთან დაკავშირებით ადგილზე სრული ინფორმაცია მიიღოს.

დაბა მახუნცეთის კეთილმოწყობის, ტურისტული ცენტრისა თუ ავტოსადგომის  მოსაწყობად ქედის გამგეობამ ტენდერი 20 იანვარს გამოაცხადა. დაბის კეთილმოწყობაზე მაქსიმუმ 35 588 ლარი, ტურისტული ცენტრისთვის – 59 892 და ავტოსადგომის მოსაწყობად 134  875  ლარი დაიხარჯება. გურამ ბერიძის თქმით,  სამუშაოები მახუნცეთში ტურისტული სეზონის გახსნამდე დასრულდება.

„მახუნცეთში, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიას მახუნცეთის განაშენიანების გეგმის მიხედვით ვაკეთებთ. პირველ ეტაპზე ჩანჩქერის მიმდებარედ ერთი ავტოსადგომი, ხოლო თამარ მეფის ხიდის მიმდებარედ ორი ავტოსადგომი მოეწყობა, ტურისტულ ცენტრში იქნება ინტერნეტკაფე, ერთი საპირფარეშო ჩანჩქერის მიმდებარედ მოეწყობა, ხოლო პარკის მახლობლად არსებული საპირფარეშო გაფართოვდება, განაშენიანების გეგმის მიხედვით გაწერილ სამუშაოებს დაბა მახუნცეთში ეტაპობრივად განვახორციელებთ,“ – ამბობს გურამ ბერიძე.

მახუნცეთში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები შპს „arq-პროექტის“ მიერ დამუშავებული პროექტით განხორციელდება.

დაბა მახუნცეთში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად კეთილმოეწყობა ზენდიდის ციხესთან მისასვლელი საცალფეხო ბილიკიც. ციხესთან მისასვლელ გზაზე კიბისა და გარე განათების მოსაწყობად ქედის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 63 770 ლარია გამოყოფილი.

მახუნცეთის ჩანჩქერსა და თამარის ხიდს გასულ წელს  120 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.

16251557_1244678315627872_763009245_o

მახუნცეთი. ფოტოები „ბათუმელების“ არქივიდან

16325950_1244669122295458_2134959952_o


XVII საუკუნის ციხეზე მიშენებული სახლი ქედაში

რას ნახავენ ტურისტები მაღალმთიან აჭარაში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი