სიახლე
დაზიანებული სანაპირო ახალ ბულვართან ~ თორნიკე თავაძის ფოტო

ბათუმში ნაპირდაცვის 30-მილიონიანი პროექტის განხორციელებას აპროტესტებენ

ენმ-ს აჭარის ორგანიზაციამ დღეს ის პროექტი გააპროტესტა, რომელიც ბათუმში, აეროპორტის მიმდებარედ სანაპირო ზოლში უნდა განხორციელდეს. საუბარია 30-მილიონიან პროექტზე, რომელმაც ზღვის მიერ ნაპირის მიტაცების პრობლემა უნდა გადაჭრას და რომელიც ნაპირის გასწვრივ სპეციალური ნაგებობის აშენებას ითვალისწინებს.

„ბოლო რამდენიმე წელია ყოველწლიურად, ბიუჯეტის განხილვისას ვითხოვთ დაფინანსდეს სანაპირო ზოლში ნატანის ხელოვნურად შეტანა. ამასთან, 2012 წელს არსებობდა პროექტი, რომელიც ზღვის სიღრმეში ტალღისმჭრელი ნაგებობების მშენებლობას ითვალისწინებდა და ესეც შეცვალეს. აშენებენ ბერმას, რაც არ შეიძლება გაკეთდეს ტურისტულ ქალაქში, უბრალოდ პლაჟი აღარ იქნება. ჩვენ ვითხოვთ აჭარის მთავრობისგან, რომ ჩართონ ექსპერტები, ადგილობრივი სპეციალისტები, ეს დანაშაულებრივი პროექტი შეიცვალოს და სასწარაფოდ დაიწყოს ინერტული მასალის შეტანა სანაპირო ზოლში“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ გია აბულაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.

გია აბულაძის განცხადებით, 150 ათასი კუბ/მ ინერტული მასალის შეტანისთვის ადრე 1,5 მილიონი ლარი იხარჯებოდა აჭარის ბიუჯეტიდან.

„როცა ბიუჯეტში 90 მილიონი გრჩება და ვერ ხარჯავ, რატომ არ უნდა დაფინანსებულიყო ეს სამუშაოები, ჩემთვის გაუგებარია. მიწერ-მოწერა გვქონდა აჭარის მთავრობასთან, ბიუჯეტის განხილვისას მწვავედ დავსვით ეს საკითხი. არ ვთვლიდით, რომ ეს პიარის თემა იყო, კონსტრუქციულები ვიყავით. გვინდოდა როგორმე დაგვერწმუნებინა მთავრობა რომ ამ პროექტის განხორციელება იყო მავნებლობა, მაგრამ ახლა იძულებული გავხდით მოსახლეობას აქტიურად მივაწოდოთ ინფორმაცია და თუ კიდევ არ გაითვალისწინებენ, მაშინ ჩვენ სხვა ღონისძიებებსაც მოვიფიქრებთ, რითაც ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ ჩვენი ეს მოთხოვნები გათვალისწინებული იქნას“- განაცხადა გია აბულაძემ.

ენმ-ს განცხადებას დღესვე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. გთავაზობთ ზურაბ პატარაძის კომენტარს, რომელიც მთავრობის პრესსამსახურმა მოგვაწოდა: „ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. ამასთან დაკავშირებით დაიდო ექსპერტების დასკვნა. იქ სრულფასოვანი სამუშაოები ჩატარდება. როცა თავის დროზე დაიგეგმა ახალი ბულვარი და იგებოდა პრომენადი, უკეთესი იქნებოდა ჯერ ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარებულიყო. არსებობს საერთაშორისო ინსტიტუტების სპეციალისტების, ექსპერტების დასკვნა და ეს სამუშაოები ამ დაკსვნების საფუძველზე იქნება სრულად შესრულებული. მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ყველა რესურსი და რეზერვი, რათა შენარჩუნდეს პლაჟი და იყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.“

ბათუმში ნაპირდაცვის პროექტის განხორციელება მიმდინარე თვეში უნდა დაიწყოს და წელიწადნახევარში უნდა დასრულდეს. სამუშაოები აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ ჟილინის არხის მიმართულებით 1,8 კმ დამცავი კედლის – ქვანაყარი ბერმის აშენებას ითვალისწინებს. პროექტზე აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული სესხით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იმუშავებს. სამუშაოების ჩატარებაზე უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ჰოლანდიურ კომპანიასთან – STRUIJK GROUP-ი. კონტრაქტის თანხა დაახლოებით 30 მილიონი ლარია. პროექტი, რომლითაც მშენებლობა განხორციელდება, იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ შექმნა.

„თუ ამ პროექტით ჩატარდება ნაპირდაცვითი სამუშაოები, ეს იქნება ბათუმის სანაპიროს დეგრადაციის დასაწყისი. ეს იქნება არა ნაპირგამაგრება, არამედ ეკოლოგიურად დასახიჩრება ნაპირების,“ – განაცხადა ადრე „ბათუმელებთან“ საშა ხორავამ, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორმა, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა.

ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი ტელ.: [0422] 27 45 12 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com