აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარე ზაფხულის სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უპრეცედენტო რაოდენობის ფრენებია დაგეგმილი – ივლისის თვეში 22 მიმართულებიდან ბათუმისკენ 300-ზე მეტი ავიარეისი განხორციელდება.
ფრენები ძირითადათ დაგეგმილია თურქეთიდან, გაერთიანებული საამიროებიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, ირანიდან და რუსეთის ფედერაციიდან.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ქვეყნებიდან ფრენებს გასულ წელს მოქმედ ავიაკომპანიებთან ერთად 7 ახალი ავიაკომპანია ანხორციელებს. მათ შორის Scat Airlines, Skybus, El Al Israel Airlines, Israir Airlines, Air Arabia, Bravo Airlines, Taban Air, თელავივიდან, შარჟადან, თებრიზიდან, თეირანიდან, მაშადიდან, კუვეიტიდან, ყაზახეთის 6 ქალაქიდან და კიევიდან.
2016 წლის 5 თვის მონაცემებით (იანვარ-მაისი) ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სულ 788 ავიარეისი განხორციელდა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 34,9%-იან მატებას გულისხმობს (2015 წელი იანვარ – მაისი 584 ავია რეისი). რაც შეეხება ჩამოფრენილ მგზავრთა რაოდენობას იანვარ-მაისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 54 429 მგზავრი ჩამოფრინდა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 32,95%-იანი ზრდაა.