დღეს, 12 აპრილს, ბათუმის მერიასთან საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი დგას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, პოლიციის მობილიზება, სავარაუდოდ, დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირდება – „ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის მერიისგან მერიის შპს-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირთა სიას ითხოვს. ენმ ეჭვობს, რომ სიების გასაჯაროების შემთხვევაში ცხადი გახდება, რომ მერიაში ნეპოტიზმს აქვს ადგილი და სწორედ ამიტომაც არ აძლევენ მათ მერიის ააიპებსა და შპს-ებში დასაქმებულთა სიებს. მერია კი აცხადებს, რომ ენმ-მ საჯარო ინფორმაცია უკვე მიიღო, დანარჩენი კი პერსონალური ინფორმაციაა.
დღეს ბათუმის საკრებულოში სხდომაზე უჩვეულო ხალხმრავლობაა.
შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პოლიციის მერიასთან ყოფნა კონკრეტულ შემთხვევას არ უკავშირდება: „ადგილზე პოლიციამ შენიშნა ხალხმრავლობა და საკუთარ მოვალეობას ასრულებენ,“ – გვითხრეს პრესსამსახურში.