ყოველი დღე 300 ათასზე მეტ წიგნთან ერთად – ქალები ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკიდან

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ძნელად იპოვით თანამშრომელს, რომელსაც 10 წელზე ნაკლები მუშაობის სტაჟი აქვს. ბიბლიოთეკარები ბიბლიოთეკაში 20-30 და ზოგიც 40 წელზე მეტია რაც მუშაობენ.

კითხვაზე – რატომ ამდენი წელი ერთ სამსახურში, ყველას პასუხი ერთმანეთს ჰგავს – წიგნის და მკითხველის სიყვარული.

„30 წელია ბიბლიოთეკარი ვარ. თავიდან, როცა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში დავიწყე მუშაობა, ძალიან გამიხარდა. ვფიქრობდი, დავჯდები და ვიკითხავ, მეტი საქმე რა მექნება-მეთქი. მერე რომ მოვედი აქ ვნახე, რომ მკითხველის თვალისთვის დაუნახავი ბევრი სამუშაოა. თუმცა კითხვის დროსაც ვპოულობთ,“ – ამბობს  ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ძირითადი წიგნსაცავის განყოფილების უფროსი ნინო ვაშაყმაძე.

https://www.youtube.com/watch?v=Sqk7ZhFp7eE&feature=youtu.be

44 წელია, რაც ბიბლიოთეკაში მუშაობს მანანა ბოლქვაძე.

„საჯარო ბიბლიოთეკა სამსახურზე მეტია ჩემთვის, მეორე ოჯახია. სანამ აქ მოვიდოდი, მანამდე დედაჩემი მუშაობდა. ჯერ ვიყავი მკითხველი და მერე ვიქეცი ბიბლიოთეკის სტაჟიან თანამშრომლად. ყველა პროფესიას აქვს თავისი სირთულე, თავისი დადებითი და უარყოფითი. ბიბლიოთეკარობა ისეთი პროფესიაა, რომელიც ჩაგეჭიდება და იმის შემდეგ აღარ გინდა სხვაგან გაიხედო. იმიტომ, რომ იმას, რასაც სხვები აკეთებენ სამსახურის შემდეგ, ჩვენ ვაკეთებთ სამსახურში.

ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო მკითხველის მადლობაა,“ – ამბობს მანანა ბოლქვაძე.

მანანა ბოლქვაძე

44 წლის განმავლობაში, თითქმის ყველა განყოფილებაში იმუშავა, ახლა სამხარეთმცოდნეო ბიბლიოგრაფიული განყოფილების მთავარი ბიბლიოთეკარია.

„18 წელია ბიბლიოთეკაში ვმუშაობ. ეს სამსახური ჩემთვის ბევრს ნიშნავს – ბევრნაირ მკითხველთან გვიწევს ურთიერთობა, მათ შორის მოსწავლე-ახალგაზრდებთან, რომლებიც ხშირად მოდიან რჩევებისთვის, თუ რა წაიკითხონ. ძალიან კარგი მკითხველები გვყავს, მიხარია მათთან ურთიერთობა,“ – ამბობს ნაირა მენაფირე, აბონემენტის განყოფილების უფროსი.

ნაირა მენაფირე

თამთა ჭყონია ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში 2006 წლიდან მუშაობს. ფონდების დაკომპლექტების, კლასიფიკაციის და კატალოგების ორგანიზების განყოფილებაში, მთავარი ბიბლიოთეკარია.

„ყოველთვის მიყვარდა წიგნების კითხვა და მომწონდა ბიბლიოთეკის გარემო. განათლებაც ამ მიმართულებით მივიღე. საბიბლიოთეკო დავამთავრე. სასწავლებელი დავასრულე თუ არა დავიწყე მუშაობა. იმის შემდეგ არც მიფიქრია, რომ სხვა რამე ვაკეთო. ბიბლიოთეკაში შემოსული წიგნი, პირველად ჩვენს განყოფილებაში ხვდება, აქ მუშავდება და შემდეგ გადაეცემა სხვადასხვა განყოფილებას,“ – ამბობს თამთა.

თამთა ჭყონია

წიგნმა მკითხველისთვის განკუთვნილ თარომდე რომ მიაღწიოს, საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურის გავლა უწევს. წიგნი, რომელიც ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში შევა, აუცილებლად მოხვდება რუსუდან ყაჭეიშვილის ხელში.

„მე ვარ კლასიფიკატორი. კლასიფიკაცია ითვალისწინებს წიგნებზე შიფრის დასმას და განყოფილების მიხედვით დანაწილებას. ყველას შესაბამისი განყოფილების შიფრს ვუსვამთ. ყველა წიგნს უნდა მოუნახო თავისი ადგილი,“ – ამბობს მთავარი ბიბლიოთეკარი რუსუდან ყაჭეიშვილი.

რუსუდან ყაჭეიშვილი

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ძირითად წიგნსაცავში ქართულ და რუსულ ენაზე გამოცემული 125 ათასზე მეტი წიგნია. აქედან 2500 წიგნი დაცულია იშვიათ გამოცემათა ფონდში. აქ ნახავთ 1797 წელს გამოცემულ საქრისტიანოს მოძღვრებას, 1850 წლით დათარიღებულ ფრიდრიხ შილერის ნაწარმოებების საიუბილეო გამოცემას, მე-19 საუკუნის მიწურულს გამოცემულ ივანე მაჩაბლის ნათარგმნ შექსპირის „ჰამლეტს“, ძმები თავართქილაძეების მიერ 1899 წელს ბათუმში დაბეჭდილ „ვეფხისტყაოსანს“ და სხვა იშვიათ გამოცემებს.

ბიბლიოთეკაში 2018 წელს 7 ათასზე მეტი მკითხველი დარეგისტრირდა. მკითხველის ბარათის აღება და გაწევრიანება 3 ლარი ღირს, პენსიონერებისათვის და 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის კი უფასოა. ოქტომბრის შემდეგ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას ახალი დირექტორი ჰყავს. მწერალი და ასტრიდ ლინდგრენის სახელობის საერთაშორისო პრემიის 2016 წლის ნომინანტი ინგა გოგიბერიძე, ახლა საჯარო ბიბლიოთეკაში ცდილობს სიახლეების შეტანას.

ამბობს, რომ ახლა მისი მთავარი მიზანი “მკითხველის წრის გაფართოება და ახალი მკითხველის მოზიდვა“.

მუშაობა უკვე დაწყებულია და 2019 წლის ბოლომდე მკითხველს ბიბლიოთეკის სარდაფში წიგნის მუზეუმში სტუმრობა შეეძლება.

ინგა გოგიბერიძე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი

2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ფონდში 565 140 ერთეულია დაცული. მათ შორის: 373 362 ცალი წიგნია, 155 834 ცალი ჟურნალი, 30 740 ცალი გაზეთი და 3 900 კომპლექტი, 74 ცალი აუდიო წიგნი, 953 ცალი აუდიო-ვიდეო მასალა, 167 ფოტო და 35 რუკა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი