ბათუმში „რივიერაზე“ „თავდაცვით ნაგებობას“ ძეგლის სტატუსი მოეხსნა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2018 წლის 15 ნოემბრის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა „თავდაცვით ნაგებობას“ [მისამართი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიხედვით:  ქ. ბათუმი,  იაკობ გოგებაშვილის  ქ. N1; ფაქტობრივი მისამართი: ნინოშვილის ქ.]“.

ბრძანება ძალაში გუშინ, 22 ნოემბერს შევიდა. ბრძანებას სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პაატა გაფრინდაშვილი აწერს ხელს.

„თავდაცვითი ნაგებობის“, როგორც ძეგლის ფაქტობრივი ადგილმდებარეობა ბათუმში ე.წ. საოცრებათა პარკი იყო [„რივიერას“ და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიები].

აღნიშნული ძეგლი [დასახელებული როგორც „კედელი“, მისამართზე: ე. ნინოშვილის ქუჩის დასაწყისი/საოცრებათა მოედანი] შპს „გეოგრაფიკის“ მიერ შედგენილ იმ ძეგლების სიაშია, რომლებზეც „გეოგრაფიკმა“ ძეგლის სტატუსის მოხსნის რეკომენდაცია გასცა. აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე დღეს არანაირი ძველი ნაგებობა არ დგას.

„თავდაცვითი ნაგებობა“ / „კედელი“ [აღნიშნულია წითელი ფერით], რომელსაც ძეგლის სტატუსი მოეხსნა / „გეოგრაფიკის“ მიერ შედგენილი თემატური რუკიდან

ტერიტორია, სადაც ძეგლი მოიაზრებოდა, დღეს „სილქ როუდის“ შვილობილი კომპანიის – „ბათუმი რივიერას“ საკუთრებაშია და იქ 6 შენობის აშენებაა დაგეგმილი. ექვსი შენობიდან ყველაზე მაღალი – „სილქ თაუერი“ კი, სავარაუდოდ, 42-სართულიანი იქნება და ამ პროექტის განხორციელება ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ფინანსური თანამონაწილეობით იგეგმება.

„ტერიტორია არქეოლოგიური კვლევისთვის გავთხარეთ, სადაც გვეგონა, რომ ძველი [მეფის რუსეთის დროინდელი] ფორტის ნაწილები იყო დარჩენილი. აჭარის არქეოლოგიის ინსტიტუტი დავიქირავეთ მაგისთვის, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ“ – განაცხადა რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებთან“ „ბათუმი რივიერას“ დირექტორმა გიორგი კაპანაძემ.

აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართავს. საია იმ განკარგულების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც საკრებულომ მერიის წარდგენით მოიწონა და შეითანხმა შპს „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც ბათუმში დამცავი ზონების დადგენას ითვალისწინებდა. საიას პრეტენზია დამცავი ზონების დადგენას არ უკავშირდება – საქმე იმაშია, რომ მერიამ დოკუმენტის დასამტკიცებლად წარდგენამდე კვლევით დადგენილი საზღვრები შეცვალა.

 

მთავარი ფოტო: ტერიტორია, რომელიც ძეგლის – „თავდაცვითი ნაგებობის“ მისამართად იყო მითითებული

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com