მთავარი,სიახლეები

მოძრავი რობოტები და ქიმიური ცდები ბათუმის სამეცნიერო პიკნიკზე

27.09.2018 • 3154
მოძრავი რობოტები და ქიმიური ცდები ბათუმის სამეცნიერო პიკნიკზე

ხვალ, 28 სექტემბერს, 14:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ გაიხსნება ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართველი და უცხოელი მკვლევარების მიღწევები. ღონისძიების მიზანია სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია ახალგაზრდებსა და სკოლის მოსწავლეებში. სამეცნიერო პიკნიკზე მისულ სტუმრებს შეუძლიათ დასაშლელი  მულაჟის (ტორსი) დახმარებით დაათვალიერონ ადამიანის ორგანოები. ნახონ ქიმიური ორთქლმავალი, იისფერი კვამლი, დააკვირდნენ ლითონის ,,გახსნას“ წყალში. ფიზიკის დარგში წარმოდგენილი იქნება რობოტოტექნიკა და მართვის ავტომატიზებული მოწყობილობები.  ღონისძიებაზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ინტერაქტიულ პროგრამაში, რომელიც აჩვენებს თუ როგორ იქმნებოდა ხელნაწერი წიგნი შუა საუკუნეების საქართველოში.

იურიდიული ფაკულტეტის კრიმინალისტიკის ლაბორატორია დამთვალიერებლებს უჩვენებს თუ როგორ ხდება ანაბეჭდის აღება მინის ან პლასტმასის ბოთლის ზედაპირიდან, ასევე, ადამიანის ფეხის კვალის აღება როგორც მყარი, ასევე ფხვიერი ზედაპირიდან შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

ბათუმის სამეცნიერო პიკნიკის დეტალური პროგრამა ასე გამოიყურება:

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი:

ქიმიის მიმართულებით – ვულკანი ჯამში (ან ვულკანი ჭიქაში), ოქროს წვიმა, ქიმიური გველები, ეგვიპტის წყვდიადი (ეგვიპტის ღამე), საიდუმლო მელანი, ჯადოსნური რძე; ქიმიური ორთქლმავალი, იისფერი კვამლი, ლითონის ,,გახსნა“ წყალში, ,,ჯინი“ ფაიფურის ჭიქაში.

ბიოლოგიის მიმართულებით – მცენარის აგებულების დემონსტრირება, ნიადაგის მჟავიანობისა და ტენიანობის განსაზღვრა, მცენარეული უჯრედის დემონსტრირება.

მედიცინის მიმართულებით – ადამიანის ორგანოების დათვალიერება დასაშლელი მულაჟის (ტორსი) დახმარებით, თავის ქალაზე სტომატოლოგიური მანიპულაციების სიმულირება.

  • ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით – განახლებადი ენერგიის წყაროები, დაბალი და მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ველის მონიტორინგი და შეფასება, ელექტრომაგნიტური ველი – „მოჩვენება“ თუ რეალობა? გამზომი ხელსაწყოების დემონსტრირება: გარემოს ტემპერატურის გაზომვა დისტანციურად, მეტეოროლოგიური პარამეტრების განსაზღვრა (ატმოსფერული წნევა, ტემპერატურა, ტენიანობა, სიმაღლე ზღვის დონიდან). როგორი უნდა იყოს განათებულობა ჩვენ ირგვლივ (წარმოდგენილი იქნება ლუქსმეტრი, სინათლის წყაროს გამოსხივების სპექტრული ანალიზატორი). როგორი უნდა იყოს ხმაურის დონე, რეალობა და სტანდარტები (წარმოდგენილი იქნება ხმაურმზომი). ქარის სიჩქარისა და მიმართულების დადგენა (წარმოდგენილი იქნება ციფრული ანონიმეტრი). რობოტოტექნიკა და მართვის ავტომატიზირებული მოწყობილობები: ულტრაბგერითი მეგზური უსინათლოებისათვის, პროგრამირებადი მიკროკონტროლების მართვა QR კოდებით, ჭკვიანი ნაგვის ყუთი, წყალში შეტივტივებულ ნაწილაკებზე სინათლის გაბნევის გამზომი ხელსაწყო.

ასევე, მოეწყობა მათემატიკის მეცნიერების სიახლეებისა და მიღწევების გამოფენა.

  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

გაცოცხლებული არქეოლოგია: ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმთან ერთად მოეწყობა არქეოლოგიის კუთხე, ექსპონატებით, „საბავშვო არქეოლოგია“.

სამეცნიერო გამოცემების გამოფენა (დაფინანსებული საგრანტო პროექტები); ფოტოგამოფენა და პრეზენტაცია: პონტოელი ბერძნები აჭარაში: წარსული და თანამედროვეობა.

  • იურიდიული ფაკულტეტი:

კრიმინალისტიკის ლაბორატორია – ადამიანის ხელის კვალის ანაბეჭდის აღება მინის ან პლასტმასის ბოთლის ზედაპირიდან, რაც გამოიხატება კვალის აღმოჩენაში, მის დამუშავებასა და შესაბამისი წესით ამოღებაში. აღნიშნული პროცედურის განხორციელება მოხდება შესაბამისი კრიმინალისტიკური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

ადამიანის ხელის კვალისა და მიკრონაწილაკების აღება ქაღალდიდან, რაც მოხდება შესაბამისი ინგრედიენტების გამოყენებით;

ადამიანის ფეხის კვალის აღება, როგორც მყარი, ასევე ფხვიერი ზედაპირიდან შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

დანაშაულის ადგილის დათვალიერების დროს ფოტოგრაფირების მეთოდები და სახეები.

  • განათლების ფაკულტეტი:

,,სკოუნის“ ფარგლებში ჩატარებულ მოსწავლეთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების მასალების გამოყენებით წარმოდგენილი იქნება ოთხი სექცია, თავისი ,,ცოცხალი სურათებით“ და შესაბამისი ფოტო-მასალით. დაიდგმება გაკვეთილები (მოკლე აქტივობების სახით) სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით: ლიტერატურის გაკვეთილი, სახალისო მათემატიკა, ადამიანის გენების მოლეკულური ანალიზი: რა მოხდა 500, 100 ან 60 ათასი წლის წინ და როგორ ვიგებთ ამის შესახებ; ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება: სპორტი ჩვენს ცხოვრებაში.

  • ტურიზმის ფაკულტეტი:

ტურიზმის ფაკულტეტზე შექმნილი „გეოსაინფორმაციო და ტურიზმის ტექნოლოგიების ცენტრი“ გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამის საშუალებით მოახდენს კულტურულ მემკვიდრეობასა და ტურიზმში არქიტექტურული და ისტორიული ძეგლების ვირტუალურ წარმოჩენას. თანამედროვე გეოვიზუალური ტექნოლოგიების გამოყენება უზრუნველყოფს კულტურული ტურიზმის, საექსკურსიო საქმის, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის განვითარებას. ახალგაზრდებისთვის საინტერესო და მიმზიდველია ტურისტული დანიშნულების ადგილების ვირტუალურად დათვალიერება.

  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

სახალისო ვიქტორინა #1 – კარავში განთავსებული იქნება გლობუსი. მოსულ სტუმარს/დამთვალიერებელს სურვილის შემთხვევაში გლობუსზე შეუძლია იპოვოს მითითებული ქვეყნის დედაქალაქი/სახელმწიფო/ისტორიული და პოლიტიკური მოვლენის ადგილი. გაიმარჯვებს ის, ვინც 5 წამზე ნაკლებ დროში შეძლებს ამას. გამარჯვებული დასაჩუქრდება.

სახალისო ვიქტორინა # 2 – კარავში განთავსებული იქნება ევროპის ქვეყნების დროშები, მოსული სტუმარი/დამთვალიერებელი სურვილის შემთხვევაში გამოიცნობს მითითებული დროშის კუთვნილებას კონკრეტულ სახელმწიფოზე. გაიმარჯვებს ის, ვინც 3 წამზე ნაკლებ დროში შეძლებს ამას. გამარჯვებული დასაჩუქრდება.

სახალისო ვიქტორინა # 3 – წარმოდგენილი იქნება ფსიქოლოგიური ამოცანები, გამარჯვებული დასაჩუქრდება.
მოხდება პიროვნების სტრუქტურის დადგენა ფსიქოლოგიური ტესტების საშუალებით.

  • ტექნოლოგიური ფაკულტეტი:

სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიის ინოვაციური პროექტების, კონსტრუქციების გამოფენა. დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში სტუდენტების მიერ დამზადებულ შენობა-ნაგებობების კონსტრუქციებს, სხვადასხვა ნაკეთობას ადგილზევე გაეცნონ და მონაწილეობა მიიღონ მაკეტების დამზადების პროცესში. სკოლის მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ნაკეთობების მოხატვისა და მაკეტების აწყობის პროცესში. ნაჩვენები იქნება ფაბლაბის ლაბორატორიაში დამზადებული სამშენებლო კონსტრუქციების კარკასების მოდელები, რეზერვუარი/რეზერვუარები და ჭაბურღილების საბურღი მოწყობილობები, სატელეკომუნიკაციო კოშკები;

მოხდება სატელეკომუნიკაციო სიგნალების გატარების პროცესის დემონსტრირება თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობებით; წარმოდგენილი იქნება არქიტექტურული და კლასიკური ნამუშევრების ასლების სადემონსტრაციო სტენდი.

ბსუ-ს მეცნიერ-მკვლევართა აქტუალური კვლევებისა და მიღწევების გამოფენა  (აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების, ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტები):

1. მიკროფილტრაციული აპარატი, რომელიც გამოიყენება თხევადი კვების პროდუქტების ფილტრაციისთვის მათთვის გამჭირვალობის და მიკრობიოლოგიური სტაბილურობის მისანიჭებლად. მიკროფილტრაციულ აპარატზე მოვახდენთ ინსტიტუტში დამზადებული ღვინის ფილტრაციას.

2. ელექტროდიალიზური აპარატი, რომელიც გამოიყენება მეტალთა იონების შემცველი წყლების დაწმენდა-გაუვნებელყოფისთვის და ღირებული იონების რეკუპერაციისთვის ჩატარდება სპილენძის სულფატის ხსნარის ფილტრაცია-კონცენტრირება.

წყლის გაფილტვრის სისტემები- დემონსტრირებული იქნება სასმელი წყლის მემბრანული ფილტრები და სხვადასხვა ფილტრაციული სისტემები.

აკვაპონურ და ჰიდროპონური სტენდი – დემონსტრირებული იქნება აკვაპონურ-ჰიდროპონური ტექნოლოგია.

მცენარეთა ჯანმრთელობის კლინიკა – კლინიკის დანიშნულებაა მცენარეთა დაავადებებისა და მავნებლების დიაგნოსტიკა და ბრძოლის რეკომენდაციების გაცემა. ნებისმიერი დაინტერესებული პირი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო და სხვა მნიშვნელოვანი მცენარეული კულტურების დაავადებულ ნიმუშებს. სპეციალისტთა მიერ იქვე ადგილზე მოხდება სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების, მავნებლების დიაგნოსტიკა, მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განსაზღვრა. დაავადებული ნიმუშები გროვდება და შემდგომი ღრმა კვლევისთვის გადაეცემა ინსტიტუტის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიას, რის შემდგომაც დამატებით ხდება ინფორმირება წინასწარ ჩანიშნულ მისამართზე.

გამოიფინება ბსუ-ს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების პატენტები, გამოგონებები და მონოგრაფიები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – წარმოდგენილი იქნება ახალი ტიპის მიკროპროცესორული ხელსაწყოები, SCADE -ს სისტემები და მოძრავი რობოტები, ნაჩვენები იქნება ქიმიური ექსპერიმენტები რომელიც გამოიყენება სპეცეფექტების შექმნაში.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – იმიტირებული არქეოლოგიური ველი;

შპს აი თი აკადემია სტეპი – რამდენი შესაძლებლობა აქვს კომპიუტერს უჩვენებენ ბავშვებს.

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი – სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი პიკნიკზე წარმოადგენს ბიოსამედიცინო სფეროში ცენტრის უახლეს სამეცნიერო მიღწევებს. ასევე ჩატარდება სახალისო ექსპერიმენტები და გამოკითხვები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ და თავად მიიღონ მონაწილეობა სახალისო ექსპერიმენტებში.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო – ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტები (13 – 18 წლის მოსწავლეები), გუნდურად წარადგენენ თავიანთ ინოვაციურ გამოგონებებს, დამთვალიერებლებს გააცნობენ პროექტების არსს, შემადგენლობას, მიზანს. გამოფენა იქნება ინტერაქტიული, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოსცადონ პროექტების ფუნქციები, ადგილზე ამუშაონ ისინი.
გარდა ამისა, მოსწავლეების ნაწილი, დამთვალიერებლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საინტერესო, სახალისო და უსაფრთხო ექსპერიმენტების ჩატარებაში. მოსწავლეები შეასწავლიან დამთვალიერებლებს STEM-ის ელემენტარულ საფუძვლებს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – სამკურნალო საშუალებების დამზადება, გარემოს ხარისხის კონტროლის ექსპერიმენტები; „დიზაინისა და ტექნოლოგიის“ დეპარტამენტის თანამშრომელთა და სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა; ქიმიური ექსპერიმენტები.

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი – ინტერაქტიული პროგრამა: როგორ იქმნებოდა ხელნაწერი წიგნი შუა საუკუნეების საქართველოში? (ქაღალდის დამზადება, დამზადებულ ქაღალდზე ტექსტის გადაწერა ძველი ქართული კალიგრაფიული ნიმუშების მიხედვით, ხელნაწერი წიგნის აკინძვა და მისი შემკობა) შენიშვნა: მსურველებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა როგორც მთლიანად პროგრამაში, ისე ცალკეულ აქტივობებში

აქტივობა 1. ქაღალდის დამზადება შუა საუკუნეების ტექნოლოგიით; აქტივობა 2. ტექსტის გადაწერა ძველი ქართული კალიგრაფიული ნიმუშების მიხედვით („ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების კალიგრაფიული გადაწერა, საკუთარი სახელის კალიგრაფიული შესრულება);

აქტივობა 3. ქაღალდისა და ძაფის ღებვა ძველი ტრადიციული ქართული ტექნოლოგიითა და მცენარეული საღებავების გამოყენებით;

აქტივობა 4. წიგნის აკინძვა. ყდის მხატვრული გაფორმება ოქრომელნითა და ძვირფასი ქვების იმიტაციით.

აქტივობა 5. „როგორ იქმნებოდა ხელნაწერი წიგნი“ – კომპიუტერული შემეცნებითი პროგრამა ანიმაციის ელემენტებით და ტესტით რესტავრაციის ვორქშოფი – აქტივობის ფარგლებში მონაწილეები აღადგენენ დაზიანებულ ფურცელს. პატარებისთვის: „ვეფხისტყაოსნის მზეთუნახავები და რაინდები“ – გასაფერადებლის გაფერადება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: