იქნება თუ არა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე? – კითხვებს თორნიკე რიჟვაძე პასუხობს

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე არ ადასტურებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურის შესაძლო განხილვის შესახებ ინფორმაციას. ამ უარყოფის მიუხედავად, ის „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ეს გუნდის გადასაწყვეტია:

„ეს უკვე ფართო განხილვის და გუნდის გადასაწყვეტი საკითხია. ასე, რომ მოთმინებით უნდა დაველოდოთ გუნდის გადაწყვეტილებას. მე ჩვეულებრივად ვასრულებ იმ დაკისრებულ მოვალეობას, რაც ენერგეტიკის ფონდში მაქვს“.

კითხვაზე, შეთავაზების შემთხვევაში დათანხმდება თუ არა ამ თანამდებობაზე მუშაობას, თორნიკე რიჟვაძე პასუხობს: „ეს განხილვის საგანია და ამ შემთხვევაში ასე პირობით ვერ ვისაუბრებ. როცა ამ საკითხის მიმართ იქნება უფრო მეტი განხილვა, მეტი შეჯერებული პოზიცია, შემდეგ დავფიქრდები“.

თორნიკე რიჟვაძე ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად დანიშვნამდე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

2013 -2017 წლებში ის აჭარისწყალი ჯორჯიას [TATA POWER, CLEAN ENERGY INVEST, IFC -ის ერთობლივი საწარმო] მრჩეველი, შემდეგ კი კომპანიის დირექტორი იყო. ეს კომპანია მდინარე აჭარისწყალზე ჰიდროელეტროსადგურებს აშენებს.

2014-2016 წლებში თორნიკე რიჟვაძე იყო აჭარის  მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მრჩეველი საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითხებში.

თორნიკე რიჟვაძე პროფესიით იურისტია, მას აქვს განათლება მიღებული ენერგეტიკის მიმართულებითაც.

2017 წელს მან გაიარა ფლორენციის რეგულირების სკოლა-ენერგოსექტორის რეგულირების მიმართულებით, 2015 წელს კი ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა დაასრულა – მიმართულება ,,ენერგეტიკის სამართალი”.

2012-2013 წლებში ის სწავლობდა სიტის უნივერსიტეტში, ლონდონში, იყო ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩივინგის პროგრამის სტიპენდიანტი, შემდეგ კი სამართლის მაგისტრი –  საერთაშორისო ბიზნესსამართლის მიმართულებით.

აჭარის მთავრობის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გადადგომაზე დღეს, 4 ივლისს 14:00 საათზე გააკეთა განცხადება. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი