აჭარის მთავრობა: ახალი სამინისტროს შექმნაზე კონსულტაციები აღარ მიმდინარეობს

აჭარის მთავრობამ ახალი სამინისტროს შექმნის საკითხზე მსჯელობა შეაჩერა. ზურაბ პატარაძის მთავრობამ დაახლოებით ორი თვის წინ დაწყებული კონსულტაციები მას შემდეგ შეაჩერა, როცა ახალმა პრემიერმა სამინისტროების შემცირება გადაწყვიტა.

„ამ ეტაპზე სამინისტროს შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ მიმდინარეობს,“ – გვითხრეს აჭარის მთავრობის პრესსამსახურში. აქვე განმარტეს, რომ არაა გამორიცხული ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნის თემა სამომავლოდ ისევ გააქტიურდეს, რადგან „აჭარის კონსტიტუცია ამის შესაძლებლობას იძლევა“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ახალი სამინისტროების შექმნას ტურიზმის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით აპირებდა აჭარის მთავრობა.

„არ გამოვრიცხავ, რომ გაიზარდოს სამინისტროების ოდენობა. წინასწარ ვერ გეტყვით ზუსტ ინფორმაციას, მაგრამ აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს… სადღაც შესაძლებელია ოპტიმიზაცია მოხდეს, სადღაც შესაძლებელია იყოს დაჯგუფება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ახალი სამინისტროების გაჩენა,“ – უთხრა ზურაბ პატარაძემ „ბათუმელებს“ 2018 წლის 9 მაისს.

აჭარის კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც 2018 წლის 24 მაისს შევიდა ძალაში, აჭარაში რამდენიმე მიმართულებით დამატებით ახალი სამინისტროების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი