ბათუმი,მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობა ლაო ჯინ ჯაოს სახლს ასხვისებს, მანამდე კი რესტავრაციის პროექტს იყიდის

12.01.2024 •
აჭარის მთავრობა ლაო ჯინ ჯაოს სახლს ასხვისებს, მანამდე კი რესტავრაციის პროექტს იყიდის

აჭარის მთავრობა ჩაქვში იმ სახლის სარესტავრაციო პროექტის ყიდვას გეგმავს, რომელშიც გასული საუკუნის დასაწყისში ჩინელი მეწარმე ლაო ჯინ ჯაო ცხოვრობდა. ეს სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და დღეს სავალალო მდგომარეობაშია. პარალელურად, აჭარის მთავრობა აღნიშნული ქონების პრივატიზებასაც განიხილავს, თუმცა რა პირობებით, არ ამბობს.

„ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე“ ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] გამოაცხადა. სატენდერო თანხა 70 ათასი ლარია.

„შესასყიდი მომსახურების ღირებულება განისაზღვრა სააგენტოს მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის დოკუმენტების ანალიზის შედეგად. დოკუმენტაცია დაეგზავნა ელექტრონული ფოსტით ხუთ იურიდიულ პირს, საიდანაც მხოლოდ ოთხისგან მივიღეთ დოკუმენტაცია“ – აღნიშნულია კმდს-ს სატენდერო კომისიის ოქმში.

ტენდერში მონაწილეობის მსურველს „2019 წლის 1-ლი იანვრიდან ელექტრონული ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს დღგ-ის ჩათვლით არანაკლებ 70 000 ლარის ჯამური ღირებულების ურბანული სახეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება“.

პირობებში არის მოთხოვნები პრეტენდენტის პერსონალის [რესტავრატორი, არქიტექტორი, კონსტრუქტორი] გამოცდილების შესახებაც.

ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 19 იანვარს დაიწყება და 22 იანვარს დასრულდება. გამარჯვებულმა პროექტი კმდს-ს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღეში უნდა გადასცეს.

საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით, მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე ლაო ჯინ ჯაოს სახლი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. ამასთან, ქონება კმდს-ზეა გადაცემული სარგებლობაში – „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნამდე ვადით“.

ჩაქვში, სანაპიროზე [ზღვიდან დაახლოებით 30 მეტრში] მდებარე ეს ქონება 2021 წლიდან „საქართველოს საპარტნიორო ფონდისთვის“ იყო გადაცემული, მანამდე კი, ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას წარმოადგენდა.

სახელმწიფომ, 2023 წლის სექტემბერში, ქონება ქობულეთის მუნიციპალიტეტს გადასცა, ქობულეთმა კი – 2023 წლის 31 ოქტომბერს აჭარას – შემდგომში პრივატიზებისთვის.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ ქობულეთის მერთან, ლევან ზოიძესთან გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განიხილავს დაბა ჩაქვში, ნინოშვილის ქ. N12-ში მდებარე 1379 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 348,20 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობის პრივატიზების საკითხს.“

ამ თემაზე ვრცლად:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/502335/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: