„ქუჩის იერსახე ადამიანებზე მნიშვნელოვანია?“ – მორიგი მცდელობა გარევაჭრობის აღსაკვეთად

ბათუმში, წერეთლის ქუჩის გარემოვაჭრეები ბათუმის მერიის შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებენ – აქ ამბობენ, რომ მათ სურთ, უფრო მოწესრიგებულ გარემოში იმუშაონ და საჭიროების შემთხვევაში გადასახადსაც გადაიხდიან, მაგრამ ისეთ ადგილას, სადაც ხალხმრავლობაა და ვაჭრობას შეძლებენ.

წერეთლის ქუჩაზე ძირითადად ტანსაცმლით, საოჯახო წვრილმანებითა და ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობენ. ფასები ხელმისაწვდომია, აქ დღის განმავლობაში ხალხი მოძრაობს, რაც ვაჭრობისთვის ხელსაყრელია, თუმცა ამ ადგილზე სახელდახელო ბაზრობას მერია და მოსახლეობის ნაწილიც ეწინააღმდეგება.

ივნისიდან ბათუმში უკანონო გარევაჭრობა დაშვებული აღარ უნდა ყოფილიყო – ბათუმის მერია ერთი თვეა ამ მიმართულებით ცვლილებებს აანონსებს. მერიამ ჯერ საინფორმაციო ფურცლები დაარიგა და გარემოვაჭრეები გააფრთხილა, რომ კანონის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დაჯარიმდებოდნენ, შემდეგ კი გარემოვაჭრეებს წინადადება შესთავაზა – ახალ ადგილზე ნებაყოფლობით გადასვლის შემთხვევაში კომპენსაცია –  600 ლარი.

წერეთლის ქუჩაზე გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მერია ქალაქის იერსახეზე ზრუნავს, თუმცა ადამიანები ავიწყდება.

„ქალაქის იერსახეზე ზრუნავენ, კი, მნიშვნელოვანია ნამდვილად, მაგრამ ადამიანებზე მნიშვნელოვანი ხომ არ არის?! მერია მარტო იმისთვის არ არის, რომ ყველაფერი ლამაზად იყოს ტროტუარზე, ეს ტროტუარი ხალხისაც არის და ეს ხალხი ჩვენც ვართ. ამ მაგიდით მე სამ სტუდენტს ვარჩენ, თავის დროზე, როცა მიჭირდა, დავტოვე მასწავლებლის პროფესია და აქ წამოვედი,“ – ამბობს ნანული, რომელიც 25 წელია წერეთლის ქუჩაზე ვაჭრობს.

მას არ სჯერა, რომ გარემოვაჭრეები დათანხმდებიან მერიის შეთავაზებას – სამი თვის განმავლობაში თვეში ორასი ლარი მიიღოს გადასვლის სანაცვლოდ. ნანული ამბობს, რომ 25 წლის მანძილზე არაერთ შეხვედრაზე ყოფილა, სადაც გარემოვაჭრეებს ადგილიდან გაყვანას ხან სთავაზობდნენ და ხან ულტიმატუმს უყენებდნენ, თუმცა არაფერი შეცვლილა, ცოტა ხნის შემდეგ გარემოვაჭრეები ისევ უბრუნდებოდნენ ადგილს.

უკანონო გარევაჭრობის კანონიერების ფარგლებში მოქცევის ერთ-ერთი გზა გარევაჭრობის ისეთი ფორმით დაშვებაა, რომ გარევაჭრობა არც ვიზუალურად აზარალებდეს ქალაქს, ბიუჯეტისთვისაც მომგებიანი იყოს და ქალაქში მცხოვრებლებისა თუ ტურისტებისთვის – მოსახერხებელი. ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში გვითხრეს, რომ მერია ამ მიმართულებით  არ მუშაობს, თუმცა გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა.

„ყველა ქალაქშია გარევაჭრობა, არის ტერიტორია, მოაწესრიგონ, დადგან ჯიხურები, ლამაზი იქნება, გადასახადს გადავიხდით.  გოგოლის ქუჩაზე ჩვენ არავინ არ მოგვაკითხავს „ნასკის“ საყიდლად. რომ იყოს მოძრავი ადგილი და ხალხი დადიოდეს, სხვა საქმეა. სასტუმროებს აშენებენ ისეთ ადგილებზე, სადაც უნდათ და ჩვენ რა დავაშავეთ?!  გარევაჭრობა რომ ჩარჩოებში მოექცეს, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი. თქვენ ახვიდოდით ავტოსადგურის მეორე სართულზე ნასკის შესაძენად?! ამას გვთავაზობენ,“ – ამბობს  გარემოვაჭრე, რომელსაც უკვე 13 წელია წერეთლის ქუჩაზე აქვს დახლი.

„აქ კი არ მიხარია ყოფნა, მაგრამ სად უნდა წავიდეთ, სამუშაო ადგილები არ არის. ბავშვობიდან აქ ვვაჭრობ, აბაშიძის დროიდან ებრძვიან გარემოვაჭრეებს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. არ უნდათ აქ ვიყოთ, იმიტომ, რომ ტურისტები დადიან და ჩვენ არ ვუნდივართ, არაა ლამაზიო, ფასადს ვაფუჭებთ, ალბათ,“ – ამბობს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც აქ წლებია ვაჭრობს.

ზოგიერთი გარემოვაჭრე იმასაც ამბობს, რომ ისინი ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადასვლის წინააღმდეგი არ არიან, ოღონდ არა მეორე, არამედ პირველ სართულზე.

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორმა, ჯუმბერ კობალაძემ  „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ ამ საკითხის მოგვარებას ფრთხილად უდგებიან, თუმცა იგი ფიქრობს, რომ საბოლოო ჯამში გარემოვაჭრეებს დაითანხმებენ:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დაგვეთანხმონ. დაინახავს ყველა, რომ კანონიერად, ერთი მიდგომით ხდება ქალაქში გარევაჭრობის ალაგება და წამოვლენ ამაზე. ჩვენ თითოეულ გარემოვაჭრესთან ინდივიდუალურად ვმუშაობთ, ყველას განსხვავებული სიტაუცია აქვს, ზოგი ასაკს უჩივის, რომ ვერ ივლის იქ, ზოგს ვალები აქვს, რაღაც პრობლემა… ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ყველას, რომ არ დაზარალდნენ. ზოგს დახლს ვთავაზობთ, ზოგს ჯიხურს, ზოგი არენდას ითხოვს, ან შესყიდვას, ვითვალისიწნებთ ყველა დეტალს, ყველა ნიუანსს, ვცდილობთ, როგორმე მოვერგოთ მათ, რომ ეს პროცესი უმტკივნეულოდ წარიმართოს.

ეს ეხება მაღაზიებსაც, რომელთაც აქვთ ტროტუარი დაკავებული ზოგს ხუთი, ზოგს ათი მეტრით – ამის ნებას ვერ დავრთავთ ვერავის. დაველაპარაკეთ, ვთხოვეთ. რომ გაიწმინდება ქუჩა, მაქსიმალურ კონტროლზე ავიყვანთ ამ საკითხს.“

კითხვაზე, რა გარანტია არსებობს, რომ თუ კი ახალ სავაჭრო ცენტრში ვაჭრობით, სადაც ისეთი ხალხმრავლობა არ არის, როგორც ქუჩებში, გარემოვაჭრეები კმაყოფილინი არ იქნებიან და მოკლე ხანში ისევ არ დაუბრუნდებიან შეჩვეულ ადგილებს,  ჯუმბერ კობალაძე ამბობს, რომ ყველაფერს იღონებენ  იმისთვის, რომ გარემოვაჭრეები ადგილზე დარჩნენ: „კმაყოფილები რომ იქნებიან, მე ვფიქრობ, რომ უკან მობრუნების სურვილი აღარ გაუჩნდებათ“.

გარემოვაჭრეები მერიის იმედიან განწყობას ეჭვის თვალით უყურებენ. ისინი ამბობენ, რომ იძულების შემთხვევაში მერიასთან გამართავენ აქციებს და ეს იქნება მათი პასუხი. „აკლია ამ ქვეყანას უმუშევრები, ჩვენ რომ არ შევემატოთ? ასე იქნება, თუ ვიქნებით იქ, სადაც ვაჭრობა არ იქნება,“ – ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

ლაშა კომახიძე ბათუმის მესამე მერია, რომელიც ქალაქში უკანონო ვაჭრობის აღკვეთას ცდილობს. მისი წინამორბედები ამ მიმართულებით ვერაფერს გახდნენ, მათი ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, გარემოვაჭრეები კი ისევ თავის ადგილას დარჩნენ.

დღეს ბათუმის მერიამ გარემოვაჭრეები კიდევ ერთხელ გააფრთხილა, დატოვონ ადგილი.

გასულ წელს „ბათუმელებმა“ გარევაჭრობის თემაზე ონლაინგამოკითხვაც ჩაატარა. კითხვაზე, დაშვებული უნდა იყოს თუ არა გარევაჭრობა ბათუმში, გამოკითხულთა 41-მა პროცენტმა უპასუხა, რომ – არა, უმრავლესობამ, 50-მა პროცენტმა კი მხოლოდ განსაზღვრულ ადგილებში დაშვებულ გარევაჭრობას დაუჭირა მხარი. 

კითხვაზე – თქვენი აზრით, როგორ უნდა მოაგვაროს მერიამ უკანონო გარევაჭრობის პრობლემა? – უმრავლესობამ, 45-მა პროცენტმა, უპასუხა, რომ მერიამ ხელი უნდა შეუწყოს მოვაჭრეებს კანონის ჩარჩოებში მოქცევასა და სავაჭრო ადგილის კეთილმოწყობაში.

__________________________________

ამავე თემაზე: 

მერია გარემოვაჭრეებს ახალ ადგილზე ნებაყოფლობით გადასვლის შემთხვევაში 600 ლარს სთავაზობს

კომახიძე გარემოვაჭრეებს: დღეში ერთ საათს მოვალ და დაგიდგებით დახლთან გამყიდველად 

ბათუმის მერია ტურისტულ სეზონამდე წერეთლის ქუჩიდან გარემოვაჭრეების გადაყვანას გეგმავს 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com