აჭარის მთავრობა ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას გეგმავს

აჭარის მთავრობა ბათუმში, მამია კომახიძის ქუჩის #119-ში, ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას გეგმავს. შესაბამისი საპროექტო სახართააღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 466 100 ლარია. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი დაიხარჯება აჭარის ბიუჯეტიდან შენობის ასაშენებლად.

კომახიძის #119-ში ამ დროისთვის აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებული ოთხსართულიანი შენობა მდებარეობს, სადაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ფუქციონირებს.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა 2627.00 მ 2-ზეა დაგეგმილი; არსებული შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი კი 3856.45 მ 2-ა განთავსებული.

აპირებს თუ არა სამინისტრო უკვე არსებული შენობის დემონტაჟს ან რომელი სამთავრობო სტრუქტურებისთვის იგეგმება ახალი შენობის მშენებლობა? – ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ საკონტაქტო პირს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შესყიდვების განყოფილების უფროსს პაატა ცეცხლაძეს დავუკავშირდით. მან გვითხრა, რომ „ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია“ არ აქვს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, იგეგმება კიდევ ერთი ახალი შენობის  აშენება და სამომავლოდ სამინისტროებისა და მათზე დაქვემდებარებული უწყებების ერთ მისამართზე, ერთიან სივრცეში მოქცევა.

აჭარის მთავრობის შენობა. ცოტა ხნის წინ ამ შენობაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სარემონტო სამუშაოები ჩაატარა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი