მთავარი,სიახლეები

ასი ათასი ლარი კულტურული ღონისძიებებისთვის აჭარაში – კონკურსი

15.05.2018 • 2204
ასი ათასი ლარი კულტურული ღონისძიებებისთვის აჭარაში – კონკურსი

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს მობილობის ხელშემწყობი კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარაში რეგისტრირებულ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ადგილობრივ და საერთაშორისო კულტურის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ბიუჯეტი 100 000 ლარია. თითოეულ ბენეფიციარზე თანხა გაიცემა საგრანტო წესით, არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარაში რეგისტრირებულ ფიზიკურ და ფიზიკურ პირთა ჯგუფს ან ინდივიდუალურ პირს, გარდა ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლისა.

განაცხადით წარმოდგენილი ღონისძიება უნდა იყოს სახელოვნებო ხასიათის: ქორეოგრაფიული, მუსიკალური, თეატრალური, სალიტერატურო. საგამოფენო.

ასევე, საგანმანათლებლო, კულტურის მენეჯმენტის მიმართულებით.

კონკურსის ფარგლებში შესაძლოა დაფინანსდეს რეგისტრაციის, ტრანსპორტირების, განთავსების, კვების, პოლიგრაფიული მომსახურების ხარჯები.

ოფიციალური ინფორმაციით, წელს სიახლეა ის, რომ კონკურსის ფარგლებში საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობის კომპონენტიც დაფინანსდება.

კერძოდ, შესაძლებელია დაფინანსდეს აჭარის რეგიონში რეგისტრირებული კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მონაწილეობა ვორკშოპში-ტრენინგში კულტურის მენეჯმენტის მიმართულებით, „რაც მნიშვნელოვანია, როგორც  მათი პროფესიული განვითარების, ასევე, კულტურის პროექტების სწორად დაგეგმვა-მართვისა და კულტურის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების მხრივ, “-ნათქვამია პრესსრელიზში.

სამინისტროს ინფორმაციით, განაცხადების მიღება იწარმოებს საკონკურსო ბიუჯეტის ამოწურვამდე. კონკურსის მესამე ეტაპი 2 ივლისს დაიწყება და 11 ივლისამდე გაგრძელდება, მეოთხე კი – 3-12 სექტემბრამდე გაგრძელდება.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: