მთავარი,სიახლეები

1 430 342 ლარის ზიანი – „იაფი სახლის“ აუდიტის მასალები მთავარ პროკურატურაში

03.05.2018 • 3245
1 430 342 ლარის ზიანი – „იაფი სახლის“ აუდიტის მასალები მთავარ პროკურატურაში

ბათუმის მერიის „იაფი სახლი-სტანდარტული საცხოვრისი თანაქალაქელებს“ ქვეპროგრამის ფინანსური აუდიტის მასალები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა. საქმე ეხება ბათუმის მერიის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს.

„მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების მხრიდან, გადაწყვეტილებების მიღების დროს, გარემოებათა არაჯეროვანი გამოკვლევისა და მოსალოდნელი რისკების შეუფასებლობის გამო, მუნიციპალიტეტს მიადგა არანაკლებ 1 430 342 ლარის ზიანი“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში, რომლის მასალებიც მთავარ პროკურატურაშია გადაგზავნილი.

აუდიტის მიხედვით, ბრიტანული ბანკი, რომელიც „იაფი სახლის“ მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გარანტორი იყო, როგორც აღმოჩნდა, სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდა და, შესაბამისად, არც შემოსავლები ჰქონდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონვენტ ჯორჯია“ კი 2016 წელს, მას შემდეგ გაუჩინარდა, როცა მერიას მისთვის ავანსად 1 621 185 ლარი უკვე გადარიცხული ჰქონდა.

„იაფი სახლის“ პროექტი აუდიტის სხვა ანგარიშშიც მოხვდა, სადაც აღნიშნულია, რომ „ბათუმის მერიამ დაგეგმა და დაიწყო პროექტის განხორციელება იმ პირობებში, როდესაც არ ჰქონდა განსაზღვრული კონკრეტული სამიზნე ჯგუფები და პროგრამაზე მოთხოვნის დონე. არ ჰქონდა განსაზღვრული სამშენებლო პროექტის შესაბამისობა პროგრამის მოთხოვნებთან, საერთო ჯამში პროექტი ვერ განხორციელდა“.

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ქალაქის მერიამ ე.წ. იაფი სახლის მშენებლობა მეორედ დაიწყო. სამუშაოებს ამჯერად ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მტმ“-ი ასრულებს. მასთან მერიამ ხელშეკრულება 2 349 999 ლარზე მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში გააფორმა. სატენდერო თანხა კი 2 478 444 ლარი იყო. ტენდერში 4 კომპანია მონაწილეობდა.

„იაფი სახლის“ აუდიტის დასკვნა ერთ-ერთია იმ 24 აუდიტიდან [ქვეყნის მასშტაბით], რომლის მასალებიც სახელმწიფო აუდიტმა 2018 წლის პირველ კვარტალში გადაუგზავნა სამართალდამცავ ორგანოებს.

გასულ, 2017 წელს კი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ აჭარის პროკურატურაში გადაიგზავნა შემდეგი მასალები:

[crosslist]

  • შპს „ჰიგიენა 2009“-ში საბიუჯეტო სახსრების შესაძლო მითვისების შესახებ;
  • აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშის მასალები;
  • აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშის მასალები.

[/crosslist]

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/122397/

https://batumelebi.netgazeti.ge/news/115533/

https://batumelebi.netgazeti.ge/news/131740/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: