6-მილიონიანი პროგრამა – ვისთვის ქმნის ბათუმის მერია ბიზნესინკუბატორს

ბათუმის მერის მიერ დაანონსებული ინდუსტრიული/საწარმოო ბიზნესცენტრი იმ ოთხწლიანი პროგრამის ნაწილია, რისთვისაც ბათუმის ბიუჯეტიდან 6-მილიონამდე ლარი დაიხარჯება. პროგრამის დეტალებზე მერიაში არ ლაპარაკობენ. პროგრამაში აღნიშნულია, რომ ის ახალი ა[ა]იპ-ის – ბიზნესინკუბატორის შექმნას ითვალისწინებს. რითი ასაბუთებს ბიზნესინკუბატორის შექმნის აუცილებლობას ქალაქის მერი და რამდენად შეუწყობს ის ხელს ბიზნესის განვითარებას? – „ბათუმელები“ ამ კითხვებზე განმარტების მიღებას მას შემდეგ ცდილობს, რაც ლაშა კომახიძემ ამ პროექტის შესახებ საჯაროდ განაცხადა. პასუხი ქალაქის მერისგან ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

სპეციალისტები კი ამბობენ, რომ ასეთი პროგრამის განხორციელებას აუცილებლად უნდა უძღოდეს წინ შესაბამისი კვლევა, პროგრამის შეფასება კი ამ კვლევაზეა დამოკიდებული. მერიამ კვლევებით უნდა დაადასტუროს, რომ პროგრამა მომგებიანია.

შესაბამისი კვლევა ბათუმის მერიისგან ვერ მივიღეთ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი კვლევა მერიას არც აქვს, ვინაიდან ბათუმის მოქმედი მერი თავისი უფლებამოსილების განხორციელებას 2017 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში შეუდგა, პროგრამა კი საკრებულომ აქედან თვენახევარში დაამტკიცა. ამასთან, მერიაში გვითხრეს, რომ პროგრამის დეტალებზე ახლა მუშაობენ.

„ბიზნესინკუბატორის იდეის განხორციელებამდე მნიშვნელოვანია ჩატარებულიყო კვლევები. რეალურად ეს არის იჯარით გასაცემი ფართობები – მუნიციპალიტეტი უგვარებს კომუნიკაციებს, შეიძლება თანხა დაიხარჯოს ტრენინგ-კონსულტაციებისთვისაც და დანარჩენი უკვე ბიზნესზეა დამოკიდებული. კვლევამ უნდა აჩვენოს, ესაჭიროება თუ არა ბიზნესს ასეთი მიმართულებით განვითარება; რომელი კატეგორიის და რომელი ბიზნესი უნდა განთავსდეს იქ; რამდენად მისაღებია ინკუბატორის ადგილმდებარეობა ბიზნესისთვის და მისაღები იქნება თუ არა შეთავაზებული ფასები“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ეკონომისტი ტიტე აროშიძე.

პროგრამის მიხედვით, ბიზნეს ინკუბატორის შესაქმნელად წელს 75 ათასი ლარი დაიხარჯება. ამ კუთხით რაიმე კვლევა პროგრამაში არ არის ჩადებული, თუმცა ცალკე 40 ათასი ლარია გათვალისწინებული საერთაშორისო ბიზნეს ცენტრის [საერთაშორისო ბიზნეს ინკუბატორის] მოდელის შემუშავებისთვის. ასეთი ბიზნეს მოდელი, ანუ კვლევის დოკუმენტი მერიამ მიმდინარე წლის ივლისამდე უნდა შეიმუშაოს.

„კარგია, თუ ასეთი კვლევა პროგრამაში ჩადებულია. თუმცა, ამ კვლევამ შესაძლოა გვაჩვენოს, რომ ჩვენ არ უნდა წავიდეთ ბიზნეს ინკუბატორის აშენების კუთხით. ამიტომ უნდა იყოს წინასწარ კვლევა, ვიდრე ააშენებ“, – ამბობს ტიტე აროშიძე.

ბათუმის მერიამ ბიზნესცენტრის დაპროექტება კვლევის გარეშე უკვე დაიწყო მდინარე ჭოროხის პირას, ე.წ. სამრეწველო უბანში, რისთვისაც 50 ათასი ლარია გათვალისწინებული. სპეციალისტის თქმით, ადგილმდებარეობაც კვლევის შედეგად უნდა განსაზღვრულიყო.

ტიტე აროშიძის თქმით, შეგვიძლია დავუშვათ, რომ მერიას სხვა ადგილი არ აქვს გარდა შემოთავაზებულისა, მაგრამ იქ სპეციფიკური ბიზნესი თუ მივა: „ისმის კითხვა – აწყობს ქალაქში არსებულ ბიზნესს იქ გადასვლა? – იქ შეიძლება მცირე საწარმო, შემდუღებელი, საზეინკლო საამქროები და სასაწყობო მეურნეობები გადავიდეს, რასაც ქალაქში ვერ გააკეთებ. ამ მხრივ შესაძლოა კარგიც იყოს – იურიდიულ, ბუღალტრულ კონსულტაციებსაც თუ ითვალისწინებს, ვინაიდან არ იციან სახელმწიფოსთან ურთიერთობა და ხშირად ვარდება ბიზნესი. მაგრამ ეს კვლევის საფუძველზე უნდა გაკეთდეს, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას“.

რამდენად პრიორიტეტულია ბიზნესინკუბატორის შექმნა დღეს ბათუმის მერიისთვის, როცა ქალაქში არაერთი პრობლემაა თუნდაც გზების, ტროტუარების, იგივე შემოერთებული ტერიტორიებზე საკანალიზაციო თუ წყლის სისტემის არარსებობის გამო?

„ნამდვილად საჭიროა პრიორიტეტების დალაგება. თუმცა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი პრობლემაა ისიც, რომ ვერ ვითარდება ქალაქში მცირე და საშუალო ბიზნესი. ფაქტია, ბიზნესები რეგისტრირდება, მაგრამ არ ვითარდება, შესაბამისად, მშპ მინიმალურადაა გაზრდილი. ეს მარტივი დაკვირვებით, თუმცა ეს კვლევამ უნდა გვაჩვენოს – რეალურად ვითარდება თუ არ ვითარდება. ფაქტია, რომ ხელშეწყობა სჭირდება, მაგრამ ერთი მუნიციპალიტეტი, ბათუმის მერია ამას ვერ უშველის. მერიამ შესაძლოა გარკვეულ კატეგორიას, გარკვეულ წილს ამ ბიზნესისას დაეხმაროს“, – აცხადებს ტიტე აროშიძე.

მისივე თქმით, მთავარი უარყოფითი მხარე ამ პროექტისა იქნება ის, რომ თუ ასეთი პროექტი გარკვეული ბიზნესისთვის განხორციელდება მხოლოდ ბათუმში, ის არ მისცემს საშუალებას ანალოგიურ ბიზნესს განვითარდეს, თუნდაც მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებში:

„კი ბატონო, ვაკეთებთ პროექტს ბიზნესის განვითარებისთვის, მაგრამ როცა ბათუმის მერია აკეთებს, ვისთვის აკეთებს – მხოლოდ ქალაქის მოსახლეობისთვის? რა თქმა უნდა, ქალაქის მოსახლეობისთვის. ამით ხელვაჩაურში, ქობულეთში აღარ განვითარდება ის ბიზნესი, რაც აქ იქნება, რადგან ყველა შეეცდება ბათუმში დაარეგისტრიროს თავისი ბიზნესი და ისარგებლოს შეღავათებით. ამას როგორ ვაკონტროლებთ? რა იქნება ინდიკატორი?… იმის განხორციელება, რის განხორციელებასაც ბათუმი აძლევს საკუთარ თავს, სხვამაც მინიმალურ დონეზე უნდა შეძლოს. ამიტომ, ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნებოდა თავის თავზე აეღო და ასეთი პროგრამა აჭარის მთავრობას, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და აჭარის მასშტაბით განეხორციელებინა“.

ბათუმში ერთი ბიზნესინკუბატორი 2009 წლიდან მოქმედებს. ბიზნესინკუბატორი, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირი, გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით დაფუძნდა და სამართავად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. ინკუბატორი აჭარაში შეიქმნა, როგორც საპილოტე პროექტი. მაშინ გაეროს განვითარების პროგრამის აჭარის პროექტების ხელმძღვანელი, ამჟამინდელი ბათუმის მერი ლაშა კომახიძე იყო.

ბიზნესინკუბატორის მოქმედმა ხელმძღვანელმა, კახა შავაძემ „ბათუმელებთან“ სამი თვის წინ განაცხადა, რომ კონკურენცია ინკუბატორში მოხვედრაზე არასდროს ყოფილა. ტიტე აროშიძე კი აცხადებდა, რომ „დღეს ინკუბატორი არის ზედმეტი ტვირთი ნებისმიერისთვის, ვინც ამას გააკეთებს.“

მერიის პროგრამასთან დაკავშირებით კი, ტიტე აროშიძე აცხადებს, რომ „ეს არის სასტარტო პროექტი, ასეთი მუნიციპალიტეტს არ ჰქონია. ხარვეზები იქნება, თუმცა მთავარია დაიწყოს, ისევე როგორც დაიწყო მერიამ, მაგალითად, „იაფი სახლი“ და შემდეგ გამოჩნდა ხარვეზები – რაღაცა უნდა შეიცვალოს, რაღაცა არ უნდა შეიცვალოს… ქალაქის ბიუჯეტში თანხის შედინება პირდაპირპროპორციულია ქალაქში ბიზნესის განვითარებაზე. ამიტომ, კვლევა, როცა კრიტერიუმები იქნება შემუშავებული – როგორ უნდა განვითარდეს ბიზნესი და რა მიმართულებით – ბევრ რამეს დაგვანახებს“.

როგორ დახარჯავს მერია პროგრამისთვის 6 მილიონამდე ლარს?

პროგრამისთვის სულ 5 920 000 ლარია გათვალისწინებული, საიდანაც 5 250 000 ლარი უშუალოდ ინდუსტრიული/საწარმოო ბიზნესცენტრის შექმნას უნდა მოხმარდეს.

პროგრამაში, რომელიც საკრებულომ დაამტკიცა, აღნიშნულია, რომ 2018 წელს განხორციელდება ცენტრის შექმნის საპროექტო სამუშაოები, კერძოდ: გამოყოფილი ტერიტორიის კეთილმოწყობა და საწარმოო შენობების – ბიზნესბოქსების მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. ამ სამუშაოების შესყიდვაზე მერიას ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს.

„ქალაქის ეკონომიკური პროფილის გაძლიერება და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამა 2018-2021 წლებში უნდა განხორციელდეს და მოიცავს:

  • ინდუსტრიული/საწარმოო ბიზნეს ცენტრის შექმნას [სულ 5,25 მილიონი ლარი];
  • მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების სტიმულირებას [300 ათასი ლარი];
  • საერთაშორისო ბიზნესცენტრის შექმნის ხელშეწყობას [40 ათასი ლარი];
  • ფორუმების ორგანიზებას [330 ათასი ლარი].

პროგრამის მიხედვით, ინდუსტრიული/საწარმოო ბიზნესცენტრი [ინკუბატორი] იქნება კომუნიკაციებით [გზა, წყალი, კანალიზაცია, ელექტროენერგია, გაზი…] უზრუნველყოფილი საწარმოო სივრცეების [ე.წ. საწარმოო შენობების – „ბოქსების“] ერთობლიობა, სადაც დამწყებ ან მოქმედ მცირე მეწარმეს შესაძლებლობა ექნება, განათავსოს წარმოების ხაზი და შეუდგეს მის ოპერირებას სპეციალური შეღავათიანი იჯარის პირობებში…

პროგრამაში აღნიშნულია, რომ „პროექტის ფარგლებში ბათუმის მერიის მხრიდან განხორციელდება ტერიტორიის შერჩევა და პირობიანი აუქციონის წესით გასხვისება საერთაშორისო ბიზნესინკუბატორის მშენებლობისა და ოპერირების უზრუნველსაყოფად. აუქციონის პირობებში გათვალისწინებული იქნება ისეთი სავალდებულო საკითხები, როგორიცაა უცხოელი ინვესტორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დაინტერესება და მოზიდვა, ადგილობრივი კადრების დასაქმება. საერთაშორისო ბიზნესინკუბატორით დაინტერესებულ საერთაშორისო კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ შეღავათიანი პირობებით ისარგებლონ კომუნიკაციებით უზრუნველყოფილი საოფისე სივრცით“.

ამავე თემაზე:

ბათუმის მერია ბიზნესცენტრის დაპროექტებაში 50 ათას ლარს გადაიხდის

რამდენად ეფექტურია ბათუმის ბიზნესინკუბატორი

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com