897 829 ლარი დიოკნისის სკოლის რემონტისთვის – განათლების სამინისტროს დავების საბჭოში უჩივლეს

სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის გამო აჭარის განათლების სამინისტროს დავების საბჭოში უჩივლეს. მომჩივანი – შპს „ელიტ-მშენი“ საჩივარში მიუთითებს, რომ  სატენდერო კომისიამ გამარჯვებული კანონდარღვევით გამოავლინა და შესაბამისი ოქმის გაუქმებას ითხოვს. სკოლის რეაბილიტაციისთვის 897 ათას 829 ლარია აჭარის ბიუჯეტში გათვალისწინებული.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციაზე ტენდერი მიმდინარე წლის 31 იანვარს გამოაცხადა. სატენდერო კომისიამ გამარჯვებული 2 აპრილს გამოავლინა, თუმცა 11 აპრილამდე დოკუმენტაციის სრულად წარდგენა დაავალა.

ტენდერში გამარჯვებული შპს „მეფური“ განათლების სამინისტროს, სკოლის სრულ რეაბილიტაციას, 707 ათას 777 ლარად სთავაზობს. სამინისტრომ ტენდერი აუქციონის გარეშე გამოაცხადა, შესაბამისად, შესყიდვების გვერდზე არ გამოჩნდება ტენდერში მონაწილე პრეტედენტები, ვიდრე გამარჯვებულთან არ გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში შპს „ელიტ-მშენმა“ საჩივარი მიმდინარე წლის 3 აპრილს შეიტანა.

საჩივარში აღნიშნულია, რომ „2018 წლის 29 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სატენდერო კომისიამ N13/4 სატენდერო კომისიის სხდომის ოქმით დაადგინა, რომ პრეტენდენტის – შპს ,,მეფური“-ს მიერ წარდგენილი დაზუსტებული შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციას და პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ საბოლოო ფასს, რასაც, არ ვეთანხმებით. ასევე, მიგვაჩნია, რომ კომისიის მიერ 2018 წლის 02 აპრილის ოქმით არასწორად არის დადგენილი სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისობა, რომლითაც პრეტენდენტი გამოვლენილია გამარჯვებულად“.

შპს „ელიტ-მშენი“ დავების საბჭოს სთხოვს, მისცეს „რეკომენდაცია შემსყიდველ ორგანიზაციას მოახდინოს შპს ,,მეფურის“ დისკვალიფიკაცია ელექტრონული ტენდერიდან“.

შპს ,,მეფური“, რომლის 100% წილის მფლობელი შოთა აროშიძეა, 2010 წელს ბათუმშია რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი ირაკლი თავართქილაძეა.

ტენდერის პირობების თანახმად, დიოკნისის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, პროექტისა და გეგმა-გრაფიკის მიხედვით, სამუშაოს დაწყებიდან 150 დღეში უნდა დასრულდეს. სამუშაოს დაწყება კი უკვე დავის საბოლოო გადაჭრაზეა დამოკიდებული.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში აღნიშნული დავის განხილვის თარიღად 2018 წლის 12 აპრილია ჩანიშნული.

ამონარიდი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სატენდერო კომისიის 2018 წლის 2 აპრილის ოქმიდან [N13/5]

ხულოს მუნიციპალიტეტის დიოკნისის სკოლის სარეაბილიტაციო პროექტიდან / მაკეტის ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com