ბათუმი ამ ქუჩაზე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას სექტემბერში უმასპინძლებს [ფოტო]

წელს, სექტემბერში, ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდება, რომელშიც 160-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. შენობები, სადაც ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს, საგანგებო რეჟიმში, ორბელიანის, სელიმ ხიმშიაშვილის, ლადო ასათიანისა და მელიქიშვილის ქუჩებს შორის შენდება, არსებული ყინულის სასახლის მიმდებარედ.

სამშენებლო მოედანს გარეთ არსებული ტერიტორია გადათხრილია, ქუჩები – ამორტიზებული, ასფალტის საფარის გარეშე, არ არის ტროტუარები. ამ ადგილის, სადაც ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს, გარე პერიმეტრის მოწესრიგება ბათუმის მერიის პრეროგატივაა. მოესწრება თუ არა ქუჩების მოწესრიგება ოლიმპიადის დაწყებამდე? – მერიას, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ჯერ არც საჭირო თანხა აქვს ბიუჯეტში გათვალისწინებული და, შესაბამისად, არც სამუშაოები არ არის შესყიდული.

ბათუმის მერიაში მიიჩნევენ, რომ „მსოფლიო ოლიმპიადის ჩატარება ხელს შეუწყობს ქვეყანაში და ქალაქ ბათუმში ტურიზმის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას, ბათუმის, როგორც ტურისტული ქალაქის გაცნობას და პოპულარიზაციას. ღონისძიებაში მონაწილებას მიიღებს უცხო ქვეყნის 1000 მოჭადრაკე, 5000-მდე სხვა პირი [ტრენერები, სტუმრები, ჟურნალისტები და სხვა.]… ასევე, უცხო ქვეყნის ტელევიზიებისა და პრესის ყურადღება მიპყრობილი იქნება ბათუმში გასამართ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე.“

ბუნებრივია, ქალაქის სტუმრების, სპორტსმენებისა და ჟურნალისტების ყურადღებას გადათხრილი ქუჩებიც მიიპყრობს. განსაკუთრებით ლადო ასათიანის, პეტრე მელიქიშვილისა და მათ მიმდებარე ჩიხებში.

„ყინულის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება და ის ოლიმპიადის დაწყებამდე უნდა დასრულდეს. საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მერია გაიტანს ქალაქის ბიუჯეტის კორექტირების საკითხს და გამოიყოფა შესაბამისი თანხა. ამის შემდეგ კი დაიწყება სატენდერო პროცედურები სამუშაოების შესყიდვაზე,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში.

რა თანხის გამოყოფაზეა საუბარი, რომელი მონაკვეთები მოწესრიგდება და სხვა კითხვებზე ბათუმის მერიაში ამ ეტაპზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ.

ოლიმპიადის ჩატარების გამო კი ტერიტორია, სადაც ბათუმის ყინულის სასახლე მდებარეობს, ბათუმის მერიამ საკუთრებაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას მიმდინარე წლის თებერვალში გადასცა.

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა რომ ბათუმში ჩატარდებოდა, ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში გადაწყდა. თუმცა, 61,9-მილიონიანი სპორტული კომპლექსის აშენება ბათუმში, რაც ამ დონის ოლიმპიადის ჩატარებისთვის იყო გათვლილი და აუცილებელი, ვერ ესწრება.

გამოსავალი აჭარის მთავრობამ იმაში ნახა, რომ ტენდერის გარეშე მორიგ სპორტკომპლექსს აშენებს, რომლის ერთ დარბაზშიც შემოდგომაზე ოლიმპიადას ჩაატარებს, შემდეგ კი ყინულის არენად გადააკეთებენ. ამ პროექტში აჭარის ბიუჯეტიდან, ტენდერის გარეშე, 19 990 002 მილიონამდე აშშ დოლარი დაიხარჯება.

ბათუმში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაკვეთით, კიდევ ერთი ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა თითქმის დასრულდა. ოლიმპიადას ეს სასახლეც უმასპინძლებს.

უშუალოდ იმ ტერიტორიის [ლადო ასათიანის ქ. N27-ში] მოწესრიგებაში, სადაც ოლიმპიადისთვის სპორტული კომპლექსები შენდება, ბათუმის ბიუჯეტიდან  1 მილიონ 144 ათას 72 ლარი, ტენდერის გარეშე უკვე იხარჯება – ამ თანხაში სპორტის სასახლეზე ენერგომომარაგების, გაზის, წყლის სისტემისა და კანალიზაციის დაერთება და ტერიტორიის კეთილმოწყობა შედის.

ყინულის სახლის მიმდებარე ქუჩები ბათუმში, სადაც 5 თვეში მსოფლიო ოლიმპიადა ჩატარდება

ლადო ასათიანის ქუჩა – ამ ქუჩაზე შენდება შენობა, რომელშიც მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს  / 20.03.2018 / მანანა ქველიაშვილის ფოტოები

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com