თანამედროვე საბავშვო მწერალი ირმა მალაციძე სკოლა ევრო-2000-ში

როგორ გადავაქციოთ ჩვეულებრივი დღეები დღესასწაულებად, როგორ შევქნათ ისეთი გარემო, რომელშიც პატარები თავს საინტერესოდ და განსაკუთრებულად იგრძნობენ, რომელი ხერხი გამოვიყენოთ იმასათვის, რომ უცხოურ ლიტერატურას და მუსიკას ჩვენმა შვილებმა ქართული ამჯობინონ-ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად,   ქართული ლიტერატურის კითხვა და ქართველ თანამედროვე საბავშვო მწერლებთან და პოეტებთან შეხვედრები წარმოადგენს.

ამიტომაც, 2017 წლის 15 დეკემბერს, ქალაქ ბათუმის კერძო სკოლა ევრო-2000-ს სტუმრად თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერალი ირმა მალაციძე ეწვია, მესამე ბ კლასის მოსწავლეების და დამრიგებლის ცირა ქობულაძის მოწვევით. (2006 წელს ირმა მალაციძემ პოეტ მარიამ წიკლაურთან ერთად ჩამოაყალიბა საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს. ფონდის ინიციატივით საქართველოში დაარსდა ქართული საბავშვო წიგნის დღე-27 ოქტომბერი, დაარსდა „საბავშვო ლიტერატურის ალმანახი, ირმა მალაციძე ბევრი ჯილდოს მფლობელია, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ლიტერატურული პრემია „საბა 2014“ – ნომინანტობა  და 2017 წელს  იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატობა.)

სკოლის ერთ-ერთ დარბაზში ლამაზი დეკორაციებით მოწყობილი ტყე, სავსე ხილით და ბოსტნეულით დახუნძლული კალათები ირმა მალაციძის მოთხრობის „მინი მარკეტის“ ინსცენირება იყო. მოსწავლეები, ცხოველთა ფორმებში გამოწყობილნი, კიდევ უფრო საყვარლები იყვნენ და ძალიან ჭკვიანებიც, ლექსი, სიმღერა და ცეკვა ცვლიდა ერთმანეთს და რაც მთავრია-ამ სპექტაკლიდან ბავშვებმა კარგად დაისწავლეს რა იყო ბიუჯეტი, რეკლამა, დანაზოგი და ვინ იყვნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. ირმა მალაციძის „მინი მარკეტი“ ბავშვებმა საოცარი სილაღით, ხალისით და სიყვარულით ლამაზ სპექტაკლად გადააქციეს.

შეხვედრის დასასრულს სკოლის ბიბლიოთეკას მწერალმა რამდენიმე წიგნი აჩუქა, პატარებს კი ავტორის მიერ წაკითხული ზღაპრის დღესასწაული.

სწორედ ასეთი ცოცხალი შეხვედრები ამახსოვრდებათ ბავშვებს და უყვარდებათ მწერალი, რომელსაც შემდეგ უმეგობრდებიან კიდევაც. ჩვენთვის ხომ მაინც მთავარი ის არის, რომ  ასეთი შეხვედრების შემდეგ ლიტერატურა მოსწავლეთა ცხოვრების განუყრელი თანამგზავრი და სულის ნაწილი გახდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი