კვირის ამბები

აჭარის არქივში დაცული დოკუმენტები ციფრულ ფორმატში

01.06.2015 • 2492
აჭარის არქივში დაცული დოკუმენტები ციფრულ ფორმატში

 

მაკა ივანიშვილი
მაკა ივანიშვილი

 საარქივო სამმართველოს ხელმძღვანელის მაკა ივანიშვილის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ე.წ „მოძრავ ფონდს“ დაასკანერებენ, რომელსაც უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე სხვა სახის დოკუმენტებს. ამ გზით სამმართველოს თანამშრომლები ცდილობენ ძველი დოკუმენტები ხშირი მოხმარების გამო დაზიანებას გადაარჩინონ. 

 

„ეს არის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ქაღალდისფუძიანი დოკუმენტები გადაგვყავს ციფრულ ფორმატში. ეს სამომავლოდ მონაცემთა ბაზის შექმნას ხელს შეუწყობს. არქივში დაცული საინტერესო ინფორმაციის მოძიებას და გაცნობას მომხმარებელი ელექტრონულად შეძლებს“ – ამბობს მაკა ივანიშვილი.

არქივის გაციფრულების პროექტი გასულ წელს დაიწყო და ეტაპობრივად განხორციელდება. 2015 წლის ბიუჯეტში პროგრამისთვის 140 000 ლარია გათვალისწინებული. გასულ წელს სამმართველოს თანამშრომლებმა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 675 000 ფაილი დაასკანერეს, წელს კი 100 000 ფაილის გაციფრულებაა დაგეგმილი. სამმართველოში დოკუმენტების გაციფრულებაზე ხუთი სპეციალისტი მუშაობს. საარქივო დოკუმენტები ინტერნეტსივრცეში განთავსების შემდეგ მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი, შესაბამისი მექანიზმებით დაცული იქნება მხოლოდ პირადი ინფორმაცია.

 

დასკანერების შემდეგ ან მანამდე, საჭიროების შესაბამისად, დოკუმენტს ლაბორატორიაში ამუშავებენ: „ვერ დავიკვეხნი, რომ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია გვაქვს, მაგრამ ლაბორატორიის თანამშრომლები შეუძლებელს ახერხებენ. ხელით აწებებენ ყველა დოკუმენტს, კერავენ, ასწორებენ. არის დოკუმენტები, რომლებიც იმტვრევა. შესაძლებლობის ფარგლებში ხდება მისი რეაბილიტაცია, შემდეგ დასკანერება. საცავის მცველი ასწორებს ფონდს, შემდეგ ნომრავს. დანომვრა აუცილებელია, რომ არ აირიოს მონაცემები. ზოგჯერ ფონდის ჩასწორებაცაა საჭირო, რადგან ზოგიერთი ამონაწერი არ იკითხება. შემდეგ დოკუმენტი მიდის ლაბორატორიაში და ხდება მისი მოწესრიგება. ბევრ დოკუმენტს შენახვის ნორმალური პირობები არ ჰქონდა, დამცავის გარეშე იყო, რაც პრობლემაა, მითუმეტეს, როცა წინა საუკუნეშია ქაღალდი დამზადებული.“

 

წელს ბათუმის საარქივო სამმართველოში ხელმძღვანელის მითითებით ფონდის ელექტრონულად აღრიცხვა დაიწყეს. სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, არქივში ისეთი დოკუმენტებიც ინახება, რომლებიც უკვე 75 წლისაა და მნიშვნელოვან ინფორმაციას არ შეიცავს. ასეთი დოკუმენტები შეიძლება ჩამოიწეროს.

 

აჭარის საარქივო სამმართველო ბათუმისა და რეგიონის ხუთ მუნიციპალურ არქივს აერთიანებს. ამ დროისთვის არქივში დაცული დოკუმენტის მოძიება-გაცემის საფასური საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეგულირდება.

 

აჭარის საარქივო სამმართველოს 2015 წლის ბიუჯეტი მილიონ 700 000 ლარია, რაც სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, არქივისთვის მწირი თანხაა. არქივში 71 ადამიანია დასაქმებული. არქივის უფროსი მიიჩნევს, რომ სამომავლოდ კარგი იქნებოდა უნივერსიტეტში ერთი სემესტრი მაინც ისწავლებოდეს საარქივო საქმე: „ან ადგილზე მოვიდნენ პრაქტიკაზე და შემდეგ სერტიფიკატი გავცეთ. ეს სამომავლო გეგმებშია“. საარქივო სამმართველოში მთავარი სპეციალისტის ხელფასი 850 ლარია დანამატით, ხოლო სამმართველოს ხელმძღვანელის – 1475 ლარი დანამატით.

 

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ აჭარის საარქივო სამმართველო საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა, როცა სამმართველოს წინა მმართველი გურამ სალაძე სამართალდამცავებმა ქრთამის აღების ფატზე დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ გურამ სალაძე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას მოქალაქე რეზო მ-ს ნათესავისთვის საქართველოში მუშაობის ამსახველი სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი ცნობის მიცემას დაჰპირდა, რომელიც მას რუსეთის ფედერაციაში პენსიის დასანიშნად სჭირდებოდა. აღნიშნული ცნობის სანაცვლოდ კი, ქრთამის სახით, გურამ სალაძემ მოითხოვა და გამოართვა 300 ლარი. სამართალდამცავებმა იგი თანხის აღების დროს დააკავეს.

 

მაკა ივანიშვილი საარქივო სამმართველოს ხელმძვანელის თანამდებობაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დანიშნა, მანამდე ის არჩილ ხაბაძის მრჩევლად მუშაობდა.

 

ისტორიიდან:


1878 წელს ბათუმში შეიქმნა ადმინისტრაციული და სამეურნეო დაწესებულებები, რომელთა დოკუმენტების ძირითადი ნაწილი შესანახად იგზავნებოდა მეფის რუსეთის მსხვილ ადმინისტრაციულ ცენტრებში.

საქართველოს რევკომის 1921 წლის დეკრეტის „საარქივო საქმის რეორგანიზაციის შესახებ“ საფუძველზე აჭარაში დაიწყო სამხედრო და სამოქალაქო საარქივო დოუმენტების შეგროვება და დაცვა. 1922 წლის 7 დეკემბრის პლენუმზე დაისვა საკითხი ბათუმში საარქივო სამმართველოს შექმნის შესახებ. 1923 წლის 11 აპრილს აჭარის ასსრ სახკომსაბჭოს პლენუმის სხდომაზე ხელახლა განიხილეს ეს საკითხი და მიიღეს გადაწყვეტილება აჭარის განათლების სახალხო კომისარიატთან საარქივო განყოფილების დაუყოვნებლივი შექმნის შესახებ 4 საშტატო ერთეულით (საარქივო განყოფილების გამგე, კლასიფიკატორი, არქივარიუსი და კურიერი).

აჭარის არ უზენაესი საბჭოს 1995 წლის 7 სექტემბრის დადგენილებით შეიქმნა აჭარის არ საარქივო დეპარტამენტი. 1995 წელს იგი გარდაიქმნა სახელმწიფო საარქივო დეპარტამენტად. 2004 წლის 17 აგვისტოდან იგი გარდაიქმნა აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოდ. დღეისათვის მის უფლებამოსილებაშია რეგიონში საარქივო საქმის მართვა, საქმისწარმოების სრულყოფა და საარქივო ფონდის განვითარებაზე ზრუნვა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: