კვირის ამბები

როგორ წავიდეთ თუშეთში

15.07.2014 • 7537
როგორ წავიდეთ თუშეთში

 

წელს თუშეთში ტურისტული სეზონი უცხოელებმა გახსნეს. ხუთი იტალიელი ტურისტი თუშეთს ჯერ კიდევ გზის გახსნამდე სტუმრობდა, ტურისტები თუშეთში ადგილობრივ მეცხვარეებთან ერთად ავიდნენ. ახლა თუშეთისკენ გზა  გახსნილია, ტურისტული სეზონი უკვე დაიწყო და თუშეთის ეროვნული პარკის ინფორმაციით, 2014 წლის მაის-ივნისში თუშეთის დაცულ ტერიტორიებს 932 ვიზიტორი სტუმრობდა, აქედან 606 უცხოელი და 326 ქართველი ტურისტი. 

 

თუშეთში ჩასასვლელად საკმაოდ გრძელი გზის გავლაა საჭირო. თბილისიდან ჯერ სოფელ ქვემო ალვანამდე უნდა ჩახვიდეთ, საიდანაც მიდის გზა სოფელ ომალომდე. თბილისიდან ქვემო ალვანამდე 120 კილომეტრია, დაახლოებით საათნახევრის გზა. თბილისიდან სამარშრუტო ტაქსები ორთაჭალისა და ნავთლუღის ავტოსადგურებიდან გადის, ბილეთის ღირებულება 6 ლარია. სოფელ ქვემო ალვანში ჩასულ ტურისტს ადგილზე შეუძლია იქირავოს კერძო ტრანსპორტი და თუშეთისკენ გაემგზავროს, ვიწრო, გრუნტიანი გზით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. ადგილზე მაღალი გამავლობის ავტომობილის დაქირავება ომალომდე და სოფელ დართლომდე 200-250 ლარი ღირს. ასეთ მანქანებში 6-7 ან მეტი ადამიანიც ეტევა. ალვანიდან ომალომდე 85 კილომეტრის გავლას დაახლოებით 4 საათი სჭირდება.

 

 

„ეს არის საოცარი შეგრძნება, ამ გზაზე გავლა ღირს მარტო ერთ რამედ“, – იხსენებს მეგი. „მე ჯიპ-ტურით ვიყავი წასული, მაგრამ წელს ვაპირებთ თავად დავგეგმოთ ტური მეგობრებმა, თითქმის იგივე ფასია, თან უფრო თავისუფლად ვივლით.“

 

 

თუშეთის ტურის ფასები ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. თბილისიდან ორდღიანი ტურის ფასი 180-200 ლარიდან იწყება, სამდღიანი ტურების ფასი 250-300 ლარია. ღირებულებაში შედის ტრანსპორტირება, კვება და სასტუმროში ღამის თევა.

 

 

თუმცა თუშეთში ჩასულ ტურისტს თავადაც შეუძლია ტური დაგეგმოს. თუშეთს ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი სოფელ ქვემო ომალოში მდებარეობს. აქვეა სასტუმროც, სადაც ღამისთევა კვების გარეშე 45 ლარი, ერთჯერადი კვებით – 60, ორჯერადი კვებით კი 70 ლარი ღირს. ვიზიტორთა ცენტრში ამბობენ, რომ თუშეთის ტერიტორიაზე ჯიპით მომსახურებასაც უზრუნველყოფენ, 70-80 ლარად დღეში.

 

 

გარდა ამისა, საოჯახო სასტუმრო სახლები თუშეთის ბევრ სოფელშია. სოფელ შენაქოში, რომელიც ზღვის დონიდან 2080 მეტრზე მდებარეობს, ორი საოჯახო სასტუმროა. ერთ-ერთი მათგანის, „ძველი თუშეთის“ მფლობელი, ელდარ ბუქვაიძე ამბობს, რომ მათთან ღამისთევის ფასი 20 ლარია, სამჯერადი კვებით – 50 ლარი. მისივე თქმით, წელს, შარშანდელთან შედარებით თუშეთში ტურისტების რაოდენობა შემცირდა უამინდობის გამო. „მე სასტუმროში ერთდროულად 13 ადამიანის მიღება შემიძლია. თუ წინასწარ მაცნობებენ, შესაძლებელია მანქანით მომსახურებაც, დღის განმავლობაში მანქანის მომსახურება თუშეთის ტერიტორიაზე 100 ლარი ღირს, 6 ადამიანისთვის. თუშეთის დათვალიერებაში, ტურის დაგეგმვაში ვეხმარებით ტურისტებს“, – ამბობს ელდარ ბუქვაიძე. მისივე თქმით, ბოლო ორი წლის მანძილზე თუშეთში იმატა ქართველი ტურისტების რაოდენობამ, უცხოელ ტურისტებს შორს კი თუშეთი განსაკუთრებით პოპულარულია ისრაელ და პოლონელ ტურისტებს შორის. იგი ტურისტებს ივლისის ბოლოს ურჩევს ჩასვლას შენაქოში, როცა „ლაშარობა“ იმართება.

 

 

სოფელი დართლო თუშეთის ყველა ტურისტულ მარშრუტში შედის. ამ სოფელში მდებარე სასტუმრო „სამცისეში“  ღამის გათევა 20 ლარად შეიძლება, ორჯერადი კვებით სასტუმროში დარჩენის ფასი კი, 60 ლარია. სასტუმროს ერთდროულად 34 ადამიანის მიღება შეუძლია.  სასტუმროს მფლობელი, ბესიკ ელანიძე ამბობს, რომ აქ ტურისტების მოთხოვნის შემთხვევაში, ადგილობრივ ლუდსაც ხარშავენ: „თუშური, ტრადიციული სამზარეულო გვაქვს, ხინკალი, თუშური ხაჭაპური – კოტორი, რომელიც განსხვავებული მეთოდით მზადდება, გორდილა – მოხარშული პური, თუშური ყაურმა… თანდათან იმატეს ქართველმა ტურისტებმა, უცხოელები კი ჩამოდიან ძირითადად ისრაელიდან, პოლონეთიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, არიან გერმანელები, ინგლისელები… ძირითადად 3-4 დღით ამოდიან.“

 

 

გირევი პირიქითა თუშეთის ბოლო დასახლებული, საზღვრისპირა სოფელია, თუმცა სასტუმრო აქაც არის. სასტუმროს დიასახლისი, დალი ვეშაგულიძე ამბობს, რომ შარშან ტურისტული სეზონი 5 ივლისს დაიწყო, წელს კი სასტუმრო 1 ივნისიდან მუშაობს: „ძირითადად უცხოელები ჩამოდიან. ღამისთევა 20 ლარი ღირს, სამჯერადი კვებით – 50 ლარი. გიდის ქირაობაც შეიძლება ჩვენთან, ცხენისაც და მანქანისაც.“

 

 

შესაძლებელია თუ არა თუშეთის დათვალიერება 3-4 დღეში და რა უნდა ნახოს აუცილებლად თუშეთში ჩასულმა ტურისტმა? – მაიკო ლუხუმაიძე თუშია, იგი ბლოგერია და ძირითადად მოგზაურობაზე წერს. მაიკო ამბობს, რომ 3-4 დღის განმავლობაში შეიძლება ტურისტმა ნახოს ის ძირითადი სოფლები (შენაქო, დიკლო, კესელო, ქონიო, დანო, კვავლო, ფარსმა) და ადგილები, რასაც ტურისტული სააგენტოები გვთავაზობენ: „მაგრამ დამატებით დროის ან/და უფრო აქტიური დასვენების მოყვარულებს ვურჩევდი ფეხით, ბილიკებით გადავიდნენ დართლოდან დიკლოში, ან პირიქით.  ძალიან ლამაზი ხედებია გზადაგზა და გადასვლას საშუალო მოსიარულე ერთ დღეში შეძლებს. ძალიან ლამაზი სოფელია დოჭუ, რომელსაც რატომღაც იშვიათად ნახულობენ. ზოგადად კი, თუშეთისთვის 3-4 დღე ძალიან ცოტაა, რადგან ერთი დღე ფაქტობრივად გზაში გეკარგება, თუმცა რაღა გეკარგება, ჩემი აზრით, გზა ყველაზე დიდი სანახაობაა თუშეთის ტურებში, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ეცადოს ადამიანი, რომ მზიანი ამინდი დაიმთხვიოს.“

 

 

ბოლო ოთხი წლის მანძილზე თუშეთს ყველაზე მეტი, 9294 ვიზიტორი 2011 წელს სტუმრობდა. 2012 წელს თუშეთში 6 853, 2013 წელს – 7663 ტურისტი იყო.

 

თუშეთის ტურისტული სეზონი მხოლოდ რამდენიმე თვე გრძელდება – ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით, ოქტომბრიდან კი ზღვის დონიდან 2925 მეტრზე მდებარე აბანოს უღელტეხილი ისევ ჩაიკეტება და თუშეთი რამდენიმე თვით მოწყდება სამყაროს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: