Batumelebi | გენმოდიფიცირებული პროდუქტები – აკრძალვები და ფასები გენმოდიფიცირებული პროდუქტები – აკრძალვები და ფასები – Batumelebi
RU | GE  

გენმოდიფიცირებული პროდუქტები – აკრძალვები და ფასები

გენეტიკურად მოდიფიცირებულ სურსათზე სპეციალური ნიშნის დატანა მიმდინარე წლიდან სავალდებულოა. ხოლო შესაბამისი კანონის მიღების შემთხვევაში აიკრძალება გენმოდიფიცირებული პროდუქტების მოყვანა საქართველოში. როგორ აისახება ეს ყველაფერი იმპორტსა და ბაზარზე? შეიქმნება თუ არა დეფიციტი და გაძვირდება თუ არა პროდუქტი? 

საქართველოში ასობით დასახელების სხვადასხვა, გადასამუშავებელი თუ გადამუშავებული სასურსათო  პროდუქტი შემოდის. ბოლო ათი წლის განმავლობაში ქვეყანაში იმპორტირებულია 53,2 მილიარდი აშშ დოლარის პროდუქცია. აქედან 8 მილიარდი დოლარის მარტო სურსათია (მხოლოდ გასულ წელს  1,2 მილიარდი დოლარის) შემოტანილი.

 

თანამედროვე ბიოტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებული სურსათი, რომლის შემადგენლობაში გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები სურსათის საერთო მასის 0,9 პროცენტზე მეტია, ექვემდებარება ეტიკეტზე სავალდებულო აღნიშვნას. ეს წესი მიმდინარე წლის იანვრიდან მოქმედებს, თუმცა, შესაბამისი წარწერის პროდუქცია სავაჭრო ქსელში არ გამოჩენილა.

 

სახელმწიფო დღემდე ვერ შეედავებოდა ამ კუთხით იმპორტიორებსა და მეწარმეებს, ვინაიდან არ არსებობდა ქვეყანაში ლაბორატორია, რომელიც პროდუქტში გენმოდიფიცირებული კომპონენტების არსებობას დაადასტურებდა. ამ კუთხით გადაიარაღებული ლაბორატორია თბილისში ხუთი დღის წინ გაიხსნა და ის ქვეყანაში ერთადერთია.

 

პარალელურად, მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ არაერთი პროდუქტი გენმოდიფიცირებულია, იწვევს ამა თუ იმ დაავადებებს, კიბოს და ა.შ. შეამცირებს თუ არა ეს პროდუქტებზე მოთხოვნას და ხომ არ გამოიწვევს დეფიციტს,  გაძვირებასა და იმპორტის შემცირებას?

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტების მარკირება, იმოქმედებს თუ არა იმპორტზე, შემოსავლებსა და ლარის კურსზე, ცალკე შესწავლილი არ არის. ამის მიუხედავად ამბობენ, რომ “რაიმე გაუარესებას ამ მხრივ ადგილი არ ექნება“.

 

გრძელვადიანი დეტალური გათვლების არარსებობას ადასტურებს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილიც: „იმპორტიორი ისევ ისე შემოიტანს, როგორც შემოჰქონდა. მარკირება არ ნიშნავს, რომ არ გაიყიდება. უამრავი პროდუქტი, მათ შორის ადგილობრივი, არის უხარისხო, მაგრამ იყიდება. მაგალითად, რძის პროდუქტები, ხორცპროდუქტები და ა.შ. აქ გლობალური საფრთხეები, რომ ბაზარზე  პრობლემა შეიქმნება, ან ჩვენს მოსახლეობას და ეკონომიკას დაარტყამს და წელში გატეხავს, მე მგონი არარეალურია“.

 

მაგალითისთვის, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, რეგიონის მოსახლეობისათვის წლიურად საჭიროა 29 ათას ტონამდე ხორცპროდუქტები და 173 ათას ტონამდე რძის პროდუქტები. რეგიონში საშუალოდ იწარმოება მხოლოდ 2,5 ათას ტონამდე ხორცი და 55 ათას ტონამდე რძე და რძის პროდუქტები. არსებული დეფიციტის შევსება კი იმპორტირებული (სომხეთი, უკრაინა, თურქეთი, გერმანია და ავსტრია) პროდუქციით ხდება.

 

„ვემხრობი მიდგომას, რომ მომხმარებელმა იცოდეს, რას ვთავაზობთ  – შემადგენლობა იქნება ეს თუ ხარისხი, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში მოსახლეობას არ რჩება არჩევანის საშუალება ხარისხებს შორის. ამიტომ,  უმრავლეს შემთხვევაში ჩვენი მოსახლეობა არჩევანს ისევ ფასის მიხედვით გააკეთებს. შესაბამისად, იმპორტზე მნიშვნელოვან ზეგავლენას არ ველოდები“, – ამბობს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი.

 

ბათუმის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი პაატა ჩაგანავაც დადებით ნაბიჯად მიიჩნევს მარკირებას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების ნაწილი ნეგატიურადაა განწყობილი გენმოდიფიცირებული პროდუქტების მიმართ, „უნდა ვივარაუდოთ, რომ რაღაც დოზით მოთხოვნა ასეთ პროდუქტებზე შემცირდება. შესაბამისად, შემცირდება იმპორტიც“.

 

გიგლა აგულაშვილის თქმით, ხარისხიანი პროდუქციის წარმოება ზოგიერთ სახეობაში იმპორტს ჩაანაცვლებს, თუმცა ადგილობრივი წარმოება „ზოგჯერ დააკმაყოფილებს და ზოგჯერ ვერ დააკმაყოფილებს ბაზრის მოთხოვნებს. ასეა ამჯერადაც. ზოგი პროდუქტი კი საერთოდ არ იწარმოება საქართველოში“. პარლამენტარის თქმით, ეს ყველაფერი ადგილობრივი წარმოების წახალისებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც   შეუწყობს ხელს.

 

„ჩემი ვარაუდით, მცირედით, მაგრამ მაინც გაიზრდება გენმოდიფიცირებული პროდუქციის ანალოგიური პროდუქცია. თუმცა, ამ უკანასკნელზე ფასიც გაიზრდება.  შეიძლება მნიშვნელოვნად არა, მაგრამ მაინც, რადგან აქცენტი გაკეთდება, რომ სწორედ ეს არის ჯანსაღი პროდუქტი“, – ამბობს გიორგი აბაშიშვილი.

 

საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში ქვეყანაში გენმოდიფიცირებული პროდუქტების მოყვანა აიკრძალება.

 

„ეს უნდა განვიხილოთ როგორც წარმოების ერთ-ერთი სახე და ამ შემთხვევაშიც მოგვიწევს ალტერნატივის ძიება. ამ აკრძალვამ მოკლე პერიოდში შეიძლება გამოიწვიოს წარმოების შემცირება რაღაც დოზით, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ყველაფერი დაბალანსდება“, – ამბობს გიორგი აბაშიშვილი.

 

მიუხედავად იმისა, რომ მებოსტნეობა აჭარის სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგია (რეგიონში საშუალოდ 11 ათასი ტონა ბოსტნეული იწარმოება), ვერ ხერხდება მოსახლეობის მოთხოვნის სრული დაკმაყოფილება. ამიტომ რეგიონში ყოველწლიურად 50 ათას ტონამდე  ბოსტნეულის (კიტრი, პომიდორი, კარტოფილი, ბადრიჯანი, ხახვი, ნიორი,  წიწაკა და სხვა) იმპორტი ხორციელდება.

 

რაც შეეხება ე.წ. პროდუქტების „შავ სიას“, რომლებიც თითქოსდა გენმოდიფიცირებულია, ან შეიცავენ ასეთ ინგრედიენტებს, გიგა აგულაშვილის თქმით, „არ შეიძლება ამ ტიპის პროვოკაციას წამოვეგოთ. მწარმოებლებს, ბიზნესმენებს სხვადასხვა ხერხი აქვთ კონკურენტი პროდუქტის ჩაძირვისა თუ მასზე მოთხოვნის შემცირებისთვის. მთავარია, მოქალაქეებს მივაწოდოთ გადამოწმებული ინფორმაცია, იმის თაობაზე, თუ რა პროდუქტებთან აქვს საქმე – მარკირების წესი სწორედ მაგას გულისხმობს. ადამიანმა თვითონ გადაწყვიტოს, რას მოიხმარს და როგორს“.

 

„გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემოტანა-გაყიდვას თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ აკრძალავს სახელმწიფო, რომ მას არ აქვს არგუმენტი. ანუ შესაბამისი დასკვნა, თუ რა გავლენას ახდენს ასეთი პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობაზე“, – მიაჩნია პაატა ჩაგანავას. ამასთან, ვინაიდან გენმოდიფიცირებული პროდუქტი გაცილებით მეტ მოგებას ტოვებს, გარკვეულმა აკრძალვებმა და შეზღუდვებმა გამორიცხული არ არის იმპორტიორების პროტესტიც კი გამოიწვიოს – „შესაძლოა, მათ მოითხოვონ, რომ ჯერ დაუმტკიცონ ესა თუ ის პროდუქტი არის მავნე და მერე შეუზღუდონ ან აუკრძალონ“.

 

რატომ აპირებს გენმოდიფიცირებული პროდუქტების წარმოების აკრძალვას და რატომ უშვებს ასეთი პროდუქტების შესაბამისი ნიშნით სავაჭრო ქსელში გაყიდვას სახელმწიფო? – გიგა აგულაშვილის თქმით, სახელმწიფო, ფაქტობრივად, იძულებულია მხოლოდ ეს ნაბიჯი გადადგას, ვინაიდან „არ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი პროდუქტებით. სასურსათო კალათის 70-80 პროცენტი არის იმპორტირებული… ადგილობრივი პროდუქტებიც არ შეესაბამება სტანდარტებს, უმეტეს შემთხვევაში გაჯერებულია ნიტრატებით. ესეც ჩვენი გამოწვევაა, ვიმუშაოთ იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენმა ფერმერებმა ისწავლონ ხარისხიანი პროდუქციის მოყვანა“. რაც შეეხება გენური ინჟინერიით პროდუქტების მოყვანას, „ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადგილობრივ ჯიშებს და ეკოლოგიური ბალანსი დაარღვიოს, რასაც ვეღარ აღვადგენთ, ამისი ალბათობა არსებობს“.

 

ეკონომისტების თქმით, გენმოდიფიცირებული პროდუქციის იმპორტისა და მისი რეალიზაციის აკრძალვა ძალაუნებურად გამოიწვევს ფასების ზრდას და მთელი რიგი მიმართულებით სასურსათო დეფიციტის წარმოქმნას.

 

გენმოდიფიცირებული სურსათის მარკირების წესის დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანო სურსათის ეროვნული სააგენტოა. სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახა სოხაძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ სავაჭრო ქსელის გადამოწმება და ამ ნიშნით კვლევა მალე დაიწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. კახა სოხაძე ქართულ ბაზარზე დღეს გენმოდიფიცირებული პროდუქტების არსებობას არ გამორიცხავს.

 

რა ნიშანი უნდა ჰქონდეს გენმოდიფიცირებულ სურსათს

 

• თუ სურსათი შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ მხოლოდ ერთ ინგრედიენტს, მაშინ წარწერა „გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი“ „(გმო)“ უნდა მიეთითოს სურსათის დასახელებასთან ახლოს.

 

• თუ სურსათის შემადგენლობაში შედის ორი ან მეტი ინგრედიენტი, რომელთაგან ერთ-ერთი გენმოდიფიცირებულია, მაშინ წარწერა „გმო“ უნდა განთავსდეს „შემადგენლობაში“ ინგრედიენტთა ჩამონათვალში გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის გასწვრივ.

 

• სურსათი, რომელიც არ შეიცავს დნმ-ს და დამზადებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმისგან, ექვემდებარება სავალდებულო აღნიშვნას ეტიკეტზე ნედლეულის წარმოშობის ქვეყნის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციის შესაბამისად.

 

• „გმო“-ს შემცველ დაუფასოებელ სურსათს, თუ ის განკუთვნილია საცალო ვაჭრობაში რეალიზაციისთვის, თან უნდა ახლდეს წერილობითი საინფორმაციო ფურცელ-ჩანართები ან/და ბუკლეტები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისთვის.

 

• „გმო“-ს შემცველ მცირე ზომის დაფასოებულ სურსათზე, რომლის ზედაპირის ფართობი 10 სმ2-ზე ნაკლებია, აუცილებელია განთავსდეს ინფორმაცია – „გენეტიკურად მოდიფიცირებული სასურსათო პროდუქტი“ ან „გმო-ს შემცველი“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე