კვირის ამბები

ევრომეიდანი ევროპული გზის ასარჩევად – ბათუმელი ფოტოგრაფი კიევიდან

02.02.2014 • 1644
ევრომეიდანი ევროპული გზის ასარჩევად – ბათუმელი ფოტოგრაფი კიევიდან

ირაკლი, რა ხდება ახლა ევრომაიდანზე, რა მოლოდინი აქვს ხალხს?


დაძაბულობა იყო ერთი თვის წინ, მაგრამ ის, რაც ახლა მოხდა, არ ყოფილა. ხალხი ხედავს, რომ ოპოზიციას ეშინია. ხალხი ამბობს, რომ თუ ოპოზიცია არ იმოქმედებს, თვითონ იმოქმედებენ. მიუხედავად იმისა, რომ არ ჰყავთ გამოკვეთილი ლიდერი, ისინი მზად არიან, უკან არ დაიხიონ.

 

რა შეიძლება გააკეთოს ხალხმა, რას ხედავ შენ?


მე ვხედავ, რომ სამოქალაქო ომისკენ მიდიან. ხუთი ადამიანი მკვდარია, აქედან ორი ტყვიით მოკლეს, დანარჩენი – ცემეს, გახადეს და ტყეში დატოვეს. – 19 გრადუსია სიცივე, შიშველს რომ დაგაგდებენ გარეთ, მოკვდები აბა რა იქნება. თან ნელ-ნელა, ცალ-ცალკე იჭერენ ადამიანებს. ახლა ბერკუტმა დაიჭირა გოგო, რომელიც დაზარალებულებს ეხმარებოდა ევრომაიდანზე, მოხალისე იყო. დაიჭირეს, აწვალეს, გახადეს და დატოვეს. ძლივს გადარჩა. მე ნეიტრალურად ვარ განწყობილი, არ მინდა ვინმეს მხარეს ვიყო, მაგრამ, ჩემი აზრით, იანუკოვიჩის დრო მთავრდება. თუმცა როგორ – ეს კიდევ საკითხავია. უკვე გამიზნულად ისვრიან, ტყვიები მომხვდა მეც. ხალხი აღარ ითმენს. დაიღალნენ.

 

ეს დაღლილობა იქამდე ხომ არ მივა, რომ ხალხი წავა სახლში?


აქ, მოედანზე სამი შენობა აქვთ აღებული, რომლებიც მთავრობას ეკუთვნის. ერთ შენობაში პრესცენტრია, დანარჩენ შენობაში – მოსასვენებელი ადგილებია, ადამიანები იძინებენ. მხოლოდ ამ შენობაში ვამჩნევ, რომ ადამიანები დაიღალნენ, გარეთ მდგომ ადამიანებს ვერ შეამჩნევ დაღლილობას. მე ვიღლები პირადად, სამი-ოთხი საათით გავდივარ, კადრებს ვეძებ, თუ რაიმე ხდება, იქ ვარ. ზოგი მცნობს, მიღიმის, როცა ვეუბნები, რომ ქართველი ვარ, ვერ წარმოიდგენთ როგორ უხარიათ. არ ეტყობათ, რომ „აი, დავიღალეთ და წავალთ სახლში“. ასეთი რამ აქ არასოდეს მომხდარა, მეორე თვეა გრძელდება აქციები და დარწმუნებული ვარ, სანამ იანუკოვიჩის მთავრობა არ წავა, ეს ხალხი არ დაიშლება. თუ იანუკოვიჩი არ წავა, ეს ყველაფერი ალბათ სამოქალაქო ომამდე მივა.

 

თუ ხვდები მეორე მხარეს, იმ ადამიანებს, ვინც არ იზიარებს ოპოზიციის, აქციებში მონაწილე ადამიანების აზრს?


ორი თვის მანძილზე ერთადერთი ადამიანი ვნახე მეტროში, რომელიც იანუკოვიჩის მომხრე იყო. მე ვცხოვრობ ქალაქის გარეუბანში, ყველა, ვინც კი მხვდება, ერთ აზრზეა, რომ იანუკოვიჩი უნდა წავიდეს. ბევრს ვესაუბრე ოდესიდან, ლვოვიდან. ბევრი ამბობს, მე ბრძოლა არ შემიძლია, მაგრამ საჭმლის კეთება შემიძლია, ჩაის გავუკეთებ ხალხს… მოედანზე თბილა, ყველა ერთმანეთს უვლის, კარვები უდგათ, ვისაც შეუძლია ჩაის ადუღებს, ვისაც შეუძლია, საჭმელს აკეთებს. ბუდერბროტები მოაქვთ, ნიღბებს არიგებენ… კარავი დგას მოედანზე, ეკლესიაა შიგნით, შედიხარ, გაზიარებენ. მართლმადიდებლები, კათოლიკეები, ყველა აქაა. მთელი ეკლესია, მთელი ერი დგას აქ. ვერ წარმოიდგენ, როგორაა შეკრული ყველაფერი, როგორ მუშაობს ეს სისტემა, ყველა ჩართულია. ბერკუტსაც ეშინია ხალხის. იმათ ხელში რომ ჩავარდე _ საშიშია, მაგრამ იმათაც ეშინიათ. `ტიტუშკებს~ ეძახიან, გადაცმულები დადიან ქალაქში 20-20 კაცი და ევრომაიდნის ხალხს იჭერენ. დაიჭირეს „ტიტუშკები“, მაგრამ არავინ უცემიათ, გააშუქეს უბრალოდ რა ხდებოდა და ვინ იყვნენ ესენი.

 

ელიან თუ არა ევროპისგან მეტ მხარდაჭერას?

ძალიან უხარიათ ყველა მხარდაჭერა, არა მარტო ევროპისგან. უხარიათ, რომ აი ქართველებმა რაღაც რგოლი გააკეთეს, სხვადასხვა ქვეყნებში მხარს უჭერენ, ეს ძალიან დიდ ენერგიას აძლევთ.

 

შენთვის, როგორც ფოტოგრაფისათვის რამდენად რთულია მუშაობა?


როცა არ ისვროდა არც ერთი მხარე, ბერკუტთან მისვლა შესაძლებელი იყო. როცა ისვრიან, როცა შეტაკებაა, არავის ინდობენ, არც ჟურნალისტს, არც არავის, ყველას ესვრიან. ერთი ლვოველი ფოტოგრაფი ღამე მიდიოდა სახლში, დაიჭირეს, გახადეს და სცემეს. სამი შემთხვევა იყო ასეთი. ჟურნალისტების მუშაობა უსაფრთხო არაა. ჩემთვის მთავარია ბერკუტის ხელში არ მოვხვდე, რომ გაიგონ ქართველი ვარ, დეპორტაცია ყველაზე მცირეა, რითაც შემოიფარგლებიან. არა მარტო ქართველებს, ბევრ უცხოელ და აქაურ ჟურნალისტსაც ხვდება. აქ არის ოპოზიციური ონლაინტელევიზია, რომლის შენობიდანაც ყველა ოფისი გაასახლეს, მარტო არიან დარჩენილნი შენობაში და ემუქრებიან. არ უნდათ, რომ ეს ყველაფერი გაშუქდეს.

ჩემი აზრით, ეს ყველაფერი დიდხანს გასტანს. ხალხი აქ არ გამოსულა ოპოზიციის მხარდასაჭერად, ხალხი აქ გამოვიდა ევროპული გზის ასარჩევად.

 

რუსეთის მიმართ გამოხატავენ აგრესიას?


მოედანზე, ბარიკადების ერთ შესასვლელთან აწერია „რუსკიხ მი უვაჟაემ, ნო ანი ნამ ნე ბრატია“, მსგავსი ტექსტებია. ადამიანების მიმართ არა აქვთ აგრესია, მაგრამ პუტინს ვერ იტანენ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: