მთავარი,სიახლეები

„ის კარტი, რომლითაც „ოცნება“ თამაშობდა, აღარ აქვს – ალტერნატივა გაჩნდა“ – ინტერვიუ 

12.03.2026
„ის კარტი, რომლითაც „ოცნება“ თამაშობდა, აღარ აქვს – ალტერნატივა გაჩნდა“ – ინტერვიუ 

„ფაშინიანმა კი ისაუბრა ურთიერთობების გაყინვაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის, მაგრამ არ დაუსახელებია ვისი მიზეზით გაიყინა ეს ურთიერთობები. იგი ამ დეტალებში აღარ შესულა, თუმცა ეს გამგებისთვის სავსებით ნათელია… სომხეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობა საქართველოსთან. ამასთან, მნიშვნელოვანია საქართველოს დაბრუნება ევროინტეგრაციის გზაზე,“ – ამბობს დიპლომატი დავით ბაზერაშვილი. მას სომხეთის პრემიერის, ფაშინიანის გზავნილებზე ვესაუბრეთ ევროპარლამენტიდან.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ევროინტეგრაციისთვის ყველაზე დიდ პრობლემად ასახელებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვას. ფაშინიანის თქმით, სწორედ საქართველოზე გადის სომხეთის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა.

რა მოლოდინი აქვს ფაშინიანს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს გარეშე და რა გათვლით მოქმედებს ივანიშვილი? – „გეოპოლიტიკური უპირატესობა საქართველოს დაკარგული აქვს უკვე. ქვეყნებმა სხვა გზები მონახეს… ჟარგონულად რომ ვთქვათ, ის კარტი, რომლითაც „ოცნება“ თამაშობდა, აღარ აქვს – ალტერნატივა გაჩნდა,“ – მიიჩნევს დავით ბაზერაშვილი.

„ბათუმელებმა“ დიპლომატთან, ევროკავშირის სამართლის და პოლიტიკის სპეციალისტთან, დავით ბაზერაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. დავით ბაზერაშვილი 2024 წლის ნოემბერში საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლებს შეუერთდა, რომლებმაც საჯაროდ გააკრიტიკეს „ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე. 2025 წლის ივნისში დავით ბაზერაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა.

  • ბატონო დავით, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ფაშინიანმა სომხეთის ევროინტეგრაციისთვის ყველაზე დიდ პრობლემად დაასახელა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვა – საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზააო. რას აჩვენებს ფაშინიანის ეს გზავნილი?

ლოგიკურია ფაშინიანის ეს გზავნილი, რადგანაც სომხეთმა გადაწყვიტა ევროკავშირში ინტეგრაცია. მოგეხსენებათ, სომხეთმა ძალიან დიდი გზა გამოიარა და როდესაც საბოლოოდ დარწმუნდა სომეხი ხალხი, რომ ამ რეგიონში რუსეთი არ არის გამოსავალი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, მივიდნენ ამ დასკვნამდე.

მაგრამ სომხეთს ტექნიკური პრობლემა აქვს, სხვა თუ არაფერი: ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ქვეყანას უნდა ჰქონდეს სახმელეთო ან საზღვაო საზღვარი ევროკავშირთან. ევროკავშირში ინტეგრაციის შემთხვევაში, საქართველო გახდებოდა ასეთი საზღვარი, რადგან საქართველოს აქვს საზღვაო საზღვარი ევროკავშირთან, სახმელეთო საზღვარი – სომხეთთან.

სხვა უამრავი მოთხოვნა არის ევროკავშირში გასაწევრიანებლად შესასრულებელი, მაგრამ ეს წმინდა ტექნიკური საკითხია – გეოგრაფიული. როდესაც წინა წლებში საქართველომ ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა და მიიღო კანდიდატის სტატუსი, ეს სომხეთისთვის მშვენიერი სიგნალი იყო, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არ არის მიუღწეველი თემა.

დავით ბაზერაშვილი

  • რა იცვლება ფაშინიანის ამ განცხადებით? მას მოლოდინი აქვს, რომ „ოცნება“ უარს იტყვის რუსეთთან დაახლოებაზე და დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას? 4 მარტს თბილისში ვიზიტის შემდეგ ფაშინიანმა თქვა, რომ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა სომხეთსა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობებზეც. 

ფაშინიანის განცხადება საკმაოდ დიპლომატიური და მოზომილი იყო. სომხეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობა საქართველოსთან. ამასთან, მნიშვნელოვანია საქართველოს დაბრუნება ევროინტეგრაციის გზას.

ფაშინიანის განცხადებას თუ დააკვირდებოდით, მან კი ისაუბრა ურთიერთობების გაყინვაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის, მაგრამ არ დაუსახელებია ვისი მიზეზით გაიყინა ეს ურთიერთობა. ამ დეტალებში აღარ შესულა, თუმცა ეს გამგებისთვის სავსებით ნათელია. ფაშინიანმა არც საქართველოს ხელისუფლებას აწყენინა და ევროკავშირისთვის დააფიქსირა, რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთისთვის.

მიუხედავად ამჟამინდელი ხელისუფლების ნეგატიური რიტორიკისა, საქართველოსთვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანება. ამას სომხეთის, ასე ვთქვათ, მესამე სახელმწიფოს მხრიდანაც გაესვა ხაზი… რეალურად ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე. ეს ხელისუფლება დარჩება, თუ შეიცვლება, ინტერესი, რომელიც საქართველოს აქვს, უცვლელი რჩება.

ხელისუფლებები მიდიან, მოდიან, მაგრამ ქვეყნის ინტერესები ინტერესებად რჩება, ხომ? ჩვენი, ანუ ქართველი ხალხის და არა კონკრეტული მთავრობის, ინტერესი უცვლელია და ეს დაფიქსირდა კიდევაც რეფერენდუმსა და კონსტიტუციაშიც, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები ევროკავშირთან: მშვიდობა, კეთილდღეობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, დემოკრატია, თავისუფლება და ასე შემდეგ.

თუ ეს ინტერესი უცვლელია, ამ ღირებულებებში თანაზიარი, ჩვენს გარშემო მდებარე ქვეყნებს შორის, არის მხოლოდ ევროპის კავშირი. ჩვენ თუ გადავწყვიტეთ, რომ დიქტატურა გვირჩევნია, მშვიდობა სულ არ გვაინტერესებს, არც კეთილდღეობა, ადამიანის უფლებები და თავისუფლება, მაშინ შეიძლება შეგვეცვალოს ინტერესი.

  • ევროპარლამენტის რეზოლუციაში საქართველოში მიზნობრივი სანქციების შესახებ უკვე ჩაიწერა. შეიძლება ველოდოთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან სანქციების გააქტიურებას? 

კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების მიმართ ევროკავშირის ერთიანი სანქციების კუთხით დაბრკოლება არის ევროკავშირის კანონმდებლობის ის ჩანაწერი, რომელიც მოითხოვს ყველა წევრი ქვეყნის ერთსულოვნებას. ვიდრე უნგრეთი, მაგალითად, ვეტოს იყენებს, მანამდე ეს ფერხდება, მაგრამ ბევრი რამეა მოსალოდნელი: გაზაფხულზე უნგრეთში არჩევნებია და შესაძლოა, ეს გარემოებაც შეიცვალოს.

შესაძლებელია, ქვეყნებმა ინდივიდუალურადაც დააწესონ სანქციები, თუმცა ჯერჯერობით ამ ფაქტორს ელოდებიან – ერთიანი სანქციების დაწესება ევროკავშირის მიერ უფრო ეფექტურია. როცა ერთიანად მოქმედებენ ევროპის კავშირში, საკუთარ იურიდიულ სისტემასთან, სასამართლო სისტემასთან, აღსრულების სისტემასთან, ნაციონალურთან საკითხები აღარ იქნება პრობლემატური, რამდენადაც ევროკავშირის კანონმდებლობა პრევალირებს ადგილობრივ კანონმდებლობაზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში ნაციონალურ დონეზე მათ ამ სანქციების დაწესებისთვის რა პროცედურები და მოთხოვნებიც აქვთ დაცული, ყველამ უნდა გაიაროს, ამისათვის კი, ნაციონალურ დონეზე თითოეული ქვეყნისათვის ეს საკითხი უნდა იყოს პრიორიტეტული.

მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს საქართველო სხვანაირად სტკივათ, მოსახლეობას ვგულისხმობ. მოგეხსენებათ, იქ ეს სანქციები დაწესდა კიდეც. ვერ მოვთხოვთ იგივე სენსიტიურობას საქართველოს მიმართ, მაგალითად, პორტუგალიას ან ისეთ ქვეყანას, რომელთანაც ისეთი მჭიდრო ისტორიული ურთიერთობები არ გვაქვს. მათთვისაც საინტერესოა საქართველო, მაგრამ არა იმდენად, რომ დღის წესრიგში ერთ-ერთ პირველ საკითხად სანქციები იდგეს. ამიტომაც, ნაციონალურ დონეზე უფრო რთულდება სანქციების მიღება.

თუ არაფერი შეიცვალა და ყველაფერი ესე გაგრძელდა, შემდეგ წელს უკვე უვიზო მიმოსვლის მექანიზმი გაუქმდება არა მხოლოდ თანამდებობის პირებისთვის, დიპლომატიური პასპორტებისთვის და ასე შემდეგ, არამედ საქართველოს მოსახლეობისთვის. როგორი ლოგიკაა იცით ამაში? – საქართველოს ხალხს კი არ სჯიან, მაგრამ საქართველოს ხალხი რომ უკმაყოფილოა, უნდა აჩვენოს, ხომ? საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს საქართველოს ხალხს.

თუ ხალხი ფიქრობს, რომ „არ არის ეს ჩემი წარმომადგენელი“, მიიჩნევს, რომ რასაც აკეთებს ეს ხელისუფლება, ჩემ ინტერესებში არ არის და ჩემ ნებას არ გამოხატავს, მაშინ ეს რამით უნდა გამოხატოს.

თუ ხალხი ამას არ გამოხატავს, არის თავისთვის წყნარად და უნდა, რომ სხვამ შეცვალოს, ვერავინ ვერ შეცვლის ამას, სანამ შენ არ ცვლი. ადვოკატი რომ დაიქირაოთ და ეს ადვოკატი თქვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდეს. სანამ თქვენ ამ ორდერს, ამ მინდობილობას ამ ადვოკატს არ გაუუქმებთ, იგი თქვენი წარმომადგენელი იქნება მესამე პირებთან ურთიერთობაში. ამიტომაც, ეს მინდობილობა, ეს ორდერი, ეს უფლებამოსილება საქართველოს ხალხმა უნდა გაუუქმოს მოქმედ მთავრობას. ამაშია საქმე. უცხო სახელმწიფოებიდან ეს საკითხი ასე ჩანს.

  • საქართველოს შესახებ დისკუსია ევროპარლამენტში, ასევე, ის, რომ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი სომხეთს და აზერბაიჯანს სტუმრობდა და არა საქართველოს – რას აჩვენებს, რა როლს ვიძენთ გააქტიურებულ სამხრეთ კავკასიაში. იგივე „ტრამპის დერეფანთან“ დაკავშირებული პროცესი საითკენ მიდის – საქართველოს გარეშე? 

საქართველოს დერეფანი უფრო მარტივი, იოლი და ბუნებრივია. გარდა ამისა, საქართველო წლების განმავლობაში ლიდერი იყო დემოკრატიული განვითარებით და ევროინტეგრაციისკენ პროგრესით.

ის ფაქტი, რომ, მაგალითად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მხოლოდ იმ რეგიონს ეწვევა და საქართველო საერთოდ იგნორირებულია, მიანიშნებს იმაზე, რომ ფუჭია ყოველგვარი თამაში, ურთიერთობები გადავტვირთოთ და ასე შემდეგ. ეს ნიშნავს გზავნილს, რომ თქვენ [„ქართული ოცნება“] გაიგივებთ პრორუსულ და შესაბამისად, ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგო ხელისუფლებად, ამიტომაც, თქვენ უნდა შეცვალოთ თქვენი ქმედებები, იქნება ეს საკანონმდებლო ქმედებები, რეპრესიული ქმედებები, რიტორიკა თუ ასე შემდეგ, თუ არადა ჩვენ სხვა გზებიც გვაქვს.

  • თუ არ შეიცვლება ხელისუფლება, ან „ოცნება“ თუ არ შეცვლის თავის ანტიდასავლურ პოლიტიკას, საქართველო „ოცნების“ დამსახურებით თავის გეოპოლიტიკურ უპირატესობას რეგიონში დაკარგავს? 

გეოპოლიტიკური უპირატესობა საქართველოს რეალურად დაკარგული აქვს უკვე. ქვეყნებმა სხვა გზები მონახეს და ისეთი პრობლემა მოაგვარეს, როგორიც, დავუშვათ, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი იყო. თვითონაც კი, შეუძლებლად მიაჩნდათ ამ კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ მოაგვარეს, ხომ? მოაგვარეს სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის აქტიური ძალისხმევით.

ეს რას ნიშნავს? – ალტერნატივა მოძებნეს. ეს არის რეალურად ის, რითაც საქართველოს ხელისუფლება ვაჭრობდა: თქვენ [დასავლეთს] მაინც გჭირდებით და ამიტომ, მიგვიღეთ ისეთები, როგორებიც ვართ, ნუ გვაკრიტიკებთ ჩვენი  პოლიტიკური და სამართლებრივად ცუდი ქმედებების გამო. მათ კი მიანიშნეს: იცით რა, ეგრე აღარ არის, აღარ გვჭირდებით. ჟარგონულად რომ ვთქვათ, ის კარტი, რომლითაც „ოცნება“ თამაშობდა, აღარ აქვს – ალტერნატივა გაჩნდა.

საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებით კი ვაჭრობს, რაც ძალიან ამორალურია და დანაშაული, მაგრამ ამ ვაჭრობისთვის, კარტიც აღარ დარჩათ რეალური.

  • ივანიშვილი ამჯერად მხოლოდ რუსეთის გამარჯვებასა და რეგიონში გაძლიერებაზეა დამოკიდებული? 

ივანიშვილმა უბრალოდ მცდარი გათვლა გააკეთა – ამ გათვლამ არ იმუშავა. ის კარტი, რომელზეც აკეთებდა გათვლას, არ აღმოჩნდა ისეთი ძლიერი. რუსეთის თემა არ აღმოჩნდა 100%-იანი გარანტია. აღმოჩნდა, რომ რუსეთმა ის, რაც სამ დღეში ან სამ კვირაში უნდა გაეკეთებინა, ვერ გააკეთა სამ წელიწადში.

რუსეთის პოზიციები სუსტდება: მან გაცილებით უფრო მეტი დაკარგა, ვიდრე მოიგო. რუსეთის მხარდამჭერები თუ მეგობრები, როგორიც იყო ირანი, ვენესუელა და ჩრდილოეთ კორეა სუსტდებიან. დღითიდღე კარგავს რუსეთი მოკავშირეებს, დამხმარეებს. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რუსეთი, რის იმედიც ივანიშვილს ჰქონდა, მცირდება თანდათან, ნაკლები რჩება. შესაბამისად, ივანიშვილი რაღაც მოძრაობებს გააკეთებს ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად.

  • თქვენ რას ელით ივანიშვილისგან? 

„ოცნებას“ მუდმივად სიცრუეს ტირაჟირებს – სულ იტყუებიან. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, მათი გამოსავალი შეიძლება ყოფილიყო ახალი არჩევნების დანიშვნა.

კანონმდებლობასაც კი იღებენ, ჩვენი ლეგიტიმურობა აღიარეთო. ამას ხომ არ მიიღებდა, რომ არ აწუხებდეს ეგ თემა? ცხადია, აწუხებთ – იზოლირებულები არიან. შესაბამისად, ახალი არჩევნები ახალარჩეულ პარლამენტს და მის მიერ დამტკიცებულ მთავრობას მეტ ლეგიტიმურობას მისცემდა, შესაძლებელს გახდიდა, ეს მომხდარიყო. ამიტომაც, არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ეს სვლაც გააკეთონ.

ხელახალ არჩევნებს თავისი პირობები აქვს: უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო, საარჩევნო კანონმდებლობა, რათა დემოკრატიულად ჩაითვალოს. მათი მცდელობა იქნება, რომ ეს მინიმალურად შეიცვალოს, ანუ ნაკლები დაკარგონ და დარჩეთ ბერკეტები, იგივე შედეგი დადონ ახალ არჩევნებზე – შეინარჩუნონ ხელისუფლება.

  • ამასობაში, ირანში ომი რა გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასიაზე? ფაშინიანმაც მიულოცა ირანის ახალ სულიერ ლიდერს არჩევა. 

რუსეთს თუ გამოვრიცხავთ, და ასევე, თურქეთს, რომელიც ნატოს წევრია, ჩვენს სამეზობლოში ყველაზე დიდი ქვეყანა ირანია, როგორც მოსახლეობით, ისე ტერიტორიით და სამხედრო შესაძლებლობებით. შესაბამისად, ირანში მომხდარი მოვლენები დიდ გავლენას მოახდენს საქართველოსა და სომხეთზეც – რეგიონის ნებისმიერ ქვეყანაზე.

სომხეთს, ზოგადად, ყოველთვის და მით უმეტეს ახლა უწევს განსაკუთრებული ურთიერთობები საქართველოსთან, ირანთან, უკვე აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ასევე რუსეთთან. ფაშინიანს სულ არ სჭირდება, რომელიმე ბომბი ჩამოვარდეს სომხეთის ტერიტორიაზე. პროტოკოლით გათვალისწინებულ დიპლომატიურ ნაბიჯებს სომხეთი დგამს და ეს ლოგიკურია.

ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფაშინიანი ირანის მოკავშირე ქვეყანაა. ასე ტრამპმაც მიულოცა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი მეგობარი გახდა და უკვე სატელეფონო ზარზე არიან გადასული. სომხეთი მიდის ევროპის კავშირისკენ, დასავლური დემოკრატიებისკენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ირანის მტერი გახდა სომხეთი.

  • მინდა გკითხოთ სომხეთში მოახლოებულ არჩევნებზეც: რამდენად გაიზარდა, ან შემცირდა თქვენი ინფორმაციით ფაშინიანისთვის არჩევნების მოგების შანსი? 

საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას თუ გავაანალიზებთ, ფაშინიანს არ უნდა ჰქონდეს ცუდი პოზიცია, რადგან მისი პოპულარობა იზრდება. ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობამ, ხელშეკრულების დადებამ, მნიშვნელოვნად გაზარდა მისი რეიტინგი.

მნიშვნელოვანია, რომ სომხეთის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი წყარო არის დასავლური მიგრაციიდან გამოგზავნილი თანხები.

  • თუმცა სომხეთის ბაზარი ისევ დიდწილად დამოკიდებულია რუსეთზე.

კი, მაგრამ ამ ბაზარზე რა თანხითაც უნდა იყიდოს რამე სომხეთმა, ეს დასავლეთზეა დამოკიდებული. ამიტომაცაა, რომ სომხეთს უწევს დელიკატური თამაში: ერთბაშად და ხელის აღებით იგი არაფერს აკეთებს, ამას ნაბიჯ-ნაბიჯ მშვენივრად ახერხებს ფაშინიანი. როგორც ჩანს, მისი რეიტინგები არ არის ცუდი.

რაც შეეხება პრორუს კანდიდატს: რუსეთი ხომ იცით, როგორ მუშაობს თავისი ჰიბრიდული ომით, პროპაგანდით, დეზინფორმაციით, აგენტურული ხაზებით და ასე შემდეგ. იგი კვლავაც გააგრძელებს ამას, მაგრამ ვნახოთ. მთავარია, შეცდომები არ დაუშვას სომხეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, თორემ საქართველოშიც მუშაობს რუსეთი და სომხეთშიც იმუშავებს. რუსეთს დასაყრდენი აქვს, როგორც ჩანს, იქაც და აქაც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: