მთავარი,სიახლეები

რას ნიშნავს, როცა საქართველო არ მიიწვიეს ანკარაში ნატოს სამიტზე – „ამის გამოსწორებას თაობები დასჭირდება“

07.07.2026
რას ნიშნავს, როცა საქართველო არ მიიწვიეს ანკარაში ნატოს სამიტზე – „ამის გამოსწორებას თაობები დასჭირდება“

„ჩანს, რომ დასტურდება და ძლიერდება საქართველოს იზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკა. ნატოში გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია ამ ეტაპზე. სახეზე გვაქვს არა პროგრესი, არამედ მნიშვნელოვანი რეგრესი. ამის გამოსწორებას თაობები დასჭირდება,“ – ამბობს მეგი ბენია.

იგი წლებია საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და მისთვის მტკივნეულია „ოცნების“ მიერ შექმნილ რეალობაზე საუბარი, როცა წარსულში საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე წარმატებები ჰქონდა.

საქართველო მიწვეული არაა ნატოს სამიტზე, რომელიც 7-8 ივლისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმართება. პროგრამის მიხედვით, სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაზე მიწვეული არიან ალიანსის შემდევი პარტნიორი ქვეყნებიდან: ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია, კორეის რესპუბლიკა, ბაჰრეინი, ქუვეითი, ყატარი, გაერთიანებულ არაბთა საამიროები.

სამიტის სტუმრებს შორისაა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

„ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტთან, ყოფილ დიპლომატთან, მეგი ბენიასთან. იგი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატში მუშაობდა.

  • ქალბატონო მეგი, დღეს, 7 ივლისს, ანკარაში ნატოს სამიტი ტარდება, რომელსაც საქართველო არ ესწრება, როგორც პარტნიორი. რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? 

ბოლო 20 წლის განმავლობაში ქართულმა დიპლომატიამ, საჯარო სამსახურმა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა ძალიან დიდი ძალისხმევა დახარჯეს იმისთვის, რომ საქართველოს თავისი ადგილი ჰქონოდა ნატოს დღის წესრიგში. ბუნებრივია, ნატოს სამიტი იყო ერთ-ერთი ასეთი მოვლენა, სადაც ჩვენ მუდმივად ვცდილობდით, საქართველოს შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ყოფილიყო მიღებული.

ბოლო ორი წლის ტენდენციაა – ჰააგის სამიტიდან მოყოლებული – საქართველო საერთოდ არ არის წარმოდგენილი, ან არის წარმოდგენილი იმ ფორმატში, რაც წელს არის შემოთავაზებული. ჩვენს აუდიტორიას კარგად რომ ავუხსნათ, ამ ფორმატს ე.წ. „საიდ ივენთი“ [side event] ჰქვია. ნატოს სამიტის ფარგლებში „საიდ ივენთები“, ანუ პარალელური ღონისძიება, არ არის ჩვეული მოვლენა. მაგრამ ანკარის სამიტი არის შანსი თურქული მხარისთვის – როდესაც მას აქვს ასეთი ღიაობა, ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, უფრო მეტად კი, კვლევითი ორგანიზაციები ატარებენ სხვადასხვა ტიპის პარალელურ ღონისძიებას სამიტის მიმდინარეობის დროს.

ეს არ არის არავითარ შემთხვევაში ოფიციალური დღის წესრიგის ნაწილი. უბრალოდ, ერთ-ერთი თურქული კვლევითი ორგანიზაციის მიერ არის მიწვეული ქართული მხარე პარალელურ ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად.

მეგი ბენია, უსაფრთხოების ექსპერტი

  • თუმცა ამ ღონისძიების – „მოკავშირეები ანკარაში“ – ერთ-ერთი ორგანიზატორია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია (MSC). 

თუ შევხედავთ ამ ღონისძიების ვებგვერდს, ვნახავთ, რომ მთავარი მაინც არის თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ფონდი (SETA). ეს თურქეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკიდან უფრო აიხსნება, ვიდრე ნატოს მხრიდან.

მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ ეს არ არის ნატოს მიერ ქართული მხარის ოფიციალური მიწვევა. ნატოს მხრიდან ოფიციალური მიწვევა იქნებოდა ის, რაც გასულ წლებში ხდებოდა – საქართველო მიწვეული ყოფილიყო უშუალოდ ნატოს სამიტის ფარგლებში მოკავშირეებთან ერთად ჩატარებულ ღონისძიებებზე.

  • მიეწვიათ, როგორც პარტნიორი, მაგალითად, უკრაინა? 

დღეს უკრაინის მდგომარეობა ცალსახად განსხვავებულია და არ უნდა ველოდოთ, რომ საქართველო იყოს იმავე დონეზე წარმოდგენილი, როგორც უკრაინაა. ანკარის სამიტი მთლიანად ეხება უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენას, სამხედრო ინდუსტრიის განვითარებას და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ გვქონდა სხვადასხვა: პარტნიორებთან შეხვედრის ფორმატი, იყო ცალკე ფორმატი ნატო-საქართველოს კომისიის, რომელიც, სხვათა შორის არამხოლოდ ნატოს სამიტების ფარგლებში, არამედ ზოგადად იმართებოდა სხვადასხვა თემაზე და დონეზე.

იყო სამუშაო, მაღალი დონე, რაც, როგორც ვიცი, აღარ ჩატარებულა 2025 წლიდან. 2026 წელზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. საფეხბურთო კალკულაციას რომ შევადაროთ, „ათით ნულია“ იმასთან შედარებით, რაც ხდებოდა 2025 წლამდე.

  • სხვადასხვა ქვეყანას შორის, ნატოს სამიტს ესწრება აზერბაიჯანიც. ეს რის ხაზგასმაა? 

აზერბაიჯანის საკითხი არ უნდა მივიჩნიოთ, რომ მაინცა და მაინც ნატოს მხარის ინიციატივაა. სამიტი ტარდება თურქეთში და თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები მოგეხსენებათ როგორია. ეს უფრო თურქული მხარის ინიციატივაა, ვიდრე ნატოს.

თუმცა, როდესაც გვეუბნებიან, რომ ნატოს სამიტი მხოლოდ წევრი ქვეყნებისთვისაა, ეს ასე არ არის და ამას გვიჩვენებს საქართველოს გამოცდილებაც: ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები გვქონდა სამიტებიდან წამოღებული. სამიტის დასრულების შემდეგ ქვეყნდება კომუნიკე, ან დეკლარაცია. ამ დოკუმენტში საქართველოს შესახებ მნიშვნელოვანი ჩანაწერი რომ მოხვედრილიყო, ამისთვის თვეებით ადრე ძალიან დიდი რესურსი იხარჯებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან.

მესმის, რომ დღეს უსაფრთხოების გარემო განსხვავებულია, საერთაშორისო ურთიერთობებიც განსხვავებულია, იგივე ტრამპის ადმინისტრაციიდან გამომდინარე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ძალისხმევა ჩავდეთ და ამან არ იმუშავა. პირიქით, ის შედეგი, რაც დღეს დაგვიდგა, არის იმის შედეგი, რომ ჩვენ ძალისხმევას საერთოდ არ ვხარჯავთ ნატოსთან ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით.

ბოლოს, 2024 წელს ვაშინგტონის სამიტზე იყო საქართველო წარმოდგენილი, ეს იყო საიუბილეო სამიტი და მას  ნატოსთვის სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. იქ უკვე გაჩნდა მინიშნებები დემოკრატიულ რეფორმებზე. ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია დემოკრატიული რეფორმების განხორციელება, რაც პირდაპირი ასახვა იყო იმ ცვლილებებისა, რაც თბილისში ხდებოდა.

მას შემდეგ ჩვენ უკვე აღარ ვიღებთ მონაწილეობას სამიტებში.

სხვათა შორის, 2025 წლის მიუნხენის კონფერენცია ახსენეთ და მსგავსი ფორმატები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსამზადებელი სამუშაოები გქონდეს მოკავშირეებთან. ჩვენ 2025 წელს იქ აღარ მიგვიწვიეს. 2026 წელს საერთოდ პარალელურ ღონისძიებაში აღმოვჩნდით.

  • ანუ სად ვართ საქართველო „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, რა გამოდის? 

ეს მოცემულობა ერთი შეხედვით მარტივად დასანახია, მაგრამ ეს ძალიან მძიმე მისაღებია – განსაკუთრებით ჩვენთვის, ვინც ამ მიმართულებაზე ვმუშაობდით. ჩანს, რომ დასტურდება და ძლიერდება საქართველოს იზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკა. ნატოში გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია. სახეზე გვაქვს არა პროგრესი, არამედ მნიშვნელოვანი რეგრესი. ამის გამოსწორებას თაობები დასჭირდება.

საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, გაზრდილია შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში უკრაინის ომის გამო, შეცვლილია რეგიონული უსაფრთხოების გარემო, საერთაშორისოც, მაგრამ საქართველოს აღარ აქვს ის პოლიტიკური ნება, რაც ჰქონდა აქამდე, აღარ აქვს ძალისხმევა, რასაც ის დებდა ევროპული და ევროატლატიკური ინტეგრაციის პროცესში.

ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ძალისხმევა და მზაობა გადაზრდილიყო ხელშესახებ შედეგში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს გამო, პირიქით, ჩვენ ვკარგავთ, ხელიდან ვუშვებთ შესაძლებლობას, დავუახლოვდეთ დასავლელ პარტნიორებს, რომ მოხდეს საქართველოს უფრო მეტად ინტეგრირება ევროატლანტიკურ უსაფრთხოების არქიტექტურაში.

  • ივანიშვილის გათვლა, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველო და ამიტომ უნდა გამიწიოს დასავლეთმა ანგარიში, აღმოჩნდა, რომ არ ჭრის არც ნატოსთან? 

ხშირად ავიწყდებათ, რომ ნატო სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა და არ არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია. ნატოსა თუ ევროკავშირში მოსახვედრად კრიტერიუმებია დასაკმაყოფილებელი, რადგან ეს ერთგვარია კლუბია. როდესაც ჩვენ ამ კრიტერიუმებს არ ვაკმაყოფილებთ, როგორი გეოგრაფიული მდებარეობაც არ უნდა გვქონდეს, თავისთავად ვერ მოხდება, რომ ჩვენი სტრატეგიული მნიშვნელობა პარტნიორებმა გამოიყენონ სათანადოდ.

სამწუხაროდ, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, რომლებმაც ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღეს საქართველოს გასაძლიერებლად, თბილისში მუდმივად თავს ესხმიან და აკრიტიკებენ. კატასტროფულად გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, რთულია გვქონდეს მოლოდინი, რომ მივიღებთ მნიშვნელოვან შედეგებს მხოლოდ იმის გამო, რომ გვაქვს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა.

გვყავს მეზობელი სომხეთი, რომლისკენაც შეიძლება გადაკონვერტირდეს მდებარეობის საკითხი საქართველოს გვერდის ავლით. ამის ნიშნები უკვე სახეზეა.

  • ეს ნიშნავს, რომ „ოცნება“ თავისივე პროპაგანდისტულ გზავნილს „მშვიდობა გვინდა“ უპირისპირდება? კიდევ უფრო დიდი რისკის წინაშე რჩება საქართველო აგრესორი რუსეთის პირისპირ? 

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ძლიერი პარტნიორები – ისეთი თავდაცვის ქოლგის ქვეშ ყოფნა, როგორიც არის ნატო, ანუ კოლექტიური თავდაცვა. როდესაც ჩვენ ვშორდებით დასავლეთს, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოების გარანტი, ვრჩებით პირისპირ რუსეთთან – მთავარ მტერთან. შესაბამისად, ვხდებით უფრო მოწყვლადი, როგორც სამხედრო, ისე ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ, რასაც რუსეთი ყოველდღიურად იყენებს უშუალო სამეზობლოში.

  • რა გზავნილები აქვს დღევანდელ სამიტს – მარკ რუტემ თქვა, რომ საჭიროა ეკონომიკური სიძლიერე ითარგმნოს სამხედრო შესაძლებლობებში. რა იცვლება ნატოში, განსაკუთრებით ევროპასთან ტრამპის ერთგვარი უთანხმოების შემდეგ? 

ამ სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა გაუარესებული ტრანსატლანტიკური ურთიერთობებია – იგულისხმება ნატოს ევროპელ წევრებსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა. ეს გამომდინარეობს ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკურიდან. მარკ რუტეს აქვს რთული მისია – შეინარჩუნოს ტრანსატლანტიკური ურთიერთობები, რაც ნატოს სიძლიერის საფუძველია.

მეორე მხრივ, იმის გამო, რომ აშშ ათწლეულების განმავლობაში იყო ნატოს და ევროპელი მოკავშირეების უსაფრთხოების გარანტორი, შეკავების უზრუნველყოფა მასზე იყო დამოკიდებული, ევროპელი მოკავშირეები უკვე ხვდებიან, რომ მნიშვნელოვანია, მეტი რესურსი ჩაიდოს სამხედრო დანახარჯებში, თავდაცვით შესაძლებლობებში. შესაბამისად, ამ სამიტზე ყველაზე დიდი ყურადღება გამახვილებული იქნება სამხედრო ინდუსტრიის განვითარებაზე.

მნიშვნელოვანია, რომ სამიტის პირველი დღე [სამიტი იმართება 7-8 ივლისს] თავდაცვის მინისტრების დონეზე იმართება. ეს იმას ნიშნავს, რომ ტექნიკური და სამხედრო კომპონენტი წინ წამოვიდა.

  • ცენტრალური საკითხი გახდა სამხედრო ინდუსტრია?

რა თქმა უნდა. ხვალ გამოქვეყდნება დეკლარაცია ან კომუნიკე. იმედი მაქვს, რომ გარდა სამხედრო ინდუსტრიისა, შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს ნატო, როგორ გაუმკლავდეს რუსეთიდან მომავალ ჰიბრიდულ საფრთხეებს.

ცხადია, უკრაინაა ამ სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი.

  • კონკრეტულად რა იცვლება? შეიძლება ველოდოთ უკრაინის მიმართ იმ მასშტაბის მხარდაჭერას, რომ ეს გადამწყვეტი აღმოჩნდეს რუსეთ-უკრაინის ომში? 

არ ვფიქრობ, რომ რამე გარდამტეხი იქნება, მაგრამ უკრაინა იქნება ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი. ეს ნატოს პროგრამიდანაც ჩანს. უკრაინასთან არის ცალკე შეხვედრები, უკვე იყო ზელენსკის გამოსვლა.

იქნება პოლიტიკური მესიჯი, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება უკრაინის დახმარება. შეეცდება ნატო, უფრო ევროპელი მოკავშირეები, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაუარესების ფონზე, შეინარჩუნონ დახმარება, რასაც უწევენ უკრაინას.

  • რას აჩვენებს ამ დროს „ოცნების“ რეაქცია, როცა საქართველოს ნატოს სამიტზე აღარ იწვევენ? მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ თქვა: ორგანიზატორებს ჰკითხეთ, რატომ არ ვართ წარმოდგენილიო. 

ეს განცხადებები გათვლილია საკუთარ ამომრჩეველზე.

ის პროგრესი, რასაც საქართველო წლების განმავლობაში აჩვენებდა ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროსაც – 2014, 2016, 2018, 2021, 2022 წლების სამიტები – ამის შემდეგ საქართველო არათუ დოკუმენტებიდან არის გამქრალი, საერთოდ არ არის წარმოდგენილი ოფიციალურ შეხვედრებში.

„ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია თავის ამომრჩეველს უთხრას, რატომ ხდება ეს. მსგავსი ტაქტიკა ვნახეთ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიასთან დაკავშირებითაც – თითქოს ეს ქარტია არავითარი მნიშვნელობის მატარებელი არ არის – მაშინ, როცა ქარტია იყო საფუძველი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის.

ნატოს სამიტი არის ადგილი, სადაც მიიღება ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის უსაფრთხოებასთან.

  • „ოცნება“ განზრახ უპირისპირდება ეროვნულ ინტერესს და კონსტიტუციას – ევროატლანტიკურ ინტეგრაციას? 

ძალიან რთულია საუბარი იმაზე, მოქმედ ძალას რა ტიპის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა აქვს. ეს ხან არაპროგნოზირებადი, ხან – პროგნოზირებადი. ისინი საუბრობენ „მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკაზე“ და ამ გზით დასავლეთსა და აღმოსავლეთთან ურთიერთობის დალაგებაზე, რასაც საქართველოს მოცემულობის ქვეყანა მიჰყავს თვითიზოლაციამდე.

ჩვენ ვშორდებით ისტორიულ პარტნიორებს და ვუახლოვდებით აღმოსავლეთს, ავტორიტარულ სახელმწიფოებს.

ჩვენ არ გვაქვს ისეთი თავდაცვის შესაძლებლობები, რომ მარტომ დავიცვათ თავი აგრესორისგან – ეს იქნება პროვოკაციული ქმედებები, თუ პირდაპირი მოქმედება.

ამიტომ ყოველთვის გვჭირდება მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტორი და ამას ჩვენ ყოველთვის, ისტორიულადაც ვეძებდით დასავლეთში, დასავლეთის ცივილურ სახელმწიფოებში. სამწუხაროდ,  ბოლო რამდენიმე წელია ეს შეიცვალა. დღეს ეს პოლიტიკა კანონდება – ამ ყველაფრის კოდიფიცირება ხდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: