მთავარი,სიახლეები

კაცს დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო 5 წელი მიუსაჯეს – ხელვაჩაურში მკვლელობის საქმე

12.03.2026
კაცს დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო 5 წელი მიუსაჯეს – ხელვაჩაურში მკვლელობის საქმე

დღეს, 12 მარტს „ხელვაჩაურში მანქანაში ჩაცხრილული კაცის საქმეზე“ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულ თამაზ შარაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მიიღო.

2025 წლის 3 ივნისს, ხელვაჩაურში, სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით ღამის 3 საათზე, ავტომანქანაში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, ავტომანქანა კი მდინარეში გადააგდეს.

33 წლის ბესო ბოლქვაძეს 5 ტყვია ესროლეს.

2025 წლის 14 ივნისს მკვლელობის საქმეზე წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1989 წელს დაბადებული გოგი ბარამიძე და 1993 წელს დაბადებული თამაზ შარაძე დააკავეს.

მკვლელობის მუხლით ნაფიცმა მსაჯულებმა გოგი ბარამიძე უკვე გაასამართლეს.

მსაჯულებმა ვერდიქტი 2026 წლის 4 მარტს მიიღეს.

მათი გადაწყვეტილებით, გოგი ბარამიძე დამნაშავეა. მას სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თამაზ შარაძეს კი, პროკურატურა დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა.

პროკურატურის ვერსიით, მკვლელობის შესახებ თამაზ შარაძეს ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ მან ამის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

გუშინ, 11 მარტს „ბათუმელებს“ თამაზ შარაძის მამამ და ადვოკატმა უთხრა, რომ ბრალდებული ლაითურის ციხეში ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

ბრალდებულმა თამაზ შარაძეს წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს უთხრა, რომ ის საკანში, იატაკზე დააგდეს და ჰკითხეს: „არ აღიარებ დანაშაულს?“

ამ თემაზე:

„ჩემს შვილზე ციხეში იძალადეს, სცემეს. დანაშაულის აღიარებას აიძულებენ“ – ენვერ შარაძე ხელვაჩაურიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: