„საბანკო ანგარიშზე წვდომა შეზღუდული მაქვს 2024 წლის დეკემბრის თვიდან“ – წერს აჭარის „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში.
2024 წლის 19 დეკემბერს სულხან თამაზაშვილი დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა.
2024 წელს სულხან თამაზაშვილის თბილისის პოლიციის უფროსი იყო. ამ პერიოდში პროევროპულ საპროტესტო აქციებზე პოლიციელები ადამიანებს სცემდნენ, ძალადობდნენ, არაადამიანურად ექცეოდნენ.
სულხან თამაზაშვილის მიერ 2025 წელს შევსებულ დეკლარაციაში არაა დაზუსტებული, რის გამო აქვს მას „საქართველოს ბანკის“ საბანკო ანგარიშზე წვდომა შეზღუდული.
ბოლო ქონებრივი დეკლარაცია სულხან თამაზაშვილმა 2025 წლის 30 ნოემბერს წარადგინა. ამ დეკლარაციაში თანამდებობის პირის 2024 წლის შემოსავლები და ხარჯებია ასახული. მაგალითად, როგორც თბილისის პოლიციის უფროსს, 2024 წელს, სულხან თამაზაშვილს ჯამაგირის სახით 105 206 ლარი მიუღია.
„საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე თამაზაშვილს ნაშთი დარჩენია – 5750 ლარი. სწორედ ამ სახელფასო ანგარიშზე აქვს წვდომა შეზღუდული სულხან თამაზაშვილს.
ახალი დეკლარაციის წარსადგენად სულხან თამაზაშვილს 2026 წლის დეკემბრამდე აქვს დრო.

სქრინი სულხან თამაზაშვილის 2025 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან
უკავშირდება თუ არა საბანკო ანგარიშის წვდომაზე შეზღუდვა ბრიტანეთის სანქციებს? აქვს თუ არა რომელიმე ბანკში ანგარიში სულხან თამაზაშვილს, რომელიც თანამდებობის პირია და ხელფასს ხელზე კანონით ვერ უნდა იღებდეს? – კითხვებზე პასუხის მისაღებად აჭარის მთავრობის პრესცენტრს მივმართეთ, თუმცა ინფორმაცია ვერ მივიღეთ.
2024 წლის 19 დეკემბერს სულხან თამაზაშვილის გარდა დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა მაშინდელი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, ასევე ალექსანდრე დარახველიძე, რომელიც დღემდე შს მინისტრის მოადგილეა, ზვიად ხარაზიშვილი – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშინდელი უფროსი და მილერი ლაგაზაური – „ხარებას“ მოადგილე.
2024 წლის 2 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა ასევე დაასანქცირა ქართველი მოსამართლეები, ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე.
2025 წლის 10 აპრილს სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორ გიორგი გაბიტაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძეს, გდდ-ს ხელმძღვანელის მოადგილე მირზა კეზევაძეს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს, კარლო კაციტაძეს.
2025 წლის 19 სექტემბერს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს და ბიზნესმენ ლევან ვასაძეს.
„ბათუმელებმა“ გადაამოწმა ბრიტანეთისგან დასანქცირებული იმ პირების ქონებრივი დეკლარაციები, რომლებიც დღემდე იკავებენ თანამდებობებს. 2025 წელს შევსებულ დეკლარაციებში არ არის მითითებული საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვის შესახებ.
ამავე თემაზე:






