დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ კომპანიებთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ კომპანიები: შპს ეიაიფორი, შპს არვიქსი და შპს რაპირა გრუპი, არ საქმიანობენ „საქართველოს არეალში“.
აღნიშნული კომპანიები დიდმა ბრიტანეთმა იმის გამო დაასანქცირა, რომ რუსეთს ეხმარებოდნენ სანქციებისთვის გვერდის ავლაში.
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება, რასთან დაკავშირებითაც უკვე მიღწეულია კონკრეტული სამართლებრივი შედეგები. დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო.
შპს „ეიაიფორი“ და შპს „არვიქს“ ფიქტიურად, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დარეგისტრირდნენ სხვა პირების სახელზე, რეალურად კი ოპერირებდნენ რუსეთში, მოსკოვში და საქართველოში აქტივები ან ოფისები არ გააჩნდათ.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2026 წლის 28 აპრილის სასამართლო განაჩენით, სამ ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით და პირობითი მსჯავრი, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორ დავით ჯინჭარაძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით.
რაც შეეხება შპს „რაპირა გრუპის“ უკანონო საქმიანობას, დადგენილია, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიერ მინდობილობით დარეგისტრირებული კომპანია, ვებგვერდ „rapira.net“-ის საშუალებით, ექსკლუზიურად ემსახურებოდა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს და მისი დომენიც რუსულ რეგისტრატორთან არის გაფორმებული. კომპანიას არანაირი ბრუნვა საბანკო ანგარიშებზე, აქტივები ან ოფისები საქართველოს ტერიტორიაზე არ უფიქსირდება და მისი რეგისტრაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა“- აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, გამოავლინეს კრემლის მიერ მხარდაჭერილი ქსელი, რომელიც ყირგიზეთის გავლით თანხებს რუსეთის ეკონომიკაში უშვებს, რასაც ეს უკანასკნელი უკრაინაში მიმდინარე ომისთვის იყენებს. კომპანიების გარდა სანქციები ეხება ფიზიკურ პირებსაც.
დასანქცირებულ კომპანიებთან დაკავშირებით, დღეს, 27 მაისს, კომენტარი გააკეთა პარლამენტის ყოფილმა წევრმა და ეკონომისტმა რომან გოცირიძემ.
მისი შეფასებით, დასანქცირებულ კომპანიებზე პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ მთავრობას ეკისრება.
„ბრიტანეთის მიერ სამი ქართული კომპანიის დასანქცირება ძლიერი დარტყმაა ქვეყნის იმიჯისათვის, მისი საინვესტიციო რეპუტაციისათვის, რადგან ეს კომპანიები კრიპტოვალუტის მეშვეობით პირდაპირ უწევდნენ მრავალმილიარდიან დახმარებას რუსეთს და დასანქცირების დასაბუთებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ რუსეთის მთავრობის სტრატეგიულ ინტერესებს ემსახურებოდნენ.
რას ნიშნავს ეს? – ამ კომპანიების მეშვეობით რუსეთი იარაღს და უამრავ სხვა საჭირო მასალას, მათ შორის ფინანსურ ტრანზაქციებს იყენებდა უკრაინაში ადამიანების დასახოცად. და როგორც ჩანს, ეს პირდაპირ რუსეთის FSB-ს მიერ კონტროლირებადი სტრუქტურაა.
მილიარდობით ფული ტრიალებს, რომელიც ქაღალდზე საქართველოს ეკონომიკას ზრდის. უყვართ [„ოცნებას] ხოლმე ტრაბახი, რომ ეკონომიკა გაიზარდა, მშპ გაიზარდა. ამ მილიარდებიდან რამე დარჩა საქართველოში? რომელიმე ოჯახში შევიდა? როდესაც ამბობენ, რომ „ვაკეთოთ ფული“, „ომის ფაქტორი გამოვიყენოთ“, – არავინ ხეირობს უკრაინელი ადამიანების სისხლით. „ქართული ოცნების“ მმართველი კლანი, უკრაინელების სისხლის ფასად მდიდრდება“- ამბობს რომან გოცირიძე.
მისი თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ეროვნულ ბანკს და „ოცნების“ მთავრობას.
„სად იყო მთავრობა? სად იყო ეროვნული ბანკი? ეხლა რაღაც აბდაუბდა განცხადებას აკეთებენ და ისეთი შთაბეჭდილება უნდა შექმნან, თითქოსდა ბრიტანეთს მათ მიაწოდეს ინფორმაცია და როდის მიაწოდეს, სანქციები, რომ გამოქვეყნდა და დააზიანა ქვეყნის რეპუტაცია?
ყველა ქოლ-ცენტრის უკან დგას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენელი. ვერცერთი ქოლცენტრი ვერ იმუშავებს ხელისუფლების უშუალო მფარველობის გარეშე. ასეთი სავალალო სურათი გვაქვს დღეს, სამწუხაროდ“- ამბობს რომან გოცირიძე.
________________
ამ თემაზე:






