„უნდა ნახოთ, ეს დღეები როგორ წერილებს ვიღებ ელექტრონულ ფოსტაზე ფრანგი დეპუტატებისგან: ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საფრანგეთისთვის საქართველოს ბრძოლასო. მწერენ, რომ ბოლომდე გვერდით დაგვიდგებიან, თუ ბრძოლას გავაგრძელებთ და რეზოლუციის მიღება საქართველოზე ამის მაგალითია, ძალიან ვაფასებთ ქართველების ბრძოლასო“, – გვიყვება თამარ დემურია, საფრანგეთში მცხოვრები ქართველი.
იგი პარიზში ქართველ თანამებრძოლებთან ერთად ხვდებოდა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის [პარლამენტის] დეპუტატებს ერთადერთი მოთხოვნით: საფრანგეთს უფრო აქტიურად დაეჭირა მხარი დემოკრატიისთვის საქართველოში და დასანქცირებულიყო ბიძინა ივანიშვილი.
2026 წლის 12 მაისს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ. რეზოლუციით, ასამბლეა საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ. შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეცაა.
საქართველოს და საფრანგეთის მოქალაქეა თამარ დემურიაც. იგი აფხაზეთიდან დევნილობის შემდეგ წასულა საფრანგეთში.
თამარ დემურიას ვკითხეთ, როგორ მოახერხა ფრანგ დეპუტატებთან შეხვედრები და მათი დარწმუნება, საქართველო ევროპული პოლიტიკის დღის წესრიგში დაბრუნებულიყო.
თამარ დემურია ასოციაცია „საფრანგეთიდან დანახული საქართველოს“ თავმჯდომარეა.
„ჩვენ ეს ბრძოლა ახლა არ დაგვიწყია, ეს ბრძოლა და აქტიური შეხვედრები დავიწყეთ 2019 წელს, როცა ბავშვებს რუსთაველზე თვალები დათხარეს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვი ჩასვეს. ეს იყო ნათელი სიგნალი, რასთანაც გვქონდა საქმე – საქართველო რუსეთის ხელშია,“ – ამბობს თამარ დემურია და აღწერს, თავდაპირველად როგორ უგზავნიდა წერილებს თანამდებობის პირებს საფრანგეთში: „საქართველოზე მსურდა ხმის მიწვდენაო…“
თამარ დემურია თანამებრძოლებთან ფრანგ დეპუტატებსაც არაერთხელ შეხვედრია, მათ შორის, საფრანგეთის პრეზიდენტის – მაკრონის პარტიის „რენესანსის“ წარმომადგენელს – კონსტანს ლოგრიპს. საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებს იმდენი უსაუბრიათ დეპუტატთან რუსეთისგან საქართველოს მიტაცებაზე, დეპუტატ კონსტანს ლოგრიპს გადაუწყვეტია, რეზოლუციის ტექსტზე დაეწყო მუშაობა.

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატს – კონსტანს ლოგრიპს საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ხვდებიან
„წლების განმავლობაში სხვადასხვა შეხვედრა გვქონდა, მათ შორის, სენატორებთან,“ – უყვება „ბათუმელებს“ თამარ დემურია, – „ბოლოს ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეც არის. მას, პირველ რიგში, უნდა ჩამორთმეოდა საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი და დასანქცირებულიყო, რადგან ის ანადგურებს დემოკრატიას საქართველოში: ამდენი უკანონო პატიმარია საქართველოში, მათ შორის, გამორჩეულია ჟურნალისტის მზია ამაღლობელის საქმე…
ჩვენ ვესაუბრებოდით დეპუტატებს და სენატორებს იმაზე, რომ საქართველოში რეპრესიულ კანონებს ყოველკვირეულად იღებენ იმისათვის, რომ როგორმე პროტესტი შეწყდეს…
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში თავიდანვე იყო ჩართული საფრანგეთის ქართული სათვისტომო, რომელიც 1921 წლიდან არსებობს. ჩვენ ვაჩვენეთ ფრანგებს, რომ ერთიანი ვართ ამ ბრძოლაში და ეს მიდგომაც აჩვენებდა იმას, რაც საქართველოში ჩატარებულ რეფერენდუმში გამოჩნდა: მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროინტეგრაციას.
ერთ-ერთ შეხვედრაზე დეპუტატმა კონსტანს ლოგრიპმა თავად შემოგვთავაზა, მომზადებულიყო რეზოლუცია. გვითხრა, რომ ეს იქნებოდა განსხვავებული პოლიტიკური ფორმატი – რეზოლუციის მიღება უკვე იქნებოდა საქართველოს საკითხის გააქტიურება არამხოლოდ საფრანგეთის განზომილებაში, არამედ მთლიანად ევროპულ განზომილებაში.
ჩვენ დეპუტატს მივაწოდეთ ყველა საქმის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ყველა დეტალი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, მათ შორის, ნოდარ მელაძის გამოძიება, სადაც ნაჩვენებია დოკუმენტებით, რა ქონებას ფლობს ივანიშვილი.
დაახლოებით ბოლო წელიწად-ნახევარია მზადდება ეს რეზოლუცია… როცა დაიწყო რეზოლუციის პროექტის მომზადება, ბევრი სხვა დეპუტატი ჩაერთო ამ პროცესში. აღმოჩნდა, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტი მეგობარი ჰყოლია, ვიდრე მეგონა… მაგალითად, სოციალისტმა დეპუტატმა თავისი ინიციატივით მოითხოვა ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევის ასახვა რეზოლუციაში. საბოლოოდ, სხვადასხვა მხარე ჩაერთო ამ რეზოლუციის მიღების და მისი მხარდაჭერის პროცესში,“ – ამბობს თამარ დემურია „ბათუმელებთან“.
რა მოლოდინი არსებობს ახლა, შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილი მართლა დაასანქციროს საფრანგეთმა?
„არ ვიცი, რა გადაწყვეტილება იქნება საბოლოოდ დასანქიცრებაზე, მაგრამ ეს რეზოლუცია უკვე უდიდესი წარმატებაა – ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი, ძლიერი ქვეყანა როცა ასე აყენებს საქართველოს საკითხს ოფიციალური პოლიტიკის დღის წესრიგში.
შესაძლოა, არ იყოს დაუყოვნებელი სანქციები, მაგრამ ეს ზრდის პოლიტიკურ წნეხს… რეზოლუცია უკვე იქნება დოკუმენტირებული საფუძველი არამხოლოდ საფრანგეთისთვის, არამედ სხვა ევროპული ქვეყნებისთვისაც დასანცირების განსახილველად.
ახლა უკვე ნათელია, რომ მხოლოდ თეორიულად არ განიხილება ივანიშვილის დასანქცირების საკითხი“, – გვიყვება თამარ დემურია და განსაკუთრებული ემოციით აღნიშნავს, როგორ გაუხარდა, რეზოლუციის საბოლოო განხილვის დღეს, ასამბლეის დარბაზში რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დაინახა.
„ეს იყო ჩემთვის სიურპრიზი, როცა სალომე ზურაბიშვილი მოვიდა რეზოლუციის განხილვის დღეს. ეს იყო ძლიერი გზავნილი საქართველოდან – ის წარმოადგენს პოლიტიკურ ოპოზიციას, დანარჩენი თითქმის ყველა ციხეში გამოკეტეს. სალომე ზურაბიშვილს ძალიან დიდ პატივს სცემენ საფრანგეთში,“ – დასძინა თამარ დემურიამ.
რა ეტაპზეა ახლა წინააღმდეგობა საქართველოში, რა ჩანს საფრანგეთიდან? – ვკითხეთ საუბრის ბოლოს საფრანგეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.
„წლების წინ საქართველო იყო მოწინავე რეგიონში, დღეს კი, საერთოდ აღარ განიხილება საქართველოს ევროინტეგრაცია. ამას რა დანახვა უნდა, რომ საქართველო უკვე რუსეთის ორბიტაზეა? საქართველო უკვე რუსეთის ხელშია, მეტი რუსული რაღა უნდა მოხდეს? რუსეთის დროშის დანახვა სურს ვინმეს კონკრეტულად, რომ ამაში დარწმუნდეს?
დღეს იგივე ხდება საქართველოში, რაც რუსეთშია და ბელარუსში.
ნათელია, რაც ხდება საქართველოში. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ არ მიატოვოთ ბრძოლა. ჩვენ თქვენ გიყურებთ და იმის მიხედვით ვაგრძელებთ ბრძოლას.
ჩვენ თუ მივატოვებთ ბრძოლას, არაფერი გამოვა. ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, სხვა ვერ გააკეთებს,“ – გვითხრა საუბრის დასასრულს თამარ დემურიამ.
ამ თემაზე:






