„აქ იყო ივანიშვილის სურვილი და ამიტომაც უცებ გაუფორმეს საპროცესო საზღვრის კვეთაზე, ფინანსურ დანაშაულზეც, უცებ ჩატარდა სხდომაც, მაშინ, როცა ეს თვეობით იწელება… ივანიშვილმა საკუთარი სახლის სხვენად გადააქცია სასამართლო სისტემა. ეს უკვე კლანური მართვაც აღარ არის,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე. მას გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ვესაუბრეთ.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გუშინ, 18 თებერვალს გაათავისუფლეს.
„ბიძინა ივანიშვილის ეს მოქმედება მენტალურად რუსულ-ქურდული „კოზა ნოსტრას“ სინდიკატს არათუ წააგავს, არამედ ერთი-ერთშია,“ – ხატია დეკანოიძე ინტერვიუში გვიყვება, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე.
- ქალბატონო ხატია, რა გამოჩნდა თქვენთვის გიორგი ბაჩიაშვილთან სისხლის სამართლის სამივე საქმეზე ერთდროულად გაფორმებული საპროცესო შეთანხმებით? მას ივანიშვილი ედავებოდა და საუბარი იყო მილიონობით აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინების მითვისებაზე.
ჩემთვის ეს არის ტერორის კიდევ ერთი გამოვლინება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი უწყობს ყველა იმ ადამიანს, რომელიც მის წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი, ფინანსურ კონტექსტში, გაბედავს წასვლას.
განსაკუთრებით ეს ეხება მის ყოფილ მომხრეებსა და გულშემატკივრებს.
მეორე, რაც გამოჩნდა, ეს არის შემზარავი ფაქტი: სასამართლოს და კრიმინალური იუსტიციის პრაქტიკულად ყველა რგოლის უმძიმესი და კატასტროფული მდგომარეობა. არ უნდა დაგვავიწყდეს ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებული დეტალები: როდესაც ეს ადამიანი განუდგა ბიძინა ივანიშვილს – არ ვიცი, რა ფული ვერ გაიყვეს კონკრეტულად – მოიტაცეს ეს კაცი, რასაც ჰქვია. გვახსოვს ასევე ძალიან კარგად, როგორ ჩართო ამაში ივანიშვილმა სახელმწიფო რესურსი, სუს-ს მისცა დავალება და მოიტაცეს ეს ადამიანი, ჩამოიყვანეს უშუალოდ ოხანაშვილის [სუსის მაშინდელი უფროსი] ჩართულობით. გვითხრეს, რომ ვითომ მწვანე ზოლზე დააკავეს და ეს იყო ტყუილი.
შემდეგ ციხეში ჩასვეს და იძალადეს ამ ადამიანზე იმისთვის, რომ ივანიშვილს მიეღო ფული.
- პროკურატურის ვერსიით, გაითამაშა გიორგი ბაჩიაშვილმა მასზე ძალადობა და ამაში ციხის ადმინისტრაცია იყო ჩართული.
დიახ, მაგრამ ციხის დირექტორმა მოიკლა თავი ამის შემდეგ. ესეც ძალიან მძიმე ტერორის გამოხატულებაა.
სასამართლო სისტემაში ყოველთვის ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. ვამბობთ, რომ წინა ხელისუფლების დროსაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა იყო დიდი პრობლემა, მაგრამ ივანიშვილმა საკუთარი სახლის სხვენად გადააქცია სასამართლო სისტემა. ეს უკვე კლანური მართვაც აღარ არის. ეს არის პირდაპირ დამორჩილებული, დამონებული, დამოუკიდებელი აზროვნების უნარიც წაართვა ამ ადამიანებს.
ეს არის უმძიმესი პრობლემა, რომელიც პრაქტიკულად ყველა ადამიანს, რა თქმა უნდა, დაეწევა.

ხატია დეკანოიძე
ეს არის ბიძინა ივანიშვილის პარანოიდალური, ავადმყოფური სწრაფვა საკუთარი ფინანსური კეთილდღეობისთვის, რაც არის ძალიან დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის.
ბაჩიაშვილის სიცოცხლე რომ საფრთხეში იყო, ფაქტია. ახლა მან გადაწყვიტა, რომ ეს ფული უკან დაუბრუნოს ივანიშვილს. არ ვიცი, რა როგორ დაბრუნდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამას წინ არ უძღოდა შესაბამისი მოქმედებები. ივანიშვილმა დარეკა და კრიპტოვალუტების კოდები ალბათ მისცა ბაჩიაშვილმა. მანამდე კი, მას სრული ტერორი მოუწყო. ოჯახის წევრებზეც კი მოუწყო ტერორი, ყველაფერი დაუყადაღა, სპეციალურად მისთვის მიიღეს ახალი კანონები…
- გულისხმობთ კანონს, რომლის მიხედვითაც ფინანსური დანაშაულისთვის ნასამართლევ პირებს 16 წლით ეკრძალებათ ქვეყნის დატოვება, თუ ზარალს არ აანაზღაურებენ? სუსის მოქმედმა უფროსმა და „ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა – მამუკა მდინარაძემ ამ საკანონმდებლო პაკეტის წარდგენის დროს დაადასტურა, რომ ცვლილებების ერთ-ერთი ინსპირატორი გიორგი ბაჩიაშვილი იყო.
დიახ, ქვეყნის დატოვების აკრძალვის გარდა, ფინანსური ზარალი შეიძლება აენაზღაურებინა არა მხოლოდ იმ ადამიანს, რომელსაც ადანაშაულებდნენ, არამედ იმას, ვინც ამ ადამიანთან ფინანსურად კავშირში იყო. ამიტომაც, ეს ძალიან ბუნდოვანი ჩანაწერია.
პრაქტიკულად, გიორგი ბაჩიაშვილი და მისი ოჯახი იყო განადგურების პირას.
ბიძინა ივანიშვილის ეს მოქმედება მენტალურად რუსულ-ქურდული „კოზა ნოსტრას“ სინდიკატს არათუ წააგავს, არამედ ერთი-ერთშია.
- დაცულია, თქვენი აზრით, გიორგი ბაჩიაშვილის უსაფრთხოება დღეს? როგორც მისი ადვოკატი ლევან მახარაშვილი ამბობს, ის არ აპირებს ქვეყნის დატოვებას. გიორგი ბაჩიაშვილი კიდევ 3 თვე პირობითი მსჯავრის ქვეშ არის, მაგრამ სახელმწიფოსგან თანხმობის შემთხვევაში, მას შეუძლია დატოვოს ქვეყანა.
როგორც ჩანს, როდესაც ივანიშვილის ფულს შეეხები, ის პარანოიდალურად არის შეპყრობილი საკუთარი კეთილდღეობით და უსაფრთხოებით. გვახსოვს 2 მილიარდის ამბავი, რომელსაც ივანიშვილი ედავება გაკოტრებულ შვეიცარიულ ბანკს და მერე ამ მილიარდზე ტრამპს როგორი წერილი მისწერა? აქ ხომ ბაჩიაშვილზე არ არის საუბარი – პრეზიდენტ ტრამპზეა საუბარი. გამოვიდა ელჩი დანიგანი და თქვა, ასეთი წერილი არასდროს არ მინახავსო, არა მხოლოდ დიპლომატიურ არხებზე, არამედ, ზოგადად, წერილიო.
დიდი ხანია ვიცნობ ივანიშვილის მმართველობის სტილს – მის ოპოზიციაში ვარ პრაქტიკულად 14 წელი, მაგრამ ეს ადამიანი თავისი პარანოიდალური აკვიატებებით არის ძალიან საშიში არამხოლოდ ბაჩიაშვილისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის.
ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა და გიორგი ბაჩიაშვილმა ფინანსური კაპიტალი ერთად დააგროვეს. შემდეგ არ ვიცი, რა პროცენტს სთხოვდა ივანიშვილი, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც პროცენტს სთხოვდა, თანაც, ივანიშვილს როგორი „კანონიერი ქურდის“ მიდგომები აქვს. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ქვეყანაში კრიმინალია გაზრდილი და ბანდები მართავენ ქვეყანას, უნდა გვესმოდეს, რომ „კანონიერი ქურდის“ მენტალობით ადამიანი ქვეყანას აზის თავზე და მას ქვეყანა აქვს მიტაცებული.
ანუ დამონებულია იუსტიცია და პრაქტიკულად დამონებულია სასამართლო, სადაც ერთეული მოსამართლეებიც კი აღარ არსებობენ, რომლებიც ამაზე ხმას ამოიღებენ და ასე ღამე გადაწყვიტეს საქმე – უცებ რაღაც კოდები გაიგო ივანიშვილმა და მერე გამოაშვებინა ბაჩიაშვილი. ეს არის თავიდან ბოლომდე უკანონობა და კანონის გარეშე მოქმედება, თარეში იმ ადამიანებისა, ვინც ბიძინა ივანიშვილის კაპრიზებსა და სურვილებს ასრულებს.
ბაჩიაშვილი როდესაც დააკავეს, მოიტაცეს და აქ ჩამოიყვანეს, მაშინაც ვთქვი, რომ ამ ადამიანის სიცოცხლე არ არის დაცული. შეუვარდა ვიღაც კრიმინალი საკანში და სცემა კიდევაც, ხომ? მას კოდებს სთხოვდნენ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მისი პირადი სურვილით არის პატიმრობაში, ამ ადამიანის სიცოცხლე დაცული არ არის. მას აქვს პარანოიდული, კონსპირაციული თეორიები მასონთა ლოჟებზე, დიპსტეიტებზე და ასე შემდეგ. იგი არ აზროვნებს კანონის უზენაესობის კონტექსტში. ის აზროვნებს, როგორც „კოზა ნოსტრა“, ჩვეულებრივი, მაფიოზი ადამიანი.
- რა ფაქტორები აჩვენებს კონკრეტულად, რომ ივანიშვილის დაკვეთით მოქმედებს პროკურატურა, ან სასამართლო? პროკურატურას უფლება აქვს, გააფორმოს საპროცესო შეთანხმება, თან დანაშაულიც აღიარებულია და ზიანიც ანაზღაურებულიაო.
ივანიშვილი სთხოვდა ამ ფულს ბაჩიაშვილს და მას ჰქონდა პრეტენზია 40 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინზე. ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც უშუალოდ ჩართო სუსი ამ საქმეში. ამის გამო აუცილებლად ყველა ის ადამიანი პასუხს აგებს, როდესაც საქართველოში ობიექტური მართლმსაჯულება იქნება. როგორ შეიძლება სხვა სახელმწიფოდან მოიტაცო ადამიანი და უკანონოდ გადმოალახვინო საზღვარი თავზე ტომარაჩამოცმულს? ყველაზე უფრო დიდ ავტოკრატიებშიც ძალიან იშვიათად ხდება მსგავსი რამ.
აქ იყო ივანიშვილის სურვილი და ამიტომაც უცებ გაუფორმეს საპროცესო საზღვრის კვეთაზე, ფინანსურ დანაშაულზეც, უცებ ჩატარდა სხდომაც, მაშინ, როცა ეს თვეობით იწელება. 2012 წელს დაწყებული საქმეები ამ დრომდე არაა დამთავრებული და გამოძიებულიც კი…
ეს აჩვენებს კატასტროფულ ვითარებას, როგორც ჯანგველაძე-მიქაძეების კლანის დაპირისპირება სასამართლოში, ხელჩართული ბრძოლა ან ფარცხალაძის ქოლცენტრები. ეს ყველაფერი არის კრიმინალური სამყაროს ინფილტრაცია სახელმწიფოში.
ჩემი აზრით, უმძიმესი შედეგების მოწმეები ვიქნებით ძალიან მალე – 90-იანი წლების დაბრუნება, როდესაც მართლაც ორგანიზებული დანაშაული მართავს ყველა ფინანსური ნაკადის დინებას. ათასობით ახალგაზრდა ჩართულია ამ ორგანიზებულ, დანაშაულებრივ სქემაში, რაც აწყობს „ქართულ ოცნებას“. ეს საკითხი, რაც რეალურად ბაჩიაშვილს უკავშირდება და არა მხოლოდ მას, არის საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის უმძიმესი მდგომარეობის გამოხატულება.
- რას ნიშნავს მოქალაქისთვის ეს ამბავი, მას როგორ შეეხება პრაქტიკულად?
ეს ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებს, ჩვენ, წაგვერთვას მოქალაქეობის მთავარი ფორმულის განხორციელების შესაძლებლობა – ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავიცვათ ჩვენი თავი, ჩვენი უფლებები. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მოიტაცოს კრიმინალურმა ავტორიტეტმა, გამოსასყიდი მოითხოვოს, კრიმინალური ბანდების თარეში იყოს, შეკვეთილი მკვლელობები იყოს, როდესაც კანონიერი ქურდები უპირისპირდებიან მეორე კრიმინალურ ბანდას.
ვფიქრობ, ეს არის მოქალაქისთვის ქაოსი და ძალადობა. მინდა ხაზი გავუსვა – ეს არ არის მშვიდობა. ეს არის მოქალაქეზე ძალადობა. კრიმინალური ინფილტრაცია ორგანიზებული დანაშაულის და თვითონ სახელმწიფოს მიტაცების კონტექსტში – ეს არის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ნაწილი, რომელსაც რუსეთი ძალიან აქტიურად იყენებს.
ყველამ ვიცოდით ყველაფერი, მაგრამ უფრო თვალსაჩინოდ დადასტურდა, რომ შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილის სხვენში გადაწყდეს მართლმსაჯულების ნებისმიერი ინსტანციის გადაწყვეტილება. ივანიშვილის სახლში დაშენებული სხვენია ეს. ამაზრზენია ეს ყველაფერი, რაც აქამდე შეიძლებოდა გვეგრძნო.
შეიძლება ივანიშვილის ზარით გადაწყდეს ნებისმიერი საკითხი, ნებისმიერი ადამიანის დაემუქრონ მოკვლით, სიცოცხლის მოსპობით ან ვთქვათ ფულის წართმევით ან გათავისუფლებით. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ძალიან კარგად ვიცოდი ეს ყველაფერი, მაინც შემზარავი იყო. ეს განსაკუთრებულად ივანიშვილის პიროვნებას უსვამს ხაზს.






