მთავარი,სიახლეები

ბათუმელი მედროშე მე-10 დღეა შიმშილობს: „მითხრა, გადავწყვიტე თავი გადავდო სამშობლოსთვისო“

05.12.2025
ბათუმელი მედროშე მე-10 დღეა შიმშილობს: „მითხრა, გადავწყვიტე თავი გადავდო სამშობლოსთვისო“

„ბათუმელი მედროშე მე-10 დღეა შიმშილობს“ – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნათია თოხაძე. მან გვითხრა, რომ ზურაბ ჭავჭანიძეს გუშინ, 4 დეკემბერს ესაუბრა.

„რუსთავის დაწესებულებაში ვიყავი, რომ ამანათები შემეგზავნა პოლიტპატიმრებისთვის, ამ დროს დამირეკა ტელეფონზე ზურაბ ჭავჭანიძემ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნათია თოხაძე. – „ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ მე მას წერილი მივწერე ციხეში. მივწერე, რომ შემიძლია მისი ხმა ვიყო, დამირეკოს ყოველდღიურ საჭიროებებზე…

მითხრა, რომ ძალიან გაუხარდა წერილები, ბევრი ისაუბრა ამაზე. მითხრა, რომ 9 დღეა შიმშილობს… მითხრა, გადავწყვიტე თავი გადავდო სამშობლოსთვის და არ ვაპირებ შეწყვეტასო. შემდეგ იმდენად იყო ტექნიკური ხარვეზი, წყვეტილად მესმოდა ხმა,“ – გვითხრა ნათია თოხაძემ.

ზურაბ ჭავჭანიძის მეუღლე, მარინა გორჯელაძე ამბობს, რომ ზურაბი წყალსაც არ იღებს.

„დღეს ვესაუბრე, მითხრა, რომ წყალსაც არ სვამს, მხნედ ვარო,“ – გვითხრა მარინა გორჯელაძემ.

როგორია ზურაბ ჭავჭანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა? – „ბათუმელები“ პენიტენციური სამსახურის პრესცენტრს დაუკავშირდა, თუმცა გვიპასუხეს, რომ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებს ეხება და ვერ მოგვაწვდიან.

ზურაბ ჭავჭანიძე გუშინ, 4 დეკემბერს უნდა მოენახულებინა ადვოკატ ნინო ლომინაძეს, თუმცა „ბათუმელები“ მასთან დაკავშირებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

________________________

ბათუმელი მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ნოემბერს წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

„ოცნების“ პროკურატურა ზურაბ ჭავჭანიძეს ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. სასჯელის სახით ეს მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზურაბ ჭავჭანიძე კატეგორიულად არ ეთანხმება მისთვის წარდგენილ ბრალდებას. ადვოკატის, ნინო ლომინაძის თქმით, ამ საქმეში პროკურატურას არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ზურაბ ჭავჭანიძის მიერ დანაშაულის ჩადენას.

სასამართლო პროცესზე ზურაბ ჭავჭანიძემ მოსამართლის კითხვაზე, სად ცხოვრობთ? უპასუხა: „არსად [გაეცინა]. სოხუმელი ვარ მე თვითონ და ახლა სხვის სახლში ვცხოვრობ. დარეგისტრირებული ვარ ბათუმში”.

საქმიანობის შესახებ დასმულ შეკითხვას კი, ზურაბ ჭავჭანიძემ ასე უპასუხა: „ჩემს საქმიანობას სამ კატეგორიად ვყოფდი: იძულებით, მოწოდებით და დიპლომით”.

აქ მას მოსამართლემ გააწყვეტინა საუბარი და სთხოვა, დაესახელებინა სამუშაო ადგილი. „დაცვის სამსახურში ვმუშაობ“ – უპასუხა ზურაბ ჭავჭანიძემ.

ბათუმელმა მედროშემ მოსამართლეს მიმართა:

„მე ვარ სოხუმელი. სოხუმში 15 ვაჟკაცი [საუბარია ქართველ მებრძოლებზე] დავკარგე — ახალგაზრდა ბავშვები, 19-25 წლის. გამოვდივარ [აქციაზე] იმიტომ, რომ მათი სულები არ მაძლევენ საშუალებას, გავჩერდე. იმიტომ, რომ მათ თავი რუსებთან ბრძოლას შესწირეს…

ჩემი სამშობლოს გულისთვის ვდგავარ აქ. მე ყოველდღე გავდივარ სიკვდილს და სიცოცხლეს შორის — მშრალი შიმშილობა მაქვს გამოცხადებული. ზუსტად ასეთ დღეში ვართ ახლა საქართველოში. მიცვალებული ორჯერ არ კვდება. მე სოხუმში დავიღუპე, მაგრამ ვაგრძელებ სიცოცხლეს მხოლოდ სიყვარულისთვის და სიკეთისთვის. ჩემი ერთადერთი აზრი ყოველთვის იყო სიყვარული, სიკეთე და ბედნიერ საქართველოში ცხოვრება. და თუკი ახლა სასამართლოში ვდგავარ, ფაქტობრივად, სიყვარულს და პატიოსნებას აპატიმრებთ, იმიტომ, რომ მე სხვანაირად არ შემიძლია.

და კიდევ ერთ რამეს ვიტყვი — გამარჯვებულები შურს არ იძიებდნენ! არსად და არასდროს!“ — განაცხადა ზურაბ ჭავჭანიძემ.

ამ თემაზე:

„ვუთხარი ჩემს შვილებს, თავი ასწიონ“ – რას ამბობენ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები ბათუმიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: