მთავარი,სიახლეები

„ჩვენ წინააღმდეგ გადადგმული ყველა ნაბიჯი არის ბავშვების წინააღმდეგ“ – PHR

02.10.2025 •
„ჩვენ წინააღმდეგ გადადგმული ყველა ნაბიჯი არის ბავშვების წინააღმდეგ“ – PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) წლებია ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების, ასევე შშმ პირების უფლებებს იცავს და 1000-მდე საქმეში უწევს მათ სამართლებრივ დახმარებას. ორგანიზაცია იცავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების უფლებებსაც.

რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიურო PHR-ისგან ითხოვს ყველა ტიპის ინფორმაციას, მათ შორის ფინანსურ დოკუმენტებს და ამ ფორმით ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციაზე ზეწოლას.

„ბათუმელები“ ორგანიზაციის დირექტორს, თამარ გაბოძეს ესაუბრა ამ თემაზე.

„პირდაპირ არ წერია წერილში, რომ ბენეფიციარების შესახებ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, მაგრამ ითხოვს ორგანიზაციის შესახებ ყველა სახის ინფორმაციაზე წვდომას, მათ შორის ითხოვს შინაარსობრივ, ნარატიულ ანგარიშებს, ითხოვს შუალედურ და საბოლოო ანგარიშებს და ეს შინაარსობრივი ანგარიშები, რა თქმა უნდა, შეიცავს ადამიანების ისტორიას.

მიუხედავად იმისა, რომ სახელები არ არის იდენტიფიცირებადი, ეს არის ისტორიები იმ ადამიანების შესახებ, ვისაც ორგანიზაციამ გაუწია იურიდიული დახმარება და უწევს დღემდე.

ანტიკორუფციული ბიუროსთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენი ორგანიზაცია ეხმარება ძალადობა გამოვლილ ბავშვებს, ქალებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, როდესაც ისინი არიან გაუპატიურების მსხვერპლი და ძალიან კარგად იცის ანტიკორუფციულმა ბიურომ, რომ ჩვენი ერთადერთი საქმიანობა, თუ რამე გვიკეთებია დაარსების დღიდან, ეს არის მოწყვლადი ადამიანების დახმარება და სამართლებრივი წარმომადგენლობა.

ამის მიუხედავად, ჩვენ მოგვივიდა წერილი, სადაც უთითებენ, რომ დაწყებულია საქმის წარმოება ჩვენი ორგანიზაციის „გრანტების შესახებ საქართველოს კანონთან“ შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით მონიტორინგი იწყება მაშინ, როდესაც გრანტი მიღებულია 2025 წლის 17 აპრილის შემდეგ და ჩვენ ასეთი გრანტი არ გვაქვს“ – ამბობს თამარ გაბოძე.

მისი თქმით, ბუნდოვანია, რის საფუძველზეა დაწყებული წარმოება, რატომ არ იყო PHR-ი ამ პროცესში ჩართული და რატომ არ არის ცნობილი, რა მასალები არსებობს ორგანიზაციის წინააღმდეგ.

„ისეა მოთხოვნილი ეს ინფორმაცია, რომ არ არის მითითებული კონკრეტული მუხლი, რის საფუძველზე გვთხოვენ ინფორმაციას. არ არის გაზიარებული ბიუროში დამუშავებული ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ, რაც, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაშია როგორც ეროვნულ კანონმდებლობასთან, ისე საერთაშორისო ხელშეკრულებებთან, რომელიც უთითებს ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის სტანდარტებზე.

მაშინ, როდესაც ორგანიზაციის შესახებ ითხოვს ფინანსურ ანგარიშებს, მათ შორის, ნარატიულ ანგარიშებს, უნდა არსებობდეს ამის მკაფიო საფუძველი, თუმცა მკაფიო საფუძველი რა არის, ამის შესახებ საერთოდ არ გვაქვს ინფორმაცია“- ამბობს თამარ გაბოძე.

მისი თქმით, ორგანიზაციის საპასუხო რეაქცია იქნება ის, რომ კუპრაშვილის ბიუროს მოსთხოვენ იმ ინფორმაციის გაზიარებას, რომელიც მათ დაამუშავეს და ასევე დასაბუთებას – რომელი სამართლებრივი ნორმის საფუძველზე სთხოვენ ორგანიზაციას, რომელიც იცავს გაუპატიურებულ ბავშვებს, რომ გაუზიაროს შინაარსობრივი ანგარიშები.

თამარ გაბოძის შეფასებით, სინამდვილეში ბიუროს მიზანია არა ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშების და გრანტების მიღების შემოწმება, არამედ ორგანიზაციის წინააღმდეგ მოქმედება.

„ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობა, აბსოლუტურად არ არის დაკავშირებული PHR-ის საქმიანობასთან და მართლა რომ კორუფციითაა სავსე არაერთი უწყება, სწორედ ამის შესწავლაა ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობა და არა იმ ორგანიზაციების დევნა, რომლებიც ეხმარებიან ქალებს, ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს.

ხელისუფლებას, „ოცნებას“ სურს, რომ ისევე როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, PHR-საც არ მისცეს მუშაობის და არსებობის გაგრძელების შესაძლებლობა და ამ შემთხვევაში ამას აკეთებს ანტიკორუფციული ბიუროს სახელით და ხელით.

თუ ისინი რეპრესიული მეთოდებით შეეცდებიან ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერებას, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც ჩვენ სამართლებრივ დახმარებას ვუწევთ, დარჩება ამ მომსახურების გარეშე.

კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს იმ ფაქტს, რომ ჩვენი ორგანიზაცია დაარსების დღიდან იცავს მოწყვლადი ადამიანების უფლებებს და ეს ძალიან კარგად იცის ანტიკორუფციულმა ბიურომ, რადგან ხშირ შემთხვევაში ჩვენი მოპასუხეები არის სახელმწიფო უწყებები, რომლებმაც ვერ აარიდეს ადამიანებს ზიანი.

ჩვენს ორგანიზაციაზე შეტევა ნიშნავს, ის ადამიანები დატოვონ დაცვის გარეშე, რომელთათვისაც ხშირად უკანასკნელი იმედი ვართ, რადგან უბრალოდ მათ ვერსად ვერ პოვეს სამართალი და ჩვენთან მოდიან იმისთვის, რომ სამართლებრივ ბრძოლაში, რაც არ არის ხოლმე ადვილი და ხშირ შემთხვევაში წლების განმავლობაში გრძელდება, არ იყვნენ მარტო.

შესაბამისად, ჩვენ წინააღმდეგ გადადგმული ყველა ნაბიჯი არის ბავშვების წინააღმდეგ მიმართული, რადგან იურიდიული დახმარების გარეშე აღმოჩნდება ძალიან ბევრი ძალადობა გამოვლილი ადამიანი და არ მომერიდება იმის თქმა, რომ ორგანიზაციას ჰყავს გადარჩენილი ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, რომლებსაც სუიციდის გეგმებიც კი ჰქონდათ.

ამიტომ ორგანიზაციის მიზანი იყო გადაერჩინა ეს ადამიანები და როგორღაც სამართალი ეპოვა მათთან ერთად“-ამბობს თამარ გაბოძე.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების გარეშე დარჩენილი საზოგადოება სწორ ინფორმაციასაც კი ვერ მიიღებს და არაერთი სერვისი გაჩერდება, მათ შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისები.

„ცხადია, ჩვენ ასე ადვილად დანებებას არ ვაპირებთ და გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას, რადგან ჩვენი გაცხადებული მიზანია, ამ ქვეყანაში ბავშვების, ქალების და ვრჩებით ჩვენი მიზნების და იმ ადამიანების ერთგული, რომლებსაც აღვუთქვით დახმარება ამ წლების განმავლობაში.

ბევრი შემთხვევა, მათ შორის პრეცედენტული საქმეებია, როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისები მიიღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა, მათ შორის სრულწლოვანებმა. ასე, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ასე ადვილად დავასრულოთ საქმიანობა, რადგან ჩვენი საქმიანობა ყოველთვის იყო თანხვედრაში კანონიერებასთან და სამართლიანობასთან.

ამიტომ კუპრაშვილის მიზანია არა შემოწმება, არამედ ორგანიზაციის საქმიანობის ხელის შეშლა“-ამბობს თამარ გაბოძე.

მისი თქმით, კუპრაშვილის ბიურო სავარაუდოდ სასამართლოს მიმართავს და ასე შეეცდება დოკუმენტაციის ამოღებას, თუმცა ორგანიზაცია აპირებს ბრძოლას საკუთარი უფლებებისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: