მთავარი,სიახლეები

„აშშ-ს არ აქვს ირანის წინააღმდეგ ომის დასრულების სტრატეგია“ – მერცი

27.04.2026
„აშშ-ს არ აქვს ირანის წინააღმდეგ ომის დასრულების სტრატეგია“ – მერცი

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, აშშ-ს არ გააჩნია სტრატეგია ირანის წინააღმდეგ ომისთვის, მათ შორის, თუ როგორ უნდა დასრულდეს ის.

„ამ ეტაპზე, მე არ მესმის, რა სტრატეგიულ ვარიანტს აირჩევენ ამერიკელები, მით უმეტეს, რომ ირანელები აშკარად ძალიან ოსტატურად ახერხებენ მოლაპარაკებებს – ან, უფრო სწორად, ძალიან ოსტატურად არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა 27 აპრილს დასავლეთ გერმანიაში სტუდენტებთან შეხვედრისას.

მერცის ციტატას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მერცის თქმით, ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების გადაწყვეტილება არასწორად იყო გააზრებული.

გერმანიის კანცლერმა ასევე თქვა, რომ აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყეს ევროპელებთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

კანცლერმა განაცხადა, რომ მან უკვე ორჯერ გამოთქვა სკეპტიციზმი ამ ქმედებების მიმართ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან. „რომ მცოდნოდა, რომ ეს ხუთ ან ექვს კვირას გაგრძელდებოდა და მხოლოდ გაუარესდებოდა, კიდევ უფრო კატეგორიულად ვეტყოდი“, – დასძინა მან.

გერმანიის კანცლერის თქმით, ასეთი კონფლიქტების პრობლემა ყოველთვის ის არის, რომ რთულია მისი დასრულება. „ეს ძალიან მტკივნეულად ვნახეთ ავღანეთში 20 წლის განმავლობაში. ეს ვნახეთ ერაყში“ – თქვა მან.

ირანისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში 11 აპრილს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევიდან რამდენიმე დღეში გაიმართა, თუმცა დადებითი შედეგი არ გამოიღო.

თეირანმა მოლაპარაკებებში პროგრესის პირობად ირანის პორტების აშშ-ის ბლოკადის მოხსნა დაასახელა. თუმცა, ტრამპი აცხადებს, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ უნდა შეწყვიტოს ბირთვული პროგრამის განახლების უფლების მოთხოვნა, რადგან, მისი თქმით, თეირანის მიერ ბირთვული იარაღის განვითარება იყო აშშ-სა და ისრაელის ირანის წინააღმდეგ ომის მიზეზი.

ამასობაში, ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების შეჩერება, რომელიც თავდაპირველად ორი კვირით იყო დაწესებული, ძალაში რჩება. ცეცხლის შეწყვეტის ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე, ტრამპმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა გაგრძელდება „სანამ მოლაპარაკებები ასე თუ ისე არ დასრულდება“. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ირანული მხარის მოთხოვნით მიიღო.

ირანის ხელმძღვანელობამ უარი თქვა შემდგომ მოლაპარაკებებზე. ტრამპმა ასევე 26 აპრილს განაცხადა, რომ მისი დელეგაცია აღარ გაფრინდება პაკისტანში ირანთან ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებებისთვის. ერთი დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა გააუქმა ამ თემაზე მისი წარმომადგენლების დაანონსებული ვიზიტი ისლამაბადში, სადაც ირანთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი აპრილის ბოლოს იყო დაგეგმილი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: