მთავარი,სიახლეები

„თურქეთში თვალზე ოპერაციას გაუკეთებენ“ – ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძეზე

27.08.2025 •
„თურქეთში თვალზე ოპერაციას გაუკეთებენ“ – ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძეზე

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ალექსი ახვლედიანი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის შესახებ პირველ ვრცელ კომენტარს აკეთებს.

დღეს, 27 აგვისტოს, ალექსი ახვლედიანმა დეტალურად გაიხსენა 6 ივლისის შემთხვევა ჟურნალისტებთან.

ახვლედიანის ვერსიით, 6 ივლისს, საღამოს 5 საათზე დაურეკა თორნიკე რიჟვაძემ და შესთავაზა მასთან სახლში, საგარეჯოში წასულიყვნენ. ახვლედიანი ამბობს, რომ ის და რიჟვაძე ახლო მეგობრები არიან და მას „მეოთხე შვილადაც“ მოიხსენიებდა.

ალექსი ახვლედიანის ვერსიით, საგარეჯოში 6 ივლისს იყო თორნიკე რიჟვაძე, თავად ახვლედიანი, ალექსი ახვლედიანის უმცროსი შვილი, ალექსი ახვლედიანის ორი მეგობარი და დამხმარე ქალი. მოგვიანებით საგარეჯოში ჩავიდა თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე და სიძე, დავით ბალაძე.

„იყო ჩვეულებრივი, მეგობრული ვახშამი, როგორც უნდა ყოფილიყო“, – თქვა ალექსი ახვლედიანმა.

ალექსი ახვლედიანის თქმით, როცა სუფრა დაიშალა, საგარეჯოს სახლში დარჩა თავად და თორნიკე რიჟვაძე. მან მიაცილა რიჟვაძე საძინებლამდე და თავად ტუალეტში შევიდა.

„ტელეფონი დამჯდარი მქონდა, ტელეფონი დავდე დატენვაზე და შევედი ტუალეტში. რამდენიმე წუთში მესმის ტელეფონის ზარი. გამოვედი, დავხედე, თორნიკე რეკავს. ავიღე ყურმილი, ხო ძმაო, გისმენ, გისმენ… ხმა არ გამცა, რა. მერე გავთიშე და გადავურეკე, ვიფიქრე, შეიძლება კავშირი არ არის. გადავურეკე და აღარ იღებდა და რომ არ იღებდა, გამოვედი ინსტინქტურად, რომ რა ხდება, რა და ნუ მერე…“ – გაიხსენა ალექსი ახვლედიანმა.

ალექსი ახვლედიანის თქმით, მას არ გაუგია გასროლის ხმა, როდესაც ოთახში შევიდა თორნიკე რიჟვაძე უგონო მდგომარეობაში დახვდა და შემდეგ საავადმყოფოში წაიყვანა.

ალექსი ახვლედიანმა დღეს, 27 აგვისტოს, ასევე ისაუბრა თორნიკე რიჟვაძის 6 ივლისამდელ გეგმებზე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორის მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძეს სურდა თანამდებობიდან წასვლა, რადგან ფიქრობდა, რომ „შვიდი წელი ძალიან ბევრი იყო მისი იქ [აჭარაში] ყოფნისთვის, როგორც მისთვის, ასევე რეგიონისთვისაც“.

„მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ თავისი საქმიანობა გაეგრძელებინა დიპლომატიური მიმართულებით. ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით, მან უთხრა თუ არა პრემიერს ამის შესახებ… ზუსტად ვიცი, რომ შესაბამის დროს ეძებდა და ამიტომ მოხდა ეს ცვლილება თუ არა, ნამდვილად ეს არ მიკითხავს და არ დამიზუსტებია. როდესაც მისი გათავისუფლება მოხდა, რამოდენიმე დღეში ის ჩამოვიდა თბილისში, როგორც შემდგომ მომიყვა, შეხვდა პრემიერს და შეთანხმდნენ, რომ უნდა გაეგრძელებინა მუშაობა, როგორც სურვილი ჰქონდა, დიპლომატიურ სამსახურში. როგორც მან მითხრა, თვითონ მოითხოვა, რომ თუ იქნებოდა შესაძლებელი, ეს ყოფილიყო დიდ ბრიტანეთში, რაზეც მან მიიღო თანხმობა,“ – თქვა ჟურნალისტებთან ალექსი ახვლედიანმა.

ახვლედიანის ინფორმაციით, მან ურჩია თორნიკე რიჟვაძეს, ბრიტანეთის ნაცვლად ჩეხეთში საქართველოს ელჩობა ეთხოვა პრემიერ-მინისტრისთვის.

„მე ვურჩევდი, რომ ეგება ეთხოვა პრემიერისთვის, რომ ბრიტანეთის მაგივრად წამოსულიყო ჩეხეთში ელჩად, იმიტომ, რომ იცით, მე საკმაოდ მჭიდრო კავშირები მაქვს. ორივეს ძალიან, თვითონ ჩეხეთის ქართველობაში ძალიან ბევრი სამეგობრო გვყავს, ბევრი ნაცნობი, ბევრი ახლობელი და გაცილებით გაუადვილდებოდა მას იქ, ვიდრე ბრიტანეთში და ჩვენც იმიტომ, რომ უფრო ახლოს იქნებოდა და უფრო რაღაცა. თორნიკემ ერთ-ერთი მიზეზი დაასახელა, რომ აუ, სამაგიეროდო, ბრიტანეთშიო, შვილები მიიღებენ ცოტა უფრო მაღალ კვალიფიციურ განათლებასო…“ – თქვა ალექსი ახვლედიანმა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორს ჟურნალისტებმა რიჟვაძის ახლანდელ მდგომარეობაზეც დაუსვეს შეკითხვა. ალექსი ახვლედიანის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ორთვიან სარეაბილიტაციო კურსს გადის და მასთან კონტაქტი მკაცრად შეზღუდულია. ალექსი ახვლედიანის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს მანამდე პრობლემა ჰქონდა თვალთან დაკავშირებით, რომელი პრობლემაც სტრესის ფონზე უფრო გაუარესდა.

„მასთან კომუნიკაცია არის საკმაოდ შეზღუდული ოჯახის წევრებისთვისაც კი. როგორც მე მაქვს ინფორმაცია ოჯახიდან, დაუნიშნეს ორთვიანი, საკმაოდ ისეთი მკაცრი ფსიქოლოგიური მკურნალობა, მხოლოდ ცოტა ხნით ბავშვებს აქვთ შესვლის უფლება, ტელეფონი და რაიმე მსგავსი მას არა აქვს. გუშინწინდელი ინფორმაციით, ალბათ კვირის ბოლოს, თურქეთშივე გაუკეთებენ თვალის ოპერაციას,“ – თქვა ალექსი ახვლედიანმა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ივლისის დასაწყისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჰყავდა დაკავებული თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე და სწორედ მამის მოსაძებნად ჩავიდა თორნიკე რიჟვაძე თბილისში.

ახვლედიანმა ასევე უარყო ინფორმაცია ინცინდენტში მამუკა მდინარაძის შესაძლო მონაწილეობაზე და თქვა, რომ ის არასდროს შეხვედრია მამუკა მდინარაძეს.

“ჩემდა სამწუხაროდ და მერე, როგორც ბატონი მამუკას ბიოგრაფია წავიკითხე, ჩვენ ერთ პერიოდში გვიმუშავია შინაგან საქმეთა სამინისტროში. ბატონი მამუკა მდინარაძეს მე არ ვიცნობ და საერთოდ, აი, ერთ სივრცეშიც არ ვართ არასდროს ნამყოფი,” – თქვა ალექსი ახვლედიანმა.

ალექსი ახვლედიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მას პროკურატურამ ბრალი სსკ-ის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.

ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

დღეს, 27 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

—————————–

7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უგონო მდგომარეობაში მყოფი, იარაღით დაჭრილი მიიყვანეს საგარეჯოს კლინიკაში. შსს-ს და პროკურატურის ვერსიით, თორნიკე რიჟვაძეს თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა.

იმავე დღეს დააკავეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორი ალექსი ახვლედიანი, რომლის სახლშიც მოხდა ინციდენტი. გამოძიება ალექსი ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებოდა. შსს-ს ვერსიით სწორედ ალექსი ახვლედიანის კუთვნილი იარაღით სცადა თვითმკვლელობა თორნიკე რიჟვაძემ.

„ივანიშვილს საქმის გარჩევა რიჟვაძესთან არ დაუსრულებია“ – რას ნიშნავს მდინარაძის განცხადება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: