აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გერმანიაშია. ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი.
ალექსი ახვლედიანის მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძე გერმანიაში სამკურნალოდ წავიდა.
„თვალის ერთი ოპერაცია ხომ გაიკეთა, მეორე ოპერაციის გასაკეთებლად წავიდნენ გერმანიაში. საცხოვრებლად არავინ გადასულა. თვალის პრობლემა აქვს ისევ და ამიტომ წავიდნენ სხვა კლინიკაში, გერმანიაში.
მხედველობა არ დაუკარგავს, მაგრამ პრობლემები აქვს, პირველი ოპერაციის შემდეგ კვლავ ჩაუდგა სითხე, ამიტომ ესაჭიროება დამატებითი მკურნალობა.
პირველი ოპერაციის შემდეგ დარწმუნებულები ვიყავით, რომ კარგად ჩაივლიდა, აღარ ჩაუდგებოდა სითხე, სამწუხაროდ, მაინც ჩაუდგა და დამატებითი მკურნალობისთვის გადავიდა გერმანიაში.
მანამდე ხომ იყო გერმანიაში ამ პრობლემასთან [თვალის] დაკავშირებით, შემდგომ აპირებდა დაბრუნებას იგივე კლინიკაში, მაგრამ რადგან თურქეთში მოხვდა, უკვე თურქეთში გაიკეთა პირველი ოპერაცია, მაგრამ სითხის ჩადგომა კვლავ გაუმეორდა და არის იქეთ,“ – უთხრა ალექსი ახვლედიანმა „ტვ პირველს“.
ალექსი ახვლედიანის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია ითხოვს თუ არა თორნიკე რიჟვაძე და მისი ოჯახი გერმანიაში თავშესაფარს.
„თავშესაფართან დაკავშირებით მსგავსი არაფერი მსმენია და რატომ უნდა მოითხოვოს, იმასაც ვერ ვხვდები,“ – უთხრა „ტვ პირველს“ ალექსი ახვლედიანმა.
ჟურნალისტის კითხვაზე ესაუბრა თუ არა პირადად თორნიკე რიჟვაძეს, ალექსი ახვლედიანი ამბობს, რომ არა, რადგან მას ტელეფონი არ აქვს.
16 ნოემბერს გამოცემა „აჭარა თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თორნიკე რიჟვაძე გერმანიაში ოჯახთან ერთად წავიდა.
გამოცემას სკოლაში, სადაც თორნიკე რიჟვაძის შვილები ამ დრომდე ირიცხებიან, დაუდასტურეს, რომ ბავშვები სკოლაში არ დადიან. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით გერმანიაში არიან თორნიკე რიჟვაძის მშობლებიც.
- რა მოხდა
შსს-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, 7 ივლისს საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალექსი ახვლედიანის სახლში თვითმკვლელობა სცადა აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. შსს-ს თანახმად რიჟვაძეს გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა.
შს სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ამავე თემაზე:
თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა – შსს






