მთავარი,სიახლეები

მოსამართლეს მშობელმა $10 ათასი აჩუქა, ანუ რა როლი აქვთ მოსამართლეებს რუსული კანონის შემოღებაში

09.05.2024 •
მოსამართლეს მშობელმა $10 ათასი აჩუქა, ანუ რა როლი აქვთ მოსამართლეებს რუსული კანონის შემოღებაში

„ერთადერთი ვარიანტი, რომ მე აქციებზე დგომა არ გამეგრძელებინა, იყო ციხეში თუ ჩამსვამდნენ. რამდენი დღითაც შემაბრუნებდნენ, იმდენი დღე ვერ გამოვიდოდი. ცოტა ცინიკურიც შეიძლება იყოს, მაგრამ ეს უსამართლო სასამართლო მოტივაციას უფრო მეტად გიზრდის. შეუძლებელია, შეწყვიტო ბრძოლა ქვეყნისთვის,“ – ეს მეთორმეტეკლასელი სანდრო ჯოხაძის სიტყვებია, რომელიც მოსამართლე კობა ჩაგუნავამ რამდენიმე დღის წინ 2200 ლარით დააჯარიმა.

სანდრო ჯოხაძე ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც ბოლო დღეებში რუსულ კანონს აპროტესტებს. ხელისუფლება პროტესტის ჩახშობას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დარბევის გზითაც ცდილობს, აქციის მონაწილეებზე ფიზიკური ძალადობით… აქციაზე დაკავებულებს შორის სკოლის მოსწავლეც მოხვდა. ისიც სამართალდამრღვევად მიიჩნია მოსამართლემ.

მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს სასამართლო ნებისმიერ შემთხვევაში სამართალდამრღვევად აფასებს.

„ორკესტრირებულად მოქმედებენ შსს და სასამართლო,“ – ამბობს ადვოკატი მარიამ პატარიძე. უფლებადამცველების პოზიცია პირდაპირია: სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს და პროტესტის მოგუდვას ცდილობს – გვიყვებიან ისინი.

მას აქეთ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ხალხი მოატყუა და რუსული კანონი შემოაბრუნა პარლამენტში, აქციებზე 70-მდე პირი დააკავეს. მათ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია იცავს, ვისაც იურიდიული დახმარება შეუძლია. უფლებადამცველების განმარტებით, ამ დრომდე 10 დაკავებულის საქმის განხილვა დასრულდა. ორ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველაზე მკაცრი ზომა – ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენა, ძირითადად მოსამართლე 2000-2600 ლარამდე აჯარიმებს მოქალაქეებს, რომლებიც რუსული კანონის მიღებას აპროტესტებენ, ერთ შემთხვევაში კი, მოსამართლეს შენიშვნა გამოუყენებია.

რამდენიმე მოსამართლის შესახებ გიყვებით, რომლებიც პროტესტის გამოხატვის დასჯას, რეალურად რუსული რეჟიმის და ავტორიტარიზმის განმტკიცებას უწყობენ ხელს.

„ამ მოსამართლეების გადაწყვეტილებას საერთო არაფერი აქვს კანონთან, სამართალთან, სამართლიან სასამართლოსთან“ – კატეგორიულია, მაგალითად, ადვოკატი გიორგი ტაბატაძე. ისიც აქციაზე დაკავებულებს იცავს სასამართლოში.

უფლებადამცველების თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების მონაწილეებს ყველაზე ხშირად მოსამართლეები: კობა ჩაგუნავა, ლელა ცაგარეიშვილი და კობა ჩიკაშუა სჯიან. ადვოკატების თქმით, მოსამართლეების მიდგომა იდენტურია: პოლიციელების სამხრე კამერები გამორთულია, ადვოკატების მიერ წარდგენილ ვიდეომტკიცებულებას, ანუ ნეიტრალურ მტკიცებას კი, რასაც ეროვნული, თუ საერთაშორისო კანონმდებლობით მოსამართლე უპირატესობას უნდა ანიჭებდეს, მოსამართლე საერთოდ არ იზიარებს – მოსამართლეები ძირითადად პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობიან.

  • აქციაზე დაჯარიმებული მე-12 კლასელი: „მაგრამ ეს უსამართლო სასამართლო მოტივაციას უფრო გიზრდის“ 

კობა ჩაგუნავა მოსამართლეა, რომელიც ხშირად ხვდება პროტესტის გამოხატვის გამო დაკავებულ აქტივისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში – მოსამართლე თითქმის ყველას აჯარიმებს.

ამ მიდგომის ბოლო მაგალითი მე-12 კლასელი სანდრო ჯოხაძე – სკოლის მოსწავლე რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე 16 აპრილს გამოვიდა და დააკავეს. ის მოსამართლემ 2200 ლარით დააჯარიმა.

სანდრო ჯოხაძე

„ორი მოწმე, ორი პოლიციელი ჰყავდათ. ერთი, მანქანაში რომ ჩამსვეს მაშინ ვნახე და მეორე საერთოდ თვალით არ მინახავს აქამდე. ჩვენ მტკიცებულებებად ვიდეოები გვქონდა, მოწმეებიც გვყავდა ოთხი. შსს-ს ვიდეოებზეც კი ჩანდა, რომ ეს პოლიციელები იტყუებოდნენ და საერთოდ არ ყოფილან ახლო-მახლო. მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე ხშირად, სასამართლომ ის გადაწყვეტილება გამოიტანა, რაც შსს-ს უნდოდა და 2200 ლარი დამაკისრეს“.

სანდრო ჯოხაძე დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე სპეცრაზმელებთან საუბარს ცდილობდა. ის ძმასთან, „ჭავჭავაძის ცენტრის“ მკვლევარ გიგა ჯოხაძესთან ერთად, 16 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დააკავეს. ორივე მათგანი ამბობს, რომ დაკავების დროს პოლიციელებმა მათზე ფიზიკურად იძალადეს.

სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეებზე ძალადობის შემთხვევებზე გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გრძელდება. ეს სისხლის სამართლის საქმეა, რაც დღემდე არ დასრულებულა.

მოსამართლე კობა ჩაგუნავა

2500 ლარით დააჯარიმა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ირაკლი კუპრაძე, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 2024 წლის 16 აპრილს დააკავეს. ირაკლი კუპრაძე „ლელოს“ გენერალური მდივანია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კობა ჩაგუნავამ „2011 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა იურიდიული განხრით“, ხოლო მანამდე, 2008 წელს თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. 

კობა ჩაგუნავა 2011 წლიდან მუშაობს სასამართლოს ადმინისტრაციაში. „სასამართლოს გუშაგის“ ინფორმაციით, კობა ჩაგუნავამ სასამართლო კლანთან დაახლოება მოახერხა:

„რევაზ ნადარაიას [თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2017-2020 წლები] სახელს უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულის, კობა ჩაგუნავას კარიერული წინსვლა. კობა ჩაგუნავა ნადარაიას თანასოფლელია [სოფელი დიდი ჭყონია], მაგრამ ამ შემთხვევაში საინტერესოა ის, რომ როდესაც ნადარაია ფოთის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა, კობა ჩაგუნავაც ამავე სასამართლოს მენეჯერი იყო; როდესაც ნადარაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა, კობა ჩაგუნავაც ამავე წელს გადმოვიდა ამავე სასამართლოში; ხოლო, როდესაც ნადარაია გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე, კობა ჩაგუნავამაც ამავე სასამართლოში, ამავე პალატაში დაიწყო კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობა. ვინაიდან ჩაგუნავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლის მსმენელი გახდა, არ არის გამორიცხული, ჩაგუნავა უახლოეს მომავალში საბჭომ მოსამართლედ დაინიშნოს, რადგან სკოლის დამთავრება მოსამართლედ დანიშვნის წინაპირობაა,“ – ამბობდა ნაზი ჯანეზაშვილი ნეტგაზეთთან“ 2020 წელს.

2020 წლეს კობა ჩაგუნავა მართლაც მოსამართლედ გაამწესეს, 2023 წლიდან კი, იგი უკვე უვადოდ გამწესებული მოსამართლეა.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კობა ჩაგუნავამ 2019 წელს მემკვიდრეობით მიიღო მიწის ნაკვეთი [10 227 კვ. მეტრი] მარტვილში, სოფელი დიდი ჭყონია. საკარმიდამო მიწის
ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი 257.4 კვ. მეტრი.

კობა ჩაგუნავას 2021 წელს შეუძენია ავტომანქანა TOYOTA CAMRY 9253 აშშ დოლარად. მას „საქართველოს ბანკის“ სესხი აქვს 2018 წლიდან 14 ათასი ლარი. დეკლარაციიდან არ ირკვევა, კიდევ ვინ არიან მისი ოჯახის წევრები, ან სად ცხოვრობს მოსამართლე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობს.

  • სასამართლოს ეს გადაწყვეტილებები მიზნად ისახავს ადამიანების დაშინებას, საპროტესტო მუხტის შემცირებას“ – ადვოკატი 

ბოლო პროცესიდან ადვოკატს მარიამ პატარიძეს შსს-ს წარმომადგენელი დაამახსოვრდა, როცა მან მოსამართლე ირაკლი ჩუკაშუას მიმართა, დაკავებულის მიმართ მკაცრი ზომა გამოიყენეთ, ამას შემაკავებელი ფუნქცია ექნებაო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ, საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ანდრო ჭელიძეს 2024 წლის 19 აპრილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა 5 დღით.

ანდრო ჭელიძე საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან დააკავეს. დაკავებულის ადვოკატის მტკიცებით, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს.

„სინამდვილეში იგულისხმებოდა მსუსხავი ეფექტი, რაც აქვს ასეთ გადაწყვეტილებებს… ჩვენი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსამართლე დაკავებულებს უწესებს მაღალ ჯარიმებს და იყენებს პატიმრობასაც, როცა კონვენცია ამბობს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას, სისხლის სამართლის სტანდარტი უნდა ვრცელდებოდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა შსს-ს არ წარმოუდგენია, რაც დაადასტურებდა ანდრო ჭელიძის მხრიდან სამართალდარღვევას. სასამართლო მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენებას დაეყრდნო.

ჩვენ წარვადგინეთ ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანდა ანდრო ჭელიძეზე განხორციელებული ძალადობა. მოსამართლემ გადაწყვეტილება მაინც შაბლონურად მიიღო და გვითხრა, რომ ძალადობის სავარაუდო შემთხვევა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა გამოიძიოს.

მანკიერი პრაქტიკა გრძელდება – მოწმე პოლიციელების ჩვენება საკმარისია, რომ მოხდეს პირის პასუხისგებაში მიცემა. შსს-ს მოთხოვნა უპირობოდ დააკმაყოფილა მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ,“ – გვითხრა მარიამ პატარიძემ, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ადვოკატმა.

მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუა

ირაკლი ჩიკაშუა 2021 წლიდან გაამწესეს მოსამართლედ იმ დროს, როცა სამოქალაქო ორგანიზაციები და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები დაჟინებით ითხოვდნენ, ვიდრე სასამართლოში რეფორმები არ ჩატარდებოდა, მოსამართლეების უვადოდ გამწესება შეწყვეტილიყო.

მოსამართლედ გამწესებამდე ირაკლი ჩიკაშუა სხვადასხვა ბანკის იურისტად მუშაობდა. 2010 – 2019 წლებში ჩიკაშუა „საქართველოს ბანკის“ იურისტი იყო.

2024 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მოსამართლეს მხოლოდ ერთი – 57 კვ. მეტრი ბინა აქვს თბილისში, წერეთლის გამზირზე. ეს ბინა 2011 წელს 40 ათას ლარად შეუძენია.

მოსამართლედ გამწესებიდან რამდენიმე თვეში, 2021 წელს, ირაკლი ჩიკაშუას სესხი აუღია 34 880 ლარი აუღია – მოსამართლეს ავტომანქანა hyundai tucson 2017 შეუძენია.

ირაკლი ჩიკაშუას ჯამაგირი 2023 წელს 84 977 ლარი იყო. დეკლარაციის მიხედვით, მას საკრედიტო ბარათიც აქვს გახსნილი.

  • „უნდათ, რომ ხალხს აქციაზე გამოსვლის შეეშინდეს, მოსამართლე არ იცავს ადამიანს“ – ადვოკატი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის შესახებ 

„მოსამართლის მხრიდან მიკერძოება ცხადი იყო: არ მაძლევდა კითხვების დასმის შესაძლებლობას, როცა ხედავდა, რომ პოლიციელი ვერ პასუხობდა შეკითხვას, ან მათი მხრიდან სიცრუე გამოაშკარავდა, მაწყვეტინებდა კითხვას თავისი ინიციატივით,“ – ამბობს ადვოკატი გიორგი ტაბატაძე „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივიდან“. ის აქციაზე 2024 წლის 28 აპრილს დაკავებული ირაკლი [ბუკა] პეტრიაშვილის ინტერესებს იცავდა.

ალექსი პეტრიაშვილი 2012-14 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. ამჟამად კი „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარია.

ალექსი პეტრიაშვილი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

ადვოკატი გიორგი ტაბატაძე გვიხსნის, რას ედავებოდა ალექსი პეტრიაშვილს შსს – კორდონის გარღვევას ცდილობდა და თან პოლიციელებს მონებს გვეძახდიო.

„თუმცა ეს არ ჩანდა არცერთ ვიდეოში, რაც მათ წარმოადგინეს. „ტვ პირველის“ ჩანაწერი წარმოადგინეს, ასევე შსს-ს პრესცენტრის ვიდეოჩანაწერი, თუმცა იქ ალექსი პეტრიაშვილი საერთოდ არ ჩანს,“ – გვიყვება გიორგი ტაბატაძე. – „ჩვენ კი წარვადგინეთ „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ კადრები, რომლითაც დასტურდება, რომ ბუკა პეტრიაშვილის მხრიდან არავითარ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ნანახი გექნებათ კადრები, ხელებაწეული დგას ბუკა და პოლიციელებს სთხოვს სცენაზე შეუშვან რამდენიმე მონაწილე, დროშებით აქ დადგებიანო. დააკავეს და მიუყვანეს ადამიანებს მანქანასთან, მათ მისცეს ჩვენება სასამართლოს. ისინი არ იღებდნენ ბუკას დაკავებაში მონაწილეობას, ასევე მათი ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი იყო.

კადრებში ჩანს, რომ ბუკას წინ დგას გიგა მემანიშვილი [ საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანი], სავარაუდოდ მან მიიღო ბუკას დაკავების გადაწყვეტილება. როცა ხელმძღვანელი იქ დგას, მის გარეშე არ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას. ჩვენ მოვითხოვეთ მემანიშვილის მოწმის სახით დაბარება სასამართლოში, რაც მოსამართლემ გაუგებარი მიზეზით არ დააკმაყოფილა.

ჩვენ მოწმეების სახით წარვადგინეთ ასევე ლაშა ბუღაძე და ხათუნა ლაგაზიძე, ისინი რომ იქ იმყოფებოდნენ, ეს დასტურდება ვიდეოჩანაწერებით, თუმცა არც ეს გაიზიარა მოსამართლემ.

ტრადიციად დაამკვიდრეს აბსურდული გადაწყვეტილებების მიღება. გაუგებარია, რას დაეყრდნო მოსამართლე. სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილებები არის დასამარება გამოხატვის თავისუფლების, ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციის, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა“, – უკმაყოფილებას არ მალავს ადვოკატი გიორგი ტაბატაძე.

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი

რა როლს ასრულებს ამ პროცესში მოსამართლე, როცა ხელისუფლება საპროტესტო მუხტის ჩახშობას სხვადასხვა უკანონო გზით ცდილობს?

„არ ვიცი, რა როლს ასრულებს მოსამართლე, მაგრამ ფაქტია, ის არ იცავს მოქალაქეს სახელმწიფოს თვითნებობისგან, შსს-ს უკანონო დაკავებისგან. მოსამართლემ უნდა აღკვეთოს მოქალაქის უკანონო დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, მაგრამ ის ფორმალურად აფორმებს დაკავებას.

მე არ მსმენია ამ საპროტესტო აქციებზე, სადაც რუსულ კანონს აპროტესტებენ, ერთ წელზე მეტია სრულად გამამართლებელი გადაწყვეტილება მიეღოს მოსამართლეს. გამონაკლისი გურჯაანის მოსამართლეა, რომელმაც ყვარელში ლავროვის საწინააღმდეგო აქციაზე რამდენიმე დაკავებული გაამართლა. თუ ხედავს მოსამართლე, რომ დაკავებული სიღარიბის ზღვარს მიღმაა, შშმ პირია, დევნილია, მაშინ შეიძლება შენიშნა მისცეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ადგენს სამართალდარღვევას.

ჩემი დაკვირვებით, შემთხვევითობის პრინციპით აკავებენ. არავინ იცის, მაგალითად, რატომ დააკავეს ბუკა პეტრიაშვილი. უნდათ, რომ ხალხს აქციაზე გამოსვლის შეეშინდეს, ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება დაგაკავონო. მოსამართლე კი, არ იცავს ადამიანს. ამ ყველაფერს სამართლიანობის დადგენასა და წესრიგის დაცვასთან საერთო არ აქვს,“ – უთხრა გიორგი ტაბატაძემ „ბათუმელებს“ და დასძინა: ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს განზრახ, 24 საათის ნაცვლად 48 საათს რომ აყოვნებენ.

ეს კონსტიტუციის დარღვევაა, როცა 24 საათში უნდა გაათავისუფლონ, უხანგრძლივებენ 48 საათამდე, თითქოს რაღაც მტკიცებულებები უნდა მოიპოვონ. ეს არის დასჯის მიზნით“.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის მეუღლე დავით მჭედლიძე რამდენიმე უძრავი ქონების, ასევე ავტომანქანების მესაკუთრეა. იგი ადვოკატია და ამავდროულად რამდენიმე კომპანიის დირექტორი, მეწილეც, თუმცა მისი შემოსავალი ჯამურად 2022 წელს 27 318 ლარი იყო, მოსამართლისა – 76 380.

დავით მჭედლიძისთვის 2022 წელს მშობელს უჩუქებია 8 ათასი ლარი.

2022 წელს დავით მჭედლიძეს 1500 ლარად შეუძენია აბაშაში, სოფელ ზანათში 6700 კვ. მეტრი მიწა. ამავე წელს მჭედლიძეს 6 ათას ლარად ახმეტაში, სოფელ ზემო ალვანაში უყიდია 4986 კვ. მეტრი მიწა.

2022 წელს დავით მჭედლიძეს Hyundai tucson უყიდია 6630 დოლარად, 2020 წელს მას იგივე მარკის ავტომანქანაში 37 500 ლარი გადაუხდია.

მოსამართლის ქმარს წინა წლებშიც გახდა რამდენიმე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.

დავით მჭედლიძეს 2017 წელს აჩუქეს თიანეთში, სოფელ დევენაანთხევში 2650 კვადრატული მეტრი მიწა. დეკლარაციაში არ ჩანს, ვინ აჩუქა დავით მჭედლიძეს მიწის ნაკვეთი.

დავით მჭედლიძეს 2013 წელს 2500 ლარად შეუძენია თიანეთში, სოფელ ღულელებში 2,3468 კვ. მეტრი მიწა, სადაც მშენებარე ნაგებობებია. 2015 წელს კი, 40 000 ლარად შეუძენია ამავე სოფელში 86824 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი.

დეკლარაციის მიხედვით, 2013 წელს დავით მჭედლიძეს აჩუქეს ბინა თბილისში ნუცუბიძის ფერდობზე. 2011 წელს კი, 27 900 დოლარად უყიდია 105 კვ. მეტრი ფართობის ბინა თბილისში, ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე.

ლელა ცაგარეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობა მოსამართლის თანაშემწის პოზიციაზე 2015 წელს დაიწყო, ლელა ცაგარეიშვილი მოსამართლედ 2020 წელს გაამწესეს. ის უვადოდ 2023 წელს გაამწესეს.

  • მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ 

ნინო შჩერბაკოვიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ხშირად განიხილავს საპროტესტო აქციებზე დაკავებულების საქმეებს.

ნინო შჩერბაკოვის ანგარიშზე სამაგალითო საქმეებია, როგორ შეიძლება ხელი შეუწყოს მოსამართლემ პროტესტის ჩახშობას: მაგალითად, 2024 წლის თებერვალში მოსამართლე ნინო შჩერბაკოვამ 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა სამოქალაქო აქტივისტს, ნატა ფერაძეს. მოქალაქე  მოსამართლემ იმიტომ დასაჯა, რომ სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხა.

მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი

ამავე მოსამართლემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომელიც 2024 წლის იანვარში თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესს აშუქებდა, პოლიციელებმა კი, პროფესიულ საქმიანობის შესრულების საშუალება არ მისცეს და დააკავეს.

ამ საქმეში ჟურნალისტმა მოსამართლე ნინო შჩერბაკოვს აქციაზე ვიდეო აჩვენა, სადაც ჩანს, რომ ვიდეოს გადაღების დროს სრულიად უმიზეზოდ პოლიციელებმა ხელი შეუშალეს და დააკავეს. ჟურნალისტი ამბობს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომლები მანქანაში გუდავდნენ, აგრესიულად ექცეოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ.

მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ თანამშრომელი საბა ბრაჭველი 2023 წელს 500 ლარით დააჯარიმა ბანერისთვის, რომელზეც ეწერა „ირაყლი“. მან ასევე 500 ლარით დააჯარიმა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი, რომელსაც ხელში მხოლოდ ცარიელი ფურცელი ეკავა და „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ იურისტი შოთა თუთბერიძე, რომელიც დაკავების მომენტში პარლამენტის კიბეებთან იჯდა ბანერით ხელში.

მოსამართლემ იგივე ოდენობის ჯარიმა კიდევ ორი აქტივისტს დააკისრა. შჩერბაკოვმა ყველა მათგანი ხულიგნობის მუხლით სამართალდამრღვევად მიიჩნია. აღნიშნული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის სტრასბურგის სასამართლოს მსჯელობასთან, რომლის გათვალისწინების ვალდებულებაც ქართულ სასამართლოებს აკისრიათ.

მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა ნინო შჩერბაკოვმა 2014 წელს ჩააბარა, ის მოსამართლეობას 2020 წლიდან შეუდგა. მანამდე იგი თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მთავარი კონსულტანტი – მწერალი თანაშემწე იყო, ხოლო 2018-2019 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, მწერალ-თანაშემწის პოზიციაზე.

რაც შეეხება ქონებას: 2023 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ნინო შჩერბაკოვს მხოლოდ საბანკო ანაბრები აქვს და ავტომანქანა ჰიუნდაი ელანტა, რაც მას 2019 წელს 6800 აშშ დოლარად შეუძენია.

ნინო შჩერბაკოვს ერთ საბანკო ანაბარზე 2023 წლის მდგომარეობით 19 370 ლარი აქვს, მეორეზე – 18 008 ლარი, რასაც წლის განმავლობაში ხელშეკრულებით „მიღებული მატერიალური შედეგი“ – 1364 დაემატა. მოსამართლეს აქვს ანაბარი დოლარშიც: 3150 აშშ დოლარი.

  • მოსამართლეს, რომელმაც ლაზარეს 9 წელი მიუსაჯა, მშობელმა 10 ათასი დოლარი აჩუქა 

ზვიად შარაძე ის მოსამართლეა, რომელმაც რუსული კანონის მოწინააღმდეგე ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უფლებადამცველების შეფასებით, ამ საქმეში არაერთი შეუსაბამობა იყო.

ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის მარტის აქციებზე რუსულ კანონს აპროტესტებდა, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, საპროტესტო აქციის შემდეგ კი, უკან გაიწვია და საჯარო დაპირების მიუხედავად, 2024 წელს უკან დააბრუნა. ლაზარე გრიგორიადისი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მოსამართლე ზვიად შარაძეს 2023 წელს ახალი ბინა ბათუმში შეუძენია: ბაგრატიონის ქუჩაზე, 31 კვ. მეტრი ბინა მოსამართლეს 17 500 დოლარად უყიდია.

ზვიად შარაძე ფლობს საცხოვრებელ ბინას თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე – 80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა მოსამართლეს 2014 წელს 43 ათას დოლარად უყიდია. თბილისში ბინა აქვს ზვიად შარაძის ცოლსაც: თამარ ფასიეშვილს 2020 წელს თბილისში, ფარნავაზ მეფის გამზირზე 85 719 ლარად შეუძენია 51.7 კვ. მეტრი ფართობის ბინა.

ზვიად შარაძე, მოსამართლე

მოსამართლეს 2 ავტომანქანა აქვს: 2017 წლიდან ავტომანქანა TOYOTA PRIUS 5 ათას დოლარად შეუძენია, 2021 წელს – TOYOTA CAMRY 14 ათას დოლარად.

ზვიად შარაძის წლიური შემოსავალი 2022 წელს 76 380 ლარი იყო – თვეში მოსამართლე 6365 ლარს იღებდა ჯამაგირის სახით.

სამაგიეროდ მოსამართლის ცოლს ჰქონია 2022 წელს მოსამართლეზე მეტი შემოსავალი: 83 755 ლარი. მას ერთდროულად 12 სამსახური აქვს. თამარ ფასიეშვილი 3 კომპანიაში [რუსთავის ავტობაზრობა, მიკადო ჯორჯია და მიდას თრეიდინგი] ერთდროულად მთავარი ბუღალტრის პოზიციას იკავებდა, დანარჩენ 9 კომპანიაში კი, ბუღალტერი იყო.

დეკლარაციის მიხედვით, მოსამართლემ 15 ათასი დოლარი 2022 წელს ფიზიკური პირისგან ისესხა „ბათუმში ბინის შესაძენად“. 10 ათასი დოლარი კი, ზვიად შარაძეს მშობლისგან მიუღია საჩუქრად. მშობლისგან საჩუქარი – 10 ათასი ლარი მიუღია მოსამართლის ცოლს, თამარ ფასიეშვილსაც.

ზვიად შარაძე 2019 წლიდან გამწესდა უვადო მოსამართლედ და თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობს. 2013 – 2015 წლებში ზვიად შარაძე პროკურორად მუშაობდა, მანამდე 2007-2011 წლებში კი, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ იურისტად.

მოსამართლე ზვიად შარაძე ე.წ. კარტოგრაფების საქმეში ფიგურირებს – მან დაცვის მხარეს სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვაზე უარი უთხრა. მოსამართლე ზვიად შარაძემ ასევე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე.

ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლელა კალიჩენკომ 2021 წლის 28 იანვარს მიიღო.

ზვიად შარაძე მედიაში მის მიერ 2014 წელს გაზიარებული პოსტის გამოც მოხვდა. მოსამართლე ხის მორის ფოტოს აზიარებდა, წარწერით „ღვთისმშობელი ხეზე“.

 

  • მოსამართლე ბათუმიდან, რომელიც საკუთარ ვიტრინაზე პროტესტის გამოხატვისთვის აჯარიმებს 

ბათუმის შემთხვევაში საპროტესტო აქციის მონაწილეების დასჯით ყველაზე ხშირად მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეა დაკავებული.

ჯერჯერობით პროტესტი საქართველოში მხოლოდ ადმინისტრაციული წესით ისჯება და მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე ყველაფერს აკეთებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელი შეუწყოს რუსული მმართველობის დამყარებაში.

პროტესტის ჩახშობის ბოლო მცდელობა ამ მოსამართლეს „რუსული გემის საქმეზე“ ჰქონდა – 2023 წლის აგვისტოში, აქციაზე ის ხალხი იდგა, ვინც რუსული გემიდან ჩამოსული რუსი ტურისტის მიერ  ნათქვამმა ფრაზამ გააბრაზა, „აფხაზეთის საქართველოსგან გათავისუფლებას“ რომ ეხებოდა. აქციაზე დაკავებულები მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 2-2 ათასი ლარით დააჯარიმა.

მოსამართლე ამ საქმეში დაეყრდნო არა უტყუარ ვიდეო მტკიცებულებებს, არამედ პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს.

ნეიტრალური მტკიცებულება არის ვიდეომასალა, სადაც პირდაპირ ჩანდა, რომ დაკავებულები არც ილანძღებოდნენ, არც იგინებოდნენ, არც მონას იძახდნენ, რაზეც პოლიციელები მიუთითებდნენ, თუმცა თუნდაც „მონის“ ან სხვა სიტყვების დაძახება, ვინმესთვის შეურაცხმყოფელი გამოხატვა, ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, მათ შორის ევროსასამართლოს პრაქტიკით,“ – ამბობდა სასამართლო პროცესის შემდეგ თამარ წულუკიძემ, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.

ალექსანდრე გოგუაძე

არამხოლოდ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის მიერ განხილულ საქმეებს შორისაა „ვაჟა თავართქილაძის საქმე“. ეს ის მოქალაქეა, რომელმაც ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე, საკუთარი საშაურმის ვიტრინაზე 2023 წელს გამოაკრა განცხადება: „ბათუმის ზონდერი მერი ხალხის მტერი“.

კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის მოქალაქე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 1000 ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ მოქალაქე პროტესტის გამოხატვისთვის რომ უკანონოდ დააჯარიმა, ეს სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა – ვაჟა თავართქილაძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა.

საპროტესტო აქციების სიმრავლის კუთხით ბათუმში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგი პერიოდი გამორჩეული იყო – ბათუმში არჩევნები ჯამურად ოპოზიციამ მოიგო, თუმცა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე მაინც „ქართული ოცნების“ კანდიდატი გახდა. ამ პერიოდში განსაკუთრებით ბევრი სამუშაო დაუგროვდა ალექსანდრე გოგუაძეს. მაგალითად, 2022 წელს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი, თამარ კურატიშვილი დააჯარიმა სამშენებლო ღობეზე მინაწერისთვის – რიჟვაძე, მოდი.

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელიც პროტესტის გამოხატვას უკავშირდება ბათუმში და მოსამართლემ პროტესტის გამომხატველები დასაჯა – 24 ოპოზიციონერის საქმეა“: ალექსანდრე გოგუაძემ დააჯარიმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ბათუმის საკრებულოს წევრები იმიტომ, რომ მათ აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები გაშალეს.

ეს 2022 წლის მაისის მოვლენებია – აქცია პოლიციელებმა დაშალეს და დეპუტატებს კარვები ჩამოართვეს. მაშინ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ოპოზიციონერები ჯამში 38 ათასი ლარით დააჯარიმა. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლე გოგუაძემ სასამართლო სხდომიდან გააპარა აჭარის პოლიციის უფროსი. ის საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე მთავარი მოწმე იყო და სასამართლო სხდომაზე ოპოზიციონერების კრიტიკულ კითხვებზე უწევდა პასუხის გაცემა.

ალექსანდრე გოგუაძის საქმეებს შორისაა „ბაჩი მექვაბიშვილის საქმეც“ – ამ შემთხვევაშიც იმდენად აშკარად გამოჩნდა მოსამართლის მხრიდან პროტესტის ჩახშობის მცდელობა, რომ სასამართლოს იმიჯის დაცვა ქუთაისის სააპელაციომ სცადა – საბოლოოდ მოქალაქე გამართლდა.

ბაჩი მექვაბიშვილი ბათუმის საკრებულოს წევრია და ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონთან“ ირაკლი კობახიძესთან მაშინ ითხოვდა შეხვედრას, როცა ის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო. დაკავებული მექვაბიშვილი პოლიციელებმა ავტომანქანაში ჩასვეს, მაგრამ ის მანქანიდან გაექცათ. ბაჩი მექვაბიშვილი მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 3500 ლარით დააჯარიმა.

ალექსანდრე გოგუაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ 2019 წელს გაამწესეს. მოსამართლეობამდე, 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, იგი ფოთის მთავარ პროკურორად მუშაობდა.

2016 წლის იანვარში პროკურორის ავტომანქანას, რომლითაც ალექსანდრე გოგუაძე გრიგოლეთში მიდიოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხი ტყვია ესროლეს. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში ალექსანდრე გოგუაძის შვილი ავტომანქანის ქურდობის ბრალდებით დააკავეს, რამდენიმე დღეში კი, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. „ბათუმელებს“ მოსამართლემ ერთ-ერთი სხდომის დასრულების შემდეგ უთხრა, რომ მისი პროკურატურიდან წასვლა ამას არ უკავშირდება.

ალექსანდრე გოგუაძე 2018 წელს გაამწესეს უვადო მოსამართლედ. პროკურორობამდე, 1999 – 2009 წლებში, იგი ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო. ბათუმში გამწესებამდე კი, 2018 წელს, გოგუაძე სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე იყო აბაშის მუნიციპალიტეტში.

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის ჯამაგირი 2023 წელს 85 080 ლარი იყო.

მთავარი ფოტო:  2023 წლის12 მაისს, მოსამართლეების ქეიფი გორში. კადრში ჩანს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე [შემოხაზულია წითლად] და სასამართლო კლანის ლიდერი ლევან მურუსიძე.

ალექსანდრე გოგუაძის დეკლარაციის მიხედვით, იგი მხოლოდ მიწის ნაკვეთებს ფლობს გრიგოლეთში – 325 კვ.მ და 324 კვ. მეტრს. ეს უკანასკნელი ქონება მოსამართლისთვის 2017 წელს საკუთრების აღიარების კომისიას გადაუცია.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ალექსანდრე გოგუაძეს ბათუმში საცხოვრებელი ბინა არ აქვს. მას და მის მეუღლეს, დეკლარაციის მიხედვით, არც სხვა შემოსავალი აქვთ. მოსამართლის დეკლარაციაში მხოლოდ მისი ცოლის შესახებ მონაცემი გვხდება – მარინა კრიუკოვა რუსეთშია დაბადებული და მემკვიდრეობით მიუღია ბინა სანკტ-პეტერბურგში, მას ასევე 2015 წელს 59,7 კვ.მეტრი ფართობის ბინა უყიდია თბილისში, ერისთავის ქუჩაზე, 35 000 აშშ დოლარად.

მარინა კრიუკოვა ბიზნესკომპანია „ვერდიქტის“ 50% წილის მფლობელიცაა, თუმცა შემოსავლის გრაფაში მითითებულია – 0.

მოსამართლე გოგუაძეს 2018 წელს შეუძენია 2013 წელს გამოშვებული „ჰიუნდაი ელანტრა“ 7 ათას დოლარად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: