საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიამ საქართველოში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობისთვის 22 მილიონი ევრო გამოყო. სამინისტროს თქმით, გერმანელი ექსპერტები ქართველ კოლეგებთან პროფესიული განათლების ახალი უნარების მიმართულებით იმუშავებენ და გამოცდილებას გაუზიარებენ.
მინისტრის თქმით, პროფესიული სასწავლებელი თბილისში, კერძოდ, დიღომში აშენდება, რომელიც 1500 ბავშვზე იქნება გათვლილი. „პროფესიული სასწავლებელი მოიცავს სხვადასხვა სივრცეს – ლატორატორიებს, საერთო საცხოვრებელს, ასევე, სასწავლო პროგრამებს, ის გერმანული სტანდარტებით იქნება აშენებული და განთავსდება განათლების ქალაქში“.
მინისტრმა დღეს, 17 ივნისს, ასევე, განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკმა განათლების რეფორმის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ასი მილიონი დოლარი გამოუყო, რომელიც მოხმარდება როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე, სხვადასხვა კომპონენტს.
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, საქართველო 2022-2023 წლებში ბრიუსელში „ევროპალიაზე“ მთავარი ქვეყანა იქნება და ამისთვის სამინისტრო წელსვე დაიწყებს მზადებას.
„ბრიუსელში „ევროპალიაზე“ გაიმართება სხვადასხვა საგანმათლებლო და კულტურული ღონისძიებები, გამოფენები, თეატრალური წარმოდგენები, წიგნის გამოფენები, ჩატარდება ლექციები და ა.შ. საქართველო იქნება მთავარი ქვეყანა, ისევე როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იყო წარმოდგენილი,“ – განაცხადა, მიხეილ ბატიაშვილმა.
დღეს, 17 ივნისს, განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა სტუდენტს, თუკი მათ სურვილი ექნებათ სწავლა ქართულ უნივერსიტეტებში გააგრძელონ, სახელმწიფო სწავლას დაუფინანსებს.
„ჩვენ მთავრობის სხდომაზე გავიტანეთ ეს დადგენილება და ყველა სტუდენტს, ვინც გამოთქვამს სურვილს, რომ სწავლა გააგრძელოს ქართულ უნივერსიტეტებში, შეეძლება უფასოდ ისწავლოს. თუ რომელში, ამაზე შემდეგ ეტაპზე ვისაუბრებთ,“- განაცხადა მინისტრმა.
ამავე დღეს მინისტრმა ასევე ისაუბრა გერმანიის მიერ 22 მილიონი ევროს გამოყოფაზე, რითაც თბილისში, კერძოდ, დიღომში 1500 ბავშვზე გათვლილი, გერმანული სტანდარტების პროფესიული სასწავლებლის აშენება იგეგმება.
სასწავლებელი თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი, სადაც იფუნქციონირებს საერთო საცხოვრებელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 ივნისის 21 საათიდან 18 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 25 – 30 გრადუსი
ღამით: 18 – 23 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 21 – 26 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 23.5 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს,19-20 ივნისს, საღამოს და ღამის საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია მენაბდე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია. ის ამ კონკურსზე მისმა ყოფილმა მოსწავლეებმა წარადგინეს. მაია მენაბდე ბათუმის მე-3 საჯარო სკოლასა და კერძო სკოლა „შპს განათლებაში“ მუშაობს. რითია გამორჩეული პედაგოგის პრაქტიკა, რა სიახლეებს ნერგავს სკოლაში და რა არის მთავარი ღირებულება, რომელიც, მისი აზრით, პედაგოგმა მომავალ თაობას უნდა გადასცეს? საკუთარ გამოცდილებასა და მეთოდებზე პედაგოგი „ბათუმელებთან“ საუბრობს.
ქალბატონო მაია, როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარეობს თქვენი განსაკუთრებულობა, როგორც პედაგოგის და რითი გამოირჩევით სხვა კოლეგებისგან?
ყოველთვის ვცდილობ, ვიყო ინოვაციური, შემოქმედებითი, ყოველთვის ახლის ძიებაში ვარ და ვცდილობ, ეს სიახლე ყოველდღიურად შევიტანო ჩემს საგაკვეთილო პროცესში.
ერთ მაგალითს მოვიყვან, როცა დავინახე, რომ მოსწავლეებს სასვენი ნიშნების გამოყენების პრობლემა ჰქონდათ, ერთ დღეს მოვიფიქრე ასეთი რამ, რომ დაგვეწესებინა სასვენი ნიშნების დღე. აუცილებლად უნდა გვქონოდა რაღაც სახალისო აქტივობა, რომლის დროსაც ბავშვები უკეთ გაიგებდნენ სასვენი ნიშნების მნიშვნელობას. მოვიძიე ვახტანგ ჯავახაძის, ვახუშტი კოტეტიშვილის ლექსები სასვენ ნიშნებზე, ვუკითხავდი ლექსებს, სადაც არ იყო გამოყენებული სასვენი ნიშნები და ვაჩვენებდი, როგორ უშლიდა ინტონაციას ხელს სასვენი ნიშნების გამოუყენებლობა.
მოკლედ, ეს გრძელდებოდა მთელი სემესტრის მანძილზე და მნიშვნელოვნად შეიცვალა ბავშვების დამოკიდებულება. განსაკუთრებით ელოდნენ ამ დღეს ბავშვები, სახალისოც გახდა და საინტერესოც.
რისი ბრალია სასვენი ნიშნების მიმართ მოსწავლეების გულგრილობა, იმის ხომ არა, რომ, ვთქვათ, წინა წლებში გრამატიკა არ ისწავლებოდა ცალკე საგნად?
ზოგადად, ეს პრობლემა ადრეც იყო და ახლაც არის, მაგრამ სოციალური ქსელების აქტიურმა გამოყენებამაც გაააქტიურა, რადგან სოცქსელებში კომუნიკაციის დროს ბავშვები არ იყენებენ სასვენ ნიშნებს და ეს ჩვევა გადააქვთ შემდეგ ფურცელზე წერის დროსაც. შეიძლება იყოს უცხო ენის გავლენაც.
ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია პროექტებზე მუშაობის სწავლება. მაგალითად, მეექვსე წელია მაქვს მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბი, სადაც ვატარებთ მონოლოგების კონკურსს ე.წ. TED-ის ფორმატში და ამაში ჩართული არიან სხვა სკოლების მოსწავლეებიც.
„ახალ სცენაზე“ გავაკეთეთ მონოლოგები, თვითონ ბავშვები ირჩევდნენ მათთვის აქტუალურ, საინტერესო თემებს, ირჩევდნენ პრობლემას და მისი გადაჭრის გზებსა და საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობდნენ 8 წუთის განმავლობაში.
მსგავს მონოლოგებს გაკვეთილებზეც ვაკეთებდით და ეს ძალიან მოსწონთ მოსწავლეებს.
რაც არ უნდა კარგი მოსწავლე იყოს, ჰაგიოგრაფიის სწავლება მაინც დამთრგუნველია. შევეცადე, ეს პროცესი გამემარტივებინა. ბავშვები დავაჯგუფე, ისტორიკოსებად, ლიტერატორებად, გეოგრაფებად და ა.შ. ყველამ მათი მიმართულებით იმუშავა. შემდეგ ეს ნამუშევრები ბლოგზე თვითონ განათავსეს. ყველაზე პასიური ვინც იყო, სწორედ მას დავავალე ბლოგის მართვა. ამ ყველაფერმაც კარგად იმუშავა.
რა პრობლემებზე ამახვილებენ მოზარდები ძირითადად ყურადღებას. რა საკითხები აინტერესებთ, რა აწუხებთ ყველაზე მეტად?
მაგალითად, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა, უფროსების დამოკიდებულება ახალგაზრდების ჩაცმულობაზე, ზოგადად, განსხვავებულობის პრობლემა და დამოკიდებულება განსხვავებულების მიმართ, ქველმოქმედებაზე ჰქონდათ კიდევ საინტერესო თემები…
დღეს საუბარია იმაზე, რომ მოზარდებში გაზრდილია დეპრესიული ფონი. თუ ასწავლით გამოწვევების მართვას, თუ გქონიათ მსგავსი პრაქტიკა და რა ტიპის ცოდნას აძლევთ ბავშვს, გაქვთ რაიმე თქვენეული მეთოდი, რომელიც გამოცდილია პრაქტიკაში?
დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი ეს საკითხი, რადგან სოციალური ქსელების გააქტიურებამ და სხვადასხვა გამოწვევამ გამოააშკარავა ჩვენი აგრესიულობა, მოძალადეობრივი დამოკიდებულება და ბავშვებიც ხდებიან ამის მსხვერპლი. რამდენჯერმე მქონდა ასეთი შემთხვევა. როცა ვხედავ, რომ ბავშვი ინდიფერენტულია, ან არ შედის კონტაქტში, ან აგრესიულია, ვცდილობ, პრობლემის გადაჭრის ჩემეული გზა ვიპოვო. ვეძებ ფსიქოლოგიურ თამაშებს. ერთხელ გამოვიყენე ფილმი, სადაც მოსწავლეებს შორის დაპირისპირებაზეა აქცენტი. მასწავლებელი შედის ძალიან აგრესიულ გარემოში, სადაც თეთრკანიანი და შავკანიანი ბავშვები კლანებად არიან დაყოფილი და მასწავლებელი ამ ბავშვებს ფსიქოლოგიურ თამაშს უტარებს. ეს თამაში გამოვიყენე ჩემს პრაქტიკაში. რა თქმა უნდა, მე ეს კონკრეტული კლასის საჭიროებებსა და პრობლემებს მოვარგე და ვფიქრობ, რომ იმუშავა. საკუთარ თავზე დაკვირვება ხშირად გადამწყვეტია ადამიანისთვის, ყურადღებას ვაქცევ, რომ ბავშვებმა ისწავლონ თვითშეფასება და ეს სწორედ საკუთარ თავზე დაკვირვებით მოდის.
სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ არა მარტო ბავშვებს, მოზარდებსაც უჭირთ წაკითხულის გააზრება. თქვენ როგორ ასწავლით კითხვის მნიშვნელობას, წაკითხულის გააზრებას ბავშვებს, რაიმე განსაკუთრებული მიდგომა გაქვთ?
პირველ რიგში, აქ მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს ბავშვის დამოკიდებულება წიგნთან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბავშვი ხედავდეს, რომ უფროსიც კითხულობს. მე თუ რაიმეს წავიკითხავ და მომეწონება, აუცილებლად შემაქვს მათთან, ვესაუბრები ამაზე, ვუზიარებ ჩემს შთაბეჭდილებებს, მაგრამ არ ვავალებ, რომ აუცილებლად წაიკითხონ. შეიძლება ისეთ წიგნებზე მისაუბრია, რომლებიც მათი ასაკისთვის არ იყო შესაფერისი, მაგრამ ვეუბნებოდი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება ამან დაგაინტერესოთ და ფრაგმენტულად, ეს შთაბეჭდილებები აქვთ ბავშვებს გონებაში ჩარჩენილი. მნიშვნელოვანია, რომ შენი ემოციები დაკავშირებული იყოს კითხვასთან და ამას უნდა ხედავდნენ ბავშვები. კითხვამ უნდა გამოიწვიოს ფიქრი, ემოცია… ბუნებრივია, ყველაზე არ მოქმედებს, მაგრამ ეს არის ბიძგი იმისკენ, რომ ბავშვები წიგნებით დაინტერესდნენ.
ვფიქრობ, ჩემი სწავლების განსხვავებულობა იმაშია, რომ ყველანაირად ვცდილობ, ბავშვები ყველა პროცესში ჩავრთო, რაც მათ პასუხისმგებლობის გრძნობას უვითარებს.
პასუხისმგებლობის სწავლება ლაპარაკით არ ხდება, გამოცდილება აჩვენებს, რომ რაც უფრო ჩავრთავთ ბავშვებს ამა თუ იმ პროცესში და მივცემთ სადავეებს, ისინი ბევრად უფრო კარგად გააკეთებენ. მკითხველთა კლუბის მაგალითზე შემიძლია ეს ვთქვა. ისინი გეგმავენ თემებს, ბლოგებს ქმნიან, მონაწილეობენ ინტერნეტპლატფორმის მართვაში.
ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ განათლება არ არის მხოლოდ ბევრი წიგნის წაკითხვა, არამედ გააზრება იმის, რას ვკითხულობთ და რას ვსწავლობთ აქედან. როგორ ასწავლით რა არის მთავარი ღირებულება, როგორ აწვდით ბავშვს?
ყველაფერი სწორედ აქეთკენ უნდა მიდიოდეს. მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნა არაფრის მიმცემი არ არის ბავშვისთვის, თუ მას არ გაუჩნდა სწორი დამოკიდებულებები, სწორი ღირებულებები. ამიტომ, მე ამისთვის არ ვიყენებ მხოლოდ წიგნებს. მაგალითად, ბევრჯერ გამიკეთებია ანიმაციები, რომლებიც სწორედ ღირებულებებს გვასწავლის. რა არის სიკეთე, სიზარმაცე, რას იწვევს რასიზმი უფროსებში და ა.შ. – ვუყურებთ და განვიხილავთ.
ბევრჯერ გამომიყენებია არასაპროგრამო მასალები, რადგან ასეთ რესურსებს მოკლებულნი არიან ბავშვები. ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვიყენო გაკვეთილზე სტატიები, მონოლოგები, სატელევიზიო სივრცეში იყო ასეთი გადაცემა – „ჩაის თემა“, სადაც ღირებულებებზეა ყურადღება გამახვილებული და ვასმენინებ ხოლმე. ჯერ ერთი, მოსმენის პრაქტიკაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს საზოგადოებაში დგას ამის პრობლემა. ვცდილობ, სხვადასხვა მხრიდან დავანახო ეს ღირებულებები მათ. კითხვის დროს მთავარია რა გაიგო, რა დაინახა და დაალაგა თუ არა მნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანი.
ზოგადად, არსებობს დამოკიდებულება, რომ ქართულის მასწავლებელმა ბავშვებს უნდა ასწავლოს პატრიოტიზმი და ხშირად ეს სწავლება გადადის გარკვეულ იდეოლოგიაში, ნაციზმში, განსხვავებულის მიუღებლობაში. თქვენ როგორ უმკლავდებით ამ გამოწვევას?
არავითარ შემთხვევაში. მე ცალსახად მივიჩნევ, რომ მსგავსი იდეოლოგიური დამოკიდებულება არის დრომოჭმული. თვითონ ბავშვებიც არ მიგიღებენ ასეთს. ისინი სხვანაირად არიან განვითარებული, მათი ინტერესის, ინფორმაციის სფერო ბევრად უფრო ვრცელია, ამას არ მიიღებენ ბავშვები, თუ, რა თქმა უნდა, ეს იძულებით არ ხდება.
ზოგადად, მასწავლებლობა ბეწვის ხიდზე სიარულია. ამიტომ ვცდილობ, რომ ფრთხილად ვიარო ამ ხიდზე და არავის ზედმეტად არ მოვახვიო ჩემი შეხედულება.
ყოველთვის ვცდილობ, მათგან წამოვიდეს ინტერესი, თვითონ გამოთქვან ღიად რაც შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები, რომ შეეჩვიონ ბავშვები განსხვავებული აზრის მოსმენას, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ მათ არ აქვთ, ეს მინდა გაიაზრონ. ეს იქნება უმცირესობების, რელიგიის თუ სხვა საკითხები. ვცდილობ, ყველა მიმართულებით დავიცვათ ეს პრინციპი, თორემ რაც გვჭირს დღეს საზოგადოებას, ყველაფერი ნათელია, რატომაც გვჭირს.
გახშირდა მოზარდების გამოყენება ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფებების მხრიდან. რა შეიძლება გააკეთოს სკოლამ, რომ მოზარდები არ აღმოჩნდნენ ამ ძალების გავლენის ქვეშ?
ისევ და ისევ სწორი ღირებულებების სწავლება და ამაზე ყურადღების გამახვილებაა მნიშვნელოვანი. განვითარებული საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რა არის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები და ყველა განვითარებულ ადამიანს უნდა ჰქონდეს ეს გათავისებული.
თუკი რაიმე ღირებული შეუქმნია კაცობრიობას, სწორედ ამ ღირებულებებს ემყარება. სამშობლოს სიყვარული იწყება ძალიან მარტივიდან და ეს არ არის გულზე მჯიღის რტყმა, არამედ ის, თუ რამდენად პირნათლად ვასრულებთ ჩვენს საქმეს. სამშობლოს სიყვარული იწყება ჩვენი ყოველდღიური დამოკიდებულებით ერთმანეთის მიმართ.
ბათუმში, ბარათაშვილის და გორგასლის ქუჩების კვეთაში, ძველ აშენებულ სამ სართულიანი სახლის მესამე სართულზე, იყიდება 75 კ/მ ფართობი ბინა. ძველი რემონტით. ბინას აქვს ორი დიდი ოთახი და დიდი აივანი.
4 წლის ანრი ბერიძის გარდაცვალების ფაქტზე სამედიცინო რეგულირების სააგენტომ დასკვნა დადო. სააგენტოს დასკვნაში აღნიშნულია, რომ იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში ექიმს, კარინე აბგარიანს 4 თვით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატი.
სამედიცინო რეგულირების სააგენტოში მოყვანილია კონკრეტული მიზეზები, რის გამოც სააგენტომ მიიჩნია, რომ „ვერ მოხდა დაავადების დროული ამოცნობა“. დასკვნაში წერია, რომ მაგალითად, არ ჩატარებულა ნევროლოგის კონსულტაცია, ასევე „უგულებელყოფილია ბარათში აღწერილი ძლიერი თავის ტკივილის ჩივილი…“
„ეს არაა სამართალი. აღარ მინდა ასე კვდებოდნენ პატარა ბავშვები… მე აუცილებლად მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დადგეს ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი,“ – ამბობს გარდაცვლილი ანრი ბერიძის დედა, შორენა იაკობაძე.
ანრი ბერიძე 2017 წლის მარტში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ფაქტზე გამოძიება დაწყებული არ არის.
საქართველოს ეროვნული ბანკი [სებ] ფულის გათეთრების კუთხით რისკის მატარებელი პირების საძიებო პროგრამული უზრუნველყოფით მომსახურების შესყიდვას გეგმავს. შესაბამისი წინადადებების მისაღებად და მომსახურების ფასის დასადგენად სები ბაზრის კვლევას ატარებს.
„ეროვნულ ბანკში უნდა დაინერგოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ადგილობრივ და საერთაშორისო ტრანზაქციებში მონაწილე პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების მოძიება/გადამოწმების სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელშიც ინტეგრირებული იქნება კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სიები, რომლებიც არიან მხილებულნი ტერორიზმში, არიან პოლიტიკურად აქტიურნი, ან სხვა ნიშნით რისკის მატარებელნი. პროგრამული უზრუნველყოფა უნდა წარმოადგენდეს სკანირების სისტემას, რომელმაც, თავის მხრივ, უნდა მოიცვას კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ შედგენილი ფიზიკური და იურიდიულ პირთა სიები და მათი მუდმივი განახლება…“ – აღნიშნულია სების ტექნიკურ დავალებაში.
ფულის გათეთრების კუთხით რისკის მატარებელი პირების საძიებო პროგრამული უზრუნველყოფა, ეროვნული ბანკის მოთხოვნით, უნდა იყოს მზა სისტემა, რომელსაც შეიძლება დასჭირდეს მცირე მორგება ეროვნულ ბანკის სპეციფიკური მოთხოვნების შესაბამისად.
ეროვნული ბანკის მოთხოვნაა, მიმწოდებელმა წარმოადგინოს სისტემის მოხმარების სახელმძღვანელო, ინსტრუქცია, ასევე უზრუნველყოს ეროვნული ბანკის თანამშრომელთა სისტემური ადმინისტრატორების და პროგრამისტების ერთჯერადი ტრენინგი სისტემის ფუნქციონირების შესაბამისი მიმართულებების მიხედვით.
მიმწოდებელმა პროგრამული უზრუნველყოფით მომსახურების გაწევა უნდა მოახდინოს სისტემის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 36 თვის განმავლობაში.
ტექნიკური დავალებიდან:
„სიაში არსებულ თითოეულ ჩანაწერზე უნდა არსებობდეს პროფილი, მოკლე დოსიე, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: უნიკალური კოდი, სახელი (სახელწოდება), გვარი, სახელწოდების ვარიაცია, ალტერნატიული ჩანაწერი, კატეგორია, ქვეკატეგორია, სტატუსი, პოზიცია, ასაკი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, გარდაცვალების თარიღი, პასპორტის ნომერი, SSN – ამერიკის სოციალური დაცვის ნომერი (USA Social Security Number), ლოკაცია, ეროვნება, დაკავშირებული კომპანიები, დაკავშირებული პირები, დამატებითი ინფორმაცია, სიების სახელწოდება, გარე წყაროები, სიაში შეყვანის თარიღი და პროფილის განახლების თარიღი.
პროგრამულ უზრუნველყოფაში ინტეგრირებული უნდა იყოს ყველა საბაზისო საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დამუშავებული სია, მათ შორისაა: OFAC, EU, UN, Interpol, World Bank, FATF, EBRD და ა.შ. სია შინაარსობრივად მოიცავს 23 კატეგორიის ჩანაწერს, ესენია:
ბანკი – ბანკები, ფიქტიური (შელ) ბანკების ჩათვლით, ქვეყნის ცენტრალური ბანკები, სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი ბანკები და ბანკები, რომლებიც ექვემდებარებიან რეგულაციებს ან სანქციებს. არაავტორიზებული ყალბი ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც ბანკის სახით არიან წარმოდგენილნი.
შავი სიაში მყოფი – საერთაშორისო ან რეგიონული ფინანსური ორგანოს მიერ შავ სიაში შეტანილი (მაგალითად, მსოფლიო ბანკი ან სხვა რეგიონული განვითარების ბანკები). ევროკავშირის მიერ შავ სიაში შეტანილი თვითმფრინავი და ავიაკომპანიები.
ქვეყანა – ქვეყანა, რომელიც წარმოდგენილია როგორც მაღალი რისკის მქონედ ან არამოთანამშრომლედ (არაკოოპერირებადი) World-Check-ის, IMF-ის ან FATF-ის მიერ. საერთაშორისო ორგანოს მიერ (გაერო/ევროკავშირი) ქვეყანაში ემბარგოს დადება ან გაუქმება ქვეყანა, რომელიც FATF-ის მიერ არის შეტანილი არაკორპორატიული ქვეყნის ან ტერიტორიის სიაში.
კორპორაცია – იურიდიული პირი ან კომერციული საწარმო, გაუქმებული იურიდიული წარმონაქმნი, რომელიც არის დაჯარიმებული ან ემუქრება სანქციები რეგულაციის დარღვევისათვის, ან წარმონაქმნები, რომლებიც არიან შეტანილი სხვადასხვა ოფიციალურ რეგულაციის ან სანქციების გვერდებზე, როგორებიცაა OFAC, UN, SEC, UK FSA, ან US FRB. სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი იურიდიული წარმონაქმნი.
ფინანსური დანაშაული – პიროვნება, რომელიც ცნეს დამნაშავედ, რომელიც გასამართლებულია იმგვარი დანაშაულებისთვის, როგორებიცაა ქონების მითვისება, ქურდობა, გაყალბება, ფულის გათეთრება, გამოძალვა, მექრთამეობა ან კორუფცია, გადასახადების თავიდან აცილება და სხვა.
ნარკოტიკები – პიროვნება, რომელიც ცნეს დამნაშავედ, რომელიც გასამართლებულია ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისათვის, ნარკო ტრეფიკინგის ჩათვლით. პიროვნებები, რომლებიც ოფიციალურად არიან მიჩნეულნი როგორც ნარკო ტრეფიკერები ან კრიმინალები.
ომი – კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის, გენოციდისთვის ან ომის დანაშაულისათვის გასამართლებული პირი.
სხვა დანაშაული – პიროვნება, რომელიც გასამართლებულია FATF-ის რეგულაციების და სხვა კრიმინალური კატეგორიების დარღვევისათვის.
დიპლომატი – პიროვნება, რომელიც ფლობს დიპლომატიურ თანამდებობას დიპლომატიურ ორგანოში (მაგალითად, ელჩი, მინისტრი, მინისტრის მრჩეველი, ატაშე, რწმუნებული, გენერალ კონსულები, საპატიო კონსულები და კონსულები).
ემბარგო – ქვეყანა ან რეგიონი, რომელსაც აქვს დაწესებული ემბარგო ან სანქციები საერთაშორისოდ აღიარებული ორგანოს მიერ (მაგალითად, გაერო, ევროკავშირი).
ემბარგო ხომალდი – საზღვაო ხომალდი ან თვითმფრინავი, რომელიც ერთ ან მეტ ემბარგოს ან სანქციების სიაშია შეტანილი.
პიროვნება – პიროვნებას, რომელსაც ადანაშაულებენ, იმყოფება გამოძიების ქვეშ, დაპატიმრებულია, დაჯარიმებულია, იმყოფება დაკითხვაზე ან ასამართლებენ World-Check-თან დაკავშირებული დანაშაულისთვის, მაგრამ ჯერ არ არის გასამართლებული. პიროვნება, რომელიც დანიშნულია პოლიტიკურად აქტიური პირის თანამდებობაზე. პიროვნება, რომელიც შეტანილია მარეგულირებელ, სამართალდამცავი ორგანოების ან გლობალური სანქციების საყურადღებო სიაში, როგორიცაა OFAC, უფლებაჩამორთმეული დირექტორები ან ინტერპოლი. პოლიტიკურად აქტიური პირის ახლო ნათესავი ან კომპანიონი.
ლეგალური – ადვოკატი, მაგისტრატი, მოსამართლე, გენერალური პროკურორი, სახელმწიფო პროკურორი და სხვა სამართლის სპეციალისტი პოლიტიკურად აქტიური პირების ქვეკატეგორიაში. უფლებაჩამორთმეული ადვოკატი ან მოსამართლე. სამართლის სპეციალისტი, რომელიც ჩართულია სარისკო საქმიანობაში, როგორიცაა ადვოკატები მხილებულნი გაყალბებაში.
სამხედრო – მაღალი რანგის მქონე სამხედრო პერსონალი (სამხედრო ატაშეს ჩათვლით).
ორგანიზაცია – საერთაშორისო ორგანიზაციები და ორგანოები, როგორიცაა გაეროს სააგენტოები ან რეგიონული ორგანიზაციები და მათი ორგანოები, როგორიცაა ევროკავშირის ორგანოები. ფონდები, ინსტიტუტები, კანონით დადგენილი ორგანიზაციები და მარეგულირებელი ორგანოები (მაგალითად, ფინანსური მომსახურების დაწესებულებები, უსაფრთხოების და გადაცვლის კომისიები, უნივერსიტეტები).
პოლიტიკური პიროვნება – პიროვნება, რომელსაც ამჟამად უკავია ან ეკავა პოლიტიკური თანამდებობა. პიროვნება, რომელიც დაინიშნა მთავრობაში ან პოლიტიკურად აქტიური პირის თანამდებობაზე. პიროვნება იმგვარ ქვეყანაში, სადაც ხდება კაბინეტის მინისტრების, სახელმწიფო მდივნების და ამგვარი მოხელეების დანიშვნა და არა არჩევა. (მაგალითად, სამეფო ან სამხედრო სახელმწიფო). პოლიტიკური პარტიის ლიდერი.
პოლიტიკური პარტია – რეგისტრირებული პოლიტიკური პარტია, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში ან აქტიური სტატუსით მოქმედებს ნებისმიერ ქვეყანაში.
პორტი – ქვეყანაში ან რეგიონში მდებარე საზღვაო ან საჰაერო პორტი, რომელსაც აკისრია ფინანსური, (აქტივების გაყინვის ჩათვლით) სავაჭრო ან სამხედრო ემბარგოები საერთაოშორისოდ აღიარებული ორგანოს მიერ (მაგალითად, გაერო, ევროკავშირი).
რელიგია – გავლენიანი რელიგიური ლიდერი ან რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი, პოლიტიკური, იურიდიული, სამხედრო, ფინანსური და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით პიროვნება, რომელიც ჩართულია რელიგიურ გაერთიანებაში.
ტერორიზმი – პიროვნება ან ორგანიზაცია, რომელიც დაპატიმრებულია, დაჯარიმებულია, გასამართლებულია ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტერორიზმთან. პიროვნება ან ორგანიზაცია, რომელიც იდენტიფიცირებულია საეთაშორისოდ აღიარებულ აკრძალვის, გაფრთხილების, ძებნილთა სიაში (მაგ. OFAC, UN, INTERPOL, სხვ.), როგორც დაკავშირებული ტერორიზმთან.
სავაჭრო კავშირი – სავაჭრო კავშირი, რომელიც ავრცელებს შესამჩნევ პოლიტიკურ გავლენას ან ზემოქმედებას, ან მდებარეობს აქტიური პოლიტიკური ნების გავლენის სფეროში. ადამიანთა დიდი ჯგუფის მობილიზება, რომლებიც ჩართულნი არიან ინდუსტრიულ უწესრიგობაში.
ხომალდი – არასანქცირებული საზღვაო ხომალდი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ემბარგოს ან სანქციების ქვეშ მყოფ ქვეყანასთან, რეგიონთან ან ორგანიზაციასთან. საზღვაო ხომალდი, რომელიც არაპირდაპირ არის დაკავშირებული ემბარგოს ან სანქციების ქვეშ მყოფ ქვეყანასთან, რეგიონთან ან ორგანიზაციასთან. განსაკუთრებული ინტერესის საზღვაო ხომალდი, რომელიც არ არის პირდაპირ დაკავშირებული ემბარგოს ქვეშ მყოფ ქვეყანასთან, რეგიონთან ან ორგანიზაციასთან, მაგრამ ატარებს დაკავშირებულ ან რისკის შემცველ ინფორმაციას“.
„უკვე შესაძლებელია გარდაცვლილ პირზეც მოითხოვოს ოჯახის წევრმა მორალური ზიანის ანაზღაურება. ეს პრეცედენტული გადაწყვეტილებაა,“ – ამბობს ადვოკატი ემზარ პაქსაძე. მისი დაცვის ქვეშ მყოფი გულნარა სარიშვილის სარჩელი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა. დღეს, 17 ივნისს, აღსრულების მოთხოვნით გულნარა სარიშვილმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა.
გულნარა სარიშვილის შვილი – 25 გიორგი ბოლქვაძე 2004 წელს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სასამართლო განხილვა წლების განმავლობაში გაგრძელდა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2008 წელს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გულნარა სარიშვილს მატერიალური ზიანისთვის უნდა მიეღო 2 700 ევროს ეკვივალენტი ლარში, თუმცა არამატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარი უთხრა, რადგან ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არამატერიალური ზიანის ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი სამედიცინო გულგრილობის შედეგად დაიღუპება.
უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ბოლქვაძის ოჯახისთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა, რის გამოც 2008 წელს ოჯახმა სტრასბურგს მიმართა.
2018 წლის 19 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე დაადგინა ევროპული კონვენციის მეორე მუხლის დარღვევა, რაც სიცოცხლის უფლებას გულისხმობს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო „მარეგულირებელი ჩარჩოს ეფექტური ფუნქციონირება“.
სტრასბურგის სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა მოთხოვნა კომპენსაციის თაობაზე „სამოქალაქო საქმის წარმოების პროცესში არსებული დეფექტების გამო“.
ადვოკატი ემზარ პაქსაძე განმარტავს, რომ სტრასბურგის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ხელახლა მიმართეს უზენაეს სასამართლოს, რომელმაც გულნარა სარიშვილის სასარგებლოდ სახელმწიფოს მორალური ზიანის ანაზღაურება – 20 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
„ეს საქმე აჩვენებს იმას, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი… ჩვენ დღეს მივმართავთ ასევე პარლამენტს, რომ შეცვალოს შიდა კანონმდებლობა ამ კუთხით. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ ისედაც ვეღარ ეტყვიან ადამიანებს უარს არამატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე,“ – აღნიშნავს ადვოკატი ემზარ პაქსაძე.
ნასიცხი არის კანის გაღიზიანება, რომელიც ძირითადად წარმოიქმნება გაძლიერებული ოფლდენის და გადახურების დროს. მისი მიზეზი შეიძლება იყოს ჰიგიენური ფაქტორიც.
ნასიცხმა შეიძლება თავი იჩინოს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ ძირითადად გავრცელებულია ახალშობილებში.
როცა ბავშვი გადახურდება, მისი ორგანიზმი ცდილობს თავი დააღწიოს ზედმეტ სითბოს ოფლის გამოყოფის გზით. თუმცა, ახალშობილებში საოფლე ჯირკვლების სადინარები ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი და ვერ უმკლავდება მისი გამოდევნის ფუნქციას.
ასეთ შემთხვევაში, ოფლი გროვდება საოფლე ჯირკვლების შესართავთან და აღიზიანებს მიმდებარე კანის მონაკვეთებს.
ნასიცხი გამოვლინდება წვრილი ვარდისფერი ან მუქი წითელი გამონაყარით რომელსაც შეიძლება თან ახლდეს გამჭვირვალე სითხით სავსე წვრილი ბუშტუკების გამოვლენა. ბუშტუკები ძალიან მალე შრება და გადაიქცევა ქერქად.
ლოკალიზაციის ადგილები ყველაზე ხშირად არის კანის ნაკეცები; მუხლებისა და იდაყვების მოსახარი; სინთეტიკური ქსოვილის შეხების ადგილები.
ნასიცხის დროს ბავშვის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სხეულის ტემპერატურა – ნორმალური, მაგრამ დაზიანებული კანი ადვილად შეიძლება იქცეს სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკული ინფექციის წყაროდ.
დახმარება:
[checklist]
გამოკვებეთ ბავშვი ძუძუთი. დედის რძე გაცილებით ამაღლებს პატარას იმუნიტეტს და ნასიცხი ძალიან მალე გადადის ხოლმე.
ხშირად აბანავეთ, შეგიძლიათ უბრალოდ სუფთა წყალი გაადავლოთ ან სულაც მცენარეული აბაზანა გაუკეთოთ , მთავარია, პატარას ოფლი მოაშოროთ და კანს სუნთქვის საშუალება მისცეთ.რეკომენდებულია ბავშვის დღეში არანაკლებ 3-ჯერ ბანაობა, ზაფხულში კი უფრო მეტჯერ (საპონი გამოიყენეთ დღეში ერთხელ)
აუცილებელია ჰაერის აბაზანები. დატოვეთ ხოლმე იგი შიშველი 10-15 წუთის განმავლობაში
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კანის ნაოჭებს, ამ ადგილებში ოფლიანობა უფრო მეტია. თუ წყლის გადავლებას ვერ ახერხებთ, გრილ წყალში დასველებული რბილი ნაჭრით გაწმინდეთ ეს არეები და დეტალურად გამშრალეთ.
ნუ გამოიყენებთ ტალკს და ცხიმიან კრემებს სხეულზე წასასმელად. ამით მხოლოდ უფრო მეტად ჩაკეტავთ ფორებს და კანს სუნთქვის საშუალებას შეუზღუდავთ.
არ გამოიყენოთ სინთეზური ქსოვილებისაგნ შეკერილი სამოსი. ტანსაცმელი უნდა იყოს მხოლოდ ნატურალური ქსოვილის, რათა კანის სუნთქვას და „განიავებას“ ხელი შეუწყოთ.
ზაფხულის ცხელ დღეებში გამოიყენეთ კონდიციონერი, ოთახის ტემპერატურა 22-23 გრადუსი უნდა იყოს.
არ დაივიწყოთ სითხეების გაზრდილი რაოდენობით მიწოდება. ოფლის სახით ხომ პატარას სითხეს კარგავს, რამაც შესაძლებელია გადახურება და მისი მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს
თუ შენიშნეთ, რომ ნასიცხი ბავშვის კანზე არ გადადის რამდენიმე დღის განმავლობაში, იმატებს ზომაში, მიდრეკილია დაჩირქებისკენ და ბავშვი გაღიზიანებულია, ეს ნიშნავს, რომ დაიწყო ინფიცირება.
[/checklist]
ამიტომ საჭიროა პედიტრთან ან დერმატოლოგთან ვიზიტი, რათა პროცესი შორს არ წავიდეს და დროულად მოხდეს ინფექციის სწორი მკურნალობა.
მთავარ ფოტოზე: დალილა ცივაძე
ექიმთან ვიზიტის დაგეგმვის ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 0422 22 71 71
ან დაჯავშნეთ ვიზიტი ვებგვერდის საშუალებით www.khozrevanidze.ge.
შსს ინფორმაციით, უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დაუშვებელია, კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურების შემცვლელი ნებისმიერი წარმონაქმნის შექმნა, მისი ხელმძღვანელობა, მასში გაწევრიანება ან მისი შექმნისკენ მოწოდება.
ამასთან, ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა კანონით მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა. შესაბამისად, როგორც პოლიციის, ისე სხვა სახელმწიფო უწყების ფუნქციის შესრულების ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. ძალადობის, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის და კანონის დარღვევის თითოეულ ფაქტზე სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება,“-ნათქვმია შსს-ს განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და მოხდება შესაძლო დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის ქმედების სამართლებრივი შეფასება.
ლევან ვასაძემ 16 ივნისს მუქარით თქვა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ „თვითორგანიზებულ ჯგუფებს“ შექმნის — „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში. ახსენა „კომბლებიც“. იმავე საღამოს ვერის ბაღში შეკრებილმა ხალხმა დაიწყო ჩაწერა ვასაძის დაანონსებულ „რაზმებში“.
ვასაძემ 16 ივნისის გამოსვლაში ახსენა ქვიარაქტივისტების ან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლის შესაძლო მკვლელობაც, რაც, მისი თქმის, მას უნდა დააბრალონ და თქვა, რომ ეს ინფორმაცია უშიშროებისგან ჰქონდა. შსს-ის განცხადებაში ამ ნაწილზე არაფერია ნათქვამი. ჯერჯერობით უცნობია, დაიწყებს თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ნაწილზე გამოძიებას.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთ უდიდეს საზღვაო კომპანიასთან, „ქოლუმბია შიპმენეჯმენტთან“ შეთანხმება მიღწეულია და კომპანია მომდევნო ორ წელიწადში თავის გემებზე 1000 ადამიანს დაასაქმებს.
„ეს არის ძალიან მაგარი პროექტი, რომელსაც, ვფიქრობ, წარმატებით ჩავატარებთ. 2019-2020 წლის განმავლობაში კომპანიის გემებზე 1000 ადამიანი შეძლებს მუშაობას,“ – ამბობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი.
პროექტის პირველი ეტაპი 10 ივნისს დაიწყო. „ქოლუმბია შიპმენეჯმენტი“ საქართველოს 50 მოქალაქეს საკრუიზო გემებზე დაასაქმებს. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, თავდაპირველად დასაქმდება 18-დან 40-წლამდე 50 ადამიანი ბარმენის, მიმტანის და „ჰაუს-ქიპერის“ პოზიციებზე.
„საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ 2019 წელი აღიარა როგორც ქალების გაძლიერების წელი საზღვაო ინდუსტრიაში. საზღვაო ფორუმზე 2018 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, ქალთა საერთაშორისო და სავაჭრო ასოციაციის საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს. ამ მემორანდუმის ფარგლებში გადავამზადებთ სწორედ შერჩეულ ოც გოგონას,“ – ამბობს თამარ იოსელიანი.
საკრუიზო გემზე დასაქმებულთა ხელფასი საშუალოდ 800-დან 1200 ევრომდე იქნება.
საბუთების მიღება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში 20 ივნისამდე გაგრძელდება. პირველ ეტაპზე საბუთებს სააგენტო გადაარჩევს, შერჩეულ კანდიდატებს კი 24 ივნისს გასაუბრებას „ქოლუმბია შიპმენეჯმენტის“ წარმომადგენელი ჩაუტარებს.
გამოცდილება სასურველ პროფესიაში (ბარმენი, მიმტანი, „ჰაუს-ქიპერი“) და ინგლისური ენის მინიმალურ დონეზე ცოდნა – ეს არის შერჩევის მთავარი კრიტერიუმები.
მას შემდეგ, რაც კომპანიის წარმომადგენელი სასურველ კადრებს აარჩევს, ისინი გადამზადებას გაივლიან. შერჩეული 50 ადამიანიდან 20 აუცილებლად გოგო იქნება, რომელსაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო UN Women-ისა და Wista Georgia-ს მხარდაჭერით გადაამზადებს.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მათ საკუთარი ხარჯებით მოუწევთ გადამზადების კურსის გავლა ბათუმის საზღვაო სასწავლებლებში.
ყველა კანდიდატი „ქოლუმბია შიპმენეჯმენტთან“ ინდივიდუალურ კონტრაქტს გააფორმებს. შესაბამისად თავად აირჩევენ, თუ რა ხანგრძლივობით დასაქმდებიან – ოთხი, ექვსი თუ რვა თვით.
„ქოლუმბია შიპმენეჯმენტი“ ერთ-ერთი მსხვილი გერმანული საზღვაო კომპანიაა, რომელიც 380 გემის მენეჯმენტს ახორციელებს, აქვს 20 საკრუიზო გემი და იახტა. ჯამში დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 15 ათასი ადამიანი, მათგან რვაასამდე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალის კვლევისთვის და გომარდულში სპორტული ტურიზმის განვითარების კომპლექსური სამოქმედო გეგმის შემუშავებაში 200 ათასი ევროს ნაცვლად 236 ათას ევროს გადაიხდის. კვლევისა და სამოქმედო გეგმის შესყიდვას სამინისტრო გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე გეგმავს. რატომ გაძვირდა მომსახურების შესყიდვა 36 ათასი ევროთი?
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის წერილში, რომლითაც მან შესყიდვების სააგენტოს მიმართა, აღნიშნულია, რომ სამინისტროს მიერ სააგენტოში ადრე წარდგენილ განცხადებაში არ იყო მითითებული, რომ 200 000 ევრო არ მოიცავდა დღგ-ს თანხას და წარმოადგენდა მომსახურების გამწევი პირის მიერ მისაღებ წმინდა თანხას გადასახადების გარეშე.
„სამინისტროს მიერ შერჩეული ორგანიზაცია წარმოადგენს არარეზიდენტ იურიდიულ პირს, რაც შესაბამისად გულისხმობს სამინისტროს მხრიდან დამატებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხის გადახდ-ას ხაზინის ერთიან ანგარიშზე,“ – აღნიშნულია მინისტრის წერილში.
დოკუმენტების მიხედვით, ირკვევა, რომ 200 ათას ევროზე ტენდერის გარეშე ხელშეკრულების გაფორმების თანხმობა შესყიდვების სააგენტოსგან სამინისტრომ 2019 წლის 18 აპრილს მისცა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კი, 2019 წლის 7 მაისს გამოსცა შესაბამისი განკარგულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროს, სააგენტოს და აჭარის მთავრობასაც, გამორჩათ [ყოველ შემთხვევაში, არ დააზუსტეს] ის, რომ სახელმწიფო ხაზინაში გადასახდელი იყო დღგ-ს თანხა. შესყიდვის განხორციელებას რომ 36 ათასი ევროს დამატება სჭირდებოდა, ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა სააგენტოს მხოლოდ ახლა, ორი დღის წინ, 2019 წლის 14 ივნისს მიმართა. მორიგი თანხმობის შემთხვევაში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თავისი ახალი განკარგულებით, წინა განკარგულებაც უნდა გააუქმოს.
შესყიდვების სააგენტომ 36 ათასი ევროს საკითხი 20 ივნისამდე უნდა გადაწყვიტოს.
სამინისტროს განაცხადის მიხედვით „გასათვალისწინებელია, რომ დაგეგმილი კვლევა უნდა დაიწყოს უახლოეს პერიოდში და დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში, ამის შემდეგ შესასყიდი კვლევის შედეგების გათვალისწინებით უნდა დაიწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა/განვითარება“.
ვისთან გაფორმდება 200 ათას [ამჯერად 236 ათას] ევროზე [ეკვივალენტი ლარში] ხელშეკრულება, სამინისტროში „ბათუმელებს“ ორი თვის წინ არ უთხრეს.
„სამინისტრომ კვლევაზე გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა და ამჯერად მიმდინარეობს წარმოდგენილი წინადადებების შესწავლა. გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის შემდეგ, სამინისტრო გადაწყვეტს, თუ ვისთან გააფორმოს ხელშეკრულება. რაც შეეხება თანხას, ის დაიხარჯება სამინისტროს ბიუჯეტიდან. ეს თანხა გათვალისწინებული იყო ჯერ კიდევ აჭარის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში,“ – გვითხრეს მაშინ სამინისტროში.
ქალთა ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დღეს, 16 ივნისს, ბათუმში საზღვაო აკადემიის სტუდენტი გოგოების მარში გაიმართა. გოგოებმა მარში ევროპის მოედნიდან დაიწყეს, მემედ აბაშიძის ქუჩა გაიარეს, შემდეგ პირველი ქართველი მფრინავი ქალის, ფადიკო გოგიტიძის ძეგლთან მივიდნენ, მსვლელობა კი ბათუმის დელფინარიუმთან დაასრულეს.
ქალთა ეკონომიკური ფორუმის მთავარი გზავნილი იყო „გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით“ და ის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კამპანიის ნაწილს წარმოადგენდა.
სწორედ ამ კამპანიის ნაწილია ქალების ხელშეწყობა და წახალისება იმ პროფესიებში, რომლებიც მანამდე კაცების საქმიანობად მოიაზრებოდა. მათ შორისაა საზღვაო სფეროსთან დაკავშირებული პროფესიებიც.
სტუდენტი გოგონების მარშს წინ მაშველი გოგოები მიუძღოდნენ.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტი გოგოების მარში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
დღეს, 16 ივნისს, ხელვაჩაურში, სოფელ განახლებაში გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართა. სოფლის მოსახლეობის ნაწილი განახლებაში დაგეგმილი ქარხსნის მშენებლობას ეწინააღმდეგება.
წინასწარი ინფორმაციით ერთ-ერთი კერძო კომპანია გეგმავს ავტომობილების მეორადი ზეთის გადამამუშავებელი ქარხანა ააშენოს. სოფელში კი ამბობენ რომ დასახლებულ პუნქტში მსგავსი ტიპის ქარხნის აშენება დაუშვებელია.
“ქარხანა კარგია, მაგრამ არა სოფელში, არამედ დაუსახლებელ ადგილას უნდა გააკეთონ. მსგავსი ტიპის ქარხნები მჭიდროდ დასახლებულ ადგილას არ შენდება. ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოჰყოფს. იქ რომ ხანძარი ან რამე მოხდეს, ვინ აგებს პასუხს. არანაირი განრანტია არ გვაქვს რომ არ მოვიწამლებით. არ დავუშვებთ ამ ქარხნის აშენებას,” – ამბობს სოფელ განახლების მკვიდრი გიორგი ბერიძე.
სოფლის მცხოვრებლები ქარხნის მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით ხელწერილების შეგროვებას აპირებენ, რომელსაც აჭარის მთავრობას და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაუგზავნიან.
ბათუმში თაღლითობის ბრალდებით 21 წლის ბიჭი დააკავეს.
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2018 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით, 20-მდე მომხმარებლის ყალბი „ფეისბუქგვერდი“ შექმნა და მათ მეგობრებს, თაღლითური გზით, „კრისტალბეთის“ ანგარიშზე ფული ჩაარიცხინა.
შსს-ს თანახმად, დაკავებულმა, ჯამში, 8 000 ლარი მიითვისა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მობილური ტელეფონი და პლასტიკური ბარათები ამოიღეს, რომელთა გამოყენებითაც გ.ი. სოციალურ ქსელში თანხის თაღლითურად მისაკუთრებას და შემდგომ მის განაღდებას ახერხებდა.
გამოძიება მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღეს, 15 ივნისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ეროვნული ლიგის მე-18 ტურის მატჩი გაიმართა.
გუნდებს შორის შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობდა. რამდენიმე საგოლე მომენტის მიუხედავად, მეორე ტაიმის მიწურულამდე ანგარიში 0:0 იყო. მხოლოდ თამაშის 89 -ე წუთზე შეძლო „ლოკომოტივის“ ფეხბურთელმა სიხარულიძემ გოლის გატანა და ანგარიში 1:0 გახდა „ლოკომოტივის“ სასარგებლოდ.
მიუხედავად “დინამო” ბათუმის მცდელობისა, საბოლოო ანგარიში ტაბლოზე სწორედ 1:0 დაფიქსირდა. „დინამოელების“ მიერ ჩატარებული ბოლო ოთხი თამაშიდან ეს მათი პირველი მარცხია.
სატურნირო ცხრილში “დინამო” ბათუმი მეორე ადგილზეა 37 ქულით. „ლოკომოტივმა“ კი, დღევანდელი მოგებით, მეხუთე ადგილზე აინაცვლა. გუნდს 25 ქულა აქვს.
ბათუმის პლაჟზე გიგანტური პანდა გამოჩნდა. პანდას გამოჩენა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მიერ ორგანიზებული კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანი მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაა.
„ბუნებრივი რესურსების ზომიერი მოხმარებით, შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს ბუნება“ – ასეთია კამპანიის მთავარი გზავნილი.
დღეს ბათუმში ზაფხულის ფესტივალი მიმდინარეობს, სწორედ ფესტივალის ტერიტორიაზეა ინსტალაცია, რომელზეც დაინტერესებულ მოქალაქეს სხვადასხვა ინფორმაციის ამოკითხვა შეუძლია.
მაგალითად, ის რომ ტრანსპორტი მსოფლიოს მასშტაბით გარემოს დაბინძურების მხრივ სიდიდით მესამე ინდუსტრიაა. ასევე ისიც რომ 2050 წლისთვის ოკეანეში უფრო მეტი პლასტმასი იქნება, ვიდრე თევზი. პლასტმასის საწრუპის დაშლას კი 200 წელზე მეტი დრო სჭირდება.
თურქეთში, ისტორიულ ტაოში, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის – ოშკის ტაძრის გუმბათის რეაბილიტაცია გრძელდება. საინფორმაციო აბრის მიხედვით, ოშკის რეაბილიტაცია 2019 წლის აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს.
ასე გამოიყურება ოშკი დღეს. ფოტო: ლაშა ბერეკაშვილი
ტაძრის რეაბილიტაცია 2018 წლის 4 მაისს დაიწყო. ამას წინ უძღოდა საქართველოსა და თურქეთის კულტურის მინისტრებს შორის 2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელი ხელშეკრულებითაც ორმა ქვეყანამ აიღო მათ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის ვალდებულება. ოშკი მეათე საუკუნეში ააგეს და ის იმ პერიოდში მნიშვნელოვანი სამონასტრო ცენტრი იყო.
წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში სულ 74 მასწავლებელი მონაწილეობდა, მათგან რვა აჭარიდან იყო .
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში შესულ მასწავლებლებს წინ გასაუბრება ელით ჟიურისთან, რის შედეგადაც, პირველ სექტემბერს, გამოვლინდება ჯილდოზე წარდგენილი 5 საუკეთესო მასწავლებელი, 2019 წლის 5 ოქტომბერს კი გაიმართება დაჯილდოების ცერემონია, სადაც დასახელდება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლიდან გაიცემა, ჯილდოს პირველი მფლობელი ლადო აფხაზავაა. 2018 წელს კი მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მანანა კაპეტივაძემ მიიღო, ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელმა.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – საქართველო“ არის გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას. მას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ეროვნულ დონეზე გამარჯვებული ჯილდოს სახით იღებს 10 000 ლარს და ხდება გლობალური ჯილდოს მონაწილე.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული უკვე ცნობილია. ათეულში მოხვდნენ:
თამარ ადამია, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის #26 სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი
ხათუნა გოგალაძე, ბრიტანულ-ქართული აკადემიის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყელების მასწავლებელი
ლაურა გოტიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევანის საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ქართული ენისა და ლიტერატური მასწავლებელი
ნათია კურტანიძე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიის მასწავლებელი
მაია მენაბდე, ბათუმის #3 საჯარო სკოლის და სკოლა „განათლების“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ქეთინო მერიბაშვილი, სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ გეოგრაფიის მასწავლებელი
ინგა მოსიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების და ისტორიის მასწავლებელი
სალომე ფურცვანიძე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის დაწყებითი საფეხურის და მეწარმეობის საფუძვლების მასწავლებელი
მიხეილ ცქვიტაია, აფხაზეთის #10 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების და ამერიკისმცოდნეობის მასწავლებელი
გიოირგი ჭაუჭიძე, მარნეულის #2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი
წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში სულ 74 მასწავლებელი მონაწილეობდა, მათგან რვა მასწავლებელი – აჭარიდან.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში შესულ მასწავლებლებს წინ გასაუბრება ელით ჟიურისთან, რის შედეგადაც, 1 სექტემბერს, გამოვლინდება ჯილდოზე წარდგენილი 5 საუკეთესო მასწავლებელი, 2019 წლის 5 ოქტომბერს კი გაიმართება დაჯილდოების ცერემონია, სადაც დასახელდება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლიდან გაიცემა, ჯილდოს პირველი მფლობელი ლადო აფხაზავაა, 2018 წელს კი მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მანანა კაპეტივაძემ მიიღო, ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელმა.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – საქართველო“ არის გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას. მას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ეროვნულ დონეზე გამარჯვებული ჯილდოს სახით იღებს 10.000 ლარს და ხდება გლობალური ჯილდოს მონაწილე.
დღეს, 15 ივნისს, ბათუმში ქალთა ეკონომიკური ფორუმი დაიწყო. ორდღიანი ღონისძიება ბიზნესში ქალების გაძლიერებისა და ქალი მეწარმეების წახალისების მიზნით ტარდება.
ფორუმის ორგანიზატორი გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ არიან. ასევე ფორუმის მხარდამჭერია აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
ორდღიანი ფორუმის მიზანი ქალების გაძლიერებაში ბიზნესკომპანიების როლის და წარმატებული ქალების ისტორიების წარმოჩენაა.
„გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით“ – ეს ფორუმის მთავარი გზავნილი და ქალების ეკონომიკური გაძლიერების კამპანიის ნაწილია. კამპანიის მიზანია, გააუმჯობესოს სოციალურად დაუცველი ქალებისა და დამწყები ქალი მეწარმეების კავშირები კერძო სექტორსა და ბიზნესასოციაციებთან.
„ზაფხული იწყება აქ“ – ამ სლოგანით გაიხსნება დღეს საზღვაო ტურისტული სეზონი ბათუმში, სადაც ზღვის ნაპირზე გამართულ ზაფხულის ფესტივალზე სტუმრებს დღესასწაული და გართობა ელით. აჭარაში მოგზაურობა ბათუმით იწყება, ზღვისპირა ქალაქით, სადაც თანაბრად იგრძნობა თანამედროვე ცხოვრების რიტმი და ძველი საპორტო ქალაქის სიმყუდროვეც.
ახალი ბათუმი თანამედროვე, მასშტაბური არქიტექტურით იქცევს ყურადღებას, ძველი ბათუმის ვიწრო, მოკირწყლულ ქუჩებში კი ქალაქის ისტორია ცოცხლდება ერთ და ორსართულიანი კოხტა სახლებით.
ოსმალეთის იმპერიის, ბრიტანული ოკუპაციისა და საბჭოთა ეპოქის მომსწრე ბათუმის არქიტექტურამ და ყოფამ სხვადასხვა ეროვნების, რელიგიისა და კულტურის ადამიანთა ცხოვრების წესი აირეკლა. ამ ერთ პატარა ქალაქში მოგზაურობა სხვადასხვა ეპოქასა და კულტურაში მოგზაურობას ნიშნავს, მოგზაურობას, რომელსაც ფორთოხლის ყვავილების სურნელი სდევს თან: თუ გაგიმართლათ და ციტრუსის ყვავილობისას აღმოჩნდით აჭარაში, ეს სურნელი სამუდამოდ ბათუმსა და აჭარასთან დაგაკავშირებთ, არ აქვს მნიშვნელობა აჭარის მთიანეთში იმოგზაურებთ, თუ ბათუმის ქუჩებში გაისეირნებთ.
თუ ქალაქში აქტიური დასვენების შემდეგ ბუნების სიმწვანე მიგიზიდავთ, ბათუმის ასწლოვანი ბულვარი და ქალაქის ბოტანიკურ ბაღში სუბტროპიკული მცენარეების ხეივნები და ფანჩატურები განტვირთვაში დაგეხმარებათ.
ზღვა და მთა, ზაფხულისა და ზამთრის სამთო კურორტები აჭარაში ერთმანეთის გვერდიგვერდაა და სამ დღეშიც კი შესაძლებელია ყველაფრის ერთდროულად ნახვა.
ნებისმიერი ტურისტული მიმართულება ბათუმში უსწრაფესად ვითარდება, რაც არც საერთაშორისო ტურისტული საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩენილა. ბათუმი წელს World Travel Awards-ის ჯილდოს მფლობელი გახდა, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება. მსოფლიო ტურიზმის
ფესტივალზე ბათუმი გამარჯვებულად წელს პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე დაასახელეს და ტურიზმის სფეროში „ოსკარად“ წოდებული ჯილდო გადასცეს.
ბათუმში და აჭარის ზღვის სანაპიროზე არის თანამედროვე, ფეშენებელური და შედარებით ბიუჯეტური სასტუმროები, მთაში კი სასტუმრო-სახლები მიიჩნევა საუკეთესო ადგილად, სადაც სოფლის ყოფას, კულინარიას და ფოლკლორს გაეცნობით.
საქართველოს ამ ერთ კუთხეში ყველაფრის ნახვა შეგიძლიათ, გააჩნია რა ტიპის დასვენებას არჩევთ: ოჯახთან ერთად გსურთ შვებულების გატარება და ზღვაზე მშვიდად დასვენება, თუ თავგადასავლები გირჩევნიათ მეგობრებთან ერთად; მთიან აჭარაში ზურგჩანთით და კარვებით მოგზაურობა გაქვთ გეგმაში, თუ თანამედროვე სასტუმროების კომფორტს ირჩევთ – აჭარაში ყველა ტიპის მოგზაური და დამსვენებელი იპოვის მისთვის სასურველ გარემოს.
თუ ოჯახთან ერთად აპირებთ ზღვაზე დასვენებას, აჭარაში ზღვისპირა კურორტების დიდი არჩევანია: ბათუმი, ქობულეთი, სარფი, კვარიათი, გონიო, ციხისძირი, ჩაქვი და მწვანე კონცხი…
ბათუმი ზღვისპირას აქტიური დასვენების, ქუჩებში სეირნობის, ქალაქური კაფეებისა და რესტორნების მოყვარულებს იზიდავს; ქობულეთის ხიბლი სანაპირო, ფიჭვნარი და ბუნგალოების ფართო არჩევანია; მწვანე კონცხი, ჩაქვი, ციხისძირი, გონიო, სარფი და კვარიათი განსაკუთრებით მათ მოეწონებათ, ვისაც ზღვისპირას უნდა გაერიდოს ქალაქის ხმაურს და ამავე დროს, ბათუმის ცენტრთანაც ახლოს სურს ყოფნა.
ზღვის შემდეგ თუ მთის სიგრილე მოგენატრებათ, შეგიძლიათ ბეშუმს ეწვიოთ, ზღვის დონიდან თითქმის 2 000 მეტრზე მდებარე კურორტს. ნაძვებით გარშემორტყმული ბეშუმი ხის პატარა კოტეჯებითაა გაშენებული. კურორტთან
ახლოს მემთეურები ცხოვრობენ, რომელთაგანაც დამსვენებლები ადგილობრივ ნატურალურ პროდუქტს: კარაქს, მაწონს, რძეს და ყველს ყიდულობენ.
ბეშუმი
ოჯახური დასვენების მოყვარულებისთვის ბეშუმი საუკეთესო კურორტი როგორც ზრდასრულების, ასევე, ბავშვებისათვის, რადგან სუფთა ჰაერი და მთის ეკოპროდუქტები ჯანსაღი დასვენების გარანტიაა. ზაფხულობით აქ შუამთობა იმართება, დოღი და გასართობი ღონისძიებები ბეშუმის სტუმრებსა და მასპინძლებს თანაბრად ახალისებს. ბეშუმში, როგორც წესი, ოჯახები ხის კოტეჯებს ქირაობენ. კურორტზე არის როგორც მცირე და საშუალო, ასევე,
მოზრდილი, რამდენიმე ოჯახზე გათვლილი კოტეჯებიც.
თუ ექსტრემალური თავგადასავლები გიტაცებთ, აჭარაში ზღვაზე დასვენებისას კატერით ან სკუტერით შეგიძლიათ ისეირნოთ, იფრინოთ პარაპლანით ან პარაშუტით, მაგრამ აჭარა ზღვის მიღმაც ბევრ სხვა მარშრუტს გთავაზობთ ექსტრემალური დასვენებისთვის.
გირჩევთ, მტირალას ეროვნული პარკის ზიპლაინით დაიწყოთ და ხეებს შორის, ტყეში გაბმულ თოკებზე ისრიალოთ ჰაერში გამოკიდებულებმა.
ზიპლაინით სარგებლობა ქედის სოფელ პირველ მაისშიცაა შესაძლებელი, სადაც შერვაშიძეების ღვინის მარანში ზიპლაინი ვენახს გადაუფრენს.
ექსტრემალური სიტუაციების მოყვარულებს შეუძლიათ ველოტური მოაწყონ ბათუმიდან 27 კილომეტრით დაშორებულ სოფელ მერისამდე, რისთვისაც სამთო ველოსიპედები დაგჭირდებათ. მერისი პატარა სოფელია კოლხური ბზის ტყით, ჩანჩქერით, ხეებით დაბურული ორღობეებით, მეცამეტე საუკუნის თაღოვანი ხიდით და ჭოროხის სანაპიროებით, სადაც ჯომარდობის ტურები ეწყობა. ჯომარდობა ჭოროხზე აჭარაში ჩამოსული ექსტრემალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სპორტია.
მაღალმთიანი აჭარის გასაცნობად სხალთა-ხიხანის მარშრუტი იდეალური მიმართულებაა მოგზაურებისთვის, ვისაც ფეხით სიარული და სახიფათო, ექსტრემალური გზების დაძლევა მოსწონს. ხიხანის ციხემდე მისასვლელი გზა საკმაოდ რთულია. ზღვის დონიდან 2 220 მეტრზე, კლდეზე მდებარე ხიხანის ციხემდე ციცაბო ბილიკებით 2 საათი უნდა იაროთ, რაც ფიზიკურ მომზადებას და დიდ ენერგიას მოითხოვს.
სანამ ციხეზე ახვალთ, შეგიძლიათ ხიხაძირში, მთისუბანში ან სოფელ ბაკიბაკოში კარვებით დაბანაკდეთ. კარგი აზრია, რომელიმე სოფელში საოჯახო სასტუმროს ეწვიოთ, სადაც ტრადიციულ კერძებსაც დააგემოვნებთ და მეორე დღეს დალაშქრავთ ხიხანს. სოფელ მთისუბანში შეგიძლიათ გზად კლდეში ნაკვეთი, ბუნებრივი მღვიმე-მაცივარი მოინახულოთ, სადაც მუდმივად, შუა ზაფხულშიც კი, ძალიან დაბალი ტემპერატურაა და ადგილობრივები მართლაც მაცივრად იყენებენ.
ხიხანის ციხე
სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებს, ვისაც ფეხით დიდხანს სიარული, ლანდშაფტზე დაკვირვება და ადგილობრივთა ყოფის ახლოდან ნახვა აინტერესებს, შეუძლია დაცული ტერიტორიები მოინახულოს, მტირალას, კინტრიშისა და მაჭახელას ხეობები.
„მაჭახელას თოფის გზა“ აჭარის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მარშრუტია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ერთდროულად მოინახულოთ ცხემლარას თაღოვანი ხიდი, ჩანჩქერი, გვარას ციხის ნანგრევები, 200 წლის ულამაზეს მეჩეთში განთავსებული სოფელ ზედა ჩხუტუნეთის ისტორიულ- ეთნოგრაფიული მუზეუმი და მაჭახელას ეროვნული პარკის ულამაზესი ბუნება: ქოქოლეთის, ტყუპი ჩანჩქერისა და მთავარანგელოზის ბილიკები.
აუცილებლად ეწვიეთ მტირალას ეროვნულ პარკს, რომელიც დაცული ტერიტორიაა. მტირალას პარში ღამის გათევა შეგიძლიათ ტურისტულ, ხის თავშესაფარ-ქოხებში, ვიზიტორთა ცენტრში ან კარავში, თუმცა პარკის ტერიტორიაზე საოჯახო სასტუმროებიცაა. მტირალას ეროვნულ პარკში ნახავთ ორასწლოვან წყლის წისქვილებს, ტბას, ჩანჩქერს, ხელუხლებელ კოლხურ ტყეს და გაზაფხულზე როდოდენდრონის ყვავილობას.
მტირალას ნაკრძალი, როდოდენდრონის ყვავილობა
ბათუმიდან 56 კმ-ით დაშორებულ სოფელ მერისში სხვა სახის დასვენებაა შესაძლებელი. აქ ნახავთ მერისის წყალუხვ ჩანჩქერს, გვახას საპიკნიკეს, სადაც ბუნებრივად მოწყობილ აუზში გუბდება სუფთა წყალი და ულამაზეს ხეობას ქმნის. მერისი აჭარის სხვა სოფლებისგან იმით გამოირჩევა, რომ საოჯახო სასტუმროებში აქ აჭარული სამზარეულოს გარდა ხალხური ცეკვის და სიმღერის მასტერკლასებს სთავაზობენ სტუმრებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მერისიდან შესაძლოა იქაურ ჰანგებზე ამღერებული დაბრუნდეთ უკან.
მერისი
თავგადასავლების მოყვარულებისთვის აუცილებლად სანახავი ადგილია მწვანე ტბა. ეს მარშრუტი კურორტ ბეშუმისა და გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღსაც მოიცავს. გოდერძის უღელტეხილიდან ტბისკენ ფეხით სავალი ერთსაათიანი გზაა. გზად გხვდებათ მემთეურთა სოფელი ხის ქოხმახებით, მწყემსი ქალებით, თავსაფრიანი მოხუცებით და ულამაზესი ხედებით.
მწვანე ტბის სახელწოდება შემთხვევითი არ არის – ტბა მართლაც კამკამა მწვანეა. აქ ჩამომსვლელები ნაპირზე კარვებით რჩებიან ან უკან ბრუნდებიან და ბეშუმში ან გოდერძიზე
ბანაკდებიან.
მწვანე ტბა
და კიდევ ერთი ადგილი – თაგო. ხულოს მუნიციპალიტეტის ამ სოფლის გამორჩეულობის მიზეზი მარტივია: თაგო ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარეობს და დაბა ხულოს 1719-მეტრიანი საბაგირო გზით უკავშირდება. სწორედ ეს საბაგიროა მისი ხიბლი. პირველი, რაც თაგოში თვალში გხვდებათ, ხის ძველი სახლებია. მიხვეულ-მოხვეული ვიწრო ორღობეებიც კი სულ ხისაა. აქ ფიქრობ, რომ დროში მოგზაურობ და ასი წლით უკან აღმოჩნდი.
ფესტივალებისა და ტურების მოყვარულთათვის აჭარაში არაერთი ფესტივალი და საინტერესო ტური იმართება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფესტივალი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალია, რომელიც ყოველ ზაფხულს ბათუმში ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავებს უყრის თავს.
ბათუმში იმართება სოფლის ტურიზმის ორდღიანი ფესტივალი „განდაგანა“. ბათუმის ევროპის მოედანზე ამ დროს აჭარის კუთხეებისთვის დამახასიათებელ პროდუქტს, კერძებსა და ნაწარმს წარმოადგენენ. ფესტივალი ,,განდაგანა“
აჭარის სოფლებში ბათუმიდან გაუსვლელად გამოგზაურებთ. ადგილზეა შესაძლებელი ტრადიციული აჭარული კერძებისა და ღვინის დაგემოვნება, ფოლკლორული სიმღერებისა და ცეკვების ფონზე. აჭარაში იმართება ასევე გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი: თვალწარმტაცი სანახაობა, როცა აჭარის ცას მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს. მსგავს რამეს მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ადგილას თუ ნახავთ. ფესტივალები აჭარაში უამრავ უცხოელ ტურისტს მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ბათუმი კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვისაც სასურველი ქალაქია. აქ ყოველწლიურად იმართება კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომლის სტუმრებიც არიან მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსები. ყოველი წლის სექტემბერში კი, ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი, BIAFF-ი იმართება, კინოს მოყვარულებისთვის ნამდვილი დღესასწაული, რომელიც საავტორო კინოს წლის საუკეთესო კოლექციებს
სთავაზობს მაყურებლებს.
ბათუმსა და აჭარაში შეგიძლიათ ეწვიოთ მუზეუმებს და ქალაქსა თუ ქალაქგარეთ არაერთი საინტერესო ტური შეგიძლიათ დაგეგმოთ.
შეგიძლიათ ერთი დღე ძველი ბათუმის აღმოჩენას დაუთმოთ და ტურის ფარგლებში გაიცნოთ სულ სხვა ბათუმი, თავისი მრავალფეროვანი ისტორიით, არქიტექტურითა და ქალაქური ლეგენდებით. თუკი თანამედროვე ბათუმის უკეთ გაცნობა გსურთ, შეგიძლიათ ბათუმის „შინაურული ტურით“ ისარგებლოთ, რომლის მიზანია ქალაქის სტუმრებს აჩვენოს ბათუმური შიდა ეზოები, ამ ეზოებში მზეს მიფიცხებული კატები, გასაშრობად გაფენილი ჭრელა-ჭრულა სარეცხის მწკრივები, მეწაღეები, მესაათეები და ნაცნობი ქუჩის ძაღლებიც კი, ერთი სიტყვით, შინაურად, ბათუმელად გაგრძნობინოთ თავი.
კითხვაზე, თუ რატომ უნდა იმოგზაუროთ აჭარაში, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, თუმცა ის, ვისაც ეს მხარე არ უნახავს, კარგავს ზღვის და მთის ჰაერის თანაბრად სუნთქვის ბედნიერებას, ცხოვრების მთავარ, ადამიანებთან ურთიერთობის სიხარულს, აქტიურ რიტმს, ბგერებს და ფერებს. თუმცა ეს ყველაფერი არის ის, რაც აქ ყოველ წელს გელოდებათ და არასდროს არის გვიანი გადაეშვათ ზღვისპირეთის თავგადასავლებში, სულერთია როგორ: მარტო,
მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად – აჭარა შენი მხარეა.
დღეიდან ზღვის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ზაფხულის ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია პლაჟზე, ანბანის კოშკის წინ, დღის 14:00 საათზეა დაგეგმილი.
ასევე ორ საათზე დაიწყება და ხუთ საათამდე გაგრძელდება ფრანების შოუ. ფესტივალზე მისული სტუმრებისთვის სპორტული და საბავშვო გასართობი აქტივობებია გათვალისწინებული. ფესტივალი გვიან ღამით გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები იზრუნებენ. ანბანის კოშკის მიმდებარედ, პლაჟზევე იქნება ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილის და კერძების შეკვეთა სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი.
ფესტივალზე დასწრება უფასოა.
სრული პროგრამა ნახეთ აქ:
14:00-17:00 Stig (DJ)
14:00-17:00 ფრანების შოუ
14:00-20:00 პლაჟის ფრენბურთი, სპორტული და საბავშვო გასართობი აქტივობები
17:00 – 19:00 Lasha Guruli (DJ)
20:00 – 21:00 ბენდი „ლურჯი იალქანი“
20:20 – 20:25 დღის ფერადი ფეიერვერკი
21:00 – 22:00 ბენდი The Loudspeakers
22:00 – 00:00 Lizz, Sunrise / Romania (DJ)
22:00 – 22:30 ფრანების შოუ
22:40 – 23:00 ღამის ფეიერვერკი
00:00 – 03:00 Mzhavia (Kodala) DJ
„ზაფხულის ფესტივალი“ რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.
როგორ უნდა მოვამზადოთ ბიზნესგეგმა, რა საკანონმდებლო ბაზის ცოდნაა აუცილებელი საქმიანობის სწორად დასაგეგმად, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის სახელის სწორად შერჩევა და შესაძლებელია თუ არა მსგავსი ბიზნესგეგმით დაფინანსების წყაროების მოპოვება – ეს ის ძირითადი საკითხები იყო, რის შესახებაც “დემოკრატიის ინსტიტუტის” ტრენერმა ისაუბრა.
ტრენინგი “დემოკრატიის ინსტიტუტმა” ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერებისთვის ჩაატარა. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებმა ინგლისური ენის სამთვიანი კურსიც გაიარეს. ამჯერად კი პროგრამის ბენეფიციარები ბიზნესის მართვის კურსს დაესწრნენ.
ტრენინგს ესწრებოდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. ზოგიერთ მათგანს წარმატებული ბიზნესი აქვს, მსმენელთა ნაწილი კი სამომავლოდ გეგმავს საკუთარი ბიზნესის წამოწყებას, რაშიც სწავლება მნიშვნელოვნად დაეხმარება.
“თითქმის ათი წელია ვკერავ, ადრე სამკერვალო ფაბრიკაში ვმუშაობდი, მაგრამ პირობები აღარ მაკმაყოფილებდა და წამოვედი. ძალიან მძიმე გრაფიკი მქონდა, ბევრჯერ ღამის 2 საათზეც გამოვსულვარ სამსახურიდან, იმდენად ბევრი იყო შეკვეთა. მოკლე დროში უნდა მოგვესწრო მისი დამზადება, ამიტომ რთულ პირობებში გვიწევდა მუშაობა. ხელფასი ძალიან დაბალი იყო. ოჯახის წევრები ხშირად მსაყვედურობდნენ, ბოლოს გადავწყვიტე, რომ დამოუკიდებლად წამომეწყო საკუთარი ბიზნესი. თავდაპირველად გამიჭირდა მარტო მუშაობა, თვეში 200-300 ლარზე მეტი შემოსავალი არ მქონდა, ხარჯებს ძლივს ვფარავდი, მაგრამ დროთა განმავლობაში შეკვეთებმა მოიმატა და დღეს უკვე ძალიან ბევრი შეკვეთა მაქვს“, – გვითხრა ციურიმ ტრენინგის ერთ-ერთმა მსმენელმა. მას საკუთარი ბიზნესი უკვე რამდენიმე წელია აქვს და წარმატებული მეწარმეა.
ტრენინგის მსვლელობისას საკუთარი ბიზნესის წამოწყება დაგეგმეს სხვა მსმენელებმაც, სწავლების დასასრულს ბენეფიციარებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში ბენეფიციართა საჭიროებების მიხედვით სასწავლო კურსების დაგეგმვა სამომავლოდაც იგეგმება.
“ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას” “დემოკრატიის ინსტიტუტი” ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს იმერეთში, გურიაში, სამეგრელო – ზემო სვანეთსა და აჭარაში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი.
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.
დღეს, 14 ივნისს, ხულოში, ღორჯომის თემში რამდენიმე სოფელი დაისეტყვა.
„დაისეტყვა ღორჯომის თემის 5-6 სოფელი, ასევე აგარის და საციხურის ადმინსტრაციული ერთეულები. ჩვენი ინფორმაციით, დაზიანებულია ნათესები, მაგრამ რა ხარისხით, ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია. ამ დროისათვის გასულია ხულოს მერი სოფლებში და ეცნობა სიტუაციას მოადგილესთან ერთად“ – გვითხრეს ხულოს მერიის პრესსამსახურში.
2018 წლის განმავლობაში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით $ 1 579 მილიარდი შემოვიდა, 2017-ში $ 1.379 მილიარდი.
ყველაზე დიდი რაოდენობის ფულადი გზავნილი გასულ წელს, ისევე როგორც წინა წლებში, რუსეთიდან შემივიდა.
ქვეყნების პირველი ექვსეული, საიდანაც ყველაზე დიდი რაოდენიბით იგზავნება საქართველოში ფული, ასე გამოიყურება:
ფულადი გზავნილების დიდი წილი, საქართველოდან წასული ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი თნხებია.
ზოგიერთ სახელმწიფოში ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხების მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედს შეადგენს და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის განმტკიცების მნიშვნელოვანი ფაქტორია. ფულადი გზავნილების მიმღებნი ხშირ შემთხვევაში მხოლოდ აღნიშნულ თანხებზე არიან დამოკიდებული. ეს საფინანსო რესურსები, ძირითადად, კვებასა და ყოველდღიური ხარჯების დაფინანსებაზე იხარჯება. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ფულადი გზავნილები ინვესტირებისთვის და საკუთარი ბიზნესის დასაწყებადაც გამოიყენება,“ – ნათქვამია საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკისა და მსოფლიო ბანკის ექსპერტების გამოკვლევაში.
საქართველოშიც ანალოგიური ტენდენცია შეიმჩნევა. გადმორიცხული თანხების ნაწილი სამომხმარებლო ხარჯების დასაფინანსებლად წარიმართება.
[three_fourth last=”no”]Content[/three_fourth]თანხის ნაწილის დაბანდება სხვადასხვა აქტივებში, მათ შორის უძრავ ქონებასა და საწარმოთა აქციებში ხორციელდება.
რვაფეხას [კაფე „ფანტაზიას“] სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულდა. “ბათუმელების” ინფორმაციით, ივნისის ბოლოს რვაფეხაზე ყველა ძირითადი სამუშაო დამთავრდება და გასახსნელად მზად იქნება. ნაგებობას მოხსნიან სამუშაო ღობეს და ნებისმიერ მსურველის შეეძლება რეაბილიტირებული რვაფეხას ნახვა.
„რვაფეხას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა. კაფეს რეაბილიტაციაზე მხატვარ-რესტავრატორმა ილია ფესვიანიძემ იმუშავა. “ბათუმელებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ფესვიანიძე ამბობდა, რომ კაფე “ფანტაზია” ძველი ფოტოების მიხედვით აღადგინა.
კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული უცნაური ფორმის შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.
ნახეთ როგორ გამოიყურება აღდგენილი რვაფეხა დღეს.
ასე გამოიყურება რეაბილიტირებული რვაფეხა. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებიცნობილი ცხენთევზა ამ ფორმით აღადგინესრვაფეხააღდგენილი რვაფეხაასე გამოიყურება რეაბილიტირებული რვაფეხა. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი, თინათინ ზოიძე, მომავალი კვირიდან ახალ თანამდებობაზე დაიწყებს მუშაობას. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თინათინ ზოიძეს ამ დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშნავენ.
ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა სულხან ღლონტმა. ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დღეს წარადგინეს.
თინათინ ზოიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „ამ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერ გაგვცემს პასუხს“.
თინათინ ზოიძე ტურიზმის მიმართულებით არაერთი წელია მუშაობს.
საქართველოში ყველა იმ ქვეყნის დროშის აღმართვა, რომელთანაც ქვეყანას კონფლიქტი ან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს, კანონით დარეგულირდება.
საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის დროშების აღმართვისა და გამოფენის წესს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო შეიმუშავებს.
“რაც მომავალში გამორიცხავს გაუგებრობებს, დაკავშირებულს უცხო ქვეყნის დროშების, მათ შორის იმ სახელმწიფოს დროშის აღმართვა-გამოფენასთან, რომელსაც საქართველოსთან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები ან აქვს კონფლიქტი,” – ნათქვამია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრესრელიზში.
რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკა ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც საქართველოს სამხედრო კონფლიქტშია და დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს.
რუსეთის დროშის გამოფენასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბოლო სკანდალი 26 მაისს მოხდა, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ დღესასწაულზე, რუსულმა ფოლკლორულმა ჯგუფმა რუსეთის დროშით ჩაიარა ბათუმის ქუჩებში. ამ ფაქტის შემდეგ აჭარის განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადააყენეს.
რუსეთის დროშა გუშინ მედიაში ატეხილი სკანდალის შემდეგ ჩამოხსნა სასტუმრო „კასტელო მარემ“.
ამ სასტუმროს მფლობელი მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერი სოსო ორჯონიკიძეა.
ქობულეთის პლაჟზე მუნიციპალიტეტი 15 საშხაპეს და ამდენივე გასახდელს დაამონტაჟებს. შესაბამისი მომსახურების შესყიდვეზე ტენდერები ცალ-ცალკეა გამოცხადებული. საერთო სატენდერო ღირებულება 47 525 ლარია [გასახდელები – 16 500 ლარი და საშხაპეები – 31 025 ლარი].
ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 10 დღეში უნდა მოეწყოს საშხაპეები, ხოლო 20 დღეში – გასახდელები.
15 საშხაპისა და 15 გასახდელის მოწყობას ქობულეთის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან „ქობულეთის სანაპირო ზოლში გასახდელებისა და საშხაპეების მოწყობის ღონისძიების ფარგლებში“ დააფინანსებს.
გასახდელების მოწყობაზე წინადადებების მიღება 2019 წლის 23 ივნისს დაიწყება და 28 ივნისს დასრულდება. საშხაპეების შემთხვევაში კი, ეს ვადა 29 ივნისი – 4 ივლისია.
ხვალ, 15 ივნისს, ზღვის სეზონი ბათუმში ოფიციალურად გაიხსნება. ქობულეთში კი, როგორც მერიაში გვითხრეს, ცალკე ზღვის სეზონის გახსნა არა, მაგრამ 13 ივლისს ზაფხულის ფესტივალი ჩატარდება.
საშხაპისა და გასახდელის ნიმუში სატენდერო დოკუმენტებიდან
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სულხან ღლონტი, დღეიდან ახალ თანამდებობაზე იმუშავებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ დანიშნა. მისი საკურატორო სფერო ისევ ტურიზმი იქნება.
სულხან ღლონტს უახლეს საათში წარუდგენენ სამინისტროს თანამშრომლებს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილის კიდევ ერთი პოზიციაა თავისუფალი. ეს პოზიცია მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც აჭარის პროკურატურამ მოადგილე არჩილ ვანაძე და კიდევ ექვსი თანამდებობის პირი დააკავა უფლებამოსილებისა და საბიუჯეტო სახსრების მითვისების ბრალდებით.
შპს „ბათუმის წყლის“ ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2017 წელში კომპანიის მიერ მოპოვებული სასმელი წყლის 72% იყო დანაკარგი. ამ წელს კომპანიამ მოპოვებული სასმელი წყლის მხოლოდ 28%-ი გაყიდა, შემოსავალის სახით კი 13 მილიონ 242 ათასი ლარი მიიღო. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებელი კომპანიის წმინდა მოგება 2 მილიონ 633 ათასი ლარი იყო. „ბათუმის წყალმა“ იმავე წელს ქალაქის ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით მიიღო 1 მილიონ 950 ათასი ლარი. მიუხედავად წმინდა მოგებისა, დივიდენდი კომპანიას ქალაქის ბიუჯეტში არ გადაუხდია.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ბათუმის წყალს“, სადაც გვითხრეს, რომ 2017 წელს კომპანიას წმინდა მოგება არ ჰქონია.
„ანგარიშგებაში ასახული ეს „წმინდა მოგება“არის იმის შედეგი, რომ ბათუმის მერია გვაწვდის უსასყიდლოდ მასალებს სხვადასხვა სამუშაოების შესრულების მიზნით. ამ მასალების თვითღირებულება კი, საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, აღირიცხება ფინანსურ ანგარიშგებაში. აქედან გამომდინარეა ასეთი სიტუაცია. ეს არის ჩვენი არასაოპერაციო შემოსავალი – მასალები [რომლებიც თვითღირებულებით აისახება] და რომლებიც შემდეგ ხმარდება წყალარინებისა და წყალმომარაგების იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებშიც ჩართულია „ბათუმის წყალი“. სწორედ ამის გამო ვერ ვანაწილებთ ჩვენ დივიდენდებს, ვინაიდან ეს არ არის წმინდა საოპერაციო შემოსავალი და მითუმეტეს მოგება“ – გვითხრა „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაზა გოგიტიძემ.
2017 წლის ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა გარკვეულ კომპანიებს გასულ წელს დაევალათ. 2018 წლის ანგარიშგებების წარდგენის ვადა კი 2019 წლის ოქტომბრამდე აქვთ.
ზოგიერთი მონაცემი „ბათუმის წყლის“ ფინანსური ანგარიშგებიდან:
[highlight color=”red”]მოპოვებული სასმელი წყალი და რეალიზაცია[/highlight] – „2017 წელში კომპანიის მიერ მოპოვებული სასმელი წყალი შეადგენს 38,8 მილიონ კუბურ მეტრს, საიდანაც რეალიზებულია 11 მილიონი კუბური მეტრი. სხვაობა – 27,7 მილიონი კუბური მეტრი, ანუ 72%, წარმოადგენს დანაკარგს, რაც შეუსაბამოდ დიდი მოცულობაა“.
„დანაკარგი ჩვენ გვაქვს იქედან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წაყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროცესი. ანუ, არსებული მთავარი ქსელი, რომლითაც წყალი სათავე ნაგებობიდან მოგვაქვს რეზერვუარებამდე და იქედან მოსახლეობამდე. ეს ქსელი საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხებს უკავშირდება. KFW-ს პროექტებით ალბათ დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები. აქედან გამომდინარე ჩვენ, ჯერჯერობით, კიდევ გვაქვს დიდი დანაკარგი“, – გვითხრეს „ბათუმის წყალში“.
„ჩაქვის მთავარი გადამცემი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია, საშუალებას მოგვცემს მნიშვნელოვნად შევამციროთ წყლის დანაკარგის მაჩვენებელი. ასევე ამ მონაკვეთზე ადგილი აქვს მომხმარებელთა უკანონო დაერთებების მრავალ ფაქტს, რომელიც საჭიროებს შესაბამისი პროცედურების ჩატარებას და სიტუაციის გამოსწორებას“, – აღნიშნულია 2017 წლის ფინანსურ დოკუმენტში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, „2017 წლის განმავლობაში „ბათუმის წყალი“ უშუალოდ ბათუმის ტერიტორიაზე ექსპლუატაციასა და უზრუნველყოფას უწევდა წყალმომარაგების – 467 კმ, წყალარინების – 213 კმ და სანიაღვრე წყლების – 218 კმ. სიგრძის ქსელებს“
[highlight color=”red”]შემოსავალი[/highlight] – 2017 წელს „ბათუმის წყალმა“ მოსახლეობის მიერ კანალიზაციით და წყალმომარაგებით სარგებლობისთვის გადახდილი თანხით მიიღო 3 683 000 ლარი; კომერციული ორგანიზაციებიდან – 6 117 000 ლარი; საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან – 879 000 ლარი; ასევე სხვა შემოსავალი – 2 563 000 ლარი. კომპანიის შემოსავალმა სულ შეადგინა 13 მილიონ 242 ათასი ლარი.
[highlight color=”red”]სხვაშემოსავალი [სუბსიდიები][/highlight] – კომპანიამ 2017 წელს ასევე მიიღო: საპროცენტო შემოსავალი – 462 000 ლარი, პირგასამტეხლო – 59 000 ლარი, ბათუმის ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით კი – 1 950 000 ლარი.
„სუბსიდიას ვიღებთ იმისთვის, რომ წყლის ტარიფი არ გაიზარდოს. არის შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და KFW-ს შოროს და ჩვენ სუბსიდირება გვეძლევა იმ მიზნით, რომ ტარიფი არის დაბალი“, – განაცხადეს „ბათუმის წყალში“.
ანგარიშგებაში აღნიშნულია, რომ „საწარმოს ძირითადი შემოსავალია მოხმარებული წყლის საფასური. მნიშვნელოვანია აგრეთვე ბათუმის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეული სუბსიდირება, რომელიც განსაზღვრულია „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსების“ ფარგლებში. მოცემულ ეტაპზე კომპანიის ძირითადი შემოსავლები ფორმირდება ტარიფებით, რომელიც ბათუმის საკრებულოს მიერ 2006 წლის 16 ნოემბრის დადგენილებითაა განსაზღრული“.
[highlight color=”red”]ხარჯები[/highlight] – „ბათუმის წყლის“ პირდაპირმა საოპერაციო და ცვეთის ხარჯებმა ჯამში 13 536 000 ლარი შეადგინა. ანგარიშგების მიხედვით, აქედან უშუალოდ ცვეთის ხარჯი – 4 379 000 ლარი იყო. დანარჩენი პირდაპირი ხარჯიდან შრომის ანაზღაურებისთვის, ანუ „ბათუმის წყალში“ დასაქმებულთა ხელფასებისთვის კი, 2017 წელს, 6 401 000 ლარი დაიხარჯა.
„პერსპექტივაში კომპანიის ქსელის, აბონენტების ზრდისა და ინფრასტრუქტრის გამართვის კვალობაზე მოსალოდნელია საექსპლუატაციო დანახარჯების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც თავისთავად არსებული სატარიფო განაკვეთების პირობებში კიდევ უფრო გაზრდის საწარმოს ზარალის მოცულობას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია სუბსიდირების თემა, რომელსაც ახორციელებს დამფუძნებელი – ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია. სხვა პირობებში კომპანიის მენეჯმენტის წინაშე დადგება ისეთი საკითხების მოწესრიგება, როგორიცაა ტარიფის მისადაგება, პერსონალის განვითარების გეგმა და ქსელის უზრუნველყოფის მართვა, რომელთა ოპტიმალურმა გადაწყვეტამ უნდა უზრუნველყოს სამომავლოდ საწარმოს მომგებიანი საქმიანობის წარმართვა“, – აღნიშნულია „ბათუმის წყლის“ 2017 წლის ანგარიშგებაში.
„ბათუმელებმა“ კომპანიისგან 2018 წლის შემოსავლების შესახებაც გამოითხოვა მონაცემები.
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით: „2018 წლის დარიცხული შემოსავლების ოდენობამ შეადგინა 15 მილიონ 800 ათასი ლარი. ეს წელი კომპანიას არ დაუმთავრებია მოგებით და, შესაბამისად, არ ჰქონდა წმინდა მოგება. ამასთან, 2018-2019 წლებში „ბათუმის წყალს“ არ გადაუხდია დივიდენდები, რადგან არ ჰქონდა წმინდა მოგება“.
„ბათუმის წყალში“, ამ კომპანიისგან ადრე მიღებული ინფორმაციით, 2018 წელს 457 ადამიანი იყო დასაქმებული. თანამშრომლების ხელფასებისთვის კი თვეში საშუალოდ 425 825 ლარი დაიხარჯა. კომპანიაში დასაქმებულთაგან 287 შტატში იყო, ხოლო 170 შტატგარეშედ მუშაობდა.
„ბათუმის წყალში“ გასულ წელს ასევე გვითხრეს, რომ სახელისა და გვარების მიხედვით, თუ ვინ რა პოზიციაზე მუშაობს კომპანიაში, არ მოგვაწვდიდნენ. შესაბამისად, მუნიციპალური საწარმო არ იძლევა არც იმ ინფორმაციას, თუ ვის რამდენი აქვს ხელფასი, თუნდაც, მაღალ თანამდებობებზე დასაქმებულებს. „ბათუმელებმა“ ინფორმაცია კომპანიისგან, შარშან, წერილობით მაინც გამოითხოვა.
კომპანიის საპასუხო წერილში აღნიშნული იყო, რომ, მიუხედავად იმისა, შპს „ბათუმის წყალი“ დაფუძნებულია ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ, „კომპანია მოქმედებს თვითანაზღაურებისა და თვითდაფინანსების პრინციპით, იგი არ ფინანსდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან პირდაპირი დაფინანსებით, შესაბამისად, კომპანია არ წარმოადგენს არც საჯარო დაწესებულებას და არც ადმინისტრაციულ ორგანოს.“
აქედან გამომდინარე „ბათუმის წყალმა“ მხოლოდ მომუშავეთა თანამდებობრივი პოზიციების ჩამონათვალი მოგვაწოდა, სახელ-გვარისა და ხელფასის ოდენობის გარეშე. კომპანიაში მაშინ ისიც განაცხადეს, რომ „გენერალური დირექტორია ერთადერთი ადამიანი, რომელიც პირდაპირ ინიშნება ბათუმის მერიიდან და კომპანიაში მხოლოდ ის ითვლება საჯარო მოხელედ. დირექტორის მიერ შევსებულია ქონებრივი დეკლარაცია და მასში დეტალურად არის მის შესახებ ყველა ინფორმაცია“.
მაშინ კომპანიის გენერალური დირექტორი თენგიზ ქოქოლაძე იყო, რომელსაც ამავე წლის 21 თებერვალს შევსებულ დეკლარაციაში ხელფასი მითითებული არ ჰქონდა. „დეკლარაციის შევსების დროს ჩვენი წარმომადგენლის მიერ არ იქნა მონიშნული ის გრაფა, რომელიც აჩვენებდა, რომ „ბათუმის წყალი“ არის საჯარო დაწესებულება, რადგან კომპანია არ არის საჯარო დაწესებულება. ეს გრაფა რომ მონიშნულიყო ხელფასი გამოჩნდებოდა. შემიძლია გითხრათ, რომ თენგიზ ქოქოლაძეს ხელფასის სახით 2017 წელს დაერიცხა 53 ათას 295 ლარი [ანუ, 4 441 ლარი თვეში – ავტ.]“ – გვითხრეს მაშინ „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში.
2019 წლის 22 თებერვალს შევსებულ დეკლარაციაში, თენგიზ ქოქოლაძეს, უკვე როგორც „ბათუმის წყლის“ ყოფილ დირექტორს აღნიშნული აქვს, რომ ამ თანამდებობაზე, 2018 წლის პირველი იანვრიდან 10 სექტემბრამდე პერიოდში, ხელფასის სახით მიღებული აქვს 37 ათას 597 ლარი და 79 თეთრი.
„ბათუმის წყლის“ ამჟამინდელ დირექტორს, მარინე გვიანიძეს, ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის 31 ოქტომბერს აქვს შევსებული, თუმცა ხელფასის გრაფა შევსებული არ არის. მოქმედი დირექტორის ხელფასის ოდენობა კი, „ბათუმელებს“ კომპანიისგან ამ სტატიაზე მუშაობის პერიოდში წერილობით არ გამოუთხოვია.
წყალმომარაგების ახალ ქსელზე დაერთების სამუშაოები ჩაქვში / 13.06.2019 / ფოტო: „ბათუმელები“