5 ქართველი მეზღვაური თურქეთიდან საქართველოში ბრუნდება – საელჩო

რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ ხუთი ქართველი მეზღვაური თურქეთიდან საქართველოში ბრუნდება. ინფორმაციას  ამის  შესახებ თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„ანკარაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევითა და თურქეთის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების დახმარებით, ასევე, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან კოორდინაციით, დღეს, რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შედეგად და არსებული აკრძალვების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა ქართველი მეზღვაურების თურქეთის ტერიტორიაზე შემოყვანა და ქალაქ იალოვადან სამშობლოში გამომგზავრება,“ – ნათქვამია თურქეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

მთავარი ფოტო: მეზღვაურები საქართველოში გამომგზავრების წინ /თურქეთში საქართველოს საელჩო

ამავე თემაზე:

თურქეთის 31 ქალაქში 2 დღით მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ – მათ შორის, სტამბოლში

როგორ მოხვდა საბრძოლო მანქანა სოფელ ირემაძეებში – ყოფილი სპეცრაზმელის მონათხრობი

ხულოში, სოფელ ირემაძეებში ქვეითთა საბრძოლო მანქანა სოფლის რელიქვიაა.

როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, საბრძოლო მანქანა სოფელში 90-იანებში აიტანეს. ის ასლან აბაშიძის ე.წ. სპეცრაზმის საკუთრება იყო.

ირემაძეებში მცხოვრები ლევან გობაძე ამბობს, რომ თავადაც იყო სპეცრაზმის წევრი.

„ოცკაციანი სპეცრაზმი ვიყავით, იარაღი გვქონდა, ყველაფერი. ვმუშაობდით ერთად. იმ დროისთვის, ყაჩაღად იყო  ქვეყანა გადაქცეული. ვპატრულირებდით გოდერძის უღელტეხილზე, ღორჯომის გადმოსასვლელებსაც ვაკონტროლებდით. ვაქცევდით ყურადღებას, ვინმე არ შემოსულიყო,“ – იხსენებს ლევან გობაძე.

ლევან გობაძის  ინფორმაციით, ვარდების რევოლუციის შემდეგ სოფელში მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი ბარამიძე ავიდა და სპეცრაზმმა იარაღი მას ჩააბარა.

„ამ პერესტროიკამ გააუქმა სპეცრაზმი, დავიშალეთ. სპეცრაზმის ბიჭები ახლა ოჯახებში არიან. ზოგი მუშაობს, ზოგი არ მუშაობს, გლეხურ მეურნეობას ეწევიან, როგორც მე, ისე,“ –  ამბობს ლევან გობაძე.

მისივე თქმით, ქვეითთა საბრძოლო მანქანა  სპეცრაზმს არასდროს გამოუყენებია. იარაღის  ჩაბარების შემდეგ კი საბრძოლო მანქანა სოფელში დარჩა.

ლევან გობაძე

ჩაის მკრეფავები წინასწარ დარდობენ ზამთარს – „ჩვენი დახმარება არავის უხსენებია“

ზუსტად მათი რაოდენობა არასდროს არავის დაუთვლია, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ათასობით ქართველი თურქეთში ჩაის კრეფით ირჩენდა თავს – სეზონი მაისში იწყებოდა. ჩაის მკრეფავებს არც ხელშეკრულება ჰქონდათ და არც შემოსავლის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, დღეს მათ არც თვითდასაქმებულად მიიჩნევს ვინმე. ჩაის მკრეფავები ახლა წინასწარ დარდობენ ზამთარს. დარდობენ თურქი დამსაქმებლებიც: „საზღვარი თუ არ გაიხსნა, ვინ მოკრეფს ამდენ ჩაის?“ – კითხულობენ ისინი.

„…2000 წლიდან დავდივარ თურქეთში ჩაის საკრეფად, ერთი წელიც არ ჩამიგდია,“ – გვიყვება „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები სულიკო გუნდაძე. სხვების მსგავსად იცის, რომ წელს თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი ჩავარდა.

„ვისთანაც ვმუშაობდი, დამირეკა, კარანტინი გამოცხადდა და რა უნდა იქნას, არ ვიციო…  ძალიან რთული იყო მუშაობა, დილის ექვსზე გავდიოდი და საღამომდე ვმუშაობდი, მარა ეს იყო ჩემი ოჯახის შემოსავლის წყარო. თვეში დაახლოებით 1000 ლირამდე გამომქონდა. გამოვდიოდი, ცოტას დავისვენებდი და ისევ მივდიოდი.

მარტო მე ხომ არა? მთელ საქართველოს იქ ნახავდი: გურიიდან გინდოდა, სამეგრელოდან, რომ გავიგონებდი ქართულ ლაპარაკს, ვეცნობოდი ახლო-მახლო ბიჭებს. ხომ იცი, როგორ გიხარია უცხო მხარეში ქართველის ნახვა?

რამდენი ბავშვიც მუშაობდა, ასე 16-17 წლის იქნებოდნენ. გაჭირვება აწი ნახეთ, თურქეთის საზღვარი თუ არ გაიხსნა. ტელევიზორებიდან ყველაფერს აცხადებენ დახმარება იქნებაო, მაგრამ ჩემს ოჯახში არ მოსულა ჯერ არაფერი. ვართ ასე – უმუშევრად დარჩენილები,“ – გვითხრა სულიკო გუნდაძემ.

„ჩვენი დახმარება არ განიხილება, არავის უხსენებია ეს… ჩავედი ბოსტანში და ვამუშავებ, მაგრამ ამით ვერ გავიტანთ თავს, წინ ზამთარია. ჩემი ოჯახის შემოსავალიც ეს იყო – ჩაის კრეფა თურქეთში. მე და ჩემი ძმა მაისის დასაწყისში თურქეთში მივდიოდით,“ – ამბობს ქობულეთში მცხოვრები რუსლან ნოღაიდელი. ის ყოველ სეზონზე დაახლოებით 100 ადამიანის თურქეთში გადაყვანას უკეთებდა ორგანიზებას – დამსაქმებელს აკავშირებდა ჩაის მკრეფავებს და თავადაც მუშაობდა.

რუსლანს ახლა ყოველდღიურად ურეკავს ჩაის პლანტაციების თურქი მესაკუთრე, რომელსაც იმედი აქვს, რომ მალე საზღვარი გაიხსნება.

არავის არასდროს დაუთვლია, რამდენი ადამიანი გადადის თურქეთში ჩაის საკრეფად

„რუსლანი ჩემთან მუშაობდა… ერთ კვირაში მოსაკრეფია უკვე ჩაი. თუ არ ჩამოვლენ საქართველოდან, არ ვიცი, როგორ მოიკრიფება ამდენი ჩაი… მე იმედი მაქვს, რომ გაიხსნება სარფის საზღვარი. შეიძლება ერთ კვირაში არა, მაგრამ მალე გაიხსნება. ისე არ ვიცი, როგორ მოვკრეფთ ამხელა მოსავალს,“ – გვითხრა ერჰან ქოსიოღლუმ, რომელსაც თურქეთში სოციალური ქსელით დავუკავშირდით. ერჰანი თურქეთში, სოფელი დემირისარიში ცხოვრობს.

ერჰანის თქმით, ახლა ჩაის ბუჩქების დამუშავების დროა, რასაც მისი ოჯახი საკუთარი ძალებით ახერხებს, ჩაის მასობრივი კრეფა კი, რამდენიმე დღეში უნდა დაიწყოს.

უმუშევრად დარჩა ქობულეთში, სოფელ აჭყვისთავში მცხოვრები რამაზ ჯინჭარაძეც.

„სეზონზე ჯამში 5 ათას ლირამდე გამომდიოდა, მთელი ზამთრის პროდუქტებს მაგით ვყიდულობდი… ამბობენ, რთულია იქ მუშაობაო. რთულია, მაგრამ მართლა მიხაროდა იქ წასვლა, ვიცოდი, რომ ვიმუშავებდი და ფულს ავიღებდი. ახლა არ ვიცი, რა უნდა ვქნა, ვერავინ გვთავაზობს გამოსავალს,“ – გვითხრა რამაზმა.

ჩაის საკრეფად რამდენი ადამიანი გადადიოდა თურქეთში, ეს ციფრი უცნობია, თუმცა დაახლოებით სამი წლის წინ კავშირ „ინტელექტს“ ჰქონდა პროექტი ამ კონკრეტული ადამიანების კონსულტაციისთვის. მაშინ ამ პროექტის ფარგლებში იურიდიული კონსულტაცია აჭარაში მცხოვრებმა 2 ათასამდე პირმა გაიარა. ისინი პერიოდულად თურქეთში გადადიოდნენ ჩაის საკრეფად.

ბათუმის 3 ქუჩაზე და ქობულეთის 5-ზე მეტ სოფელში შუქი გაითიშება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 29 აპრილს, ბათუმში 12:20 საათიდან 18:00 საათამდე ტბელ აბუსერიძის, ფიროსმანის, გუდიაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანიის ინფორმაციით, შუქის მიწოდება შეუწყდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელსაც.

16:00-იდან 19:00 საათამდე მონაკვეთში, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება სოფლებს:  ბუკნარი, ოჩხამური, წყავროკა, მუხაესტატესა და მიმდებარე სოფლებს. ასევე დაბა ჩაქვის ნაწილს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, შუქის გათიშვა მიმდინარე გეგმიურ სამუშაოებს უკავშირდება.

28 აპრილის საღამოს 9 საათიდან ბათუმი ისევ ჩაიკეტება – ვის შეეძლება გასვლა-გამოსვლა

დღეს, 28 აპრილის, საღამოს 9 საათიდან, ბათუმი კვლავ ჩაიკეტება, რაც იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომლის რეგისტრაციის ადგილი არ არის ბათუმი [ანუ, ჩაწერილი არ არის ბათუმში] ქალაქში ვეღარ შემოვა. ასევე, ქალაქიდან ვერ გავა ის მოქალაქე, ვინც ბათუმში იმყოფება და აქვეა ჩაწერილი.

ქალაქებში – ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გამოსვლა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 აპრილის 21 საათიდან შეიზღუდა.

არის გარკვეული გამონაკლისებიც. მათ შორის, ბათუმიდან მოქალაქეს შეეძლება გასვლა, თუ ის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით მიდის ქალაქიდან აჭარის ან სხვა რეგიონის მუნიციპალიტეტში.

თუ ბათუმში რეგისტრირებულ პირს ქალაქგარეთ [აჭარის ტერიტორიაზე ან სხვა რეგიონში] აქვს ნაკვეთი და ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, მას უფლება აქვს გავიდეს ქალაქიდან დილის 6 საათიდან 8 საათამდე პერიოდში, რისთვისაც სასურველია, წინასწარ დარეკოს ცხელ ხაზზე: 577 59 44 55 [აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო].

ან დარეკოს მთავრობის ერთიან ცხელ ხაზზე. ბათუმის შემთხვევაში, ცხელ ხაზთან დასაკავშირებლად კრეფთ 144-ს, შემდეგ 2-ს და ბოლოს 0-ს. აქედან კი ან ზემოთ აღნიშნულ ნომერზე გადაგამისამართებენ, ან ბათუმის მერიაში, შესაბამის ნომრებზე.

მოქალაქეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს იმ ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც აპირებს სამუშაოებისთვის გასვლას [საკმარისია ამონაწერი რეესტრიდან, რომ კონკრეტული ნაკვეთი არის მისი ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში].

ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ თუ ასეთი საბუთი გაქვთ, შეგიძლიათ არ დარეკოთ ცხელ ხაზზე და დოკუმენტი წარადგინოთ ბლოკ პოსტზე [თუმცა, ქალაქიდან გასვლის დრო ამ შემთხვევაში შეზღუდულია – დილის 6 საათიდან დილის 8 საათამდე].

თუ ქალაქგარეთ გაქვთ ნაკვეთი, ამუშავებთ, მაგრამ ეს ნაკვეთი არ გაქვთ საკუთრებაში, შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის მუნიციპალიტეტს, მერის წარმომადგენელს და ის მოგცემთ დამადასტურებელ საბუთს, რომ თქვენ ფლობთ და ამუშავებთ მიწის ნაკვეთს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის დადასტურება საკმარისი იქნება, რომ თქვენ გახვიდეთ ქალაქიდან, შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად.

თუ მოქალაქე არ არის ბათუმში რეგისტრირებული[ჩაწერილი], მაგრამ ცხოვრობს ბათუმში და მუშაობს, მასაც შეეძლება გავიდეს ქალაქიდან სასოფლო სამუშაოებისთვის [შესაბამისი დოკუმენტების ქონის შემთხვევაში] და დაბრუნდეს შემდეგ ქალაქში.

რაც შეეხება დაბრუნებას, ანუ ქალაქის ტერიტორიაზე შემოსვლას, ეს დროც შეზღუდულია. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით ქალაქიდან გასულ მოქალაქეს შეუძლია ქალაქში შემოსვლა მხოლოდ საღამოს 6 საათიდან საღამოს 7 საათამდე პერიოდში.

„მოქალაქეს შეუძლია დილით განსაზღვრულ საათებში ქალაქიდან გავიდეს ერთი-ორი ან რამდენიმე დღით. შესაძლოა, ასეთ მოქალაქეებზე გაიცეს რამდენიმედღიანი ნებართვაც“, – გვითხრეს ცხელ ხაზზე.

ოთხ ქალაქში შესვლა-გამოსვლის შეზღუდვა 27 და 28 აპრილს დროებით იყო გაუქმებული.

რაც შეეხება სხვა გამონაკლის შემთხვევებს, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

თუ დღეს არ დავიცავთ ყველა წესს, მაისში რამდენიმე ათასი შემთხვევა გვექნება – გამყრელიძე

 

რატომ მოიყვანს აჭარის მთავრობა ბოსტნეულს ფერმერების ნაცვლად

აჭარის მთავრობა ბოსტნეულის მოყვანას იწყებს. საუბარია ქობულეთში, სოფელ გვარაში დაახლოებით ორ-ნახევარ ჰექტარზე მოწყობილ სასათბურე მეურნეობაზე, სადაც 43 სათბურია განთავსებული. მთავრობას წელს ეს სასათბურე მეურნეობა აუქციონის წესით უნდა გაეყიდა, თუმცა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ აუქციონის ჩაშლას მოწყობილ სათბურში ბოსტნეული მოყვანა არჩიეს. გარდა ამისა, წელს მთავრობამ ვერ შეიძინა სასათბურე კონსტრუქციები, რომლებიც ფერმერებისთვის უნდა გადაეცა.

„რისკი იყო ძალიან მაღალი, რომ აუქციონი არ შედგებოდა და ჩაიშლებოდა. ამიტომ, სახელმწიფომ მისივე მოწყობილი სათბურის მოვლა-პატრონობაზე აიღო პასუხისმგებლობა… კრიზისულ მომენტში თავი შეიკავეს ინვესტორებმა იმ მიზეზით, რომ ჩითილების შემოტანა იქნებოდა პრობლემა, ასევე ავტომანქანების გადაადგილება“, – უთხრა „ბათუმელებს“ ტიტე აროშიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მინისტრი ამბობს, რომ სათბურებში ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულს მოიყვანენ – კიტრს, პომიდორს, ბულგარულს, წიწაკას, ბადრიჯანს.

„ეს იქნება ის პროდუქცია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ბაზრის სასურსათო პროდუქციის მარაგების შესავსებად. ის პროდუქცია, რომელიც ზაფხულის პერიოდში მთლიანად შემოდიოდა იმპორტის სახით, ნაწილობრივ შეავსებს და დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს,“ – განმარტავს მინისტრი ტიტე აროშიძე.

რატომ გადაწყვიტა აჭარის მთავრობამ ფერმერების ნაცვლად ბიზნესის წამოწყება, რა იქნება ამ პროდუქტის ფასი, ან როგორ შევა კონკურენციაში ბიუჯეტის ხარჯზე მოწეული ბოსტნეული კერძო პირების მიერ მოყვანილი ბოსტნეულისგან? – ტიტე აროშიძემ გვიპასუხა, რომ ეს გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ მხოლოდ კრიზისიდან გამომდინარე მიიღო და, პირველ ეტაპზე, სათბურებში მოწეულ ბოსტნეულს სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიაწვდიან. შემდეგ ეტაპზე კი, მთავრობის მიერ მოწეული ბოსტნეული შესაძლოა ბაზარზე გავიდეს.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, წელს ვერ მოხერხდა სათბურების შეძენა.

„დაახლოებით 5 ჰექტარზე ჩვენ უკვე გვაქვს მოწყობილი სასათბურე მეურნეობა კერძო სექტორში. ეს პროგრამა გადავადდა, რადგან მომწოდებლებმა გვითხრეს, რომ პანდემიის გამო ქარხნები დაკეტილია და სასათბურე კონსტრუქციების შემოტანა გაუჭირდებათ, ამას შემოდგომამდე ვერ მოახერხებდნენ. ამიტომაც, ჩვენ გადავაწყვეთ ბიუჯეტის გეგმა,“ – აღნიშნა ტიტე აროშიძემ.

რაც შეეხება სოფელ გვარაში მოწყობილ სათბურს, მთავრობა მის გასხვისებას პირობებით აპირებს – ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, ახალი და ბრენდირებული პროდუქციის შექმნა. მინისტრი ამბობს, რომ რადგან პანდემიის გამო აგროპარკის გაყიდვა ვერ მოხერხდა, ამიტომაც გამოიყენებს მას მთავრობა ბოსტნეულის მოსაყვანად.

მიუხედავად იმისა, რომ მინისტრმა მთავრობის მიერ მოყვანილი ბოსტნეულით ბაზრის ნაწილობრივ შევსებაზე გვესაუბრა, კერძო პირებთან კონკურენციასა და ფასებზე საუბრის დროს, მინისტრმა თქვა, რომ ამ ბოსტნეულის 90 პროცენტს „მოწყვლადი ჯგუფები მიიღებენ“.

„…თუკი ეს ოჯახები გვეტყვიან, რომ აღარ გვინდა ეს ბოსტნეული და მის შეძენას ისედაც ვახერხებთო, მაშინ შეგვიძლია ჩავრთოთ კერძო სექტორი და მოხდება მისი რეალიზება, თანხა წავა ბიუჯეტში,“ – დასძინა ტიტე აროშიძემ.

ანტიკირიზისული გეგმის ფარგლებში წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2500 ჰექტარ მიწას დაუხნას გლეხებს.

კოვიდ 19-ს შეუძლია შეაღწიოს თავის ტვინში, დააზიანოს ნერვული სისტემა – BBC

Covid19 მხოლოდ სასუნთქი გზების დაზიანებით არ შემოიფარგლება და როგორც უკვე პრაქტიკული კვლევები აჩვენებს, პაციენტების მნიშვნელოვან ნაწილს აღენიშნება ნერვული სისტემის დაზიანებაც.

ნერვულ უჯრედებზე მისი ზემოქმედების მექანიზმი ჯერ შეუსწავლელია, თუმცა მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ კავშირი არსებობს: გემოსა და ყნოსვის შეგრძნებების დროებითი დაკარგვა ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში დასახელდა Covid 19-ის სპეციფიკურ სიმპტომებად.

გარდა ამისა, ცხვირიდან ვირუსს შეუძლია შეაღწიოს თავის ტვინამდე, ამან კი შესაძლოა გამოიწვიოს გართულებათა მთელი ჯაჭვი პრაქტიკულად ნებისმიერი ორგანოს ფუნქციის მოშლით.

კორონავირუსის თანმდევი გართულებების სია დიდია: საჭმლის მომნელებელი ორგანოების პრობლემებით, თრომბით დაწყებული, გულის უკმარისობითა და ენცეფალიტით დამთავრებული.

ინფექციის საერთო სურათი ნელ-ნელა ჩნდება, სამეცნიერო ჟურნალებში ასობით პუბლიკაციის საშუალებით, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ექიმები ინფიცირებულთა მკურნალობის მეთოდებზე უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას.

ყველაზე ხშირად ექიმები ნერვული სისტემის ფუნქციების მოშლას აღწერენ. ორი, საფრანგეთსა და ჩინეთში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ამა თუ იმ ფორმით  ნევროლოგიური სიმპტომები კორონავირუსით ინფიცირებულთა მესამედზე მეტს აქვს.

Covid 19-ით გამოწვეული გართულებების სიაში არის ასევე კუჭნაწლავის ტრაქტის, გულის, სისხლის მიმოქცევის მოშლის პრობლემები.

ნერვულ სისტემაზე ვირუსი განსხვავებულად მოქმედებს, ექიმები ხაზს უსვამენ, რომ ნევროლოგიური გართულებები სცდება მხოლოდ გემოსა და სუნის შეგრძნებების დაკარგვას. კორონავირუსის თანმდევ გამოვლინებად გარკვეულ შემთხვევებში ასახელებენ ენცეფალიტს (ტვინის ანთებას) და გიიენა-ბარეს სინდრომს – იმუნურ სისტემას ამ დროს საკუთარი ორგანიზმის უჯრედებზე მიაქვს იერიში, ვითარდება კუნთების სისუსტე და გართულების შემთხვევაში პარალიჩი.

ამერიკელი ექიმების ცნობით ნიუ იორკში ორი კვირის განმავლობაში 50 წლამდე 5 ინფიცირებულს განუვითარდა მწვავე ინსულტი, მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები საერთოდ არ ჰქონიათ.

კვლევების მიხედვით, ნევროლოგიური პრობლემები უვითარდებათ მძიმე პაციენტებს და ეს გართულებები ხშირად არ ქრება გამოჯანმრთელების შემდეგაც.


წყარო: BBC

განათლებისა და ფინანსთა სამინისტროების დაფინანსება 19 მილიონით მცირდება – აჭარის საგანგებო ბიუჯეტი

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ცვლილებები შედის აჭარის 2020 წლის ბიუჯეტში, რის გამოც, მთავრობის განმარტებით, ცალკეული გადასახდელების მოცულობა მცირდება 23 მილიონ 370 ათას 3 00 ლარით. თუმცა ეს თანხა სრულად მოხმარდება ბიუჯეტიდან სხვა ღონისძიებების დაფინანსებას.

ე.წ საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაფინანსება მცირდება შემდეგ დაწესებულებებში:

უმაღლესი საარჩევნო კომისიის დაფინანსება მცირდება 90 ათასი ლარით. მთავრობის ინფორმაციით, ეს გამოთავისუფლებული სახსრებია.

მაგალითად, მცირდება არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის დაფინანსება 80 ათასი ლარით [2,4 მილიონის ნაცვლად იქნება 2,32 მილიონი ლარი], ხოლო 10 ათასი ლარით შემცირდება საარჩევო სისტემის დახვეწისა და გაუმჯობესების ხარჯები.

250 ათასი ლარით შემცირდება აჭარის მთავრობის აპარატის ხარჯები. შესაბამისად, ნაცვლად 3 220 200 ლარისა იქნება 2 980 200 ლარი. აქედან: 50 ათასით შემცირდება ხელფასები [და იქნება ჯამში 1 778 200 ლარი], ხოლო 10 ათასი ლარით შემცირდება არაფინანსური აქტივები.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება შეუმცირდება 9 762 600 ლარით, რაც ასევე გამოთავისუფლებული სახსრებია.

მაგალითად, რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის პრომოუშენი 380 ათასის ნაცვლად დაფინანსდება 7,1 ათასი ლარით; მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა შემცირდება 100 ათასი ლარით; რეკრეაციული ადგილების მოვლა-შენახვა კი მცირდება 1,7 მილიონი ლარით.

მნიშვნელოვნად შემცირდება ტურიზმის პროგრამებიც. აჭარის ტურისტული მარკეტინგი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე 5,9 მილიონი ლარის ნაცვლად 684 ათასი ლარით დაფინანსდება. ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარების დაფინანსება კი  1,3 მილიონი ლარით შემცირდება.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება მცირდება 9 454 700 ლარით (საიდანაც, კანონპროექტის მიხედვით, 9 მილიონი ლარი გამოთავისუფლებული სახსრებია, ხოლო 450 ათასი ლარი შეადგენს კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადატანას).

ამ სამინისტროს ხარჯები 43,8 მილიონი ლარითაა განსაზღვრული და ცვლილების შეტანის შემდეგ დარჩება 36,6 მილიონი. აქედან ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხა მცირდება 427 ათას 800 ლარით; არაფინანსური აქტივების ზრდა კი დაახლოებით 2 მილიონით.

3 მილიონი ლარით მცირდება საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ინვენტარით აღჭურვა და საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებული თანხა. აქედან მარტო 1,4 მილიონი ლარი, საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფას მოაკლდება.

მცირდება აჭარაში მოქმედი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების დაფინანსებაც 350 ათასი ლარით, ხოლო კულტურის განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია – 2,8 მილიონი ლარით.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 744 ათას 500 ლარი გამოთავისუფლდა, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2,9 მილიონი ლარი.

საგანგებო ბიუჯეტის პროექტი აჭარის უმაღლეს საბჭოშია გადაგზავნილი დასამტკიცებლად. ცვლილებებს  უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციებში დაჩქარებული წესით 29 აპრილის ჩათვლით განიხილავენ – ასეთი გადაწყვეტილება დღეს, 28 აპრილს, ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

პროექტის მიხედვით, აღნიშნული 23 370 300 ლარით, შემდეგი ღონისძიებები დაფინანსდება:

7,3 მილიონი ლარით დაფინანსდება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პროგრამა – „ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებები“, საკარანტინო ზონების ორგანიზებისთვის.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 8,8 მილიონი ლარი ახალი „რესპუბლიკურისთვის“, ხოლო 27 ათასი ლარი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის.

სხვადასხვა პროგრამებისთვის, მათ შორის ფერმერებისთვის მიწის უფასოდ დასახნავად, გამოიყენებს 2,4 მილიონ ლარს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

მთავრობის პროექტის მიხედვით, 2020 წლის ბიუჯეტში საერთო რესპუბლიკური მნიშვნელობის ასიგნება – 4 314 600 ლარით გაიზრდება.

მათ შორის:

  • 3,8 მილიონი ლარით – აჭარის სარეზერვო ფონდი [რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე განკარგავს] და ის 6,8 მილიონი იქნება;
  •  ვალუტის კურსის ცვლილების გამო, ჯამში 268 ათასი ლარით გაძვირდება – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) მიღებული სესხის დაბრუნება, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KFW) მიღებული სესხის მომსახურების ხარჯები, კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციისათვის (KFW) მიღებული სესხის დაბრუნება.
  • 246,6 ათასი ლარით გაიზრდება პროგრამის – მდგრადი სოფლის მეურნეობა აჭარაში – დაფინანსება.

როგორ ჩაშალა კორონავირუსმა „ბათუმობა“

აპრილის ბოლო შაბათ-კვირას ბათუმში ქალაქის დღესასწაული, „ბათუმობა“ უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო დღესასწაული წელს ჩაიშალა.

„ბათუმობისთვის“ 2020 წლის ბიუჯეტში ნახევარი მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

როგორც ბათუმის კულტურის ცენტრში გვითხრეს, ჯერჯერობით, „ბათუმობისთვის“ განკუთვნილი თანხა, ისევ კულტურის ცენტრის ანგარიშზეა, თუმცა ღონისძიებების გაუქმების გამო ბიუჯეტში თანხის უკან დაბრუნება მოუწევთ.

„ალბათ დაგვიბარებენ მერიაში და გადავწყვეტთ. რაც არ დავხარჯეთ, თავისთავად, ბიუჯეტი დაბრუნდება“ – ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი, ჯონი საბაშვილი „ბათუმელებთან“.

„ბათუმობის“ გარდა, პანდემიის გამო წელს ბათუმში არ გაიმართება ფესტივალი „განდაგნა“ და, ასევე,  პირველ ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან და საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები.

„ბევრი აქტივობა იყო დაგეგმილი. მათ შორის, „ბათუმობის“ ფარგლებში უნდა მოგვეწვია ბენდები, ორკესტრი, დაგეგმილი იყო გალა კონცერტი, კინო ღია ცის ქვეშ და ბევრი სხვა. ტენდერის გამოცხადება ვეღარ მოვასწარით, რადგან მალე დაიწყო კორონავირუსის პანდემია,“ – ამბობს საბაშვილი.

________________

„ბათუმობა 2018“. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

 

ვინ მიიღებს და როდის სოფელში შესაწამლავ აპარატს?

„განაცხადით აგროსერვისცენტრს გასული წლის შემოდგომაზე მივმართე. ამ დრომდე არ გვეუბნებიან, მივიღებ თუ არა შესაწამლავ აპარატს და როდის, ახლაა ყველაფრის შეწამვლის დრო,“ – ეს ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებმა ფერმერმა გვითხრა.

„შესაწამლი აპარატების გაცემა უკვე დაწყებულია… 5 ათასამდე განაცხადი იყო შემოსული, ჩვენ ვიყიდეთ 520 აპარატი,“ – გვითხრა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ.

მინისტრის განმარტებით, ფერმერების მიერ შევსებულ განაცხადებს კომისია სწავლობს. კომისიაში შედიან, როგორც სამინისტროს და აგრარული სექტორის წარმომადგენლები, ასევე მერიის რწმუნებული სოფლად.

„…პირველ რიგში, ვითვალისწინებთ, რამდენი აპარატია სოფელში გაცემული. არის შემთხვევები, როცა ადამიანს მიღებული აქვს აპარატი და ისევ ითხოვს, ან მის ძმას აქვს, ბუნებრივია, ასეთ ოჯახებს ვერ მივანიჭებთ პრიორიტეტს. უპირატესობა ენიჭება ასევე მიწის ფართობს ნათესების და ნაკვეთების მიხედვით, რა სახის აგროსაქმიანობას ეწევა. სახელების და გვარების მიხედვით არ ხდება ამის გაცემა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ.

მინისტრის ინფორმაციით, შესაწამლავი აპარატების ნაწილი უკვე გაცემულია და წელს, პანდემიის პირობების გათვალისწინებით, აპარატები მუნიციპალიტეტებში გაიტანეს იმისთვის, რომ ფერმერმა მარტივად მოახერხოს მისი წაღება.

ერთი ერთეული შესაწამლი აპარატის ღირებულება 1000 ლარია. ფერმერი თანადაფინანსების პირობებში 190 ლარს იხდის.

მივმართავ ფინანსთა მინისტრს – „ევროპული საქართველოს“ გამოხმაურება „ბათუმელების“ სტატიაზე

დღეს, 28 აპრილს, „ბათუმელების“ მიერ მომზადებულ სტატიას – „ფელიქსის წილი“ – გადამზიდავებს თანამდებობის პირების სახელით ბიზნესს ართმევენ“, პარტია „ევროპული საქართველო“ გამოეხმაურა. ამ თემაზე განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა გააკეთა.

„ევროპული საქართველოს სახელით მსურს გამოვეხმაურო გაზეთ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ ძალიან შთამბეჭდავ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც ეხება გადამზიდავების, კერძოდ, თურქეთიდან სომხეთში ტრანზიტული ტვირთების გადამზიდავების რეკეტს, ვინმე რუსეთის მოქალაქის, ფელიქს ხუდოევის მიერ, რომელიც, როგორც ამ გამოძიებიდან ჩანს და რაზეც საუბრობენ ღიად, ყოველგვარი ანონიმურობის გარეშე ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები, მოქმედებს საქართველოს მთავრობასთან უნისონში.

გადამზიდავები იძულებულნი არიან, შევიდნენ გარიგებაში ამ ბატონთან, ბატონ ხუდოევთან, სხვა შემთხვევაში მათ ტვირთებს აჩერებენ სარფში, რაც იწვევს მათ გაკოტრებას. ამაზე ღიად საუბრობენ დამსაქმებლები, ბიზნესმენები, რომლებიც ასაქმებენ ადამიანებს და თავისი შრომით იხდიან გადასახადებს.

როგორც ჩანს, პანდემიის დროს, როცა საზოგადოების ყურადღება არის ფოკუსირებული კორონავირუსზე, ვიღაცები სარგებლობენ ამ სიტუაციით და სურთ დააბრუნონ 90-იანი წლები და რეკეტი, სხვა სიტყვას მე ვერ ვიხმარ.

მინიმალური შემხებლობა ვისაც აქვს გადაზიდვებთან და ამ სფეროსთან, ყველამ კარგად იცის, რომ ასეთი რაღაცები არ ხდება ფინანსთა მინისტრის უშუალო ინფორმირების და მონაწილეობის, მის მიერ გაცემული ინსტრუქციების გარეშე. ამიტომ ჩვენ მივმართავთ ფინანსთა მინისტრს, გააკეთოს განმარტება ამ საქმესთან დაკავშირებით, რატომ ხდება კეთილსინდისიერი გადამზიდავების ტვირთების გაჩერება საბაჟოზე ასეთი ხანგძლივი დროით და რატომ არაფერი არ ხდება მოკვლევასთან/გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო, იმიტომ რომ გადამზიდავებმა საჩივარი შეიტანეს შემოსავლების სამსახურში 26 მარტს.

პრაქტიკულად ერთი თვეა გასული და არაფერი არ ხდება გამოძიების კუთხით, სამაგიეროდ ხდება ის, რასაც ბატონი ფელიქსი, როგორც მას მოიხსენიებენ, დაჰპირდა გადამზიდავებს, ყველა იმ გადამზიდავის ტვირთი, ვინც არ არის მასთან შესული გარიგებაში, ჩერდება საბაჟოზე“ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

გაეცანით სტატიას: 

„ფელიქსის წილი“ – გადამზიდავებს თანამდებობის პირების სახელით ბიზნესს ართმევენ

 

რა უნდა წარადგინოთ naec-ში, თუ გამოცდაზე სპეციალური პირობები გჭირდებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის 18:00 საათზე მთავრდება.

ცენტრის ცნობით, 2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეიცვალა ფორმა №100 – ის წარდგენის ვადა.

„თუ აპლიკანტს გამოცდაზე ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და მან რეგისტრაციისას მონიშნა ან მონიშნავს შესაბამის გრაფას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა ცენტრში 30 აპრილის 18:00 საათის ნაცვლად, 1 ივნისის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინოს“- ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

ამავე წყაროს ცნობით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობს საგამოცდო პროცესი უსაფრთხოდ ჩატარების გეგმაზე და კოორდინაციაშია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან.

___________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

კომენდანტის საათი 22 მაისის ჩათვლით ძალაშია – პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა „რუსთავის 2“-ის პირდაპირ ეთერში კომენდანტის საათის გაუქმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, შეზღუდვების გეგმაში არ იყო დასახელებული კომენდანტის საათის და, ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნის კონკრეტული დრო, რადგან ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

„ეს ყველაფერი რჩება ძალაში, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით. როგორც ვიცით, საგანგებო მდგომარეობის ვადამ გადაიწია 22 მაისის ჩათვლით, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქმედებს ყველა ის შეზღუდვა, რაც არ მოგვიხსნია 27 აპრილს. კომენდანტის საათის მოქმედებას, ისევე როგორც სხვა შეზღუდვების მოქმედებას, მაგალითად საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, აქვს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი, ეს არის ქუჩაში მობილობის შემცირება“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, კომენდანტის საათის მოქმედებამ გარკვეული გავლენა მოახდინა თავშეყრის ადგილებზე, რასაც  ქუჩებში ე.წ. ბირჟების სახით ჰქონდა ადგილი.

„თუმცა, თუ შეიცვლება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ამის საჭიროება აღარ იქნება, შეგვიძლია კომენდანტის საათი, ასევე, შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გაცილებით ადრე მოვხსნათ,“ – ამბობს ნათია მეზვრიშვილი, თუმცა, მისი თქმით, 22 მაისამდე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნა ნაკლებ სავარაუდოა.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაცილებით რთულია სოციალური დისტანციის დაცვა და რისკის შემცველია. ამიტომ 22 მაისამდე ეს ნაკლებად შეიძლება ვივარაუდოთ,“ – განაცხადა მან.

ხოფასა და ქემალფაშაში ვინც მუშაობდა, რიჟვაძემ უშუამდგომლოს ქვეყნის მთავრობასთან – ლელო

„ლელო“ იმ ადამიანების დახმარებას ითხოვს, რომლებიც თურქეთთან საზღვრის ჩაკეტვამდე ყოველდღიურად გადადიოდნენ მეზობელი ქვეყნის ქალაქებში – ხოფასა და ქემალფაშაში და იქ მუშაობით/ვაჭრობით ირჩენდნენ თავს.
„45 დღეა თურქეთის საზღვარი დაკეტილია, დახურულია მათი სამუშაო ადგილები, უკიდურესად მძიმე გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეები ვერ ახერხებენ მუშაობას, ისინი ვერ სარგებლობენ სოციალური გარანტიებით და დაცვის მექანიზმებით. რა თქმა უნდა, ამ რეჟიმში მათ არავინ უხდის ხელფასს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი მათ ყოველგვარი ზრუნვის და დახმარების გარეშე ტოვებს,“ – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ლელოს“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი კუპრაძემ. 
ირაკლი კუპრაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მოუწოდა, ამ მოქალაქეებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან უშუამდგომლოს დახმარების მისაღებად. მისი აზრით, ამ მოქალაქეების იდენტიფიცირება შესაძლებელია სარფის გამშვები პუნქტის მონაცემებით.
„ეს არის ყველაზე დაუცველი სოციალური ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურ შემოსავალზე იყო დამოკიდებული. მათ დღეს ფიზიკური გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა,“ – დასძინა ირაკლი კუპრაძემ. 

სასტუმროებში აჭარის მთავრობა 7.3 მილიონს დახარჯავს – საკარანტინო ზონები

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტიდან 7 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება რეგიონში საკარანტინო ზონების მოწყობისთვის.

ბიუჯეტში შესატანი ცვლილების მიხედვით [უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს], ეს თანხა, კონკრეტულად კი 7 310 000 ლარი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს დაემატება  პროგრამისთვის – „ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებები“, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკარანტინე ზონების ორგანიზებას გულისხმობს.

ტურიზმის დეპარტამენტს ბათუმში რამდენიმე სასტუმროსთან შესაბამისი ხელშეკრულებები უკვე გაფორმებული აქვს.

ამ თემაზე:

3,9 მილიონ ლარს გადაუხდის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სასტუმროებს, რომლებიც საკარანტინედაა მოწყობილი

კიტრის 7 ჩითილი ერთ ოჯახს – როგორ ეხმარება სახელმწიფო გლეხებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში თითო ოჯახს 7 ცალი კიტრის ჩითილი დაურიგეს. „ბათუმელებს“ ლეღვადან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ზოგიერთ ოჯახს თითო ჩითილი დააკლეს – 6 ჩითილი შეხვდათ, ხელი კი 7 ცალზე მოაწერინეს. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, „კიტრის 7 ჩითილი ოჯახებს კრიზისიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ურიგდებათ“.

მაისამდე 150 ათასი ლარის ჩითილი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში უნდა დარიგდეს.

ლეღვას ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ჯაბა სტამბოლიშვილი ადასტურებს, რომ ერთ ოჯახს მართლაც 7 ცალი კიტრის ჩითილი მისცეს. ის უარყოფს „ერთი ჩითილის დაკლების ფაქტს“. „7-ზე ნაკლები გამორიცხულია“, – ამბობს ის.

ჯაბა სტამბოლიშვილის თქმით, კიტრის გარდა ელოდებიან პომიდვრის, ბულგარულის და ბადრიჯნის ჩითილებსაც. „კიტრით დავიწყეთ და ველოდებით სხვა ნერგებსაც. გამოყვანილი ჩითილებია და ყველა ოჯახს არ ექნება, ნაადრევად მიიღებენ პროდუქტს“, – გვეუბნება ის.

ჩითილები „აგროსერვისცენტრს“ გამოჰყავს. როგორც ცენტრის ხელმძღვნელი გოჩა ბერიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ჩითილების წარმოება წელს პირველად დაიწყეს.

„რატომ ვარიგებთ და პანდემიიდან გამომდინარე ბევრი დაბრუნდა სოფელში, ბევრმა სამუშაო დაკარგა და მიწას ამუშავებს, ამიტომ  წელს უსასყიდლოდ გადაეცემა მოსახლეობას ჩითილები. სოფლებში გვეუბნებიან, რომ ვერ გამოჰყავთ ჩითილები, ამიტომ ჩვენ ვაძლევთ“.

გოჩა ბერიძე ამბობს, რომ თესლი ძირითადად ჰოლანდიიდან აქვთ შემოტანილი.

„პირველ წელს რა რაოდენობის ნაყოფსაც იძლევა, იმდენს აღარ იძლევა მომდევნო წელს, ამიტომ ყოველწლიურად არის დეფიციტი და პრობლემები. სოფლებში არ იციან ამ პროცესის მართვა, ამიტომ მზა ჩითილის წარმოება და მიწოდება ხდება“, – ამბობს გოჩა ბერიძე.

მოსახლეობა უსასყიდლოდ ჩითილს მხოლოდ წელს მიიღებს, შემდგომ წლებში კი მათ ჩითილს თვითღირებულების გადახდა მოუწევთ. „მოსახლეობა ყიდვასაც უნდა მიეჩვიოს“, – ამბობს გოჩა ბერიძე.

კითხვაზე, – რამდენი ცალი ჩითილი დარიგდება მთლიანობაში? გოჩა ბერიძე ამბობს, რომ დაახლოებით 150 ათასი ლარის. რაოდენობა კი მუნიციპალიტეტებში მცხოვრებთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. „ზოგი მიიღებს ჩითილს, ზოგმა შეიძლება უარი თქვას. გააჩნია“, – ამბობს ის.

მოსახლეობისთვის დასარიგებელი ჩითილები, როგორც ბერიძე გვეუბნება, ბათუმის მერიის საჩითილე მეურნეობაშია მოყვანილი.

„ჩვენ პირველი რეალიზება თებერვალში გავაკეთეთ და 80 ათასი ცალი ჩითილი გავყიდეთ. მეორე რეალიზება კი ახლა დაიწყო.

წელს ყველას შეუძლია უფასოდ წაიღოს, მათ შორის სასათბურეებიც, რადგან კრიზისია, თუმცა მომავალ წელს შესყიდვა მოუწევთ“.

გოჩა ბერიძის თქმით, ჩითილები  ნახევარმილიონიანი პროგრამის ფარგლებში გამოიყვანეს. პროგრამა ჩითილების გარდა ნერგების გამოყვანასაც ითვალისწინებს.

578 ათასი ლარი აჭარის ფერმერებისთვის მიწის უსასყიდლოდ დასახნავად

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება წელს 2 413 500 ლარით გაიზრდება. ეს თანხა უნდა დაემატოს სხვადასხვა პროგრამას.

აქედან, ნახევარ მილიონზე მეტი ლარი გათვალისწინებულია აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები ფერმერების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავ-სათესი ფართობების უსასყიდლოდ დახვნის მიზნით.

იმ ცვლილებების პროექტის მიხედვით, რომელიც უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, 2,4 მილიონი ლარი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ემატება შემდეგი ღონისძიებების გასატარებლად:

  • 732,8 ათასი ლარი – სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა და მცირე გადამამუშავებელი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა.
  • 505,4 ათასი ლარი – ქვეპროგრამა „მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობა“ – მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების გაშენება.
  • 462,2 ათასი ლარი – სამინისტროს ააიპ აგროსერვის ცენტრს ემატება ახალი ქვეპროგრამა „ბოსტნეული კულტურების წარმოება“ რეგიონში ბოსტნეული კულტურების იმპორტის ჩანაცვლების მიზნით ბოსტნეული კულტურების წარმოებისათვის ქვეყანაში არსებული სასურსათო მარაგების შევსების მიზნით.
  • 578,2 ათასი ლარი – ემატება ააიპ აგროსერვის ცენტრის ქვეპროგრამა „აგრო-მომსახურების განვითარების ხელშეწყობა“ აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები ფერმერების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავ-სათესი ფართობების უსასყიდლოდ დახვნის მიზნით.
  • 125,4 ათასი ლარით – იზრდება ააიპ აგროსერვის ცენტრის ქვეპროგრამა „მაღალმთიან აჭარაში სანერგე, საჩითილე მეურნეობების და ვეტერინარული კლინიკის განვითარების ხელშეწყობა“ ქედის მუნიციპალიტეტში ვეტერინარული კლინიკის მშენებლობის თანადაფინანსების გაზრდისა და მოსახლეობის მაღალი მოთხოვნებიდან გამომდინარე ჩითილების შეძენისათვის.

ახალი რესპუბლიკურისთვის 8,8 მილიონი გამოიყოფა აჭარის ბიუჯეტიდან

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 8 882 200 ლარით გაიზრდება, საიდანაც 8 მილიონ 855 ათასი ლარი სამინისტროს ემატება ახალი პროგრამისთვის – „ქალაქ ბათუმის 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს აღჭურვა, ფუნქციონირება და რისკის ჯგუფების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა“.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ეს პროგრამა COVID 19 დაინფიცირებისაგან რისკის ჯგუფების დაცვის უზრუნველყოფისა და დაავადებული მოსახლეობისთვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით დაფინანსდა.

27 ათას 200 ლარს კი დამატებით მიიღებს სამინისტროს დაქვემდებარებული აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.

ეს ცვლილება აჭარის 2020 წლის ბიუჯეტში შედის, რომელიც უმაღლესმა საბჭომ მიმდინარე კვირაში უნდა დაამტკიცოს.

22 აპრილს, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობას ეთხოვა შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ სარგებლობაში გადასცეს  კლინიკის ახალი შენობა, რომელიც აჭარის მთავრობის საკუთრებაა.

ამ თემაზე:

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მთავრობა ახალ შენობას გადასცემს – COVID 19-ის მართვა

ბათუმში Covid19 კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

ბათუმში Covid19  კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

დღესვე სამინისტრომ მიიღო 130 ლაბორატორიული ანალიზის პასუხი, აქედან 129 პასუხი უარყოფითია:

„გარდა ამისა, იცით, რომ გუშინ, 27 აპრილს,  დაგვემატა ოთხი გამოჯანმრთელებული და ამ დროის მდგომარეობით აჭარაში უკვე 20 გამოჯანმრთელებული გვყავს“.

რაც შეეხება ქობულეთის კლასტერს, ამ მიმართულებით მონაცემები არ გაზრდილა [35 პირი], ამ კლასტართან დაკავშირებით გამოვლენილია 550 კონტაქტი და 530- ს უკვე ჩაუტარდა კვლევა.

ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აჭარაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

„არ გვყავს პაციენტი, რომლის ინფექციის წყაროც არის უცნობი,“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

დასრულდა ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 42 პირის თვითიზოლაციის პერიოდი.

კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 63 მოქალაქე დააჯარიმეს

შს სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის 109 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, 27 აპრილის 21 საათიდან 28 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 63 მოქალაქე დააჯარიმა.

გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის ერთი ახალი ფაქტი.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო სულ 45 მოქალაქე დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

სტადიონთან მისასვლელი გზების მოსაწყობად ბათუმის ბიუჯეტიდან 400 ათასამდე ლარი დაიხარჯება

ბათუმის საფეხბურთო სტადიონთან მისასვლელი სამანქანო გზების კეთილმოწყობის სამუშაოებზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო თანხა 484 ათას 356 ლარია.

ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 13 მაისს დაიწყება და 18 მაისს დამთავრდება. გზების კეთილმოწყობა კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღეში უნდა დასრულდეს.

შესრულებული სამუშაოების საგარანტიო პერიოდი შეადგენს 24 თვეს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.

ამ პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ დადგენილ ვადაში მოახდინოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრა ისე, რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.

ტექნიკური დავალების მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია:

  • ისარგებლოს მარტო იმ ასფალტობეტონის ქარხნით, რომლის მიერ გამოშვებულ პროდუქციას ექნება ლაბორატორიული დასკვნა ამ ქარხნის პროდუქციის გამოყენების ვარგისიანობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სამუშაოები არ იქნება მიღებული.
  • ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს მაღალხარისხიანი და აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. ყველა მასალა, მოწყობილობა, საკომპლექტო ნაწილი, სამარაგო საგანი, მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, სტანდარტული, მაღალი ხარისხის, საუკეთესო დონეზე დაპროექტებული და დამზადებული.

სტადიონის მშენებლობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონი“ კურირებს. „სტადიონის“ წარმომადგენლებმა ადრე განაცხადეს, რომ მშენებლობა სახელშეკრულებო ვადაზე ადრე, 2020 წლის მარტში დასრულდებოდა. თუმცა 2 თვის წინ ზუსტი თარიღი ვერ მოგვაწოდეს.

„სტადიონის მშენებლობის დასრულების სახელშეკრულებო ვადაა 2020 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი. თუმცა სამშენებლო სამუშაოების ტემპიდან გამომდინარე, სამუშაოების დასრულება შესაძლებელია განხორციელდეს ვადაზე ადრე“, – მოგვწერეს მიმდინარე წლის თებერვალში შპს „სტადიონიდან“.

„სტადიონმა“ ამ ბოლოს ავეჯის შეძენაზე ტენდერი 876 ათასი ლარით გამოაცხადა. ტენდერში მონაწილე შპს „ჯეოსტილი“ კი ავეჯს შემსყიდველს ზუსტად 876 ათას ლარად სთავაზობს. კომპანიამ უკვე წარადგინა საბანკო გარანტიაც. ის მიწვეულია ხელშეკრულების გასაფორმებლად.

ამ თემაზე:

ბათუმის სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპზე გამოცხადებულ ტენდერშიც „ანაგმა“ გაიმარჯვა 

 

სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს

შს სამინისტროს განცხადებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მასშტაბით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია.

შეზღუდვის საფუძველი საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და აუცილებლობის გარდა თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში გადაადგილებისგან.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მიცვალებულთა მოხსენიების დღეს აღნიშნავს.

რანდი მსურველებს უფასოდ დაეხმარება ავეჯის დაპროექტებასა და დიზაინის შექმნაში

ყველასათვის კარგად ნაცნობი ავეჯის მწარმოებელი კომპანია „რანდი“, თავისი მოღვაწეობის 25- წლიანი გამოცდილების შედეგად, გამორჩეულია ავეჯის ორიგინალური დიზაინით, ხარისხითა და წარმოების მაღალი სტანდარტით.

რანდის ბათუმური ისტორია დაიწყო 1995 წელს. კომპანიის დაარსების დღიდან იზრდება, იხვეწება და ვითარდება ავეჯის წარმოების ხარისხი, გამოცდილება და ინფრასტრუქტურა. საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს სხვადასხვა პროფილის ავეჯისა და კარების წარმოება.

„რანდის“ კუთვნილი საწარმო ბაზა აღჭურვილია თანამედროვე დაზგა-დანადგარებითა და ტექნოლოგიური ხაზებით. ავეჯის დამზადებაში გამოყენებულია მოწინავე თანამედროვე ტექნოლოგიები, ევროპული მასალები, ლაკ-საღებავები და აქსესუარები.

„რანდის“ საწარმო

კომპანიის საწარმო და მომსახურების სფეროში 80-ზე მეტი პროფესიონალი კადრია დასაქმებული, რომელთა მრავალწლიანი გამოცდილება უზრუნველყოფს სამუშაოს ორგანიზებულ და ხარისხიან შესრულებას.

დღეისათვის, ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საწარმო პროცესი დროებით შეჩერებულია, თუმცა, გაყიდვების გუნდი გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და უფასოდ ეხმარება ყველა მსურველს ავეჯის დაპროექტებაში, დიზაინის შექმნაში და კონსულტაციაში. ასევე, მუშაობს გაყიდვების ონლაინ პლატფორმა. მომხმარებელს საშუალება ეძლევა, სასურველი ნივთი მიიღოს უფასო მიტანის სერვისით, სახლიდან გაუსვლელად.

#დარჩითსახლში და ისარგებლეთ რანდის გამოცდილებით !

მოგვმართეთ კითხვით: 577 55 00 20

მოგვყევით ფეისბუქზე : RANDI • რანდი

ბათუმში სამ ქუჩას სამშაბათ საღამოს წყლის მიწოდება შეუწყდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 28 აპრილს, ღამის 12 საათიდან 29 აპრილის დილის 8 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს:

[crosslist]

  • ხასან ჰელიმიშის ქუჩა
  • ანგისის ქუჩა
  • ანგისის პირველი შესახვევი

[/crosslist]

„ბათუმის წყლის“ განცხადებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

კომპანია მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

„გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

 

ექიმები ვარაუდობენ, რომ Covid-19 თირკმელსაც აზიანებს

ახალი კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე მთელ მსოფლიოში ექიმები ფილტვის ვენტილაციის აპარატების არასაკმარის რაოდენობაზე საუბრობდნენ. ვირუსი აზიანებს სასუნთქ გზებს, უარეს შემთხვევაში აღწევს ფილტვებამდე და სუნთქვის უკმარისობას იწვევს.

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-სა და ჩინეთში ექიმები აღნიშნავენ, რომ ინფიცირებულებს შორის იმატა თირკმლის უკმარისობის შემთხვევებმა. საავადმყოფოებში „ხელოვნური თირკმლის“ აპარატის, ჰემოდიალიზის დეფიციტია,  არასაკმარისია ასევე რაოდენობა იმ მედპერსონალისა, ვინც ამ აპარატთან მუშაობა იცის.

ვირუსი ჯერ კიდევ არაა კარგად შესწავლილი და დანამდვილებით არ იციან, ის პირდაპირ აზიანებს თირკმელს თუ ეს თანმდევი დაზიანებაა.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, როცა იმუნური სისტემა აღმოაჩენს უცნობ ინფექციას, ის იწყებს ბრძოლას არამხოლოდ ვირუსის, არამედ საკუთარი ორგანიზმის ჯანმრთელი უჯრედების წინააღმდეგაც, თირკმელი კი საკმაოდ მგრძნობიარე ორგანოა.

ერთი-ერთი ვერსიით ინფიცირებულებს ხშირად უვითარდებათ თრომბი  სისხლძარღვებში, რაც შესაძლოა ასევე უარყოფითად აისახებოდეს თირკმელზე.

თირკმელი მჭიდროდაა დაკავშირებული ღვიძლთან და შარდის ბუშტთან. ექიმები შიშობენ, რომ თუ Covid-19-ით ინფიცირებულებს აქვთ თირკმლის პრობლემები, სამომავლოდ მათ დაეწყებათ ამ ორგანოსთან დაკავშირებული სხვა ორგანოების გართულებებიც.

როგორც New York Times-ი წერს, ამერიკელი ექიმების ცნობით, თირკმლის სერიოზული დაზიანება რეანიმაციაში მყოფი პაციენტების 20-დან 40%-ს აქვს და ყველას აუცილებლად სჭირდება ჰემოდიალიზი.

ამერიკული კლინიკის ქსელის, Mount Sinai-ს ექიმის, ბარბარა მერფის თქმით, მათ ერთ კლინიკაში სამჯერ გაიზარდა დაავადებულთა რაოდენობა, რომლებსაც ჰემოდიალიზი სჭირდებათ.

აშშ-ში „ხელოვნური თირკმლის“ აპარატებს და პროცედურისთვის საჭირო მოწყობილობებს მხოლოდ ორი მსხვილი კომპანია ამზადებს. ორივეგან აცხადებენ, რომ მოთხოვნა აპარატებზე 5-ჯერ გაიზარდა არამხოლოდ ამერიკაში, არამედ ჩინეთსა და ევროპის ქვეყნებშიც.

„ფელიქსის წილი“ – გადამზიდავებს თანამდებობის პირების სახელით ბიზნესს ართმევენ

ბათუმში გადამზიდავი კომპანიების მფლობელების სატვირთო მანქანებს ახალი წლიდან 10-15 დღეს აჩერებენ სარფის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში [გეზ]. გადამზიდავები აცხადებენ, რომ მათ ტვირთებს ხელოვნურად აფერხებს შემოსავლების სამსახური. კომპანიების მფლობელების თქმით, მათთვის ბიზნესის წართმევა ახალი წლის შემდეგ დაიწყეს, რასაც წინ უსწრებდა თბილისში შეკრება, სადაც მათ შეხვდა რუსეთის მოქალაქე და გააფრთხილა, რომ „ვინც მასთან არ ითანამშრომლებს, ყველა გაჩერდება“. ბიზნესმენების თქმით, რუსეთის მოქალაქეს არაერთი მაღალი თანამდებობის პირი უმაგრებს ზურგს.

  •  გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლები

5 გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლის თქმით, წლობით ნაშენი მათი ბიზნესი „უკვე წაიღო ფელიქსამ“. გადამზიდავებმა ზუსტად იციან, რომ ამ პირს გავლენიანი სახელმწიფო მოხელეები მფარველობენ. „ბათუმელებმა“ არაერთ წყაროსთან გადამოწმებით დაადგინა, რომ რუსეთის მოქალაქე ფელიქს ხუდოევია ის პირი, ვის შესახებაც ბათუმელი გადამზიდავები აცხადებენ, რომ მან მათი ბიზნესი მიიტაცა.

ბათუმელი გადამზიდავების თქმით, 2020 წლის 14-15 იანვარს სწორედ ფელიქს ხუდოევმა შეკრიბა მათი თურქი პარტნიორები თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში და დაემუქრა – „თუ ჩემთან არ ითანამშრომლებთ, მაშინ საერთოდ ვერ იმუშავებთ“.

ამ შეხვედრის დეტალებს იხსენებს ერთ-ერთი გადამზიდავი, ბესიკ ქორიძე: „შეხვედრა გაიმართა სასტუმროში, რუსთაველზე. თურქებთან ერთად მეც შევედი, თითქოს თურქი ბიზნესმენი ვიყავი. სასტუმროს კარებთან დაგვხვდა ფელიქსის მძღოლი, რომელმაც გვთხოვა, რომ ტელეფონები და საათები მანქანაში დაგვეტოვებინა. ალექსანდრე ჰქვია და მის სახელზე აქვს კომპანია გაფორმებული – „არარატ საქართველო“. სწორედ ამ კომპანიით ჩაგვანაცვლეს ჩვენ.

სასტუმროში ფელიქსმა თქვა, რომ საქმე „გაიასნებული“ აქვს სახელმწიფო დონეზე. პირდაპირ გვითხრა – ვინც არ ითანამშრომლებს ჩემთან, ერთადერთი სიტყვა იყო, რომ ყველას მანქანა გაჩერდება. დანარჩენი იყო ციფრებზე საუბარი. ერთგვაროვან ტვირთზე, ერთ მანქანაზე ის ითხოვს 450 დოლარს; „გრუპაში“, რომელსაც კარგოს ვეძახით – 750-800 დოლარს. ყველას დაგვპირდა, რომ თუ მასთან არ გადავალთ და ამ თანხას არ გადავუხდით, საბაჟოზე მანქანებს გაგვიჩერებს 10-20 დღით. იტრაბახა თუ ნამდვილად აქვს „გაიასნებული“, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ შეხვედრიდან მეორე დღესვე  ჩვენი მანქანები მართლა გააჩერეს… ჩვენი ბიზნესის 90% ფელიქსმა უკვე წაიღო“.

ბესიკ ქორიძე ამ სფეროში ათ წელზე მეტია მუშაობს და ახლა მისი კომპანია – „რეექსპოტრანსი“ სერიოზული პრობლემის წინაშე დგას: დატვირთულ ტრანსპორტს ზოგჯერ 20 დღითაც კი აჩერებენ საბაჟოზე, რაც მისთვის გაკოტრების ტოლფასია.

„ბათუმელები“ ბესიკ ქორიძესთან ერთად კიდევ 4 კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. გადამზიდავებმა გვითხრეს, რომ მათაც იმავე მეთოდით გაუჩერეს ბიზნესი, როგორც ბესიკ ქორიძეს.

ბესიკ ქორიძე და სხვა გადამზიდავები წლებია თურქეთიდან საქონელს ეზიდებიან სომხეთში. ამ ხნის განმავლობაში მათ ჩამოუყალიბდათ პარტნიორობაზე დამყარებული ნდობა როგორც თურქ მომწოდებლებთან, ისე სომეხ შემსყიდველებთან. შესაბამისად, არც თურქ და არც სომეხ ბიზნესმენებს არ ხიბლავთ მათთვის უცხო პირთან, იგივე ფელიქს ხუდოევთან თანამშრომლობა, მაგრამ სხვა გზა, ბათუმელი ბიზნესმენების მსგავსად, არც მათ დარჩათ – ქართულ საბაჟოებზე ტვირთების ხელოვნურად დაყოვნების გამო მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მიიღეს. როგორც გადამზიდავები აცხადებენ, „თანდათან პარტნიორები იძულებული ხდებიან ითანამშრომლონ „ფელიქსთან“, რადგან საქართველოდან სომხეთის მიმართულებით მხოლოდ ის „ანთებს მწვანეს“.

გადამზიდავების თქმით, საუბარია 100 ათასობით დოლარზე და ეს ყველაფერი საქართველოში ერთი კაცის ხელში ხვდება.

„ჩვენ ვთავაზობდით ერთიან სერვისს – რეექსპორტს და გადაზიდვას სომხეთის მიმართულებით, რადგან სომხეთი და თურქეთი არც თუ ისე კარგი პარტნიორები არიან. რეექსპორტის პირობებში, რადგან ფელიქსა უარს ამბობს ქართველებთან თანამშრომლობაზე, გადაზიდვის პროცესში შემოიყვანეს თურქული სატრანსპორტო კომპანიები. ამით დაზარალდნენ როგორც ჩვენი კომპანიები, ისე ქართული ავტოპარკიც – ტრანსპორტი გაგვიჩერა.

თურქული ტრანსპორტის სომხეთში შესვლა გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ქართულის. ქართულ მანქანას თავის დაზღვევიანად სომხეთის საბაჟო მაქსიმუმ 55 ლარი უჯდება, თურქულს – 400 დოლარი და ამას ემატება შავი ფული, რასაც თურქი მძღოლები იქ იხდიან.

ჩვენ რეექსპორტში ერთ მანქანაზე გვიხდიდნენ დაახლოებით 100 დოლარს. ეს ოფიციალური ფასია და იბეგრება. ფელიქსა შემოვიდა და ითხოვს 450 დოლარს. სხვაობა ძალიან დიდია, მაგრამ ბიზნესმენს უღირს გაიღოს დამატებით ეს 350 დოლარიც, ქარხანა რომ არ გაუჩერდეს.

თავისუფალი კონკურენციის პირობებში ქართული ტრანსპორტი თურქულ ტრანსპორტთან იყო კონკურენტუნარიანი. მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს სხვა უპირატესობა – მათი ავტოპარკი გაცილებით უკეთესია, გადაზიდვების 50 %-ს ქართული მხარე ახორციელებდა, 50 %-ს – თურქული. მაგრამ რეექსპორტში და ტრანსპორტირებაში როცა გაჩნდა მესამე ძალა, ქართულ ტრასპორტს აღარც კი დარჩა შანსი, რომ ჩაერთოს ამ კონკურენციაში. ახლა დამკვეთს არჩევანის გაკეთება  ფასსა და ხარისხს შორის კი არ უწევს, არამედ ის იძულებულია აირჩიოს თურქული ავტოპარკი, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესს 700-დან 1000 დოლარით გაუძვირდა რეექსპორტის მომსახურება“, – ასე ჩამოაყალიბა კიდევ ერთმა დაზარალებულმა გადამზიდავმა, ირაკლი ნემსაძემ კონკრეტული კომპანიების ზიანი.

დატვირთული მანქანები, რომლებსაც ბათუმისა და თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში [გეზ] ერთი და ზოგჯერ ორი კვირითაც აყოვნებენ.
მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ან საერთოდაც შემოსავლების გარეშე დარჩნენ ამ კომპანიებში დასაქმებულები და ქართველი მძღოლები, რომლებიც რეექსპორტზე მუშაობდნენ. „დაახლოებით 1000-1500 ადამიანი მაინც ზარალდება“, – აცხადებს ირაკლი ნემსაძე, კიდევ ერთი გადამზიდავი კომპანიის მფლობელი.

  • რას ამბობენ თურქი ბიზნესმენები

„ბათუმელები“ სამ თურქ ბიზნესმენს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, ადასტურებენ თუ არა ინფორმაციას ტრანსპორტის ქართულ საბაჟოზე ხელოვნური დაყოვნების შესახებ და რამდენად უკავშირდება ეს ფელიქს ხუდოევს.

თურქმა ბიზნესმენმა, მუსა ალთინკაიამ, სატელეფონო საუბარში დეტალურად აგვიხსნა, რომ ფელიქს ხუდოევმა და მისმა გავლენიანმა მფარველებმა მისი ბიზნესი საქართველო-სომხეთის მიმართულებით პრაქტიკულად გააჩერეს:

ეროლ კაია

„მე ვეღარ შევძელი სარფის საბაჟოზე მანქანების გატარება, ამიტომ საერთოდ გავაჩერე ეს მიმართულება. რიზეში 20-30 გადამზიდავი ვართ და ყველა გაგვაფრთხილეს ფელიქსის შესახებ. ჩვენ ბიზნესასოციაციასაც მივწერეთ ანკარაში, მაგრამ გვითხრეს, რომ ვერ დაგვეხმარებიან, რადგან ეს საქართველოში ხდება.

საქართველოში რატომღაც გვთხოვენ, რომ არ ვეთანამშრომლოთ ბათუმელ პარტნიორებს… ვინც რეექსპორტზე მუშაობს, ყველა გააფრთხილეს, რომ მათ არ გაატარებენ, თუ არ იმუშავებენ თბილისის გავლით. მე ამას არ დავთანხმდი და რეექსპორტი საქართველოში შევაჩერე“.

კიდევ ერთმა ბიზნესმენმა, ეროლ კაიამ კი ეს მოგვწერა:

„ძალიან ბევრი პრობლემა შემექმნა მაგ ფირმის გამო – 2 დატვირთული მანქანა ერთი ბათუმში, ერთიც თბილისში გამიჩერეს. ფელიქსის გავლენით კლიენტურა გამექცა. ერთი მანქანა, რომელიც დატვირთული იყო… 5 დღე გააჩერეს წითელ ზოლში და მხოლოდ ის მითხრეს, რომ უნდა დაელოდოთო. მე 20 წელია ერევანზე ვმუშაობ და მსგავსი შემთხვევა არასდროს მქონია. ადრეც იყო შემთხვევა, როცა მაჩერებდნენ, მაგრამ 1 დღე გრძელდებოდა ხოლმე. დიდი ფირმები ამ და სხვა ბერკეტით ბათუმში მყოფ ჩვენს პარტნიორებს საქმეს ურთულებენ და საბოლოოდ ცდილობენ საქმე ხელიდან გამოსტაცონ “.

  • როგორ აჩერებენ საბაჟოზე მანქანებსა და ტვირთებს

გადამზიდავებს მორიგი მცდელობა ჰქონდათ 20 მარტს, როცა ისინი მივიდნენ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში [გეზში] და ერთ-ერთ მებაჟეს კატეგორიულად მოსთხოვეს ტვირთი ან ჩამოერთვა, როგორც უკანონო საქონელი, ან გაეტარებინა. მებაჟე მათ პასუხობს: „ვამოწმებთ. სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია“. ბოლოს კი ბესიკ ქორიძეს ეუბნება: „მესმის რასაც ამბობთ, მაგრამ უშუალოდ ჩვენ მაგის გადაწყვეტის უფლება არ გვაქვს და სხვა, თქვენ იცით, ვისაც უნდა მიმართოთ“.

ბესიკ ქორიძე რამდენჯერმე ჩაეკითხა – „ვის უნდა მივმართო?“, თუმცა მას ამ კითხვაზე არ უპასუხეს და ტელეფონი გაუთიშეს.

 

ამ სატელეფონო ზარის შემდეგ ანუ 26 მარტს გადამზიდავებმა შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე დარეკეს. მათ უთხრეს, რომ ამ საკითხს გამოიძიებენ. მას შემდეგ ზუსტად 27 დღე გავიდა. ახლა ბესიკ ქორიძე ამბობს, რომ დღემდე მას არავინ დაკავშირებია „ცხელმა ხაზმა და გამოძიების დაწყებამაც არაფერი შეცვალა ჩვენი ბიზნესის მიტაცების საქმეში“.

გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლები საბაჟოებზე არსებულ ვითარებას ასე ახასიათებენ – „მარაზმამდე მივიდა სიტუაცია“: „კრიმინალური ელემენტები“, „90-იანები დაბრუნდა, სადღაც უნდა „გააიასნო“, „ზემოდან უნდა დარეკონ“.

გადამზიდავები ამას საკუთარი გამოცდილებით ასაბუთებენ.

„რამდენჯერმე შევხვდი გეზის უფროსს და რისკების უფროსს. გეზის უფროსი ამბობს, რომ ის არაფერ შუაშია. რისკების უფროსი გელაპარაკება კანონის ენით, რომ მათ ამის უფლება აქვთ. მე მას დავუმტკიცე, რომ ეს ასე არ არის: მე შემიძლია ფელიქსს გადავუხადო ის თანხა, რასაც ითხოვს და ფელიქსა გაატარებს მანქანას-მეთქი. არაო, კანონით ვერ ვახერხებო, მაგრამ მე ღამის ორ საათზე გავაშვებინე მანქანები. ჩემმა პარტნიორმა ჩაურიცხა 1000 დოლარი ფელიქსას, ღამის ორ საათზე მოიყვანეს სახლიდან მებაჟე, ვისაც გაჩერებული ჰყავდა მანქანა და გაუშვა. პირადად მე მქონდა ეს“, – ამბობს ბესიკ ქორიძე და დასძენს: „ახლაც შემიძლია მივიდე საბაჟოზე, თურქეთში ხმოვან მესიჯს გავაგზავნი პარტნიორთან, ის მიწერს ფელიქსას და გაუშვებენ ნახევარ საათში“.

„მებაჟე ოფიცერს როგორც კი მოუვა სიგნალი „გაიასნებაზე“, მაშინვე უშვებენ მანქანას. ყოფილა შემთხვევა, როცა გაიხსნა მანქანა, ვერ მოესწრო დათვალიერება, რადგან დაღამდა, მეორე დღეს უნდა დაესრულებინა დათვალიერება, მაგრამ ღამით შეთანხმდნენ მხარეები და ეს მანქანა დათვალიერების გარეშე გაუშვეს. დილით მოსულ მებაჟეს ისღა დარჩა გაკვირებოდა, მანქანა რომ არ დახვდა გზშ-ში“, – გვითხრა კიდევ ერთმა გადამზიდავი კომპანიის მფლობელმა ირაკლი არძენაძემ.

მისივე თქმით, „საბაჟოზე უნდა გაიხსნას მანქანა, დაითვალოს, დოკუმენტებთან შესაბამისობა დადგინდეს და გაგიშვან. რიგები გეზ-ში არ არის, დღეში 30 მანქანას დაათვალიერებენ, არ აქვთ ამის პრობლემა, მით უფრო ეს ტრანზიტული საქონელია, საქართველოში არ რჩება, პროცედურაში იღებს სახელმწიფო ფულს – ჩვენ მოგებას გვიბეგრავს“.

ბესიკ ქორიძის თქმით კი, მათი ბიზნესის გასაჩერებლად გამოყენებული ხელოვნური ბარიერები ერთ რამეზე მიუთითებს: „რომ ეს საქმე მინიმუმ საბაჟოს დეპარტამენტის ხელმძღვანელების ან შემოსავლების უფროსის დონეზე წყდება“:

„მანქანების რისკჯგუფში მოხვედრის ორი ვარიანტია – ალგორითმი, რომელიც მანქანებს ახვედრებს რისკჯგუფში და მეორეა მექანიკურად მოხვედრების შესაძლებლობა, ანუ ვიღაც ერთვება და შესაბამის ღილაკს აჭერს ხელს. რა ჯგუფია ამაში ჩარეული? – ჩვენ ვფიქრობთ, რომ მინიმუმ საბაჟოს დეპარტამენტის ხელმძღვანელები ან შემოსავლების უფროსის დონეზე წყდება.

როცა „აწითლებენ“ საქონელს, აცხადებენ, რომ არის პრევენციული ზომა. ურეკავ, დადიხარ, ეკითხები და პასუხს არავინ გცემს. მინიმუმ ხელმძღვანელები და საბაჟოს ოფიცრები ინფორმირებულები არიან, რაც ხდება. მაქსიმუმ ამათ შორისაც არსებობს გარკვეული კავშირი. პირად საუბრებში გვეუბნებიან, ხომ იცით რა ხდება, რას გვეკითხებით ჩვენო.

მეწარმეს, როცა მანქანაში ჩადებული აქვს 50-100 ათასი დოლარი და უჩერდება საბაჟოზე ორი კვირით და მეტით, ამით წარმოებას ნედლეული აღარ აქვს, სამუშაო ფერხდება და კლიენტურას კარგავს. შესაბამისად, შენში ხედავს პრობლემას და ალტერნატიულ გზებს ეძებს. სწორედ ამ დროს ფელიქსა ირთვება „მაიაკივით“ და პრობლემას, მართალია ძვირად, მაგრამ აგვარებს“.

  • ვინ არის ფელიქს ხუდოევი? 

„ბათუმელებს“ უნდოდა ფელიქს ხუდოევისთვის ეკითხა გადამზიდავებისთვის ბიზნესის წართმევის შესახებ. მან მოკლედ გვიპასუხა, რომ არ არის საქართველოში, ქართულად კარგად ვერ ლაპარაკობს და ამიტომ ვერ გვიპასუხებს. მას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მივწერეთ, რომ კითხვებს რუსულად მივაწვდიდით, მაგრამ ფელიქს ხუდოევი ჩვენთან კავშირზე აღარ გამოვიდა.

ოფიციალური წყაროების თანახმად კი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ფელიქს შირინის ძე ხუდოევი 1965 წელს თბილისში დაიბადა.

ხუდოევმა, როგორც რუსეთში რეგისტრირებული დახურული სააქციო საზოგადოება „ფელიქსის“ ერთადერთმა აქციონერმა და დირექტორმა, 2014 წლის იანვარში საქართველოში  დახურული სააქციო საზოგადოება „ფელიქსი-ს თბილისის ფილიალი“ დაარეგისტრირა. ის ამ ფილიალის დირექტორადაც დაინიშნა.

ფელიქს ხუდოევი

ფილიალის რეგისტრაციის პროცესში ხუდოევისგან გაცემული მინდობილობით ვახტანგ რამიშვილი და მიხეილ ქრისტესაშვილი მოქმედებდნენ. დებულების მიხედვით, ფილიალის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა ფეხსაცმლის, ჩანთებისა და ქურთუკების წარმოება; ფილიალი უფლებამოსილია ასევე განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რაც არ არის აკრძალული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

ფელიქს ხუდოევმა და გურამ ნამთალაშვილმა [ისრაელის მოქალაქე] 2018 წლის სექტემბერში საქართველოში დაარეგისტრირეს შპს „მითფუდტრანსლოჯისტიკი“, რომლის წილებს, 50-50%-ს, თავად ფლობენ. ამ კომპანიის საქმიანობის ძირითად საგნად კი მითითებულია ვაჭრობა და ლოჯისტიკა.

„მითფუდტრანსლოჯისტიკის“ წესდებას/პარტნიორთა შეთანხმებას ხელს აწერს მხოლოდ ფელიქს ხუდოევი. დოკუმენტების მიხედვით, ხუდოევზე შესაბამისი მინდობილობა გურამ ნამთალაშვილის მიერ ყირგიზეთის ქალაქ ბიშკეკში გაფორმდა.

ამ კომპანიის დირექტორად დაინიშნა ალექსანდრე კოტოიანი. „მითფუდტრანსლოჯისტიკის“ იურიდიულ მისამართად კი მითითებულია ალექსანდრე კოტოიანის საცხოვრებელი მისამართი.

ამავე მისამართზე ალექსანდრე კოტოიანმა 2020 წლის იანვარში ახალი შპს – „არარატ საქართველო“ დააფუძნა, რომლის 100% წილის მფლობელიც და დირექტორიც თავადაა.

წესდების მიხედვით, შპს „არარატ საქართველოს“ საქმიანობის ძირითად საგნად რეექსპორტია მითითებული.

ბათუმელი გადამზიდავების თქმით, სწორედ ალექსანდრე კოტოიანია ფელიქს ხუდოევის პირადი მძღოლი. შესაბამისად, მის სახელზე რეგისტრირებული კომპანია „არარატ საქართველოც“ სწორედ ხუდოევის საკუთრებაა და ალექსანდრე კოტოიანი მხოლოდ ნიღაბია.

„ბათუმელები“ ალექსანდრე კოტოიანსაც დაუკავშირდა. მან თავდაპირველად გვითხრა, რომ „ცოტა ხანში დაგვიკავშირდებოდა“, მაგრამ მოგვიანებით სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

  • რას ამბობენ შემოსავლების სამსახურში

შემოსავლების სამსახურის პრესცენტრს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, ნამდვილად დაიწყო თუ არა გამოძიება 26 მარტს გადამზიდავების მიერ ცხელ ხაზზე განხორციელებული ზარის შედეგად. თითქმის ერთი თვის განმავლობაში რატომ ვერ მოახერხა უწყებამ იმ ბიზნესმენების გამოკითხვა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სისტემა მათ აზარალებს?

დილით უწყებაში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე განმარტებას მივიღებდით. სამუშაო დღე ისე დასრულდა, რომ დაპირებული განმარტება არ მოუწოდებიათ.

______

ჟურნალისტური გამოძიება მომზადდა პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების  პოპულარიზაცია აჭარაში“.  პროექტის ახორციელებს თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. მხარდამჭერია ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).

სტამბოლში, ანკარსა და კიდევ 29 ქალაქში 3 დღით სრული კარანტინი გამოცხადდა

თურქეთის 31 დიდ ქალაქში 3 დღით სრული კარანტინი გამოცხადდა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 30 აპრილის 24 საათიდან 3 მაისის 24 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, სტამბოლი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.

კარანტინის წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.

თურქეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები კითხვების არსებობის შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდნენ  თურქეთში საქართველოს საელჩოს ან საკონსულოებს, ცხელ ხაზზე:

1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280
2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08

აგვისტოს ომის ვეტერანების შვილების მხარდაჭერა სკოლა პროგრესისგან

ლიზი მახარაძე 13 წლისაა, თუმცა უკვე დიდი გეგმები აქვს: ჯერ სკოლა უნდა დაამთავროს წარჩინებით, შემდეგ უნივერსიტეტი და დაგროვებული ცოდნით კარგი სამსახური იპოვოს. ლიზის მამა თადარიგის კაპიტანი, 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანია. მამა ამჟამად ავღანეთში მსახურობს. დედა კი საქართველოში ლიზის და მის მცირეწლოვან დას უვლის.

მარიამ ბეგიაშვილი ლიზიზე ერთი წლით პატარაა, მარიამის მამაც 2008 წლის ომის ვეტერანია. კარგად აქვს გაცნობიერებული მისი დანიშნულება და იცის, რომ ამ ეტაპზე მთავარი ფუნქცია კარგი სწავლაა. მშობლები ყველანაირად ხელს უწყობენ და ეხმარებიან სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

ლიკა დარჩიძე მარიამის კლასელია. ლიკას მამა სერჟანტია, 2008 წელს ომში იბრძოდა, ახლაც საქართველოს სამხედრო ძალებში მსახურობს. დედა მენეჯერია. ლიკას ოცნებაა გახდეს წარმატებული ექიმი. აი ისეთი, დღეს რომ ყველა იმედით შეჰყურებს.

ექიმობაზე ოცნებობს ქეთი ფუტკარაძეც. უნდა კარგი ქირურგი ან პედიატრი გამოვიდეს. მამა 2008 წლის ომის ვეტერანია, დედა – პედაგოგი, ინგლისური ენის მასწავლებელი. ქეთის მშობლებსაც კარგად აქვთ გააზრებული სამივე შვილის კეთილდღეობისთვის რას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა.

ლიზი მახარაძე, მარიამ ბეგიაშვილი, ლიკა დარჩიძე და ქეთი ფუტკარაძე ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესის” მოსწავლეები არიან. მათ ვეტერანთა შვილების მხარდაჭერის პროგრამის კონკურსში საუკეთესო ქულები დააგროვეს და სწავლის დაფინანსება მოიპოვეს. გოგოები დღეს აქტუალურ თემებზე გვესაუბრებიან.

დისტანციური სწავლა

ლიზი: ასე მგონია მომავალში ვცხოვრობთ, ფილმებში რომ აჩვენებენ, ისეთ მომავალში. არ ყოფილა რთული დისტანციურად სწავლა. მთავარი პრობლემა ამ დროს სუსტი ინტერნეტ-კავშირია, ხშირად გვეთიშება. სხვა ყველაფერი მისაღებია.

მარიამი: ჩემთვის, პირადად, ადვილი, მოსახერხებელია. ამაში სკოლა და მასწავლებლებიც გვიწყობენ ხელს. ყოველდღიური ჩართვები გვეხმარება არ ჩამოვრჩეთ პროგრამას და გვქონდეს დისკუსიები – გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი მოსაზრებები.

ქეთი: საკმაოდ მარტივია – მასწავლებლები ისევ ისე გვიხსნიან გაკვეთილებს, მეც ისევ ისე ვსწავლობ, როგორც ადრე. თუ ინტერნეტთან გაქვს კავშირი, თითქმის იგივეა. სწავლის ასეთი ფორმა ახლა საუკეთესოა ჯანმრთელობისთვის, ამიტომ ადვილად ვეგუები.

ლიკა: ერთი სული გვაქვს როდის შევხვდებით ერთმანეთს. მიხარია, რომ შევძელით შექმნილ სიტუაციასთან შეგუება. ყველა ვხვდებით, რომ კორონავირუსი ხუმრობა არაა და უნდა დავიცვათ თვითიზოლაციის წესები. სახლში ყოფნა და თვითიზოლაცია მარტივი არ არის, მაგრამ ვხვდებით, რომ ეს აუცილებელია.

ქეთი ფუტკარაძე

კორონავირუსი

ქეთი: ფილმში ვმონაწილეობთ და უნდა მივყვეთ მოწოდებულ წესებს.

ლიზი: ბავშვებისთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს, ასაკოვანები არიან რისკ-ჯგუფში, მაგრამ მე და ჩემი მეგობრები ექიმების რეკომენდაციებს მივყვებით, წესებს ვიცავთ და ვუფრთხილდებით ჩვენი ოჯახის წევრებს. მჯერა, მალე მოიგონებენ მის შესაჩერებელ ვაქცინას და მალე ვნახავთ მონატრებული მეგობრები ერთმანეთს.

მარიამი: სიმართლე გითხრათ, არ მეშინია. ამ პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ პანიკის გარეშე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. ერთმანეთი და სკოლაც გვენატრება, მაგრამ სამყაროსგან მოწყვეტა, რაღაც დროით, ჩემს თვალში ერთგვარი განტვირთვაა და სტრესის მოშორება. ტექნოლოგიები განვითარებულია და ჩვენც ეფექტურად ვიყენებთ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამ ფორმით ჩაგვიტარდებოდა გაკვეთილები.

ლიკა: კორონამ შეგვიცვალა დღის წესრიგი, ურთიერთობების მეთოდები, მაგრამ მე მგონია ყველაფერი კარგად იქნება. იმედი არ უნდა დავკარგოთ. დავრჩეთ სახლში და მეტი დრო გავატაროთ ჩვენი ოჯახის წევრებთან.

მარიამ ბეგიაშვილი

რა მოეთხოვებათ თინეიჯერებს?

ლიზი: ჩემი აზრით, თინეიჯერი უნდა იყოს კომუნიკაბელური, კეთილი, პასუხისმგებლიანი, ფიზიკურად ძლიერი, არ უნდა იყოს ფსიქოლოგიურად მერყევი, და რაც მთავარია არ უნდა იყოს ფიცხი. უნდა შეეძლოს პატიება, რათა ადვილად შეძლოს ადაპტირება რთულ გარემოში. ჩემი აზრით, თანამედროვე თინეიჯერი უნდა იყოს დამოუკიდებელი და უნდა შეეძლოს თავისი საქმეების მოგვარება, ასევე უნდა იყოს მხიარული და კომუნიკაბელური, რომ ახალ გარემოში შეიძინოს ბევრი მეგობარი.

ქეთი:  თანამედროვე თინეიჯერი უნდა იყოს მომთმენი, ცოტა თამამიც, არ უნდა უშვებდეს შანსებს, არ უნდა ეშინოდეს, უკეთესისკენ უნდა მიილტვოდეს, უკან არ უნდა იხევდეს, არ უნდა ეშინოდეს თავისი აზრის დაფიქსირების და წარმატებისთვის მთელს თავის ენერგიასა და შესაძლებლობებს უნდა იყენებდეს.

ხარისხიანი განათლება 

ლიზი: განათლება კარგი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი წინაპირობაა. მე, პირადად, დიდ იმედებს ვამყარებ სწავლაზე. პროფესია ზუსტად არ ამირჩევია, მაგრამ ამ დროისთვის ძალიან მომწონს მასწავლებლის და ჟურნალისტის პროფესია.

მარიამი: კარგი განათლება ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია. ვიმედოვნებ, რომ აქ მიღებული სწავლა გამომადგება, რადგან ძალიან მაღალ დონეზე გავდივართ ყველა საგანს. მე მინდა თარჯიმანი გამოვიდე, მაგრამ ჯერ ადრეა, შეიძლება შევიცვალო პროფესია.

ქეთი: კარგი განათლება კარგი მომავლის საწინდარია, განათლება ყველამ უნდა მიიღოს. განათლებული ახალგაზრდობა ქვეყნის ძლიერ მომავალს შევქმნით. იმედი მაქვს, რომ გავხდები კარგი ექიმი და ვიცი ამისთვის ჩემი ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენო.

ლიკა დარჩიძე

სკოლა

ლიზი: სკოლა პროგრესში გაძლიერებულად ვსწავლობთ უცხო ენებს და სხვა საგნებს. კლასში ცოტანი ვართ და მასწავლებლები მეტ დროს გვითმობენ. სწავლაც სულ სხვანაირია, მასწავლებლები გვაძლევენ თავისუფალ ფორმატში მუშაობის საშუალებას, განსხვავდება სხვა სკოლებისგან. მე ვამაყობ ამ სკოლაში რომ ვსწავლობ და ძალიან კმაყოფილი ვარ.

მარიამი: ძალიან მომწონს და მიყვარს ჩემი სკოლა. პირველად რამდენიმე გაკვეთილს დავესწარი და გაოცებული დავრჩი. თავიდან სწავლა უფრო რთული მეჩვენა. სრული შოკი იყო, როდესაც გავიგე, რომ ვისწავლიდი ტექნიკურ მეცნიერებებს, ბიზნეს-უნარებს, ინგლისურს ბრიტანელი მასწავლებელი გვასწავლიდა. ასევე ძალიან მაგარია ჭკვიანი და საოცრად ნიჭიერ ბავშვებთან ერთად ერთ სკოლაში სწავლა. ეს ყველა ჩემი თანატოლის ოცნებაა. მიხარია, რომ აქ სწავლის შანსი მაქვს.

ლიკა: ამ სკოლაში განსაკუთრებით ის მომწონს, რომ მყავს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეგობრები. საინტერესოა სხვა კულტურის ადამიანებთან ურთიერთობა. აქ მსოფლიო მოქალაქეებად ვგრძნობთ თავს.

ლიზა მახარაძე

კონკურსი

ლიკა: ისეთი ბედნიერი ვიყავი, როცა შემატყობინეს, რომ კონკურსი ჩემთვის წარმატებით დასრულდა, ვერ აგიღწერთ როგორ გამიხარდა. ბავშვებიც ძალიან თბილად დამხვდნენ, ნამდვილად არ მეგონა ასეთი მეგობრულები თუ იქნებოდნენ. პირველად ცოტა მიჭირდა, რადგან ყველაფრის მიუხედავად სულ სხვა გარემოდან სხვაგან აღმოვჩნდი.

ლიზი: ჩემი აზრით, ეს იყო საშუალო სირთულის კონკურსი. მე ძალიან ვიჩქარე და 30 წუთით ადრე გამოვედი გამოცდიდან. ამის გამო ჩემს თავზე გავბრაზდი კიდეც, რადგან ყველაზე მაღალი ქულა ვერ ავიღე. კონკურსი, ჩემი აზრით, იყო სამართლიანი. მეამაყება, რომ გავიმარჯვე.

მარიამი: კონკურსი ჩემთვის რთული არ ყოფილა, რადგან მაქვს გამოცდილება.  მამას ვეტერანთა სამსახურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს ამ კონკურსის შესახებ. გავიარე კონკურსი და გავხდი „პროგრესელი“.

ქეთი:  კონკურსი არც ისეთი მარტივი იყო, მაგრამ სამართლიანი, რადგან აქ სწავლა უდიდესი გამოწვევაა და მაქსიმუმს მოითხოვს. ოჯახის წევრებისგან განსხვავებით, მე არ ვიყავი დარწმუნებული საკუთარ თავში, მაგრამ მაინც მომინდა მეცადა და არ გამეშვა შანსი ხელიდან. გამიმართლა.

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესი“ ახორციელებს “ვეტერანთა შვილების დახმარების“ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც 2008 წლის ომში გარდაცვლილი და ვეტერანთა ოჯახების შვილებს, ასევე, მინდობით აღზრდაში მყოფი მოზარდების სწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფს. მოსწავლეები სკოლაში კონკურსის საფუძველზე ირიცხებიან.

“ჩვენი სურვილია მცირედით მაინც დავაფასოთ ომის ვეტერანების ღვაწლი და ხელი შევუწყოთ ნიჭიერ მოსწავლეებს მიიღონ ხარისხიანი განათლება. ჩვენთან სწავლება ეფუძნება ეროვნულ და ამერიკულ სტანდარტებს. მიღებული ცოდნა ეხმარება მოსწავლეს თანამედროვე გამოწვევების დაძლევაში და განაპირობებს შემდგომ წარმატებას“, – ამბობს სკოლა “პროგრესის” დირექტორი ნანა ჩარექიშვილი.

სკოლა პროგრესი საშემოდგომო სემესტრში ისევ გამოაცხადებს კონკურსს.

შემუშავებული იქნება ღონისძიებები – დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეროვნული გამოცდების შესახებ

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დღეს, 27 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით განათლების სამინისტროსთან მიმდინარეობს მსჯელობა, როგორი უსაფრთხო გარემო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გამოცდების ჩასაბარებლად მივლენ.

„ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას დავსახავთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ ეს 3-4-საათიანი გამოცდა იყოს აბიტურიენტების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო. შემუშავებული იქნება ადეკვატური ღონისძიებები.

წელს აბიტურიენტებს უჩვეულო გარემოში მოუწიათ სწავლა და ეროვნული გამოცდებისთვის მზადება, უჩვეულო გარემოში მოუწევთ სკოლის დამთავრება და ბოლო ზარის თუ დღესასწაულის აღნიშვნა,“-  განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა.

ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა რამდენიმე დღის წინ განცხადება. მან თქვა, რომ ეროვნული გამოცდები ჩატარდება, თუმცა შესაძლოა თარიღი შეიცვალოს.

___________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბოლნისის კლასტერში 89 ადამიანია – გამყრელიძე

საქართველოში ყველაზე დიდი ბოლნისის კლასტერია – განაცხადა დღეს, 27 აპრილს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

„ყველაზე დიდია ბოლნისის კლასტერი, სადაც ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. დღეს ამ კლასტერიდან გვყავს 89 ინფიცირებული, მათგან 5 უკვე გამოჯანმრთელდა, სამწუხაროდ გვაქვს 2 გარდაცვალების შემთხვევა ამ კლასტერიდან,“ – განაცხადა გამყრელიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ ჩამოყალიბდა თეთრიწყაროს კლასტერი, სადაც ინფიცირებულია მედპერსონალი და ასევე, ღვანკითის კლასტერი, სადაც ეპიდემიოლოგები ამ დრომდე მუშაობენ.

დღეს თეთრიწყაროს მერიაში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 20 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორისაა თეთრიწყაროს მერიის თანამშრომელი.

რაც შეეხება სოფელ ღვანკითს, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდებარე ეს სოფელი 23 აპრილს ჩაიკეტა. სოფელში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 10 შემთხვევა გამოვლინდა.

გარდა დასახელებული კლასტერებისა, საქართველოში კორონავირუსის გავრცელება უკავშირდება ქობულეთის კლასტერსაც, სადაც 35 ინფიცირებულია გამოვლენილი, მათგან ორი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.

 

ვინ მიიღებს ორმაგ დახმარებას მთავრობისგან? – სააგენტოს განმარტება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახები დახმარების  სახით 600 ლარს მიიღებენ. პრემიერმა ამ ინფორმაციას, რამდენიმე განმარტებაც დაურთო, თუმცა კითხვები მაინც  დარჩა. „ბათუმელებმა“ ამ კითხვებით დღეს სოციალური დახმარების სააგენტოს მივმართა.

პრემიერის თქმით, სახელმწიფო უკვე ეხმარება ოჯახებს, რომელთაც სარეიტინგო ქულა 65 000-მდეა, მაგრამ „ყურადღების გარეშე არის დატოვებული 65 000-დან 100 000-მდე ქულის მქონე ოჯახები, რომლებსაც ვეხმარებით, მრავალშვილიანების და არასრულწლოვნების ყოლის პირობებში“.

ამ განმარტების მიხედვით, ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური სააგენტოს ბაზაში და აქვთ მინიჭებული ქულა 65 000 – 100000-მდე ისედაც იღებენ დახმარებას და ამას დაემატება 600 ლარი, რომელსაც სინი  კრიზისის დაძლევის გეგმის მიხედვით, 6 თვის განმავლობაში მიიღებენ [თვეში 100 ლარი] .

 

ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას პრემიერმა თქვა:  „ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ასეთ ოჯახებს დავეხმაროთ 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით და ასეთია საქართველოში 70 000 ოჯახი, დაახლოებით 190 000 მოქალაქე.“

ბევრმა მოქალაქემ ეს არასწორად გაიგო და მიიჩნია, რომ ექვსი თვის განმავლობაში, მას ყოველთვიურად 600 ლარით დაეხმარებიან. ეს ასე არ არის, დახმარება ექვსი თვის განმავლობაში 600 ლარით, ანუ თვეში 100 ლარით დახმარებას ითვალისწინებს.

პრემიერმა კიდევ ერთი კატეგორიის ოჯახებზე გაამახვილა ყურადღება:

„ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არის 0-დან 100 000-მდე და ჰყავთ 3 და მეტი 16-წლამდე ასაკის შვილი, რაც ნიშნავს მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე, სახელმწიფო დაეხმარება 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით. ასეთი ოჯახების რაოდენობა დღეს საქართველოში არის 21 000 ოჯახი და ეს მოიცავს 130 000 მოქალაქეს“.

ამ ჯგუფში შესაძლოა იყვნენ ის მოქალაქეებიც, რომლებიც დასაქმებულები არიან და რაღაც ტიპის შემოსავლები გააჩნიათ. ჩნდება კითხვა – თუ მათ სამსახურებიც დაკარგეს, 600 ლარს მიიღებენ როგორც მრავალშვილიანი ოჯახის წევრები და დამატებით 200 ლარს – სამსახურის დაკარგვისთვის? 

„შესაძლოა ოჯახის წევრი მუშაობდეს და ამავდროულად იღებდეს სოციალურ დახმარებას ან ჰქონდეს 65000-დან 100000-მდე სარეიტინგო ქულა. ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახს უფრო მეტი საჭიროება აქვს, ვიდრე შემოსავალი. შესაბამისად, ამ დახმარებასაც მიიღებს და 200 ლარიან კომპენსაციასაც“ – განმარტეს სააგენტოში.

ანალოგიურ დახმარებას მიიღებენ მკვეთრად გამოხატული შშმ პირები  პირები და ბავშვები.

იმ შემთხვევაში, თუ შშმ პირი დასაქმებული იყო და კრიზისის გამო  სამსახური დაკარგა, ის მიიღებს ორ დახმარებას – 200 ლარს თვეში, რადგან შექმნილი ვითარების გამო შემოსავლის გარეშე დარჩა და დახმარებას 100 ლარის სახით [ექვს თვეში 600 ლარი] – როგორც შშმ პირი.

დასაქმებულები კი, რომლებმაც კორონავირუსით შექმნილი ვითარების შედეგად სამსახური დაკარგეს ან უხელფასო შვებულებაში მოუწიათ გასვლა, 6 თვის განმავლობაში მთავრობისგან 200 ლარის დახმარებას მიიღებენ.

გიორგი გახარიას თქმით, 200-ლარიანი დახმარება 350 000 მოქალაქეს შეეხება და მთავრობა ამ მიზნით 460 მილიონ ლარს დახარჯავს.

ასევე, მთავრობა ერთჯერადად, 300 ლარით დაეხმარება თვითდასაქმებულებსაც, რისთვისაც 75 მილიონი ლარია გამოყოფილი.

10 ათასზე მეტ მოქალაქეს აჭარაში სასურსათო კალათა გადაეცემა – რიჟვაძე

დღეს, 27 აპრილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო ბიუჯეტთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, აჭარის მთავრობამ უკვე დაასრულა მუშაობა საგანგებო ბიუჯეტზე, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოს განსახილველად და დასამტკიცებლად დღესვე გადაეგზავნება.

„ამ ბიუჯეტში ნათლად ვხედავთ და ვგრძნობთ იმ მძიმე შედეგებს, რომელიც მოჰყვება კრიზისს როგორც ტურისტულ, ასევე სხვა სექტორებთან მიმართებაში. ტურისტულ სექტორთან მიმართებაში არსებული შეღავათები არ არის საკმარისი, ამიტომ აჭარის მთავრობა დამატებით წარმოადგენს ტურიზმის სტიმულირების და ხელშეწყობის გეგმას, რომელიც ამ სექტორის მდგრადობას შეუწყობს ხელს,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა სოციალურ პაკეტზეც. მისი თქმით, მთავრობა გააგრძელებს ღარიბი მოქალაქეების სურსათით უზრუნველყოფას, „ამიტომ, ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე, დაახლოებით 10 ათასზე მეტი ბენეფიციარი იქნება უზრუნველყოფილი პირველადი სასურსათო კალათით“.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, საგანგებო ბიუჯეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იქნება სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა.

„მთავრობა წარმოადგენს პროექტს, რომლის მიხედვით, აჭარაში ყველა გლეხს და ფერმერს ექნება მაქსიმალური ხელშეწყობა ადგილობრივი წარმოების გაზრდის კუთხით, გარდა იმ პროგრამისა, რომელიც დაანონსდა ცენტრალური მთავრობისგან, შეღავათიანი აგროკრედიტი და ერთწლიანი კულტურების ხელშეწყობა და თანადაფინანსება,“ – განაცხადა რიჟვაძემ.

ბათუმში 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს

„დღეს გვყავს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომლებიც უახლოეს საათებში დატოვებენ კლინიკას“ – განაცხადა დღეს, 27 აპრილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, დღეს მთავრობა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს საგანგებო ბიუჯეტს განსახილველად და დასამტკიცებლად.

„საგანგებო ბიუჯეტში გამოყოფილი იქნება რესურსები ჯანდაცვის მიმართულებით, იმ მარაგების შევსებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია იმ ადამიანების აღჭურვისთვის, რომლებიც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ფრონტის წინა ხაზზე. ესენი არიან მედიკოსები, სამართალდამცავები, მესაზღვრეები. მათ სჭირდებათ სათანადო აღჭურვა,“ – განაცხადა რიჟვაძემ.

მისი თქმით, მთავრობამ Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 20 მილიონი ლარის აკუმულირება მოახერხა, რომელიც გადანაწილდება როგორც  მედპერსონალის აღჭურვაზე, ასევე საკარანტინო სივრცეებზე.

 

ჰოლანდიაში, ორ ფერმაში, წავები COVID19-ით დაინფიცირდნენ

ჰოლანდიაში, წავის ორ ფერმაში, ცხოველებს  COVID19 აღმოაჩნდათ. ინფორმაცია ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გუშინ, 26 აპრილს, დაადასტურა.

„ევრონიუსი“ წერს, რომ ნიდერლანდების სამხრეთში, ერთმანეთისგან 15 კმ-ის დაშორებით მდებარე ფერმებში წავებს სხვადასხვა სიმპტომი აღენიშნებოდათ, სუნთქვის გაძნელების ჩათვლით.

წავი მუქი შეფერილობის, ნახევრად წყალში მცხოვრები, ხორცისმჭამელი ძუძუმწოვარი ცხოველია, რომელსაც ფერმებში ბეწვის მისაღებად აშენებენ.

ინფექციის წყაროს მოსაკვლევად გამოძიება უკვე დაწყებულია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ცხოველები ადამიანებმა დააინფიცირეს, რამდენადაც ორივე ფერმაში დასაქმებულებს აღენიშნათ COVID19-ის სიმპტომები. მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანისგან ცხოველის დაინფიცირება შესაძლებელია, წავისგან გადადების ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ამჟამად უმნიშვნელოა,“ – წერს ევრონიუსი.

დაავადების სხვა ფერმებზე გავრცელების პრევენციისთვის აიკრძალა როგორც ცხოველების, ისე მათი ნაკელის გატანა ინფიცირებული ფერმებიდან.

სინჯები აღებულია როგორც ჯანმრთელი, ისე ინფიცირებული ცხოველებისგან, ექსპერტები ასევე აგროვებენ ჰაერისა და მტვრის სინჯებს მიმდებარედ.

„ევრონიუსის“ ცნობით, გზები ამ ორი ფერმის ირგვლივ დაიკეტა  და ადამიანებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ სინჯების შემოწმებამდე არ გიარონ არც ფეხით და არც ველოსიპედით ფერმებიდან 400 მეტრის რადიუსში.

ეს არ არის ცხოველების ინფიცირების პირველი შემთხვევა. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, პანდემიის დროს დაინფიცირდა ვეფხვიც ნიუ იორკის ზოოპარკში.

რეკომენდებულია, რომ პანდემიის დროს შინაურ ცხოველებს მოვექცეთ ისე, როგორც დანარჩენ ოჯახის წევრებს – არ ვაკონტაქტოთ ისინი სახლის გარეთ ცხოველებთან და ადამიანებთან. ასევე, თუ ოჯახში ვინმეს COVID19-ის სიმპტომები გამოუვლინდა, რეკომენდებულია, რომ იზოლირებული იყოს ცხოველებისგანაც.

29 აპრილიდან ვის შეეძლება ბათუმიდან გასვლა?

სურსათის მარაგების მართვის შტაბის უფროსის, თენგის კალანდაძის განცხადებით, დღეს და ხვალ, ანუ 27 და 28 აპრილს ჩაკეტილ ქალაქებში [ბათუმი, ქუთაისი, თბილისი, რუსთავი] დაბრუნების უფლება იმ მოქალაქეებს ექნებათ, რომლებიც უბრუნდებიან თავიანთ იურიდიულ და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილებს.

ორი დღის შემდეგ კი, მაგალითად, ბათუმიდან ხელვაჩაურში ან ხულოში მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად გასვლა მხოლოდ სპეციალური საშვებით იქნება შესაძლებელი. საშვებს კი მუნიციპალური ორგანო გასცემს.

ზეგიდან დაიწყება სპეციალური საშვების გაცემა ორი მიმართულებით. ეს იქნება აპლიკაციის ფორმა, რომელიც განთავსდება სამინისტროს ვებგვერდზე – mepa.gov.ge და გაიცემა იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ თბილისში და რომელთაც აქვთ მიწის ნაკვეთები, ბაღები სხვადასხვა რეგიონში. ისინი ქალაქიდან გასვლას და უკან დაბრუნებას სწორედ სამინისტროს მიერ გაცემული საშვით შეძლებენ.

რაც შეეხება სხვა ქალაქებს, როგორც თენგიზ კალანდაძემ „ტვ პირველს“ უთხრა, „დანარჩენ იმ სამ ქალაქში, რომლებიც არის ჩაკეტილი – ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი, საშვებს გასცემენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები“.

COVID-19: დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3 მილიონზე მეტია

COVID19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით 3 მილიონზე მეტია – ბოლო მონაცემებით 3 017 766 შეადგენს. ვირუსით დაიღუპა 207 000 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 894 464.

„ევრონიუსი“ წერს, რომ შემთხვევების გლობალური რიცხვი ორ კვირაზე ნაკლებ დროში ერთი მილიონით გაიზარდა.

27 აპრილის მონაცემებით, რუსეთში ახალი შემთხვევების რაოდენობამ 6 198 შეადგინა და ჯამში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 87 147 დადასტრუებული შემთხვევა აქვთ. ქვეყანამ ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა.

ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსის 83 912 შემთხვევა ფიქსირდება.

Exit mobile version