უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ კასპიის ზღვაში „ლუკოილის“ სამ საბურღ პლატფორმას დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვამ კასპიის ზღვაში „ლუკოილის“ სამ საბურღ პლატფორმას დაარტყა.

უკრაინის გენშტაბის განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა იარაღი გამოიყენეს ობიექტებზე თავდასხმისთვის.

გენშტაბის ცნობით, „ლუკოილის“ აღნიშნული ობიექტები რუსეთის საოკუპაციო არმიის მხარდასაჭერად გამოიყენება.

ზიანის მასშტაბები უცნობია.

ჯერჯერობით [18:10 სთ] რუსეთში ოფიციალურ პირებს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

_____________

ფოტო: უკრაინის გენერალური შტაბი/telegram

„მზიას თავისუფლებისთვის“ – 12 იანვარს თბილისში მარში გაიმართება

12 იანვარს, თბილისში გაიმართება მარში „მზიას თავისუფლებისთვის“.

მარში 20 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტისკენ გაემართება.

12 იანვარს, გამთენიისას, ზუსტად ერთი წელი ხდება, რაც მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია.

2025 წლის 11-12 იანვარს ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს.

პირველად ის ბათუმში, აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობასთან გამართულ აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, საშვთა ბიუროს კედელზე საწებავი სტიკერის გაკვრის გამო.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავება იყო უკანონო, რადგან სტიკერის გაკვრისთვის პოლიციელს მოქალაქის დაკავების უფლება არ აქვს.

ადმინისტრაციული პატიმრობიდან ის რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, თუმცა მალევე ისევ დააკავეს – ამჯერად სისხლის სამართლის მუხლით – აქციაზე ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, რაც პროკურატურამ შეაფასა თავდასხმად.

დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოექცნენ, პოლიციის უფროსმა მას შეაფურთხა და მისკენ იწევდა საცემად, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია. დგებუაძე ამჟამადაც პოლიციის მაღალჩინოსანია – ის თბილისში გადაიყვანეს.

ამ თემაზე: „ავხედე. მივხვდი, რომ უნდა დამარტყას. გაჩერდა და სახეში შემაფურთხა“ – მზია ამაღლობელი დგებუაძეზე

დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მას პატიმრობაში მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.

მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს, იგი ბათუმში გაასამართლეს სისხლის სამართლის წესით და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მიმართული „ოცნების“ ლიდერების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის ფონზე, ცრუ მოწმე პოლიციელების მონაწილეობით, პროპაგანდა მაქსიმალურად ცდილობდა მის დისკრედიტაციას და რეპუტაციის შელახვას.

მზია ამაღლობელის საქმე ერთ-ერთია სინდისის პატიმრების საქმეებს შორის. მისი გათავისუფლება მოითხოვა არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ასევე: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ; ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა პინა პიჩერნომ, ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა, ევროპარლამენტმა და ა.შ.

2025 წლის 22 ოქტომბერს, პატიმრობაში მყოფმა მზია ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო და არაერთი პრიზი ჟურნალისტური საქმიანობისთვის.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ, მისი სისხლის სამართლის საქმე კი საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა განიხილონ.

ამავე თემაზე: 

მზია ამაღლობელის სიტყვა ევროპარლამენტში – „გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, ვიდრე გვიანი არ არის“

რომელ ქუჩებზე გაითიშება ბათუმში გაზი 12 იანვარს

„სოკარის“ ცნობით, 12 იანვარს 10:00 საათიდან 12 იანვარს 18:00 საათამდე ბათუმში 2587 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება.

კომპანიის განმარტებით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია.

გაზი შეუწყდებათ: 26 მაისის, მელიქიშვილის, მემედ აბაშიძის, ფარნავაზ მეფის, კლდიაშვილის, ყაზბეგის, გორგილაძის, ეგნატე ნინოშვილის, ვაჟა ფშაველას, ვახტანგ გორგასლის, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტების ნაწილს.

„სოკარის“ ცნობით, ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება 12 იანვარს 18:00 საათიდან და სრულად აღდგება დღის ბოლომდე.

„სოკარ ჯორჯია გაზი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.

„მსჯავრდებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ, თავისუფლების აღკვეთისა და მუქარის ფაქტებზე წითელი ცირკულარით 2025 წლის ნოემბრიდან იძებნებოდა.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – იუწყება შსს.

_____________

ფოტოზე: კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 იანვრის 21 საათიდან 12 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან – ზოგან წვიმა, მთაში თოვაა მოსალოდნელი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
    ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 3-4 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +11 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 13-14 იანვარს მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვა.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ქალი პოლიტიკოსების აქცია რუსთავის ციხესთან მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად

11 იანვარს, რუსთავის ქალთა კოლონიასთან, პოლიტიკოსებმა პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გამართეს. მათი განცხადებით, შეკრება სიმბოლურია, რადგან სწორედ ხვალ, 12 იანვარს სრულდება ერთი წელი ამაღლობელის უკანონო პატიმრობიდან.

„აქ იმიტომ ვართ, რომ ყველაზე ახლოს ვიყოთ მზიასთან და სხვა პატიმრებთან. ვითხოვთ როგორც მის, ისე ყველა სინდისის პატიმრის გათავისუფლებას,“ — განაცხადა თეონა ჭალიძემ ჟურნალისტებთან.

ხვალ, 20:00 საათზე, მზიას თავისუფლებისთვის თბილისში მარში გაიმართება. მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ დაიძვრება.

მზია ამაღლობელი გამოცემების — „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. 2025 წლის 22 ოქტომბერს მას ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო ადამიანის უფლებათა სფეროში — სახაროვის პრემია მიენიჭა.

ამავე თემაზე: 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 11 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 218 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 541 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 23 885 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 35 952 ერთეული [+44]
  • MLRS – 1 598 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 269 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 104 068 ერთეული [+654]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 155 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 73 644 ერთეული [+134]
  • სპეცტექნიკა – 4 039 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 11 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 108 406 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 645 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 057 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 638 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 498 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 51 456 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთი უკრაინას „ისკანდერითა“ და ასზე მეტი დრონით დაესხა თავს, შეტევის სამიზნე იყო ოდესაც

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რუსეთი უკრაინას „ისკანდერითა“ და ასზე მეტი დრონით დაესხა თავს, შეტევის სამიზნე იყო ოდესაც

10 იანვრის ღამეს, რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ“-ითა და 121 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის სისტემებმა 94 დრონის ჩამოგდება და გაუვნებელყოფა შეძლეს.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ბოლო მონაცემებით, შეტევა დილითაც გრძელდებოდა.

10 იანვრის დილას აფეთქებების ხმა გაისმა ოდესაშიც. ინფორმაციას ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია და უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ.

„ქალაქში ხმაურია! დარჩით უსაფრთხო ადგილებზე“, — მიმართა მოსახლეობას საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა.

რუსულმა მხარემ იერიში ოდესის რაიონის სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე მიიტანა. უკრაინული მხარის განმარტებით, თავდასხმის შედეგად საპორტო საწარმოს ტერიტორიაზე დაზიანდა ცარიელი რეზერვუარი და ცეცხლი გაუჩნდა საიზოლაციო მასალას. წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, მათმა ავიაციამ უკრაინის 153 რაიონში სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და საწვავის საცავებზე მიიტანა იერიში. რუსული მხარე ასევე ამტკიცებს, რომ დაარტყეს უკრაინული შენაერთებისა და „უცხოელი დაქირავებული მებრძოლების“ დროებითი დისლოკაციის პუნქტებს.

____________

ფოტოზე: 9 იანვარი, კიევი, რუსული დრონის თავდასხმის შედეგად უკრაინის დედაქალაქში კორპუსი დაზიანდა. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/YULIIA OVSIANNIKOVA

ავტოავარიის შედეგად ბათუმში ორი პირი დაშავდა

დღეს, 10 იანვარს, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი პირი კლინიკაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავარიის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გარკვეული დროით შეფერხებული იყო.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 10 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 217 810 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +880. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 530 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 23 882 ერთეული [+0]
  • საარტილერიო სისტემა – 35 908 ერთეული [+16]
  • MLRS – 1 597 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 269 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 103 414 ერთეული [+653]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 155 ერთეული [+18]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 73 510 ერთეული [+84]
  • სპეცტექნიკა – 4 039 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 10 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 108 276 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 645 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 042 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 637 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 484 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 51 345 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მიტროპოლიტი დიმიტრი უკრაინელ ხალხს მიმართავს: „თქვენი სიმამაცე განსაცვიფრებელია“

კიევში ოთხი დაიღუპა და 24 დაშავდა 9 იანვარს რუსეთის თავდასხმის შედეგად

საჭიროა მსოფლიოს მკაფიო რეაქცია – ზელენსკი რუსეთის კიევზე შეტევის შემდეგ აშშ-ს მიმართავს

კლიჩკო ხალხს კიევის დატოვებას ურჩევს – რუსული დაბომბვის გამო დედაქალაქი გათბობის გარეშეა

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მიტროპოლიტი დიმიტრი უკრაინელ ხალხს მიმართავს: „თქვენი სიმამაცე განსაცვიფრებელია“

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი უკრაინელ ხალხს მიმართავს და გამძლეობას უსურვებს. მიმართვის ტექსტი რუსულ ენაზე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გამოაქვეყნა.

„ამ სტრიქონებს გწერთ გულისტკივილითა და დიდი თანაგრძნობით.

ჩვენ ვხედავთ, როგორ ინგრევა თქვენს თვალწინ ქალაქები, როგორ იტანჯებიან ბავშვები, დედები, მოხუცები — ადამიანები, რომლებიც არასოდეს უნდა გამხდარიყვნენ ომის მსხვერპლნი.

თქვენი სიმამაცე განსაცვიფრებელია.

თქვენი სიმტკიცე — ეს არის ხმა მთელი კაცობრიობისა, რომელმაც იცის: თქვენ მარტო არ ხართ.

თუნდაც დღეს თქვენს ირგვლივ აფეთქებების ხმა, შიში და გაურკვევლობა იყოს, იცოდეთ — მილიონობით ადამიანი სხვადასხვა ქვეყანაში ფიქრობს თქვენზე, ლოცულობს თქვენთვის და გისურვებთ მშვიდობას.

არცერთი ცრემლი, არცერთი დანაკარგი არ არის დავიწყებული.

ჩვენ გვჯერა, რომ დადგება დღე, როდესაც თქვენი ქალაქები კვლავ აივსება სიცილით, როდესაც ბავშვები ითამაშებენ მშვიდობიანი ცის ქვეშ, როდესაც სირენების ნაცვლად სიცოცხლის მუსიკა აჟღერდება.

უფალმა დაგიფაროთ, მოგცეთ ძალა ამ საშინელი დროის გადასატანად, დაე, ნუ გაქვავდება თქვენი გული და ნუ ჩაქრება იმედი.

უღრმესი პატივისცემითა და მხარდაჭერით, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი“ – ვკითხულობთ მიმართვაში.

რას უპირებს ბათუმის მერია დაზიანებულ მოსაცდელებს

ბათუმში, მუნიციპალური ავტობუსების გაჩერებების ბევრ ადგილას არ არის მოსაცდელები; ზოგან ისინი საერთოდ აიღეს, ზოგან კი კონსტრუქციები დაზიანებულია და თვეების განმავლობაში არავინ აკეთებს.

ქალაქის მერიაში დღეს, 9 იანვარს, „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ „მუშავდება ახალი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ბალანსზე არსებული ყველა დაზიანებული მოსაცდელი ჩანაცვლდება“.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სუბსიდირებისთვის 2026 წლის ქალაქის ბიუჯეტში 24,3 მილიონი ლარია გამოყოფილი, კონკრეტულად მოსაცდელების შეძენა-მონტაჟისთვის თანხა გაწერილი არ არის.

დაზიანებული მოსაცდელები მუნიციპალური ავტობუსების გაჩერებებზე ბათუმში – მელიქიშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე

„აღნიშნული მოსაცდელების კონსტრუქციის ერთი მხარე, რომელიც შედგება ბილბორდის მინისგან, ხშირად ზიანდება, მცირე ქარის დროსაც. ამ დროისთვის დაზიანებული მინა ამოღებულია და ტერიტორია დასუფთავებულია მინის ნამსხვრევებისგან.

კონსტრუქციის ხშირი დაზიანების გამო ბილბორდის მინა მანამდეც არაერთხელ შეიცვალა. პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მუშაობს ალტერნატიული კონსტრუქციის მოწყობაზე.

უახლოეს პერიოდში შემუშავდება ახალი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ჩანაცვლდება „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ბალანსზე არსებული ყველა დაზიანებული მოსაცდელი,“ – მოგვწერეს დღეს, 9 იანვარს, „ბათუმელებს“ ქალაქის მერიიდან.

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

270 გაჩერება ბათუმში მოსაცდელის გარეშე

 

კლიჩკო ხალხს კიევის დატოვებას ურჩევს – რუსული დაბომბვის გამო დედაქალაქი გათბობის გარეშეა

უკრაინული მედიის თანახმად, კიევის საცხოვრებელი კორპუსების ნახევარი, თითქმის 6000 კორპუსი, ამჟამად გათბობის გარეშეა, რადგან დედაქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურა „მტრის მასშტაბური თავდასხმის შედეგად დაზიანდა“.

მედიასთან ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

ქალაქში ასევე შეფერხებით მიეწოდება წყალი.

„კომუნალური სამსახურების თანამშრომლები, სოციალურ დაწესებულებებს, კერძოდ, საავადმყოფოებსა და სამშობიარო სახლებს ელექტროენერგიით მობილური წყაროებიდან ამარაგებდნენ“, – განაცხადა კლიჩკომ.

მისი განცხადებით, 9 იანვრის ღამეს კიევზე განხორციელებული ერთობლივი თავდასხმა დედაქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის ყველაზე მტკივნეული იყო.

„ქალაქის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სამწუხაროდ, პროგნოზის თანახმად, უახლოეს დღეებში ამინდის პირობები რთული იქნება.

მივმართავ დედაქალაქის მცხოვრებთ, ვისაც აქვს შესაძლებლობა, დროებით დატოვონ ქალაქი. წავიდნენ იქ, სადაც არის ელექტროენერგიისა და გათბობის ალტერნატიული წყაროები“, – დაასკვნა კლიჩკომ.

8 იანვრის საღამოს კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა. უკრაინის დედაქალაქს რუსეთის ფედერაციამ დრონებით შეუტია. დესნიანსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი საცხოვრებელი შენობის სახურავს შეეჯახა.

კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

კიევის რეგიონში დაზიანებისა და ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ცალკეული სამგზავრო მატარებლების მოძრაობაში შეფერხებულია.

9 იანვრის დილის მონაცემებით, რუსული დაბომბვის შემდეგ კიევსა და კიევის რეგიონში 500 000-ზე მეტი მომხმარებელი ელექტოენერგიის გარეშე დარჩა.

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი

ახალი წელი სწორედ ის დროა, როდესაც ახლებურად იწყებ მოვლენების გადააზრებას, ახალი იდეების, საკუთარი და სხვისი შესაძლებლობების დაჯერებას, გეგმების დალაგებას, შენი თავისთვის და სხვებისთვის ახალი პირობების მიცემას. მაგრამ, წლის დასასრულს თუ დაჰკვირვებიხარ რამდენად შეასრულეთ 365 დღის წინ მიცემული პირობა, თუ ჩაფიქრებული გეგმა?

სწორედ საახალწლოდ ჩაფიქრებული მიზნების ძალას ეძღვნება თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube ვიდეოების ერთობლივი სერიის „არის ერთი ნიუანსის“ მე-5 ეპიზოდი: შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას?

აქვს თუ არა აზრი საახალწლოდ დადებულ პირობებს და დასახულ მიზნებს? რას ამბობს მეცნიერება? საახალწლო რეზოლუციების რამდენი პროცენტი სრულდება? –  ეს არის ამ ეპიზოდის მთავარი კითხვები, რომლებსაც ვიდეო-სერიების ავტორი, ნიკო ნერგაძე, მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით შეეცდება გასცეს პასუხები.

ვიდეო სერიების მიზანი ისეთ თემებზე საუბარია, რომლებიც ხშირად ზედმეტად მარტივდება საჯარო დისკუსიებში. რეალურად კი სიღრმისეულ ანალიზს, კონტექსტს და ნიუანსურ მიდგომას მოითხოვს. ჭეშმარიტება იშვიათადაა შავ-თეთრი; ყოველთვის არის ნიუანსი, ყოველთვის არის კონტექსტი, სწორედ ეს ხდის საკითხს საინტერესოს.  ვიდეო ეპიზოდებში ნიკო ნერგაძე ეცდება აქტუალურ საკითხებს მეცნიერული კვლევებით გამყარებულ პასუხებს გასცემს.

„არის ერთი ნიუანსის“ ეპიზოდებში, ორ კვირაში ერთხელ, ნიკო ნერგაძე სხვადასხვა სამეცნიერო და სოციალური თემის სიღრმისეულ განხილვას სთავაზობს აუდიტორიას. გაეცანი წინა ეპიზოდებს:

თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო პლატფორმების მხარდაჭერა, რომლებიც საზოგადოების ინტერესს, კრიტიკულ აზროვნებასა და კვლევით კულტურას აძლიერებს. მთავარია გჯეროდეს, რომ ცოდნის ძიება არასდროს მთავრდება, გჯეროდეს, რომ კითხვების დასმა და ნიუანსებზე დაკვირვება უკეთეს პასუხებამდე მიგიყვანს.

ვის შეუჩერებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში რეგისტრაციას – ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

ჯანდაცვის სამინისტრო განმარტებას ავრცელებს „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ბრძანებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, 2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან 6 თვით ან და მეტი ვადით, უწყვეტად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, როგორც მოსარგებლეს[ბენეფიციარს] რეგისტრაცია შეუჩერდებათ. ამ მოქალაქეებმა ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ პროგრამით რომ ისარგებლონ, ხელახლა მოუწევთ ამბულატორიებში დარეგისტრირება.

შესაბამის ბრძანებას ხელი „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, 31 დეკემბერს მოაწერა და უკვე ძალაშია.

ბრძანებაში ვკითხულობთ:

„2026 წლის 1 ივნისიდან ყოველთვიურად, განმახორციელებლის მიერ განხორციელდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ბენეფიციართა რეგისტრაციის მოდულიდან იმ ბენეფიციართა რეგისტრაციის შეჩერება, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ 6 თვე და მეტი ვადით უწყვეტად“.

ახალი ბრძანების მიღებამდე კი, 2026 წლის იანვრიდან 2026 წლის ივნისის ჩათვლით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებული იყო მოეხდინა მოსარგებლეთა ხელახალი რეგისტრაცია გეოგრაფიული პრინციპის დაცვით, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის გათვალისწინებით.

ახალ ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოსარგებლის ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

ამ პუნქტის მიხედვით, პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის (დადგენილი წესით) საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში – მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეურვე ან მზრუნველი და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა კანონიერი წარმომადგენელი) ხელმოწერით.

ამასთან, ბენეფიციართა რეგისტრაციის სტატუსის გადამოწმების დამატებითი კრიტერიუმები მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტით 2026 წლის 1-ელ ივნისამდე უნდა დამტკიცდეს.

ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ, დღეს, 9 იანვარს, სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, აღნიშნული ცვლილება შეეხება ამბულატორიული დაწესებულებების დაფინანსებას.

„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ: საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, იღებდა სამედიცინო მომსახურებას, ყოველგვარი ცვლილების გარეშე, გააგრძელებს პროგრამით სარგებლობას. სამედიცინო მომსახურება არ ეზღუდება, არც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს.

ცვლილება მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულების დაფინანსებას ეხება. სახელმწიფო, ფიქსირებულ ანაზღაურებას უხდიდა კლინიკას, იმ შემთხვევაშიც, როცა საქართველოს მოქალაქე არ იმყოფებოდა ქვეყანაში და შესაბამისად, არ იღებდა სამედიცინო მომსახურებას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის 2025 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, ცვლილება ეხება მხოლოდ ამბულატორიული მომსახურების ნაწილში სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების ე.წ. კაპიტაციის მექანიზმს და არ ვრცელდება საყოველთაო ჯანდაცვის სხვა რომელიმე კომპონენტებზე, მათ შორის – გადაუდებელ ამბულატორიასა და სტაციონარულ სერვისებზე.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე, მოქალაქეს შეუძლია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, დარეგისტრირდეს ამბულატორიულ დაწესებულებაში და სრულად მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო დაცვის პროგრამის გაძლიერებას, არამიზნობრივი ხარჯების თავიდან არიდებასა და ბენეფიციარების ინტერესების დაცვას“ – წერს სამინისტრო.

გუდაური-კობის გზაზე შეზღუდულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გუდაური-კობის გზაზე შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“ – წერს დეპარტამენტი.

ასევე, ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო, დღეს, 9 იანვარს, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე დროებით იყო შეზღუდული მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დეპარტამენტის ცნობით, ამჟამად ამ გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

______________

ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი/facebook

რუსეთი ადასტურებს, რომ ლვოვის რეგიონში „ორეშნიკით“ განახორციელა დარტყმა

დღეს, 9 იანვარს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმა სარაკეტო სისტემა „ორეშნიკიდან“ მოხდა.

8 იანვარს, ღამით, ლვოვში საჰაერო თავდასხმის განგაშის გამოცხადების შემდეგ აფეთქებების ხმა გაისმა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეგიონში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი დაბომბეს.

„რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში კრიტიკული სამიზნეების წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმა განახორციელეს ხმელეთზე და ზღვაზე განლაგებული, შორ მანძილზე მოქმედი, სახმელეთო და საზღვაო ზუსტი იარაღის გამოყენებით, მათ შორის „ორეშნიკის“ საშუალო მანძილზე მოქმედი სახმელეთო სარაკეტო სისტემის, ასევე სადესანტო დრონების გამოყენებით“, – ციტირებს რუსული ახალი ამბების სააგენტო „ტასი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პასუხს.

რუსეთი აცხადებს, რომ ეს დარტყმა ნოვგოროდში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის პასუხი იყო. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 29 დეკემბერს პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ განაცხადა. უკრაინა ამ ბრალდებებს უარყოფს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა X-ზე წერს, რომ რუსეთის მიერ ლვოვის რეგიონში, ევროკავშირისა და ნატოს საზღვრებთან ახლოს, „ორეშნიკის“ ტიპის სარაკეტო დარტყმა ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

„ევროკავშირისა და ნატოს საზღვართან ასეთი დარტყმა ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და ტრანსატლანტიკური საზოგადოების გამოცდას წარმოადგენს. ჩვენ რუსეთის დაუფიქრებელ ქმედებებზე რეაგირებას მოვითხოვთ“, – წერს სიბიგა და დასძენს, რომ უკრაინა აშშ-სა და მის ევროპელ პარტნიორებს თავდასხმის დეტალების შესახებ აცნობებს.

სიბიგა გაეროს უშიშროების საბჭოსა და უკრაინა-ნატოს საბჭოს სასწრაფო სხდომის ინიციატივით გამოდის.

საგარეო საქმეთა მინისტრმა „აბსურდული“ უწოდა რუსეთის მტკიცებას, რომ უკრაინის მასიური დაბომბვა პუტინის რეზიდენციაზე უკრაინის დრონებით სავარაუდო თავდასხმის საპასუხო ქმედებაა.

„აბსურდულია, რომ რუსეთი ცდილობს ამ დარტყმის გამართლებას პუტინის რეზიდენციაზე ყალბი „თავდასხმით“, რაც არასდროს მომხდარა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოსკოვს არ სჭირდება რეალური მიზეზები ტერორისა და ომისთვის.

…პუტინი საკუთარი ჰალუცინაციების საპასუხოდ რაკეტებს ევროკავშირისა და ნატოს საზღვართან იყენებს – ეს ნამდვილად გლობალური საფრთხეა. და ის გლობალურ რეაგირებას მოითხოვს“ – წერს ის.

„ორეშნიკი“ რუსეთის ახალი ბალისტიკური რაკეტაა. რუსეთმა ის უკრაინის წინააღმდეგ პირველად 2024 წლის 21 ნოემბერს გამოიყენა ქალაქ დნეპრში.

___________________

ფოტო: „ტასი“

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 იანვრის 21 საათიდან 10 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ღამით – ყველგან, დღისით კი ზოგან წვიმა.

მაღალმთიან აჭარაში მოსალოდნელია თოვა, ელჭექი; ღამით ზოგან ძლიერი ქარბუქი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან გაძლიერდება 17-22 მეტრამდე წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი ყინვა
    ღამით: 8 – 13 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 3-4 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +11 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 11 იანვარს გამოიდარებს.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

შსს: სტუმრებმა მასპინძელი გაძარცვეს, დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი – წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული ა.მ. და 2000 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ  ქარელის მუნიციპალიტეტის  სოფელ დვანში მდებარე გ.მ-ს საცხოვრებელ სახლში სტუმრად იმყოფებოდა მისი მეგობარი ქალი ა.მ. და გ.ქ. რა დროსაც ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მასპინძლის კუთვნილ თანხას.

„აღნიშნული ფაქტი სახლის მეპატრონემ მაშინვე შენიშნა და თანხის უკან დაბრუნებას შეეცადა, რამაც ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია.  გ.მ-მ საზოგადოებრივ უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ზარის განხორციელება სცადა, თუმცა მას ბრალდებულებმა მობილური ტელეფონი გასტაცეს და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებულ თანხასთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“ – წერს შსს.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.მ. და გ.ქ. ბრალდებულების სახით დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

_____________

ფოტოზე: ერთ-ერთი ბრალდებული [შუაში] შსს-ს თანამშრომლებთან ერთად.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 9 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 216 930 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 030. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 526 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 23 882 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 35 892 ერთეული [+18]
  • MLRS – 1 596 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 269 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 102 761 ერთეული [+687]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 137 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 73 426 ერთეული [+90]
  • სპეცტექნიკა – 4 037 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 9 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 108 206 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 645 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 020 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 637 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 463 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 51 287 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

კიევში ოთხი დაიღუპა და 24 დაშავდა 9 იანვარს რუსეთის თავდასხმის შედეგად

საჭიროა მსოფლიოს მკაფიო რეაქცია – ზელენსკი რუსეთის კიევზე შეტევის შემდეგ აშშ-ს მიმართავს

კლიჩკო ხალხს კიევის დატოვებას ურჩევს – რუსული დაბომბვის გამო დედაქალაქი გათბობის გარეშეა

 

რუსეთი ადასტურებს, რომ ლვოვის რეგიონში „ორეშნიკით“ განახორციელა დარტყმა

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბაზრიდან იღებენ „ნესტლეს“ ბავშვთა საკვების პარტიებს – სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს წერს, რომ მიმდინარეობს „ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების პროცესი.

„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა კვების გარკვეული პროდუქციის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილება გარე მომწოდებლისგან მიღებულ ნედლეულში (მცენარეული ზეთი – ომეგა-6 არაქიდონმჟავების წყარო) ტოქსინ Cereulid-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო მიიღო, იმის მიუხედავად რომ ამ ინგრედიენტის შემცველობა მინიმალურია და ტოქსინ Cereulid-ის შემცველობა საქართველოს და სხვა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც არ ნორმირდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობას ახორციელებს „ნესტლე საქართველოს“ მიერ კომპანიის მიერ წარმოებული ბავშვთა კვების პროდუქციის – მშრალი სწრაფად ხსნადი რძის ნარევების ბაზრიდან კონკრეტული პარტიების ამოღება/გამოთხოვის პროცესზე, კერძოდ:

NAN 1 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 800 გ – 51490346AA, 51750346AB, 51810346AA;
NAN 2 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 800 გ – 51240017C1, 51240017C2, 51420017C6, 51430017C2, 51570017C1, 51660017C5, 51670017C1, 52940017C3, 52950017C1;
NAN 2 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 400 გ – 51550017A1, 52920017A;
NAN 2 OPTIPRO – მუყაოს ყუთი,1050 გ – 5218167821, 5256167811

სურსათის ეროვნული სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მომხმარებელს, იმ შემთხვევაში თუ შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოს ის“  – იუწყება სააგენტო.

უწყების ცნობით, აღნიშნულ პროცესებში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, რომლებსაც დარგის სპეციალისტებთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს ნივთიერება არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ზიანს, ხოლო განხორციელებული ღონისძიებები ატარებს პრევენციულ ხასიათს.

„Cereulide/ცერეულიდი არის ღებინების გამომწვევი ტოქსინი, რომელიც წარმოიქმნება Bacillus cereus-ის ზოგიერთი შტამის მიერ. თუ ბავშვმა მიიღო ამ ტოქსინით დაბინძურებული საკვები, სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს ღებინებას, დიარეას და სისუსტეს. სიმპტომები, როგორც წესი, ვლინდება კონტაქტიდან 30 წუთიდან 6 საათამდე პერიოდში, ქრება 24 საათის განმავლობაში.

ამ ეტაპზე ევროპის ქვეყნებში ამ პროდუქტის მიღების შემდეგ ბავშვების სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ინფორმაციისთვის, ზემოთ აღნიშნული საკვების მიღებისას, ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, სასურველია დაუკავშირდეთ პედიატრს, რომელიც საჭიროებისამებრ განსაზღვრავს მკურნალობას ან მეთვალყურეობას.

აღსანიშნავია, რომ ბაზრიდან გამოთხოვა ხდება მხოლოდ მოცემული პარტიების, რომლებიც კომპანიის შეფასებით, შესაძლოა პოტენციურ რისკებს შეიცავდეს. ბაზრიდან გამოთხოვის მოთხოვნა არ ვრცელდება პროდუქციის სხვა პარტიებსა და ბავშვთა კვების სხვა პროდუქტებზე, რომლებითაც კომპანია Nestlé წარმოდგენილია საქართველოში“ – წერს სურსათის სააგენტო.

უწყება აღნიშნავს, რომ „ნესტლე საქართველომ“ დაუყოვნებლივ აცნობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. პარტიების იდენტიფიცირების და ამოღების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ვინ გააკონტროლებს შენობების სიმაღლეს აეროპორტის დაცვის არეში – ახალი წესი

საქართველოში სამოქალაქო აეროდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში დაბრკოლებების კონტროლის ახალი წესი ამოქმედდა. წესი, რომელიც სერტიფიცირებული აეროდრომის ექსპლუატანტზე და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოზე [საქაერონავიგაცია] ვრცელდება, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა 2025 წლის 29 დეკემბრის ბრძანებით დაამტკიცა.

ამ „წესის მიზანია აეროდრომის დაცვის არის დადგენა და აეროდრომის დაცვის არეში შენობა-ნაგებობის დასაშვები სიმაღლის კონტროლის მოთხოვნების განსაზღვრა.“

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ აეროდრომის ექსპლუატანტ(ებ)მა, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსთან ერთად, 2026 წლის 31 აგვისტომდე უზრუნველყონ „აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესით“ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება, განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრა, შესაბამისი ანგარიშის და აეროდრომის დაცვის არის ნახაზების წარდგენა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში დასამტკიცებლად“.

სააგენტო, აეროდრომის დაცვის არეში შენობა-ნაგებობ(ებ)ის შეთანხმებული დასაშვები სიმაღლის შესახებ ინფორმაციას აწვდის აეროდრომის ექსპლუატანტს. აეროდრომის ექსპლუატანტი კი, დაბრკოლებების მართვის მიზნით, ნიშნავს შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მქონე პასუხისმგებელ პირ(ებ)ს.

„აეროდრომის ექსპლუატანტი, დაბრკოლებების კონტროლის, ასევე აეროდრომის ტერიტორიაზე და აეროდრომის დაცვის არეში, ისეთი საქმიანობის/ობიექტის ან/და უნებართვო მშენებლობის იდენტიფიცირების მიზნით, რომლებმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოებას ან/და რეგულარულობას, ახორციელებს:

ყოველდღიურად – გარდამავალი ზედაპირის და მისი ფარგლებით შემოსაზღვრულ სიმაღლის აღების და დასაფრენად შესვლის ზედაპირების ვიზუალურ შემოწმებას;

სულ მცირე, კვარტალში ერთხელ – სააგენტოს მიერ შეთანხმებული მშენებლობების და/ან უნებართვო მშენებლობების კონტროლს.

მოქმედი წესის მიხედვით, „ისეთი საქმიანობის/ობიექტის ან/და უნებართვო მშენებლობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოებას ან/და რეგულარულობას, [ასევე არსებულ დაბრკოლებებზე, მწყობრიდან გამოსული შუქშემოღობვების აღმოჩენის შემთხვევაში] აეროდრომის ექსპლუატანტი ატყობინებს მშენებლობის ნებართვის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს, მფლობელს და სააგენტოს. ასევე, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებას.“

ამავე წესის მიხედვით:

  • „აეროდრომის დაცვის არე, ეს არის – აეროდრომის და მისი მიმდებარე ტერიტორიის თავზე არსებული, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დადგენილი საჰაერო სივრცის ნაწილი, სადაც მოქმედებს სიმაღლის შეზღუდვის რეჟიმი;
  • დაბრკოლება – ყველა უძრავი ან/და მოძრავი ობიექტი ან მათი ნაწილები, რომელიც  განლაგებულია აეროდრომის სამიმოსვლო არეში [სამუშაო მოედანზე], კვეთს აეროდრომის დაცვის არის [აეროდრომის რაიონის] ზედაპირს ან მდებარეობს ამ ზედაპირის მიღმა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს საფრთხეს ჰაერნაოსნობისათვის;
  • ნიშანდება – საავიაციო დაბრკოლებად იდენტიფიცირებული ობიექტის შემჩნევადობის ასამაღლებლად გამოყენებული საშუალება, რომელიც მოიცავს ობიექტის შეღებვას, მომნიშვნელს, ალმებით მონიშვნას, შუქ გადაღობვას ან მათ კომბინაციას.“

ახალი ბრძანებით გაუქმდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 18 მაისის ბრძანება, რომლითაც ანალოგიური წესი იყო დამტკიცებული.

ახალ წესში აღნიშნულია, რომ „იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება აეროდრომის დაცვის არის შიდა ჰორიზონტალური და კონუსური ზედაპირების პარამეტრების მოდიფიცირება, სააერნაოსნო კვლევის პროცესში, კომპეტენციის ფარგლებში ერთვებიან „სააერნაოსნო კვლევის ჩატარების წესით“ გათვალისწინებული მხარეები.“

აღსანიშნავია, რომ სააერნაოსნო კვლევის ჩატარება დაგეგმილია მაგალითად, ბათუმის აეროპორტში.

„ბათუმის აეროდრომის დაცვის არეში მაქსიმალური დასაშვები დაბრკოლებების სიმაღლეების განსაზღვრისათვის სააერნაოსნო კვლევისა და სხვა მომსახურების შესყიდვაზე“ სახელმწიფო შპს „საქაერონავიგაციას“ ტენდერი აქვს გამოცხადებული.

„არსებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირი მნიშვნელოვნად ზღუდავს [ბათუმის] ურბანულ განვითარებას… საჭიროა ამ ზედაპირების ხელახალი შეფასება…“ – აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.

ამ თემაზე ვრცლად:

უსაფრთხოა თუ არა ფრენებისთვის ბათუმის აეროპორტი ახალი მაღლივი მშენებლობების პირობებში

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

 

 

 

 

 

სააგენტო აზუსტებს, საქართველოს მოქალაქეა თუ არა რუსული ტანკერის კაპიტანი, რომელიც აშშ-მ დააკავა

აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს 6 მოქალაქის ყოფნის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამოწმებს. სააგენტომ ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა. დადასტურებული ფაქტიუა, რომ ტანკერი რუსული დროშის ქვეშ დაცურავს და ვენესუელიდან ნავთობს ეზიდებოდა.

„ღია წყაროების მიხედვით, 2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის „Marinera“ ეკიპაჟის შემადგენლობაში იმყოფება 28 მეზღვაური, მათ შორის 6 – საქართველოს მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი, გავრცელებული ინფორმაციით, გემის კაპიტანია. ასევე, ეკიპაჟში არიან უკრაინის 20 და  რუსეთის ფედერაციის 2 მოქალაქე.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტანკერი დაკავებული იქნა აშშ-ის მიერ ვენესუელაზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაძლო დარღვევის ბრალდებით.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამჟამად ახორციელებს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას“, – წერია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.

გემზე ქართველი კაპიტნისა და მეზღვაურების ყოფნის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსულმა მედიამ გაავრცელა. სწორედ ამის შემდეგ გაავრცელა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განცხადება „ინფორმაციის დაზუსტების“ შესახებ.

ამ თემაზე:

აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული რუსული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი დააკავა

 

„სცემეს და შემდეგ განზრახ დააჯახეს ავტომობილი“ – პროკურატურამ 2 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურის ცნობით, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცემის და ძალადობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს.

საუბარია 2026 წლის 6 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მომხდარ შემთხვევაზე.

შსს-ს გამოძიების თანახმად:

„სოფელ ყალაჯალაში, მამის ცემის გამო გაბრაზებული ბრალდებულები, დაზარალებულების საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და მამა-შვილს სცემეს. შემდეგ კი ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაზარალებულებს რამდენჯერმე განზრახ დააჯახა ავტომობილი.

მიღებული დაზიანებებით ერთი დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორეს გადარჩენა მოხერხდა“.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია ჩადენილი ჯგუფურად ონი ან მეტი პირის მიმართ), 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ძალადობით და ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ერთ-ერთ ბრალდებულს ასევე ბრალდება 19,109-ე მუხლის „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება – სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ.

სააგენტოს ცნობით, 9 იანვრიდან 10 იანვრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

„ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალოა“ – იუწყება სააგენტო.

დააკავეს 25 წლის კაცი, რომელმაც ორსულ ცოლს სცემა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის ძებნილი – 2001 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, რ.მ. მარნეულში დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდებული 2025 წლის 6 დეკემბერს, ორსულ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე მარნეულში დააკავეს.

ბრალდებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

ბათუმში 2 ათასამდე აბონენტს გაზი არ მიეწოდება

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის არეალში ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 2 ათასამდე აბონენტს. გაზის მიწოდება გუშინ, 7 იანვარს, ღამით შეწყდა.

კომპანია „სოკარის“ განმარტებით, გაზის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.

„ვმუშაობთ, დღის ოთხი საათიდან გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება“ – უთხრეს „ბათუმელებს“ კომპანიაში.

„სოკარი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დააკავეს ორი პირი, რომელთაც მოქალაქეს 6 000 ლარი გამოსძალეს ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზეზით – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი – წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი, 1987 წელს დაბადებული, გ.ბ. და 1977 წელს დაბადებული მ.შ.  დააკავეს.

შსს იუწყება, რომ გამოძიების თანახმად, რომ ბრალდებულებმა, წარსულში არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზეზით, 1979 წელს დაბადებული მ.წ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოტყუებით აიყვანეს, სადაც  სიცოცხლის მოსპობისა და ძალადობის მუქარით 6 000 ლარი გამოსძალეს.

მ.წ-ს ბრალდებულებმა ასევე მოსთხოვეს მათ სახელზე არსებული ფინანსური დავალიანების დაფარვა, რაც 32 000 ლარს შეადგენდა.

სამართალდამცველებმა გ.ბ. და მ.შ. ბრალდებულების სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში გაავდრდება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 იანვრის 21 საათიდან 9 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ღამით – ზოგან, დღისით კი ყველგან წვიმა.

მაღალმთიან აჭარაში მოსალოდნელია თოვა, დღისით – ზოგან ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან გაძლიერდება 17-22 მეტრამდე წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი ყინვა
    ღამით: 8 – 13 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 3-4 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +11 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში 10 იანვარს ღამით და დილით შენარჩუნებული იქნება წვიმა, მთაში – თოვა.

ბათუმში გამოიდარებს 10 იანვარს, დღის მეორე ნახევარში და მომდევნო 2 დღეს, 11-12 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 8 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 215 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 400. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 521 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 23 874 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 35 874 ერთეული [+17]
  • MLRS – 1 596 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 269 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 102 074 ერთეული [+225]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 137 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 73 336 ერთეული [+112]
  • სპეცტექნიკა – 4 037 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 8 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 108 177 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 644 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 992 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 637 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 445 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 51 197 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მედვედევის პასუხი აშშ-ის: არ ეთამაშოთ რუსეთს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი X-ზე აქვეყნებს საშობაო მილოცვას და ქარდს წარწერით – „არ ეთამაშოთ რუსეთს“.

როგორც ჩანს, მედვედევი პასუხობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 5 იანვარს X-ზე გაზიარებულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფოტოს, რომელზეც ეწერა: „არ ითამაშოთ პრეზიდენტ ტრამპთან“.

ფოტო მედვედევის X-ის გვერდიდან.

მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ეს მედვედევის პასუხია უშუალოდ აშშ-ის ადმინისტრაციისადმი, შინაარსის გარდა, ადასტურებს ვიზუალური მსგავსებაც. ორივე ფოტო, მედვედევის და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული, შავ-თეთრია, წითელი წარწერით.

ფოტო: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი X-ზე

ამავე თემაზე: 

რუსეთი სამხედრო ხომალდებს გზავნის ნავთობის ტანკერის დასაცავად, რომელსაც აშშ-ის ძალები მისდევენ

„თუ ადამიანთა ჩაგვრაზე თვალს ხუჭავ, რა ფასი აქვს შენ სიტყვას“ – მთავარეპისკოპოსი ზენონი

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული დღეს, 7 იანვარს, შობის დღესასწაულს, ფეისბუქზე წერს, რომ ფასი არ აქვს სიტყვას, თუ ადამიანის ჩაგვრაზე თვალს ხუჭავ.

„ცივგულა წერილების წერის ნაცვლად, უმჯობესია შობის ღამეს მაინც იმ ადამიანების გულში ჩაიხედოთ ვისაც სიცოცხლე და ცხოვრება გაუმწარეს მხოლოდ იმიტომ, რომ კონსტიტუციურ წესრიგში ქვეყნის დარჩენას მოითხოვენ.

დღეს ქრისტეს შობაა და არა რაიმე სახის ხელისუფლების, მოკვდავის კულტის ან მორალისტობის დღესასწაული.

ღმერთი განხორციელდა თავისი ჯვარცმისა და მასთან ერთად შენი აღდგომისთვის. ის ყველას გულის კართან აკაკუნებს და არავის უმტვრევს გულის ან სახლის კარებს. ის შენი სულის საცხოვრისში შემოშვების ნებართვას გთხოვს. ის მასთან სერობისათვის შენს ნებართვას, შენი ნების მონაწილეობას მოითხოვს.

ქრისტეს შობა ნამდვილი თავმდაბლობისა და სრულყოფილი ადამიანობის დღესასწაულია. თუ ადამიანთა ჩაგვრაზე თვალს ხუჭავ და მით უფრო უარესი, სადღაც გულის სიღრმეში ამბობ: იმსახურებენ… რა ფასი აქვს შენ სიტყვას, ადამიანის გულსა და გონებაში ის როგორ შეაღწევს?!

ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს ეს უსიცოცხლობის სიმბოლო – სიყალბე“ – წერს ზენონ იარაჯული.

ამავე თემაზე: 

„მაცხოვარს არ განუსაზღვრავს, მოყვასი კეთილი უნდა იყოს, თუ ბოროტი“ – ილია მეორეს საშობაო ეპისტოლე

„მაცხოვარს არ განუსაზღვრავს, მოყვასი კეთილი უნდა იყოს, თუ ბოროტი“ – ილია მეორეს საშობაო ეპისტოლე

6 იანვარს, შობის დღესასწაულის დადგომამდე სამებაში ილია მეორეს ეპისტოლე წაიკითხეს, რომელიც მოგვიანებით საპატრიარქომ ფეისბუქზეც გამოაქვეყნა.

ეპისტოლეს ტექსტში, ტრადიციულად, მორწმუნეები და არა მხოლოდ, ეძებენ მინიშნებებს, რაც ხშირად საპატრიარქოს პოზიციაზე მიუთითებს საზოგადოებისთვის ამა თუ იმ მწვავე, მოცემულ დროში მნიშვნელოვან თემაზე.

2026 წლის პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ერთი ნაწილი მოყვასის სიყვარულს ეხება, ილია მეორე ახსენებს სიტყვის თავისუფლებასაც და „მის ბოროტად გამოყენების“ საფრთხეს.

ეპისტოლეში ვკითხულობთ:

„მეტად მნიშვნელოვანია, რომ მაცხოვარს ჩვენთვის არ განუსაზღვრავს, მოყვასი კეთილი უნდა იყოს, თუ – ბოროტი, წარმატებული, თუ – წარუმატებელი, მდიდარი, თუ – ღარიბი, გონიერი, თუ – უგუნური…

ჩემს მსგავსად გიყვარდეთ ერთმანეთი! – ეს ერთადერთი, მაგრამ, სინამდვილეში, მრავლისმომცველი მოთხოვნა მოგვეცა შესასრულებლად!

უფალი თავის თავს უძღვნის ყველას და სიყვარულის სიდიადიდან გამომდინარე, ჩვენც მოგვიწოდებს, რათა მის მიერ მოცემული ადამიანობის მაგალითი ყველამ გავიზიაროთ და მისნი გავხდეთ.

ერთი შეხედვით, თითქოს იოლია ამ მცნებით ცხოვრება, მაგრამ ამ ქვეყნად ეშმაკისაგან ათასნაირი საცდური და მახეა დაგებული და ჩვენი გონება ხშირად ვერ აცნობიერებს, სინამდვილეში ვისი მსახურნი ვართ. ამიტომაც ვცდებით, საკუთარი თავი კი მართალი გვგონია.

მაგალითად, დღეს სიყვარულზეც და თავისუფლებაზეც ყველა ლაპარაკობს, მაგრამ გამოუსწორებელ შეცდომას უშვებენ ისინი, ვინც ცოდვის და ცოდვითი ცხოვრების სიყვარულს ჭეშმარიტ სიყვარულთან აიგივებს და ისინიც, ვინც ყველაფრის უფლებას თავისუფლებად მიიჩნევენ.

სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა, რომელსაც წარმატებით მხოლოდ ის დაძლევს, ვინც შეძლებს სიმართლის გზით უფლისკენ ღირსეულ სვლას, დათმენასა და პატიებას; ვინც ნებისმიერ ადამიანში, ცოდვათა სიმძიმის მიუხედავად, მაინც დაინახავს ხატებას ღვთისას და ბოროტებაზე ბოროტებით არ უპასუხებს“.

___________________

ფოტო: საქართველოს საპატრიარქო/facebook

ბათუმში 21 წლის ახალგაზრდა ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით ძებნილი, 2005 წელს დაბადებული შ.ა. დააკავეს.

„მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 1 დეკემბრიდან არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით იძებნებოდა.

დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული“ – იუწყება შსს.

___________

ფოტო არქივიდან

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 7 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 214 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 515 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 23 865 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 35 857 ერთეული [+26]
  • MLRS – 1 595 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 269 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 101 849 ერთეული [+406]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 137 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 73 224 ერთეული [+122]
  • სპეცტექნიკა – 4 037 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 7 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 108 035 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 644 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 976 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 637 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 435 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 51 068 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე ხანძარი გაჩნდა

6 ნოემბერს, შობის ღამეს, ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის კვეთაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა სახლის ბოლო სართულზე.

პირველადი ინფორმაციით, დაიწვა ერთი ბინა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ამ დრომდე [01:10] მობილიზებულია სახანძრო სამსახური და პოლიცია. შემთხვევის ადგილას იმყოფებიან ბათუმის მერიის წარმომადგენლებიც.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

__________

ფოტოზე: ხანძარი ბათუმში. ფოტო: კადრი ნონა დიასამიძის პირდაპირი ჩართვიდან/facebook

 

Exit mobile version