მთავარი,სიახლეები

„მაცხოვარს არ განუსაზღვრავს, მოყვასი კეთილი უნდა იყოს, თუ ბოროტი“ – ილია მეორეს საშობაო ეპისტოლე

07.01.2026
„მაცხოვარს არ განუსაზღვრავს, მოყვასი კეთილი უნდა იყოს, თუ  ბოროტი“ – ილია მეორეს საშობაო ეპისტოლე

6 იანვარს, შობის დღესასწაულის დადგომამდე სამებაში ილია მეორეს ეპისტოლე წაიკითხეს, რომელიც მოგვიანებით საპატრიარქომ ფეისბუქზეც გამოაქვეყნა.

ეპისტოლეს ტექსტში, ტრადიციულად, მორწმუნეები და არა მხოლოდ, ეძებენ მინიშნებებს, რაც ხშირად საპატრიარქოს პოზიციაზე მიუთითებს საზოგადოებისთვის ამა თუ იმ მწვავე, მოცემულ დროში მნიშვნელოვან თემაზე.

2026 წლის პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ერთი ნაწილი მოყვასის სიყვარულს ეხება, ილია მეორე ახსენებს სიტყვის თავისუფლებასაც და „მის ბოროტად გამოყენების“ საფრთხეს.

ეპისტოლეში ვკითხულობთ:

„მეტად მნიშვნელოვანია, რომ მაცხოვარს ჩვენთვის არ განუსაზღვრავს, მოყვასი კეთილი უნდა იყოს, თუ – ბოროტი, წარმატებული, თუ – წარუმატებელი, მდიდარი, თუ – ღარიბი, გონიერი, თუ – უგუნური…

ჩემს მსგავსად გიყვარდეთ ერთმანეთი! – ეს ერთადერთი, მაგრამ, სინამდვილეში, მრავლისმომცველი მოთხოვნა მოგვეცა შესასრულებლად!

უფალი თავის თავს უძღვნის ყველას და სიყვარულის სიდიადიდან გამომდინარე, ჩვენც მოგვიწოდებს, რათა მის მიერ მოცემული ადამიანობის მაგალითი ყველამ გავიზიაროთ და მისნი გავხდეთ.

ერთი შეხედვით, თითქოს იოლია ამ მცნებით ცხოვრება, მაგრამ ამ ქვეყნად ეშმაკისაგან ათასნაირი საცდური და მახეა დაგებული და ჩვენი გონება ხშირად ვერ აცნობიერებს, სინამდვილეში ვისი მსახურნი ვართ. ამიტომაც ვცდებით, საკუთარი თავი კი მართალი გვგონია.

მაგალითად, დღეს სიყვარულზეც და თავისუფლებაზეც ყველა ლაპარაკობს, მაგრამ გამოუსწორებელ შეცდომას უშვებენ ისინი, ვინც ცოდვის და ცოდვითი ცხოვრების სიყვარულს ჭეშმარიტ სიყვარულთან აიგივებს და ისინიც, ვინც ყველაფრის უფლებას თავისუფლებად მიიჩნევენ.

სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა, რომელსაც წარმატებით მხოლოდ ის დაძლევს, ვინც შეძლებს სიმართლის გზით უფლისკენ ღირსეულ სვლას, დათმენასა და პატიებას; ვინც ნებისმიერ ადამიანში, ცოდვათა სიმძიმის მიუხედავად, მაინც დაინახავს ხატებას ღვთისას და ბოროტებაზე ბოროტებით არ უპასუხებს“.

___________________

ფოტო: საქართველოს საპატრიარქო/facebook

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: