ჯანდაცვის სამინისტრო განმარტებას ავრცელებს „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ბრძანებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, 2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან 6 თვით ან და მეტი ვადით, უწყვეტად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, როგორც მოსარგებლეს[ბენეფიციარს] რეგისტრაცია შეუჩერდებათ. ამ მოქალაქეებმა ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ პროგრამით რომ ისარგებლონ, ხელახლა მოუწევთ ამბულატორიებში დარეგისტრირება.
შესაბამის ბრძანებას ხელი „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, 31 დეკემბერს მოაწერა და უკვე ძალაშია.
ბრძანებაში ვკითხულობთ:
„2026 წლის 1 ივნისიდან ყოველთვიურად, განმახორციელებლის მიერ განხორციელდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ბენეფიციართა რეგისტრაციის მოდულიდან იმ ბენეფიციართა რეგისტრაციის შეჩერება, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ 6 თვე და მეტი ვადით უწყვეტად“.
ახალი ბრძანების მიღებამდე კი, 2026 წლის იანვრიდან 2026 წლის ივნისის ჩათვლით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებული იყო მოეხდინა მოსარგებლეთა ხელახალი რეგისტრაცია გეოგრაფიული პრინციპის დაცვით, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის გათვალისწინებით.
ახალ ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოსარგებლის ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
ამ პუნქტის მიხედვით, პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის (დადგენილი წესით) საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში – მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეურვე ან მზრუნველი და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა კანონიერი წარმომადგენელი) ხელმოწერით.
ამასთან, ბენეფიციართა რეგისტრაციის სტატუსის გადამოწმების დამატებითი კრიტერიუმები მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტით 2026 წლის 1-ელ ივნისამდე უნდა დამტკიცდეს.
ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ, დღეს, 9 იანვარს, სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, აღნიშნული ცვლილება შეეხება ამბულატორიული დაწესებულებების დაფინანსებას.
„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ: საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, იღებდა სამედიცინო მომსახურებას, ყოველგვარი ცვლილების გარეშე, გააგრძელებს პროგრამით სარგებლობას. სამედიცინო მომსახურება არ ეზღუდება, არც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს.
ცვლილება მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულების დაფინანსებას ეხება. სახელმწიფო, ფიქსირებულ ანაზღაურებას უხდიდა კლინიკას, იმ შემთხვევაშიც, როცა საქართველოს მოქალაქე არ იმყოფებოდა ქვეყანაში და შესაბამისად, არ იღებდა სამედიცინო მომსახურებას.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის 2025 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, ცვლილება ეხება მხოლოდ ამბულატორიული მომსახურების ნაწილში სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების ე.წ. კაპიტაციის მექანიზმს და არ ვრცელდება საყოველთაო ჯანდაცვის სხვა რომელიმე კომპონენტებზე, მათ შორის – გადაუდებელ ამბულატორიასა და სტაციონარულ სერვისებზე.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე, მოქალაქეს შეუძლია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, დარეგისტრირდეს ამბულატორიულ დაწესებულებაში და სრულად მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო დაცვის პროგრამის გაძლიერებას, არამიზნობრივი ხარჯების თავიდან არიდებასა და ბენეფიციარების ინტერესების დაცვას“ – წერს სამინისტრო.






