აფხაზეთიდან შემოყვანილი 1 პირი კორონავირუსით გარდაიცვალა

საქართველოში COVID 19-ით მე-20 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია დაღუპულების შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ – Stopcov.ge-ზე განახლდა.

თბილისში ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი, 60 წლის ქალი აფხაზეთიდან იყო შემოყვანილი.

ოფიციალური მონაცემებით, დღეს, 21 სექტემბერს, ქვეყანაში ვირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 695 გახდა. Covid 19-ისგან კიდევ 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა არის 1534.

მთავრობის მიერ შექმნილი Stopcov.ge-ის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 4988 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836 პაციენტია. კორონავირუსით ქვეყანაში 20 ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსის ახალი 193 შემთხვევა დადასტურდა – 21 სექტემბრის მონაცემები

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 193 ადამიანს დაუდასტურდა, ამ დრომდე ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 3695 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 40 – ით გაზარდა და  1534 -ს მიაღწია.

21 სექტემბრის მონაცემებით საკარანტინო სივრცეში 4988  ადამიანია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დღემდე Covid-19-ით 20 პაციენტი გარდაიცვალა.

ორ დღეზე მეტია ტესტის პასუხს ველოდები – ინფიცირებული ფეხმძიმე პაციენტი ბათუმიდან

ბათუმის სამშობიარო სახლში მყოფი, კოვიდით ინფიცირებული პაციენტი აცხადებს, რომ ორ დღეზე, 48 საათზე მეტია კორონავირუსზე PCR ტესტირების პასუხს ელოდება და თვითიზოლაციაში გადასვლა სურს.

„12 დღის წინ დამიდგინდა კოვიდი, 8 დღე სახლში ვიყავი, თვითიზოლაციაში, 8 დღის შემდეგ, როცა უნდა ამეღო განმეორებით ტესტი, დავრეკე 112-ზე და ვიკითხე, მქონდა გასვლის უფლება, თუ ვინმე წამიყვანდა ტესტირებისთვის. მოვიდა სასწრაფო, ანალიზს აგიღებთ და უკან დაგაბრუნებთო, მაგრამ მომიყვანეს აქ [სამშობიარო სახლში] და დამტოვეს. უკვე 4 დღეა აქ ვარ. პარასკევს ამიღეს ტესტი, რომლის პასუხი არ არის, გუშინაც ამიღეს, კიდევ ერთხელ, რატომ – არ ვიცი, თუმცა პასუხი ისევ არ არის.

კორონავირუსის სიმპტომები არ მაქვს, ანალიზებიც კარგი მაქვს. მინდა გამაგებინონ პასუხი, მაქვს თუ არა ვირუსი და გავაგრძელებ იზოლაციას სახლში. ერთადერთი პრობლემა, რაც მაქვს აქ პირობებთან, სამი ვართ პალატაში და ერთი საპირფარეშოა, სხვა დანარჩენზე არ მაქვს პრეტენზია,“ – გვითხრა პაციენტმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები კლინიკაში ან კოვიდსასტუმროში გადაჰყავთ, როგორ აღმოჩნდა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი 8 დღე სახლში, თვითიზოლაციაში? მან გვითხრა, რომ მეოთხე დღეს თბილისში გადაყვანა შესთავაზეს, მაგრამ არ დათანხმდა:

„მედიცინის მუშაკი ვარ, თავს ვაკონტროლებდი და ვიყავი თვითიზოლაციაში“.

ამ შემთხვევასთან დაკავშირებით დღეს, 20 სექტემბერს, ბათუმში ბრიფინგი გამართა „გირჩმა“. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე “გირჩის” სიის პირველი ნომერი ლალი ანთიძე აცხადებს, რომ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ სახლში, იზოლირებულად მკურნალობის საშუალება, ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.

„კანონს ადამიანი წერს, ხომ შეიძლება რაციონალურობა მიაყოლო. თუ ადამიანი ამბობს, რომ შეუძლია იყოს სახლში იზოლირებული, რატომ არ უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა?! ორსულზე მეტად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელმწიფოს არ ადარდებს, ეს ხომ ფაქტია. საავადმყოფოები გადატვირთულია, მართლა რომ ვინმეს შველა დასჭირდეს, ვერ ვუშველით.

რატომ არ უნდა ვენდოთ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ შეძლებენ თვითიზოლაციას? რატომ გვაქვს ასეთი პოლიციური სახელმწიფო?! ეს კონკრეტული ადამიანის შემთხვევა არ არის მხოლოდ“, – ამბობს ლალი ანთიძე.

20 სექტემბრის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა არ იკლებს და რეგიონი ამ დროისთვის საქართველოს კოვიდრუკაზე ყველაზე ცხელი წერტილია. რეგიონში უკვე შვიდი კლინიკა იღებს კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, გარდა ამისა, უსიმპტომო პაციენტებისთვის არის ე.წ. კოვიდ სასტუმროები, თუმცა ბოლო დღეებში პაციენტები ჩივიან, რომ ადგილის უქონლობის გამო თუ სხვა მიზეზებით, დიდხანს უწევთ დაყოვნება უკვე, მაშინ, როცა კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზი აქვთ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აჭარაში მალე დაიწყება უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა ბინაზე, თვითიზოლაციაში, ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

ხელვაჩაურში უფასო სასადილოს თანამშრომელს კოვიდი დაუდასტურდა

აჭარაში, ხელვაჩურში, კორონავირუსი დაუდასტურდა უფასო სასადილოს ერთ თანამშრომელს.

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს დირექტორის, ასლან გელაძის თქმით, ტესტირება სასადილოს ყველა თანამშრომელმა გაიარა და მათგან ერთს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. იგი უარყოფს ინფორმაციას, რომ აღნიშნული თანამშრომელი ბოლო დროს სასადილოს ბენეფიციარებზე პურის გაცემას უზრუნველყოფდა.

„არ არიგებდა პურს კარგა ხანია… ასევე, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, შიგნით ვიცავდით დისტანციას, ორი და სამი კაცი შედიოდა, სპეციალური სითხე გვქონდა, თერმოსკრინინგი… ეს საკითხები იყო დაცული და ახლაც დაცულია“.

მისივე თქმით, ინფიცირებულ თანამშრომელს კორონავირუსის მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ ჰქონია.

უფასო სასადილოს მომსახურებით სოციალურად დაუცველი პირები სარგებლობენ.

დღეს, 20 სექტემბერს, ბათუმში კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

შემოდგომა შუამთის ტბებზე [ფოტო]

შუამთის ტბა. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
შუამთის ტბა. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
შუამთის ტბა. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

შსს-ს 11 თანამშრომელს კოვიდი დაუდგინდა, მათგან ათი აჭარიდანაა

შს სამინისტროს ცნობით, სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა.

შსს-ს ინფორმაციით, 6 შემთხვევა აჭარაში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დაფიქსირდა. 1  – შსს-ს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურულ ერთეულში, 1 – ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში.

კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელს აჭარაში.

კორონავირუსის 2 ფაქტი დადასტურდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც. აქედან 1 ბათუმში, მეორე კი – ქალაქ რუსთავში.

„შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობებს კი, სადაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ჩაუტარდა სრული დეზინფექცია. თერთმეტივე თანამშრომელი გადის შესაბამის მკურნალობას. მათი მდგომარეობა სტაბილურია“,  – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ამავე თემაზე: 

კორონავირუსის აფეთქების 20 დღე აჭარაში – როგორ იცვლება სტატისტიკა

არმაზ ახვლედიანი „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ბათუმში

„ევროპულმა საქართველომ“ ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი, არმაზ ახვლედიანი წარადგინა.

„ეს ადამიანი ბათუმში იბრძოლებს გარდამტეხი ცვლილებებისთვის, ჩვენ გვჯერა მისი“,  – განაცხადა წარდგენისას დავით ბაქრაძემ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

არმაზ ახვლედიანი პროფესიით პოლიტოლოგია, იყო საქართველოს პარლამენტის წევრი [საარჩევნო ბლოკი საქართველოს მოქალაქეთა კავშირი], არის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამაარსებელი და დირექტორი; 2013-2016 წლებში იყო პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს მდივანი.

2016 წლის არჩევნებზე არმაზ ახვლედიანი ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი იყო პარლამენტში.

ვინ არის 6 ყველაზე მდიდარი გერმანელი

ყველაზე მდიდარი გერმანელების რეიტინგი 20 სექტემბერს Welt am Sonntag-მა გამოაქვეყნა.

სიაში პირველ ადგილზეა 80 წლის დიტერ შვარცი, მაღაზიათა ქსელების – Lidl-ისა და Kaufland-ის დამფუძნებელი. მისი ქონება, Welt-ის სიის თანახმად, 41,8  მილიარდ ევროს შეადგენს.

ყველაზე მდიდარი გერმანელების სიაშია რაიმანების ოჯახიც, რომელთა ქონება 21,45 მილიარდი ევროა რეიტინგის თანახმად. ეს ოჯახური ბიზნესია, რომელსაც ჰოლდინგი JAB-ი მართავს.

მესამე ადგილზეა ვოლფგან პორშეს ოჯახი, მათ უკავშირდებათ Porsche AG-ის ბიზნესი და, ასევე Volkswagen AG-ისა და Audi-ის საავტომობილო ბიზნესები. პორშეს ოჯახის ქონება რეიტინგში 20 მილიარდ ევროდაა შეფასებული.

რეიტინგში მეოთხე ადგილზეა სუსან კლატენი,  BMW-ეს ოჯახური ბიზნესის მემკვიდრე. მისი ქონება, რეიტინგის მიხედვით, 15,10 მილიარდ ევროს შეადგენს.

რეიტინგის მეხუთე ადგილზეა დიტმარ ხოპი, კომპანია  SAP-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ეს კომპანია პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობს. ხოპის ქონება, რეიტინგის თანახმად, 14,50 მლრდ ევროა.

_______________

ფოტოზე: დიტერ შვარცი, ყველაზე მდიდარი ადამიანი გერმანიაში. ფოტო: european-leaders.com

 

ცნობილ ბათუმელ ექიმებზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ

ბათუმელ ექიმებზე დოკუმენტური ფილმის გადასაღებად აჭარის ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარია გამოყოფილი. აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კი ფილმის გადაღებას ერთ-ერთი კომპანია 20 ათას ლარად სთავაზობს.

სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 18 სექტემბერს შეწყდა. პირობის მიხედვით, „გამოჩენილ ბათუმელ ექიმებზე – პლატონ გიგინეიშვილი, გრიგოლ ვოლსკი და ტიმოლეონ ტრიანდაფილიდისი – დოკუმენტური ფილმის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 40 წუთს და არ უნდა იყოს 20 წუთზე ნაკლები.“

ამასთან, „მოწოდებულ მომსახურებაში უნდა შევიდეს: პროდიუსერის, სცენარისტის, რეჟისორის, მთხრობელის, მემონტაჟის, კომპოზიტორის, არანჟირებით უზრუნველყოფის, გრიმიორის, მხატვრის, გრაფიკოსის, მძღოლისა და გამნათებლის და განათებისთვის საჭირო აპარატურით მომსახურება (თითო ადამიანი); ოპერატორის მომსახურება (2 ადამიანი); მსახიობისა და კოსტიუმებით უზრუნველყოფა (8-8 ადამიანი).

ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ

[checklist]

  • „სცენარისტის მომსახურებაში იგულისხმება სცენარისტის მიერ ფილმის სცენარის წარმოდგენა სამ გამოჩენილ ბათუმელ ექიმზე ესენი არიან: პლატონ გიგინეიშვილი, გრიგოლ ვოლსკი და ტიმოლეონ ტრიანდაფილიდისი. სცენარის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 40 წუთს და არ უნდა იყოს 20 წუთზე ნაკლები.
  • რეჟისორის მომსახურებაში იგულისხმება დოკუმენტური ფილმის გადაღება.
  • ჩამოთვლილი სხვა დანარჩენ მომსახურებაში იგულისხმება ფილმის გაღებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვა. თითოეული მომსახურება მოიცავს შესაბამისი ტექნიკით, აღჭურვილობით მომსახურებას (გადაღებისთვის საჭირო ვიდეო/ფოტოკამერები, სამონტაჟო ტექნიკა, კომპიუტერული ტექნიკა და ასე შემდეგ).

[/checklist]

ამასთან, წარმოდგენილი სცენარის მიხედვით შესაძლებელია მომსახურების რაოდენობის მცირედით დაზუსტება (მაგ: მსახიობების რაოდენობის/ კოსტიუმების რაოდენობა). მძღოლის მომსახურების მარშრუტი კი, განისაზღვრება წარმოდგენილი სცენარის საჭიროების შესაბამისად.

ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 14 კალენდარული დღე. პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს აღნიშინულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, რის დამადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნას ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ; პროექტში ჩართულ პროდიუსერს, სცენარისტს, რეჟისორს, მსახიობს უნდა ჰქონდეს აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.

დოკუმენტური ფილმის გადაღებას სამინისტროს შპს „სივრცე 9“ სთავაზობს. ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა. ის აუქციონის გარეშეა გამოცხადებული, ამიტომ, მონაწილეობენ თუ არა სხვა პრეტენდენტები, ამ დროისთვის უცნობია.

____________

ფოტოზე: ბათუმის საქალაქო საავადმყოფოს პალატა 1914 წელს. მ. გლაუდანის ფოტო. ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის ფონდი.

ამავე თემაზე:

ვინ იყვნენ ძველი ბათუმის პირველი ექიმები

 

კორონავირუსის აფეთქების 20 დღე აჭარაში – როგორ იცვლება სტატისტიკა

20 სექტემბრის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა არ იკლებს და რეგიონი ამ დროისთვის საქართველოს კოვიდრუკაზე ყველაზე ცხელი წერტილია.

აჭარა მწვანე ზონა იყო მაისის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ქობულეთის კლასტერი გაქრა და დღეების განმავლობაში რეგიონში ტესტირების შედეგად ახალი შემთხვევები არ ვლინდებოდა. ივნისში სიტუაცია შეიცვალა და კორონავირუსი რეგიონში ისევ გამოჩნდა, თუმცა ეს იყო თითო-ოროლა და ძირითადად იმპორტირებული შემთხვევები.

ბათუმში შემთხვევების მკვეთრი მატება დაიწყო სექტემბრის დასაწყისში.  პირველ სექტემბერს – 6, ხოლო დღეს, 20 სექტემბერს, კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღეების მიხედვით სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • 1 სექტემბერი – 6 ახალი შემთხვევა
  • 2 სექტემბერი – 26 ახალი შემთხვევა
  • 3 სექტემბერი – 6 ახალი შემთხვევა
  • 4 სექტემბერი – 13 ახალი შემთხვევა
  • 5 სექტემბერი – 13 ახალი შემთხვევა
  • 6 სექტემბერი – 12 ახალი შემთხვევა
  • 7 სექტემბერი – 20 ახალი შემთხვევა
  • 8 სექტემბერი – 21 ახალი შემთხვევა 
  • 9 სექტემბერი – 25 ახალი შემთხვევა 
  • 10 სექტემბერი – 27 ახალი შემთხვევა 
  • 11 სექტემბერი – 39 ახალი შემთხვევა 
  • 12 სექტემბერი – 80 ახალი შემთხვევა 
  • 13 სექტემბერი – 88 ახალი შემთხვევა 
  • 14 სექტემბერი – 108 ახალი შემთხვევა 
  • 15 სექტემბერი – 124 ახალი შემთხვევა 
  • 16 სექტემბერი – 144 ახალი შემთხვევა 
  • 17 სექტემბერი – 126 ახალი შემთხვევა 
  • 18 სექტემბერი – 129 ახალი შემთხვევა 
  • 19 სექტემბერი – 116 ახალი შემთხვევა 
  • 20 სექტემბერი – 128 ახალი შემთხვევა 

კოვიდის ეპიდაფეთქება ბათუმში დაიწყო „დონას კლასტერით“, შემდეგ იყო „ხოფის ბაზრობის“ და სხვა კლასტერები, თუმცა ბოლო დღეებია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უკვე აღარ ასახელებს კლასტერებს, რადგან კორონავირუსი დაფიქსირდა ათობით დაწესებულებაში და გავრცელება აჩვენებს, რომ ვირუსის ახალი შემთხვევები ვლინდება ყველგან, მათ შორის, ვირუსი დაუდგინდა მედპერსონალსაც სხვადასხვა კლინიკაში.

კორონავირუსი დაფიქსირდა აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში: ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, ხულოსა და შუახევში, თუმცა ეპიდაფეთქების ეპიცენტრი ქალაქი ბათუმია.

აჭარაში უკვე შვიდი კლინიკა იღებს კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, გარდა ამისა, უსიმპტომო პაციენტებისთვის არის ე.წ. კოვიდსასტუმროები, მალე დაიწყება უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა ბინაზე, თვითიზოლაციაში, ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

დღევანდელი მონაცემებით, აჭარაში სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს გადის 519 პაციენტი, კოვიდკარანტინში კი მეთვალყურეობის ქვეშაა 377 პაციენტი.

ბოლო დღეებია აჭარაში დაიწყო განკურნებული პაციენტების გაწერა კლინიკებიდან და კოვიდსასტუმროებიდან. დღეს 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა აჭარაში, გუშინ კი – 24.

ორშაბათიდან ბათუმში უნალექო დღეებია მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20  სექტემბრის 21 საათიდან 21 სექტემბრის 21 საათამდე  აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ,

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან – 17-22.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

შიდამთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 25 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 22-23 სექტემბერს მოსალოდნელია  უმეტესად უნალექო ამინდი.

________

ფოტო: „ბათუმელები“/ნინო კახიშვილი

კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა ბათუმში – ბოლო 24 საათის მონაცემები

20 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა  36 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 4000-მდე PCR ტესტი.

სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს გადის 519 პაციენტი, კოვიდკარანტინში მეთვალყურეობის ქვეშაა 377 პაციენტი.

საკარანტინო სივრცეში გამოჯანმრთელდა და ბინაზე გაეწერა 34 პაციენტი, სტაციონარი კი დატოვა ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

საქართველოში კოვიდის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 20 სექტემბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს ცნობით, 20 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 3502 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1494 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 5014 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836.

გრანპრის მფლობელი სკოლის დირექტორი ლენა გომართელი გახდა

დღეს, 19 სექტემბერს, გრანპრის მფლობელი საჯარო სკოლები და დირექტორები გამოავლინეს, რომელთაც სპეციალური პრიზები გადასცეს. გრანპრის მფლობელი ლენა გომართელი გახდა. ის საჩხერის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორია.

გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით 5000 ლარი გადაეცა, ხოლო მის სკოლას, სპეციალური პროექტის განსახორციელებლად – 30 000 ლარი.

სპეციალური პრიზის მფლობელი დირექტორები არიან ასევე: საჩხერის, კორბოულის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი, გელა მაჭარაშვილი და ვარდენ ნიქაბაძე, რომელიც წყალტუბოს ფარცხანაყანევის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორია.

ფოტოს მარჯვნივ: ვარდენ ნიქაბაძე დაჯილდოების დროს.

მათ პრიზის სახით გადაეცემათ 2500 -2500 ლარი. მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი კი 25 000 ლარია. ვარდენ ნიქაბაძის სკოლას ილიაუნმა 10 სასწავლო დრონი აჩუქა.

გელა მაჭარაშვილი დაჯილდოების დროს.

პროექტის ორგანიზატორები არიან „განათლების კოალიცია“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტს აფინანსებს „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი“.

სკოლის ლიდერობის კონკურსის გამარჯვებულები

ქობულეთის რეფერალურში მხოლოდ covid19-ით ინფიცირებულებს მიიღებენ

ქობულეთის რეფერალური საავადმყოფო მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს. როგორც დღეს, 19 სექტემბერს, „ევექსში“ გვითხრეს,  საავადმყოფოში 70 საწოლია ამ დროისთვის მომზადებული.

„ევექსის“ განცხადებით, ჰოსპიტალში მხოლოდ ინფიცირებული პაციენტებისთვის იქნება შესაძლებელი მიიღონ მომსახურება გადაუდებელ და გეგმიურ სამედიცინო პროცედურებზე.

19 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 24 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ოფიციალური ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში 3500-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდა.

ქედაში სკოლის შენობაზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო პლაკატებია გაკრული

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნამონასტრევის საჯარო სკოლის შენობაზე, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების – ანზორ ბოლქვაძის და ფრიდონ ფუტკარაძის საარჩევნო პლაკატებია გაკრული.

„ბათუმელებმა“ საჯარო სკოლის დირექტორს ჰკითხა, იცოდა თუ არა ამის შესახებ. სკოლის დირექტორი გია ბარამიძე ამბობს, რომ საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ იყო.

„ორი დღის წინ ვიყავი სკოლაში და არ იყო გაკრული. ვიცი, რომ არ შეიძლება საარჩევნო პლაკატების გაკვრა, გადავამოწმებ და თუ არის, მოვახსნევინებ“,- გვითხრა დირექტორმა, გია ბარამიძემ.

ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, სკოლა დამოუკიდებელია პოლიტიკური გავლენებისგან და მისი გამოყენება პოლიტიკური პარტიების მხრიდან საარჩევნო აგიტაციისთვის ან საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის, დაუშვებელია.

ნამონასტრევის საჯარო სკოლის შენობაში დაწყებითი საფეხურია განთავსებული.

ქედაში, სოფელ ნამონასტრევის დაწყებითი სკოლის შენობაზე, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების საარჩევნო პლაკატებია გაკრული.

„სქროლის“ სკუტერები „სეიფსეპტის“ სადეზინფექციო ხსნარით აღჭურვეს

მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, სქროლის გუნდი ცდილობს შეამციროს პანდემიის გავრცელების რისკები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ელექტროსკუტერი, სოციალური დისტანცირების თვალსაზრისით,  ყველაზე ოპტიმალური სატრანსპორტო ალტერნატივაა.

ამასთანავე, სქროლის გუნდი ცდილობს მისი მომხარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანოს და სეიფსეპტთან მეგობრობის ფარგლებში სკუტერები სადეზინფექციო ხსნარით აღჭურვა.

„სქროლის პირველი გამოჩენა, სწორედ ეპიდაფეთქების პერიოდში მოხდა, რაც ერთგვარი გამბედავი ნაბიჯი იყო ჩვენი მხრიდან. ქალაქში შემოსვლის დღიდან, ყველა სკუტერი, რომელიც შემოდის და გადის ჩვენი სერვის ცენტრიდან, იწმინდება სპეციალური სითხეებით და მუშავდება სადეზინფექციო ხნსარით. დაგროვილმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ სქროლის გუნდი მზად არის ზედმიწევნით გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას და დაიცვას ყველა რეკომენდაცია, რომელიც მოწოდებულია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ. Სეიფსეფტთან შემდგარი პარტნიორობა, ჩვენი კიდევ ერთი მცდელობაა იმისა, რომ სქროლი იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო ტრანსპორტი.”- ჯუღა სიხარულიძე, სქროლი.

კომპანია „სეიფსეპტი“ ბაზარზე 2018 წლიდან არსებობს და პრემიუმ ხარისხის, ჯანმრთელობისთვის სრულიად უვნებელ სადეზინფექციო ხსნარს აწარმოებს.

ყველა ჩვენგანს ყოველდღიურად ასობით სხვადასხვა ზედაპირთან უწევს შეხება, ამიტომაც მნიშვნელოვანია ხშირი დეზინფექცია – არასასურველი შემთხვევებისა და ვირუსების თავიდან ასარიდებლად, განსაკუთრებით კი დღევანდელი პანდემიის Ფონზე.

„ამიერიდან სქროლის ყველა მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გამოიყენოს Სეიფსეპტის პრემიუმ ხარისხის სანიტაიზერი მგზავრობამდე და მგზავრობის შემდეგ. გვიხარია, რომ ჩვენი და სქროლის ღირებულებები ემთხვევა, ვგრძნობთ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას და ვფიქრობთ, რომ ჩვენი კოლაბორაციით მომხმარებელი მაქსიმალურად დაცულად, უსაფრთხოდ და კომფორტულად იმგზავრებს“- თამთა ჭოჭუა, სეიფსეპტის დამფუძნებელი.

დღეს მიკრომობილობის განვითარება საზოგადოებისთვის ისე აქტუალურია, როგორც არასდროს. ბევრი ადამიანი ეძებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ალტერნატივას  საჭირო ლოკაციამდე მისასვლელად. მათ უსაფრთხო გადაადგილება სჭირდებათ. ინდივიდუალური სატრანსპორტო საშუალებები ადამიანებთან კონტაქტს სრულიად გამორიცხავს და თავის თავში სოციალურ დისტანცირებასაც გულისხმობს, რაც მოცემულ მომენტში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

გისურვებთ უსაფრთხო მგზავრობას! 

ქედაში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა, ადიდდა მდინარე ბზანაც

ქედაში ძლიერი წვიმის გამო მდინარე ბზანა ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ელექტრობოძები, რამდენიმე სოფელი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სოფელი გულები, ზუნდაგა, კოლოტაური, დაბა ქედა – ეს ის ადგილებია, სადაც მეწყერი განვითარდა, დაბა ქედაში ადიდებულმა მდინარემ სახლებში შეაღწია.

ძლიერი წვიმის გამო ქედაში დაიტბორა ცენტრალური მაგისტრალიც

„ბევრი ლოკაციაა, სადაც მეწყრული პროცესებია განვითარებული. დოლოგანში მდინარე ბზანამ წააქცია რამდენიმე ელექტრობოძი, რის გამოც რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. დაბა ქედაში კი რამდენიმე საცხოვრებელ სახლში ღვარცოფი შევარდა. ახლა იქ ტექნიკა მუშაობს.

ქედის გზაზე მოძრაობა მეწყრის ჩამოწოლის გამო შეზღუდული იყო

ახლა ვართ სოფელ გულებში, სადაც რამდენიმე საცხოვრებელი სახლის მდგომარეობას ვსწავლობთ. სოფელ ზუნდაგაშია ასევე დაზიანებები, კოლოტაურში მუშაობს სალიკვიდაციო შტაბი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად და მიმდინარეობს მდგომარეობის შესწავლა“, – გვითხრეს ქედის მერიის პრესსამსახურში.

ქედა დაიტბორა

დაახლოებით ნახევარი საათი იყო შეზღუდული ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ზვარეს მონაკვეთზე ავტომანქანების მოძრაობა მეწყრის ჩამოწოლის გამო, თუმცა როგორც მერიაში თქვეს, ამ დროისთვის გზა ცალმხრივად გახსნილია.

 

ბათუმში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 24 პაციენტი განიკურნა

19 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 24 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 3500-ზე მეტი PCR ტესტი.

სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობს 486 პაციენტი, კოვიდკარანტინში კი იმყოფება 347 პაციენტი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბათუმში მეხანძრე-მაშველს კოვიდი დაუდასტურდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ბათუმში მეხანძრე-მაშველს კოვიდი დაუდასტურდა. ასევე, ახალი კორონავირუსი აქვს თბილისში, ამავე სამსახურის გლდანის განყოფილების მეხანძრე-მაშველს.

„მათი გეგმიური ტესტირების შედეგი 18 სექტემბერს გახდა ცნობილი და იყო დადებითი.

ამ დროისთვის​, მეხანძრე-მაშველები გადაყვანილნი არიან შესაბამის დაწესებულებებში და მკურნალობა უტარდებათ.

მათ ცვლაში მყოფ მეხანძრე-მაშველებს დამატებითი ტესტირება ჩაუტარდათ და გადაყვანილნი არიან იზოლაციაში, დაკვირვების ქვეშ. შენობებს უკვე ჩაუტარდა სრული დეზინფექცია“, – აცხადებს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

დადასტურდა კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა – 19 სექტემბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს ცნობით, 19 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 2392 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1481 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 5014 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836

გუშინ, 18 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

სამთავრობო ვახშამი ზღვისპირა რესტორანში 2 161 ლარად, ბიუჯეტის ხარჯზე

პანდემიის დროს, 3 მარტს, აჭარის მთავრობის წევრებმა რესტორან „ფიშლანდიაში“ სახელმწიფოს ხარჯზე ივახშმეს, რისთვისაც ბიუჯეტიდან ერთჯერადად 2 161 ლარი დაიხარჯა. ამ შესყიდვის დამადასტურებელი ანგარიშფაქტურა, საგადასახადო მოთხოვნა და რუსულ-ქართულ ენაზე ინვოისი შესყიდვების ვებგვერდზეა ატვირთული.

ვახშმის მიზნის გადამოწმება „ბათუმელებმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სცადა, შესყიდვა სწორედ ამ უწყებას აქვს განხორციელებული. [თუმცა აქვე უნდა დავუშვათ ისიც, რომ შეიძლება სულაც არ უვახშმიათ, რესტორანს საჭმელი შეუკვეთეს და წაიღეს, ან ვინმეს გაუგზავნეს, საპატიო სტუმარი დაპატიჟეს ან რაიმე სხვა ამბავს უკავშირდება ეს შესყიდვა, მაგრამ კონკრეტულად რას, ეს ჩვენ არ ვიცით – ავტ.]

უწყებაში ამ კითხვაზე პასუხები არ გაგვცეს, უფრო ზუსტად გვითხრეს, რომ – „ეს არის იმ ტიპის ინფორმაცია, რომელიც უნდა გამოითხოვოთ“.

უწყებაში, რომელსაც რეგიონის ბიუჯეტი აბარია, 5 თვის წინ განხორციელებულ შესყიდვასთან დაკავშირებით პასუხების გაცემა გაუჭირდათ, მით უფრო, როცა ამ შესყიდვის შესახებ დოკუმენტები ვებგვერდზეა ატვირთული და კითხვას – რას ან ვის უკავშირდებოდა ეს შესყიდვა, არ სჭირდება დოკუმენტების მოძიება.

ფაქტია, რომ ასეთი შეკვეთა ნამდვილად განხორციელდა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობს – ანგარიშფაქტურა, საგადასახადო მოთხოვნა და ინვოისი რუსულ-ქართულ ენაზე.

„ფიშლანდია“ ზღვაში შეჭრილი რესტორანია ბათუმში, სადაც ძირითადად თევზისგამ მომზადებული კერძებია. ყველაზე მეტი სწორედ თევზის კერძებში გადაიხადეს მთავრობის წევრებმაც – თევზის ასორტის ოთხი ულუფა შეუკვეთეს, რისთვისაც ჯამში 880 ლარი დაიხარჯა. შეკვეთების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, სუფრასთან 6 პირი უნდა ყოფილიყო.

რესტორნებში ბიუჯეტის ხარჯზე მთავრობის წევრები მეორე დღეს, 4 მარტსაც იმყოფებოდნენ. ამჯერად რესტორანი „არდაგანი ტერასა“ და „გრანდ გრილი“ შეარჩიეს. რესტორნებში გამოწერილი ორი ქვითარი ჯამში 516 ლარის ღირებულებისაა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ანგარიშზე 2020 წელს კიდევ ორი სარესტორნო მომსახურებაა – თებერვალში მთავრობის წევრები ორჯერ ესტუმრნენ რესტორან „მეგრულ-ლაზურს“  – ამ ვიზიტებისთვის ჯამში ბიუჯეტიდან 762 ლარი დაიხარჯა.

„გირჩი“ საკონსტიტუციოში „შარდის სიწმინდის“ კანონის გაუქმებას ითხოვს

„გირჩი“ საკონსტიტუციო სასამართლოში აჭარის უმაღლეს საბჭოს უჩივის. დავის საგანი ის სამართლებრივი ნორმაა, რომლის მიხედვითაც, დეპუტატობის კანდიდატად დასარეგისტრირებლად პოლიტიკოსმა ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა უნდა წარადგინოს. „გირჩმა“ ამ კანონს „შარდის სიწმინდის“ კანონი შეარქვა.

საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით „გირჩის“ უმაღლესი საბჭოს პროპორციული სიის პირველმა ნომერმა, ლალი ანთიძემ მიმართა.

დავის საგანი უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონია „უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ,“ სადაც წერია, რომ კანდიდატად ვერ დარეგისტრირდებით არჩევნებამდე 30 დღით ადრე, თუკი ნარკოლოგიური ცნობა არ გექნებათ, ან გიდასტურდებათ ნარკოლოგიური ნივთიერების მოხმარება. „გირჩი“ არაკონსტიტუციურად მიიჩნევს კანონის კიდევ ერთ ჩანაწერს:  „ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა საჯაროა და ქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე…“

ლალი ანთიძე სარჩელში აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ „ხალხის გადასაწყვეტია, ვის დაუჭერს მხარს“. კანონის ამ ჩანაწერით კი, კონსტიტუციით გარანტირებული არჩევნებში მონაწილეობის უფლება კანდიდატს შესაძლოა შეეზღუდოს.

„კანონმდებელს არ აქვს უფლებამოსილება, პიროვნების პიროვნული თვისებების თუ ცხოვრების წესის მიხედვით შეზღუდოს პასიური საარჩევნო უფლება. ამით, ხელისუფლების წყაროსგან, ხალხისგან ლეგიტიმაციის მქონე პიროვნებებს უკრძალავს ქვეყნის მართვაში მონაწილეობას… საყოველთაო არჩევნების წესით თანამდებობის დაკავებას საქართველოს კონსტიტუცია ადგენს ისეთ თანამდებობებთან მიმართებით, რომელთა არჩევაც სრულად არის მინდობილი პოლიტიკურ პროცესზე, ხალხის მიერ გამოხატულ სურვილზე, ფარულ ნებაზე, რომელიც დასაბუთებას არ საჭიროებს,“ – ვკითხულობთ კონსტიტუციურ სარჩელში.

„გირჩი“ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითხოვს, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

___

მთავარი ფოტო: ლალი ანთიძე

ხელვაჩაურის გზაზე ქალს ავტომანქანა დაეჯახა

ხელვაჩაურის გზატკეცილზე, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ცოტა ხნის წინ მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. დაზარალებული ქალი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფმა უკვე გადაიყვანა კლინიკა BMC-ში.

კლინიკის პრესცენტრის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებულ ქალს მრავლობითი ტრამვული დაზიანება აქვს, რაც საშუალო სიმძიმისაა, მას კვლევები უტარდება.

ავტოსაგზაო შემთხვევამ გამოიწვია საცობი. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც.

 

უშიშროების პოლკოვნიკი, რომელიც პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარობის კანდიდატია

კონკრეტული მონაცემი ზორბეგ ბერიძემ ვერ დაგვისახელა, როცა მას ვკითხეთ, რა ადასტურებს თურქეთის ექსპანსიურ ინტერესს აჭარაში? – ეს „პატრიოტთა ალიანსის“ მთავარი პოლიტიკური გზავნილია წინასაარჩევნოდ, ზორბეგ ბერიძე კი, ამ პოლიტიკური ძალის პარლამენტის წევრობის კანდიდატია აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში. პოლიტიკაში წასვლამდე ზორბეგ ბერიძე ჯერ უშიშროების სამინისტროში მუშაობდა, ამ სამინისტროს გაუქმების შემდეგ კი – 2013 წლამდე კონტრდაზვერვაში. ინტერვიუ მასთან უშიშროების სისტემაზე დავიწყეთ.

  • ბატონო ზორბეგ, მოგვიყევით თქვენ შესახებ – რატომ გაგიჩნდათ პარლამენტში მოხვედრის სურვილი და როგორ გახდით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი? 

მე სრულიად ვიზიარებ „პატრიოტთა ალიანსის“ პათოსს იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანას აქვს. მათთვის, როგორც ჩანს, ცნობილი იყო ჩემი შეხედულებების შესახებ და ასე მოხდა ჩემი შერჩევა. მე უშიშროების სისტემაში ვმუშაობდი 33 წელი, პოლკოვნიკი ვარ. მას შემდეგ, რაც 55 წლის გავხდი, კანონის შესაბამისად თადარიგში გადავედი რამდენიმე წლის წინ… ვმუშაობდი კონტრდაზვერვის უფროსად აჭარის მაღალმთიანეთში. ჩემმა გამოცდილებამ განაპირობა ჩემს კანდიდატობაზე ყურადღების გამახვილება.

  • უშიშროების სისტემის მიმართ ბევრი კითხვა არსებობს: უკანონო თვალთვალი, მიყურადება… გქონიათ პროტესტი რომელიმე პრობლემაზე? 

თუ კონტრდაზვერვის მიმართულებით რამე კითხვა არსებობს, მე შემიძლია დელიკატურად გიპასუხოთ. თუ არსებობს კითხვები სხვა დანაყოფების მიმართ, არ შემიძლია, რადგან მე სხვა მიმართულებით არ მიმუშავია და ეს კითხვები დარჩება პასუხგაუცემელი.

  • თქვენი შეფასებით, კეთილსინდისიერად მუშაობდა უშიშროების სისტემა? 

არასდროს არ დაურღვევია კონტრდაზვერვას კანონი კონტრდაზვერვის შესახებ, არც შიდა ნორმატიული აქტები დაგვირღვევია… ცხოვრება წინ მიდის, 21-ე საუკუნეა, რევიზია ხდება ყველაფერში და რევიზია ხდება აქაც, რაღაც-რაღაცები შესაცვლელი და დასახვეწია. ჩვენ განვითარებადი ქვეყანა ვართ, ამას სჭირდება გამოცდილება – ახალი კადრების შერჩევა, ძველი კადრების გამოყენება.

  • ამბობთ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ პათოსი მოგწონთ. კონკრეტულად გვითხარით რომელიმე ხედვა, რაც, თქვენი აზრით, ეხება აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრებ ადამიანს. 

მე წინააღმდეგი ვარ ერთსქესიანთა ქორწინების, წინააღმდეგი ვარ ნარკოტიკული საშუალებების ასე უთავბოლოდ მოხმარება-რეალიზაციის. ხელვაჩაურში დავდივარ და ყოველდღე გაბრუებული ახალგაზრდობა დადის, ვხედავ მძღოლებს, რომლებიც გაბრუებულები მართავენ მანქანებს. ამ საკითხებს სამართლებრივი შეფასება და გადაწყვეტილების მიღება სჭირდება.

  • აქვე გვითხარით ლგბტქ თემზე – თქვენი აზრით, რით უნდა დაეხმაროს ამ თემის პრობლემების მოგვარებას პარლამენტი? 

მოდით, კონკრეტულ საკითხებზე, მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხებზე მკითხეთ. მოსახლეობას ეს თემა არ აინტერესებს… გვყავდა ჩვენ ეს ლგბტ თემი და პრობლემა არ ჰქონდა, თავისთვის ცხოვრობდა. მე მყავს ნაცნობები, რომლებთანაც ძალიან ნორმალური, ჩამოყალიბებული ურთიერთობა მაქვს, მე ურთიერთობაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ამის აფიშირება და ზედმეტი პრობლემა არაა საჭირო. მარტო ეს დარჩა პრობლემა?

  • ანუ არ არის პრობლემა?

მე ვთვლი, რომ ეს ყველაზე პატარა პრობლემაა. საქართველოს მოსახლეობა კეთილგონიერია და იცის ნუმერაცია, საიდან დაიწყოს. პირველი პრობლემა არის ეკონომიკური მდგომარეობა. პირველ რიგში, მიწა უნდა მივცეთ გლეხებს. ხელვაჩაურში, მაგალითად, მიწების 80 პროცენტი არის გატყევებული. ასე სულ თურქეთში ივლის გლეხი სხვისი ჩაის საკრეფად. უნდა მოხდეს ტურიზმის პოტენციალის სრულად შესწავლა და შემუშავდეს სამოქმედო გეგმა. როგორც კი მოხდება ამ საკითხის დაგეგმვა და შესწავლა, ეგრევე ქვეყანა დაიწყებს წინსვლას. ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი, რომლის დეფიციტიც გვაქვს. დარგის სპეციალისტები გვჭირდება.

  • თქვენ რას სთავაზობთ ამომრჩეველს კონკრეტულად? 

მოსაფიქრებელია ეს ყველაფერი ხალხთან ერთად. ჩვენ გვაქვს წინადადება, რამდენიმე სოფელში დავიწყოთ პატრიოტული პროგრამა, მაგალითად, მივაწოდოთ თამბაქოს ახალი ჯიშები. ერთი კილო თამბაქო დაჭრილი 90-დან 100 ლარამდე ღირს, უფრო კარგი ჯიშების შემოტანა შეიძლება… ეს იქნება მოსახლეობის ამოსუნთქვა. თუ კახელ გლეხს ვაძლევთ სუბსიდიას, რატომ არ უნდა მივცეთ ხელვაჩაურელ ან ქობულეთელ მეციტრუსეს? 10 და 15 თეთრს აძლევენ მხოლოდ, რომელიც საქმეს არ ჰყოფნის. თევზის მეურნეობებიც პრობლემაა – ჩვენ გვაქვს 136 თევზის მეურნეობა და აქედან მხოლოდ 16 მუშაობს, არადა, 4 ათასი ტონა თევზის წარმოებაა შესაძლებელი… არაკომპეტენტურობა საქმის არის პრობლემა. ერთი იხტიოლოგია რეგიონში და არ უსმენენ, ყურადღებას არავინ აქცევს. ჩვენთან თევზის გენეტიკაა დარღვეული, მახინჯი თევზი გამოდის, არ იზრდება… საჭმელი მეტი მიდის, ენერგია მიდის და მერე თვითღირებულებას აღარ ამართლებს.

  • თქვენს კონკურენტებზე რას ფიქრობთ, ვინც ასევე აჭარის მაღალმთიანეთში ცდილობს ამომრჩევლის გულის მოგებას?

რა გითხრათ, ანზორ ბოლქვაძე ჩემი პერიოდის მოსწავლეა, ის არის ჩამოყალიბებული პიროვნება, ძალიან კარგად ვიცნობ, ორივეს ხულოს საშუალო სკოლა გვაქვს დამთავრებული. მე ანზორ ბოლქვაძეს არ ვთვლი კონკურენტად და არც ის მთვლის კონკურენტად.

  • ეს როგორ გავიგოთ? 

ჩემი ამომრჩევლის მომხრედ ვთვლი მე ჩემს თავს. დღეს ვიყავი ჩაისუბანში, წინსვლაში, მოსახლეობა მეუბნება, რომ თქვენ გიჭერთ მხარსო.

  • ანზორ ბოლქვაძეც იმავეს ამბობს…

მაგი გადაწყდება 31 ოქტომბერს… მე კონტრდაზვერვის უფროსი ვიყავი და თითოეული ოჯახის პრობლემა ვიცი დაწყებული ხელვაჩაურის საზღვრიდან, დამთავრებული ადიგენის ტერიტორიამდე.

  • მეჩეთებზეც მინდა გკითხოთ, რომლის მშენებლობასაც თქვენი პარტია ეწინააღმდეგება. „პატრიოტთა ალიანსი“ ასევე მიიჩნევს, რომ თურქეთს აჭარის დაპყრობა სურს. 

მე ვეთანხმები ერთ რამეს, რომ ჩვენი მოსახლეობის აღზრდა უნდა მოხდეს პატრიოტული სულისკვეთებით, უნდა მოხდეს აღზრდა საქართველოს სივრცეში და იმ სულისკვეთებით, რომ კონსტიტუციას და კანონს არ არღვევდნენ. ამ მიმართულებით საჭიროა საკითხის მიმართ კომპეტენტურმა ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება. „პატრიოტთა ალიანსი“ ამ ყველაფერს ლამაზად და დელიკატურად აჟღერებს. თურქეთი მიზანმიმართულად და შეფარულად მუშაობს, ეს ჩანს ფაქტებში.

  • რომელ ფაქტებში? 

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში წარდგენილი მაქვს ინფორმაცია თურქების მიერ შეძენილი ქონების შესახებ, შეგიძლიათ ამოიღოთ. ახლა მე ეს ციფრები ზეპირად არ მახსოვს. იქ კონკრეტული მისამართებია მითითებული, რა ქონებას ფლობენ.

  • სად არის ეს ქუჩა ბათუმში ან უბანი, სადაც თურქეთის მოქალაქეები გახდნენ მასობრივად მესაკუთრეები? თქვენი პარტიის ლიდერებმა ეს ვერ დაგვისახელეს, იქნებ თქვენ გვითხრათ. 

მისმინეთ, ქუთაისის ქუჩაზე არ გაგივლიათ თქვენ?

  • და რამდენია ქუთაისის ქუჩაზე თურქი მესაკუთრე? 

ქუთაისის ქუჩაზე არ არის თურქი მესაკუთრე, მაგრამ ქუთაისის ქუჩა გადაქცეულია თურქების მასიური თავშეყრის ადგილად, სადაც ხდება ყველა ამ საკითხზე ფიქრი… დააკვირდით ერთ რამეს: ყველა პარასკევს თურქეთის გენსაკონსულოს თანამშრომლები მიდიან მეჩეთთან და გარეთ ტრიალებენ, მერე ხვდებიან თურქეთში განათლებამიღებულ ახალგაზრდებს და ახორციელებენ მათი საკითხების პროპაგანდას… 21-ე საუკუნეში აღარ ხდება მოსახლეობის იარაღით დაპყრობა, ამის სხვა მეთოდები არსებობს უკვე, რომელსაც თურქები იყენებენ. ეს გამოიხატება მიწების შეძენაში, რაც მასობრივად ხდება… გითხარით უკვე, რომ ციფრები არ მახსოვს, მაგრამ ეს მონაცემები დავტოვე სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.

  • რა მონაცემები დატოვეთ პალატაში კონკრეტულად, მოვიკითხავთ. 

ეს უკვე იქ აღარ ემახსოვრებათ, იმიტომ, რომ ახლა სხვა ხელმძღვანელია… საჯარო რეესტრშიც დაფიქსირებულია ბევრი ისეთი თურქული ფირმა, რომელიც არ ფუნქციონირებს… დღეს ეკონომიკა განაგებს პოლიტიკას. თუ ქვეყანა ეკონომიკურად ძლიერია, ის პოლიტიკურადაც ძლიერია, შემოგვთავაზებს თავისი თამაშის წესებს. წინა ხელისუფლების დროს განსაკუთრებით ხდებოდა, მათ შორის, კრიმინალებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება…

  • თქვენი პარტიის ლიდერები აცხადებდნენ წლების წინ იმასაც, რომ 40 ათასი თურქი ცხოვრობს ბათუმში. შემდეგ დადასტურდა ოფიციალური დოკუმენტებით, რომ ეს იყო ტყუილი. მითი აღმოჩნდა დაშინებაც „ყარსის ხელშეკრულებით“, რომლის გაფორმებიდანაც 100 წელი გადის… არ გიქმნით უხერხულობას ამომრჩეველთან მითებით, გადაუმოწმებელი ფაქტებით საუბარი? 

მოდით, არ ვიჭორაოთ. თქვენ თუ გინდათ ზუსტი ციფრები, მიმართეთ საჯარო რეესტრს.

  • თქვენ რის საფუძველზე აცხადებთ, რომ თურქებმა მიწები დაისაკუთრეს?

ჩემთვის უცნობია, თორემ პარტიის ლიდერებმა იციან… ჩემი კონტრდაზვერვაში მუშაობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილმა თურქეთში განაცხადა, ამდენი და ამდენი მიიღებს საქართველოს მოქალაქეობასო… მოდით, ნუ ვიდავებთ ამაზე, რაშიც თქვენც დარწმუნებული ხართ, რომ ასეა.

  • ბოლოს გენდერულ კვოტირებაზეც მინდა გკითხოთ: თქვენი დაკვირვებით, რა უშლის ხელს ქალების პოლიტიკურად გააქტიურებას?

აუცილებლად ვეთანხმები გენდერულ თანასწორობას, ეს უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა სფეროში. ჩვენს პარტიაში ძალიან აქტიურები არიან ქალები. მე დარწმუნებული ვარ, მათი არჩევის შემთხვევაში, ისინი საკმაოდ სერიოზულ სიტყვას იტყვიან…

მე სოფელ პაქსაძეებიდან ვარ. ადრე აქ 85 კომლი ცხოვრობდა, ახლა 25-ზეა ჩამოსული. აქ მცხოვრებ ქალებს იმდენი საქმე აქვთ, პოლიტიკისთვის აღარ სცალიათ. როგორ არის იცით: მამაკაცი არის შემომტანი ოჯახში, ქალი არის ამის დამბალანსებელი, ვეღარ ახერხებენ – შვილების გაზრდაო, ოჯახზე შეხედვა. სოფლებში პატარა ბავშვებიც ჩართული არიან საქმეში, ისე თავს ვერ გაიტან.

  • ანუ კაცებს არ აქვთ საქმე?

მამაკაცებსაც აქვთ საქმე, მაგრამ მამაკაცებს აქვთ მამაკაცური საქმე. ქალმა მთელი დღე რომ იმუშავა, იმას დასვენება სჭირდება. მამაკაცი ორ-სამ საათს ნაკლებად დაიძინებს და გამოყოფს ამისთვის დროს, მიდის პოლიტიკაში და ერთვება აქტიურად.

გათიშავენ თუ არა დენს ბახმაროში? – კურორტზე ჯერ ისევ არიან დამსვენებლები

გურიაში, კურორტ ბახმაროზე, დამსვენებლებს აცნობეს, რომ დაბაში ელექტროენერგია მომავალი კვირის დასაწყისში გაითიშება. კურორტზე ჯერ კიდევ არიან დამსვენებლები და ელექტროენერგიის გათიშვა მათ მნიშვნელოვან დისკომფორტს შეუქმნის.

ჩოხატაურის მერის წარმომადგენელმა ბახმაროში, დავით ჟღენტმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ელექტროენერგიის გათიშვას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ აპირებს, არსებული დავალიანების გამო.

„ბახმაროში არის ელექტროენერგიის დავალიანება, ხარჯი მეტია, ვიდრე გადახდილი თანხა, ეს არის პრობლემა. შეიძლება ორშაბათს ან სამშაბათს გაითიშოს, დავალიანებიდან გამომდინარე“, – გვითხრა დავით ჟღენტმა. კითხვაზე, რამდენია ბახმაროს დავალიანება ამ სეზონზე, მან გვითხრა, რომ ამაზე კომპანიას შეუძლია პასუხი.

ბახმაროში მრიცხველები არ არის, დავით ჟღენტის თქმით, დამსვენებლები ინდივიდუალურად იხდიან, იმის მიხედვით, „ვინ რამდენს მოიხმარს“.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ელექტროენერგიის გათიშვას არ აპირებენ მანამ, სანამ სეზონის დასრულების შესახებ კურორტიდან ინფორმაციას არ მიიღებენ.

„ჯერ არ იგეგმება გათიშვა, როგორც წინა წლებში ხდებოდა, ისევე სეზონის დასრულების დროს, უწყდება კურორტს ელექტროენერგია უსაფრთხოების მიზნით. ეს ხდება ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით. ისინი ამბობენ, რომ სეზონი ამოიწურა, შეჯერდებიან თარიღზე და ხდება გათიშვა.

დავალიანება ბახმაროს ყოველ წელს აქვს, მაგრამ არ გაგვითიშავს. ასე, რომ გათიშვის კონკრეტული თარიღი კომპანიას არ აქვს, ეს მოხდება ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე“, – გვითხრეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესსამსახურში.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დელეგაცია წინანდლის ფესტივალის გახსნას დაესწრო

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი  დელეგაციასთან ერთად წინანდლის მამულში გამართულ კონცერტს დაესწრნენ. 

სტუმრებს შორის იყვნენ ესპანეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის, კონგოს, კენიის და სხვა ქვეყნების წარმოამდგენლები,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – მარიამ ქვრივიშვილი. წინანდლის ფესტივალის პირველ საკონცერტო დღეს ღია ამფითეატრში ლიზა ბათიაშვილის და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი პროექტი – City Lights შესრულდა ეროვნულ ორკესტრთან ერთად

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დელეგაცია წინანდლის ფესტივალის გახსნას დაესწრო

საერთაშორისო დონის  კლასიკური მუსიკის ყოველწლიური ფესტივალი გასულ წელს დაარსდა და შარშან წინანდლის მამულმა 40-მდე კონცერტს უმასპინძლა, რომელშიც აღიარებულ ვარსკვლავებთან ერთად კამერული და სიმფონიური ორკესტრები მონაწილეობდნენ.  

წინანდლის ფესტივალის დამფუძნებლები არიან:  ვერბიეს ფესტივალის დამაარსებელი მარტინ ენგსტრომი, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის დირექტორი ავი შოშანი და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი. ფესტივალის გენერალური დირექტორია დავით საყვარელიძე.

წლევანდელი რეალობიდან გამომდინარე ფესტივალი მხოლოდ 4 დღის განმავლობაში გაიმართება. საქართველოში და მსოფლიოში კოვიდ 19-ის გავრცელების გამო, ფესტივალის ორგანიზატორებს უამრავი სირთულის დაძლევა მოუხდათ, თუმცა, წინანდლის ღია ამფითეატრში მსმენელის წინაშე მაინც წარსდგებიან მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები.  

ლეგენდარული მარტა არგერიხი უკვე წინანდალშია. ის 19 და 20 სექტემბერს გამართავს კონცერტებს. კონცერტებს გამართავენ ალექსანდრე კანტაროვი, ნელსონ გოერნე და დანიელ ლოზაკოვიჩი. სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი წლევანდელი პროგრამის ტრადიციული მონაწილეა. 

ფესტივალის წარმდგენია კომპანია სილქნეტი.

ბათუმის სამშობიაროში 16 ორსულს მკურნალობენ კოვიდ 19-ზე

ბათუმის სამშობიარო სახლში ამ დროისთვის 16 ორსული ქალი მკურნალობს კორონავირუსზე. როგორც სამშობიარო სახლის დირექტორი, ნუგზარ პაპავა „ბათუმელებთან“ ამბობს, ინფიცირებული ორსული ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ოთხი პაციენტი გუშინ, 17 სექტემბერს, შეიყვანეს სამშობიარო სახლში, დანარჩენი კი – უფრო ადრე. რაც შეეხება ახალშობილებს, როგორც დირექტორი ამბობს, კოვიდ 19-ით ინფიცირებულ არც ერთ ქალს ჯერ არ უმშობიარია.

დღეს, 18  სექტემბერს, აჭარაში კორონავირუსის 129 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 114 შემთხვევა ბათუმში გამოვლინდა.

როგორც საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, აჭარა არ ჩაიკეტება, თუმცა წითელ ზონად რჩება, სადაც გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული.

ინფიცირებულია 30 მილიონზე მეტი ადამიანი – კოვიდის მსოფლიო სტატისტიკა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 18 სექტემბრის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 30 205 226 შემთხვევა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 946 673 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 197 655 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში, 134 935 – ბრაზილიაში და 84 372 – ინდოეთში.

კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია აშშ-ი, სადაც კორონავირუსით დაინფიცირდა 6 676 410 ადამიანი, ასევე, ინდოეთი – 5 214 677 ინფიცირებული და ბრაზილია – 4 455 386 ინფიცირებული.

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, იანვრიდან დღემდე კორონავირუსისგან განიკურნა 20 548 561 ადამიანი.

____________

ფოტო: pexels

მომავალი პროგრამისტი შუახევიდან – სკოლა მხოლოდ ორმა დავასრულეთ

თორნიკე ჯაფარიძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეებში სწავლობდა. კლასში სულ ოთხი მოსწავლე იყო, თუმცა სკოლა საბოლოოდ ორმა დაასრულა. სოფელი მაღალმთიანია და მილევადიც, რაც აისახება კიდეც სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობაზე.

თორნიკე ამბობს, რომ ერთი მხრივ, კლასში ცოტა მოსწავლე თითქოს კარგი უნდა იყოს იმისთვის, რომ მასწავლებელმა უფრო მეტად იმუშაოს მოსწავლესთან, უფრო მეტი დრო დაუთმოს ცალკეულ თემას, თუმცა ასე არ ყოფილა. პირიქით, ორმოსწავლიან კლასში, როგორც თორნიკე ამბობს, გაკვეთილები საკმაოდ მოსაწყენი და უინტერესოც კი იყო.

„სოფელში ყველაზე პრობლემური უცხო ენის სწავლაა, რადგან პრაქტიკაც ნაკლებია და ტექნიკური შესაძლებლობებიც. არ გვქონდა მოსასმენი რესურსები, ამიტომ აბიტურიენტობის პერიოდში ქალაქში მომიწია მომზადება. პრობლემა იყო ისიც, რომ აბიტურიენტობა პანდემიის პერიოდს დაემთხვა. ბათუმში ბაბუა ცხოვრობს და მასთან ვჩერდებოდი ხოლმე, იქედან დავდიოდი რეპეტიტორებთანაც. თავის დროზე მათემატიკაც ბაბუამ შემაყვარა, რადგან მათემატიკის მასწავლებელი იყო და ბავშვობაში სულ მაძლევდა ამოცანებს მათემატიკური აზროვნების განვითარებისთვის“, – გვეუბნება თორნიკე.

სწორედ ბავშვობისდროინდელი სიყვარული და დამოკიდებულება დაეხმარა თორნიკეს მისაღებ გამოცდებზე, სადაც მან მათემატიკაში 32 ქულა აიღო. თორნიკე წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომპიუტერულ მეცნიერებებზე ჩაირიცხა.

თორნიკე ამბობს, რომ ძალიან უყვარს თანამედროვე ტექნოლოგიები და მისი მომავალი პროფესიაც ამან განსაზღვრა. „პროგრამისტი გავხდები და ეს ძალიან საინტერესოა. უნივერსიტეტი და ჩემი პროფესიაც მაძლევს შესაძლებლობას, რომ არა მარტო საქართველოში, საზღვარგარეთაც მქონდეს დასაქმების შესაძლებლობა“.

თორნიკეს აზრით, მათემატიკაში წარმატებას რომ მიაღწიო, აუცილებელია კარგი საფუძველი და მუდმივი მუშაობა. „დღეში მინიმუმ ერთი საათი უნდა იმუშაო, რომ მათემატიკური ინტელექტი განგივითარდეს. ეს ერთგვარი ჯაჭვია, წყვეტა იწვევს პრობლემას. ეს წყვეტა რომ არ მქონოდა, ამაში დამეხმარა სწორედ ბაბუა“, – გვეუბნება ის.

რა აკლიათ სოფელში ბავშვებს? – ვკითხეთ მას. თორნიკეს აზრით, განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა უნდა შექმნას მთავრობამ.

„ტექნოლოგიები უნდა გახდეს ხელმისაწვდომი სოფლად მცხოვრები ბავშვებისთვისაც. სკოლაშიც თითქოს არის რაღაცები, მაგრამ საკმარისი არ არის. ვერ ვმუშაობთ ლაბოტორიებში ექსპერიმენტებზე, მათემატიკის, უცხო ენის სწავლება უკეთ უნდა იყოს, უფრო სახალისო უნდა იყოს სწავლის პროცესიც.

სკოლაში არ გვაქვს სპორტული დარბაზი, სპორტული აღჭურვილობა, უნდა იყოს შემეცნებითი გასართობები, ექსკურსიები, ახალგაზრდული ბანაკები, მუნიციპალურ საქმეებში კი ახალგაზრდები უფრო მეტად უნდა იყვნენ ჩართულნი და ცხოვრებაც და სწავლაც საინტერესო უნდა გახდეს“, – ამბობს თორნიკე.

თორნიკე იმედოვნებს, რომ სტუდენტობის წლებს ნაყოფიერად გამოიყენებს და პროფესიონალი პროგრამისტი იქნება. ის მეორე სტუდენტია მაღალმთიანი აჭარიდან, ვინც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ისწავლის. ამ უნივერსიტეტში სწავლება მხოლოდ ინგლისურ ენაზე იქნება.

__________________________________

ამავე თემაზე:

ინგლისურად ვისწავლი – რატომ აირჩია სტუდენტმა ხულოდან ქუთაისის უნივერსიტეტი

ემიგრანტებისთვის 10 ოქტომბერი რეგისტრაციის ბოლო ვადაა – არჩევნები 2020

იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ საზღვარგარეთ მიიღოს მონაწილეობა საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, აუცილებელია ის იყოს საკონსულო აღრიცხვაზე.

საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ საქართველოს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქე არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 ოქტომბრისა. აღრიცხვაზე დადგომა უფასოა.

არის თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე, საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველს შეუძლია გადაამოწმოს ვებგვერდზე: geoconsul.gov.ge.

თუ ამომრჩეველი ვერ აღმოაჩენს თავის პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საკონსულო წარმომადგენლობას ან დიპლომატიურ დაწესებულებას. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა 3 გზითაა შესაძლებელი:

1 – დისტანციურად, ვებგვერდის საშუალებით, რა დროსაც მოქალაქე ავსებს შესაბამის ანკეტას ელექტრონულად საელჩოსა თუ საკონსულოში გამოცხადების გარეშე;

2 – საელჩოში ან საკონსულოში პირადად გამოცხადებითა და რეგისტრაციით;

3 – დარეგისტრირების მსურველს შეუძლია ასევე საფოსტო გზავნილით გაუგზავნოს საელჩოს ან საკონსულოს დოკუმენტები აღრიცხვაზე ჩასაწერად.

ყველაზე მარტივი და პრაქტიკული გზა დისტანციურად, ვებგვერდზე ელექტრონული განაცხადის შევსებაა.

საარჩევნო მიზნებისთვის მხოლოდ საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა არ არის საკმარისი. მოქალაქე რომ მოხვდეს საარჩევნო სიაში, ასევე საჭიროა ის იყოს რეგისტრირებული საქართველოში ან საზღვარგარეთ და ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი – პასპორტი თუ პირადობის მოწმობა.

მოწმობა მოქმედი უნდა იყოს მინიმუმ 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.

2020 წელს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის ცესკო საარჩევნო უბნებს შექმნის არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3000 ამომრჩევლისთვის. ჯერ არ არის ცნობილი, რამდენი საარჩევნო უბანი გაიხსნება საზღვარგარეთ, რადგან 10 ოქტომბრის ჩათვლით მოქალაქეები აქტიურად დგებიან საკონსულო აღრიცხვაზე.

ბოლო, 16 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს 52 765 მოქალაქე იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე.

5 ქვეყანა, სადაც საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე უკვე საკონსულო აღრიცხვაზე არის: საბერძნეთი, აზერბაიჯანი, აშშ, უკრაინა და ესპანეთი.

2020 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ დაემატა 2 გენერალური საკონსულო, იტალიის რესპუბლიკის ქალაქ ბარსა და აშშ-ის ქალაქ სან-ფრანცისკოში, სადაც ასევე შესაძლებელი იქნება არჩევნების ჩატარება და საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.

2020 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ამოქმედდა სპეციალური ფანჯარა: არჩევნები 2020, სადაც ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, საზღვარგარეთ საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული სხვადასხვა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ სურათზე.

ისრაელი უკვე მეორედ აცხადებს კარანტინს – იხურება სკოლები, იზღუდება გადაადგილება

ისრაელი წელს უკვე მეორედ აცხადებს კარანტინს ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო. 16 სექტემბერს ქვეყანაში 24 საათის განმავლობაში 6 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 17 სექტემბერს კი – 4 791 ახალი შემთხვევა. სულ ისრაელში ინფიცირების 176 933 შემთხვევაა დადასტურებული, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილია 1 169 ადამიანი.

საყოველთაო კარანტინი ისრაელში დღეს, 18 სექტემბერს შევიდა ძალაში, მინიმუმ სამი კვირით.

შეზღუდვების თანახმად, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ადამიანებს შეუძლიათ გადადგილება საკუთარი სახლის ირგვლივ 500 მეტრის რადიუსში, იკრძალება 10 ადამიანზე მეტის შეკრება შიდა სივრცეში, იხურება სკოლები, საბავშო ბაღები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, სპორტული დარბაზები, სილამაზის სალონები და სასტუმროები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა იზღუდება, თუმცა სრულად არ ჩერდება, საჯარო დაწესებულებები წყვეტენ მოქალაქეთა მიღებას და შეზღუდული გრაფიკით იმუშავებენ. ასევე, ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს შორის გადაადგილება იზღუდება.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა და საავადმყოფოებში პაციენტების რაოდენობამ პიკს მიაღწია.

მთავრობის გადაწყვეტილებას ისრაელში პროტესტი მოჰყვა. მოსახლეობის ნაწილი ქვეყანაში მიიჩნევს, რომ იზოლაცია არაეფექტურია და ცუდი შედეგი მოჰყვება.

_____________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ABIR SULTAN

გარყვნილი ქმედების ბრალდებით მოზარდი დააკავეს, მასზე ძალადობის ბრალდებით კი – 1 პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა, ხოლო მასზე ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი – 1989 წელს დაბადებულ ბ.ქ.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა სხვა არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, რის შემდეგაც მას ბ.ქ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ყურის არეში დაზიანებები მიაყენა.

სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 126-ე და 117-ე მუხლებით აწარმოებს.

ბათუმში გაავდრდება – როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს საღამოდან, 18 სექტემბრის 21 საათიდან 19 სექტემბრის 21 საათამდე  აჭარაში  მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით – ზოგან, დღისით კი ყველგან პერიოდულად წვიმა, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა.

იქროლებს დასავლეთის მიმარულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან – 17-22.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

შიდამთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 25 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 20-21 სექტემბერს მოსალოდნელია  უმეტესად უნალექო ამინდი.

თიბისის მხარდაჭერით თბილისში ვეგანური კაფე SEED გაიხსნა

თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ მხარდაჭერით, თბილისში, გ.ტაბიძის 24 ნომერში ცოტა ხნის წინ ახალი ვეგანური კაფე – SEED გაიხსნა, რომელიც გამორჩეული ადგილია ჯანსაღი და გემრიელი კერძების, სასიამოვნო გარემოსა და ახალი გემოების აღმოჩენის მოყვარულებისთვის. SEED-ის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ გემრიელი კერძების დაგემოვნებასთან ერთად, მას საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს – აქ სტუმრებს დამფუძნებლები დეტალურად აცნობენ თითოეული კერძის შექმნის ისტორიას და მისი მომზადების პრინციპებს.

”სიჯანსაღე ჩვენი აღქმით, გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ კონკრეტული სახის დიეტა ან ვარჯიში. ეს არის მთლიანი ცხოვრების სტილი. ჩვენი მთავარი მისიაა ადამიანების ცხოვრების ტრანსფორმაციაში შევიტანოთ თუნდაც ძალიან მცირე როლი. ვაჩვენოთ ყველას, რომ ვეგანური სამზარეულო არც რაიმე დიეტის ჩამნაცვლებელია და არც რომელიმე კერძის კონკურენტი“, – ამბობს SEED-ის დამფუძნებელი, ლაშა ყანჩაველი.

Seed-ის მენიუ ჯანსაღი, მრავალფეროვანი და განსხვავებულია. ამჟამად კომპანიის გარშემო 6 ადამიანი ერთიანდება. გუნდის მიზანი კი მომხმარებლისთვის განსაკუთრებული კერძების მომზადება და შეთავაზებაა.

SEED-ის დამფუძნებლები ამბობენ, რომ წინ დიდი გეგმები აქვთ. უახლოეს მომავალში კომპანია Glovo-სა და Wolt-ზეც გამოჩნდება, რაც მომხმარებელს ვეგანური კერძების სახლიდან გაუსვლელად დაგემოვნების შესაძლებლობას მისცემს.

როგორ გადანაწილდა კორონავირუსის 129 შემთხვევა აჭარაში – 18 სექტემბერი

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 129 ახალი შემთხვევა გამოვლინდა:

  • ბათუმი – 114 შემთხვევა
  • ქობულეთი – 11 შემთხვევა
  • ქედა – 3 შემთხვევა
  • შუახევი – 1 შემთხვევა.

ბათუმის კლინიკებში მოთავსებულია 341 პაციენტი, კოვიდსასტუმროში რჩება 223 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ჩატარდა 4000-მე მეტი PCR ტესტი.

გასული დღის განმავლობაში კლინიკაში მყოფი ორი პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 26-მა პირმა დატოვა კოვიდსასტუმრო.

კოვიდდადებით პაციენტებს ბათუმში უკვე შვიდ კლინიკაში მკურნალობენ, მათ შორის, გუშინ ჩაერთო ამ პროცესში ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებში არსებობს 500-მდე საწოლფონდი.

Exit mobile version