კვირის ამბები,სიახლეები

ვინ იყვნენ ძველი ბათუმის პირველი ექიმები

13.02.2018 •
ვინ იყვნენ ძველი ბათუმის პირველი ექიმები

1878 წელია ბათუმში. ჭაობებით მოფენილ პატარა ქალაქს ანოფელესი ეხვევა, მალარიის გადამტანი კოღო, ძველი ბათუმელების მთავარი სატანჯველი. მალარიით გამოწვეულ ციებ-ცხელების შეტევებს ბათუმელები ხალხური მედიცინით ებრძვიან, მაგრამ ვერ ერევიან. ცხოვრება განსაკუთრებით ჭირს ზაფხულში. ვისაც საშუალება აქვს, ამ დროს აგარაკებსა და მთებს აფარებს თავს, მაგრამ ასეთი ბევრი არ არის.  ქალაქში მხოლოდ ერთი პატარა ჰოსპიტალია, რომელიც სამხედროებს ემსახურება.

ბათუმს ამ დროს პოლიცმეისტერი მართავს. იქვე, მის სამმართველოში, მუშაობს ქალაქის პირველი მთავარი ექიმი, გერმანელი ფეოდორ შეფერი, რომელიც ექიმი-ექსპერტი უფროა, ვიდრე მკურნალი. სწორედ მისი და კიდევ ერთი პოლონელი ექიმის, სევერინის ინიციატივით გაიხსნა ბათუმში პირველი ქსენონი, სადაც ერთდროულად 25 პაციენტის მიღება იყო შესაძლებელი.

__________________________

ვინ იყო ბათუმის პირველი ქსენონის პირველი პაციენტი, ეს – არა, მაგრამ ბათუმის სამედიცინო დაწესებულებების ისტორია და ცნობილი ექიმების შესახებ ყველაზე მეტი ბათუმში რამაზ სურმანიძემ იცის. იგი პროფესიით ექიმია და წლებია ბათუმის ისტორიას იკვლევს, მათ შორის სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ წარსულსაც.

რამაზ სურმანიძე

იგი ყვება, რომ მე-19 საუკუნის 70-იანი წლების ბოლომდე ბათუმში სამედიცინო დაწესებულება არ იყო. ბათუმის ნავსადგურში არსებობდა მხოლოდ საზღვაო კარანტინი, სადაც ექიმს ერთი მოვალეობა ჰქონდა – არ დაეშვა გემიდან ქალაქში ავადმყოფი ან გემზე ასვლის საშუალება არ მიეცა ადამიანისთვის, რომელიც  ეკიპაჟის სხვა წევრებს დაავადებდა.

რუსეთისა და ოსმალთა იმპერიების ომის შემდეგ ბათუმი რუსეთის იმპერიის საზღვრებში მოექცა და სწორედ მაშინ გამოჩნდა ბათუმსა და მის შემოგარენში მოძრავი ჰოსპიტალი, რომელიც დაჭრილ ჯარისკაცებს ემსახურებოდა.

„ბათუმში შემოსულ ჯარს შემოჰყვა ეს მოძრავი ლაზარეთი, რომელიც არ იყო საკმარისი, ამიტომ ახლანდელ ბარბარეს ეკლესიასთან დროებით გააკეთეს ერთსართულიანი ჰოსპიტალი. მაგრამ ეს ჰოსპიტალი სამხედროებისთვის იყო, იქ ჩვეულებრივ მოქალაქეს ვინ შეუშვებდა, ნაცნობობით, ვიღაცას ფულს მისცემდი და ასე თუ იშოვიდი ექიმს ქალაქში. ამიტომაც დადგა ქსენონის გახსნის საკითხი და მთავარმა ექიმმა, შეფერმა, გახსნა პირველი ქსენონი ბათუმში 1887 წელს,“ – ყვება რამაზ სურმანიძე.

ქსენონმა  15 წელი იარსება. ამ დროში ბათუმში ბევრი რამ შეიცვალა, ქალაქი გაიზარდა და მალარიას კიდევ ერთი მძიმე ავადმყოფობა, ქოლერას პანდემია დაემატა. სწორედ ქოლერამ იმსხვერპლა ქალაქის პირველი მთავარი ექიმი, შეფერი.  საავადმყოფო უკვე აუცილებელი იყო და ბათუმის იმდროინდელმა მერმა, ლუკა ასათიანმა, ყველა ღონეს მიმართა მის გასახსნელად.

„ლუკა ასათიანი და გრიგოლ ვოლსკი იყვნენ ამის ინიციატორები. 1897 წელს დაიწყო ბათუმში  საავადმყოფოს მშენებლობა და 1902 წელს დამთავრდა. საავადმყოფო იყო 120 საწოლზე გათვლილი და მდებარეობდა იქ, სადაც დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოა. ექვსი ბარაკი იყო სულ, ქირურგია ცალკე იყო, თვალი – ცალკე, ყელ-ყური, ინფექციური და ა.შ.სპეციალისტები ზოგი ადგილზე იყო, ზოგი მოიწვიეს სხვადასხვა ქალაქიდან. მაშინ ცალ-ცალკე ექიმები არ იყვნენ, ექიმი ყველაფერს მკურნალობდა.

ამ დროს იყო ასეთი ბათუმელი ექიმი, დიმიტრი კუზიატინი. 1892 წელს, როცა ქოლერა მთელს მსოფლიოში მძვინვარებდა, ითვლებოდა, რომ ქოლერა გადადის ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით. კუზიატინმა ბათუმში დაადგინა, რომ ეს ასე არ არის და ქოლერა გადადის მხოლოდ ავადმყოფის გამონაყოფებთან შეხებისას. ეს იყო უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა,“ – ამბობს რამაზ სურმანიძე.

ბათუმის სამხედრო ჰოსპიტლის მედიკოსთა 1896 წ. შემადგენლობა. ფოტო შოთა გუჯაბიძის არქივიდან.

1913 წელს ბათუმში უკვე მალარიის სადგურიც გაიხსნა, რადგან  ყოველ მესამე ადამიანს მალარია სჭირდა. ეს იყო პირველი ამ ტიპის დაწესებულება რუსეთის იმპერიაში. სწორედ ამ დროს უკავშირდება რამდენიმე ბათუმელი ცნობილი ექიმის სახელი, მათ შორის, ბერძენი ექიმის ტიმოლეონ ტრიანდაფილიდისის და  პლატონ გიგინეიშვილის:

„პლატონ გიგინეიშვილმა შემოიღო ბათუმში პირველად მალარიის მკურნალობა ევკალიპტით. ქინაქინით მკურნალობდნენ მალარიას და ქინაქინის ხეებიც მოაშენეს ბათუმში, მაგრამ არ ჰქონდა ზოგჯერ შედეგი. გიგინეიშვილმა 1922 წელს ჩაატარა ცდები და დაადასტურა, რომ ევკალიპტის ზეთით შეიძლება იმკურნალოს ადამიანმა. მშვენიერი ეფექტი ჰქონდა“.

რამაზ სურმანიძე ყვება, რომ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში ბათუმში არა ერთი მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩატარდა:

„იყო ასეთი ექიმი, ბესარიონ ფროლოვი, რომელმაც1905 წელს თირკმლის ამოკვეთის ოპერაცია გააკეთა ბათუმში. დღეს ეს არაფერს წარმოადგენს, მაგრამ მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაცია იყო.

ერთი წლით ადრე, 1904 წელს, ფროლოვმა საძილე არტერია გაკერა და სიკვდილს გადაარჩინა პაციენტი.

1908 წელს ბათუმში პირველად გაკეთდა ოპერაცია თავის ქალაზე სისხლჩაქცევის დროს, რომელიც ჩაატარა ბათუმის მაშინდელმა მთავარმა ექიმმა, ფილკენშტეინმა.

1925 წელს ბათუმელმა ექიმმა, ვალერიან მაქაცარიამ, გადაარჩინა დაჭრილი ბიჭი, მან გულზე დაადო ნაკერები პაციენტს მაშინ, როცა ამას საბჭოთა კავშირში ვერავინ აკეთებდა. ეს მაშინვე დაიბეჭდა პრესაში და გავრცელდა მთელს საბჭოთა კავშირში.

ახლა მსგავსი ოპერაციები არავის უკვირს, მას შემდეგ რევოლუცია მოხდა მედიცინაში, მაგრამ მაშინ დიდი ამბავი იყო,“ – ყვება რამაზ სურმანიძე.

მალარიას, ქოლერას და სხვა, გავრცელებული დაავადებების გარდა, ბათუმში ათაშანგიც [სიფილისი] იყო გავრცელებული. ზოგადად, ვენერული დაავადებები საპორტო ქალაქებისთვის დამახასიათებელი იყო. ეს პრობლემა რომ ბათუმში მწვავედ იდგა, ერთი ფაქტიც მოწმობს: ბრიტანული ოკუპაციის წლებში ბრიტანული ჯარის ხელმძღვანელობა ქუჩებში განცხადებებს აკრავდა, რომლითაც თანამემამულეებს აფრთხილებდა, საეჭვო რეპუტაციის დაწესებულებებში თავი დაეცვათ, რომ ვენერული დაავადებები აეშორებინათ თავიდან.

ბათუმის საქალაქო საავადმყოფოს პალატა 1914 წელს. მ. გლაუდანის ფოტო.ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის ფონდი.

„ბათუმში იყო ძალიან საინტერესო ექიმი, კონდრატ მხეიძე, რომელმაც გერმანიიდან ბათუმში პირველად ჩამოიტანა და გამოსცადა პრეპარატები ათაშანგის სამკურნალოდ. ეს იყო სალვარსანი 606, რომელიც პაულ ერლიხმა [ერლიხი ნობელის პრემიის ლაურეატი იყო, მან ქიმიოთერაპიით მკურნალობის მეთოდი დანერგა]  შემქნა და 606 ცდა ჩაატარა, სანამ აწარმოებდა და ნეო სარვალსანი 914. ეს პრეპარატები პირველად გამოსცადეს ბათუმში.“

გასული საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ ბათუმში სხვადასხვა პროფილის საავადმყოფო გამოჩნდა. აშენდა ტროპიკული ინსტიტუტი, რომელიც 50-იან წლებში, მისი ერთ-ერთი დამაარსებლის, მჭედლიძის დახვრეტის შემდეგ, ქალაქის პირველ საავადმყოფოდ გადაკეთდა. ქალაქგარეთ აშენდა გინეკოლოგიური პავილიონი, სადაც შემდგომში ტუბსაავადმყოფო გაიხსნა, სამშობიარო განყოფილება კი როტშილდების მიერ აგებულ სახლში გადავიდა, სადაც ამ დრომდე ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლი მდებარეობს.

ქალაქის მთავარ საავადმყოფოს გამოეყო და ცალკე გაიხსნა ინფეციური საავადმყოფოც. რამაზ სურმანიძე ყვება, რომ ამ საავადმყოფოს შენობა თავდაპირველად ბათუმის სახანძრო რაზმისთვის აშენდა, შემდეგ კი აქ სამედიცინო დაწესებულების გახსნა გადაწყდა. ბათუმში იყო საავადმყოფოები, რომლებიც უკვე აღარ არსებობს, მათ შორის ფიზიოთერაპიული საავადმყოფო ბათუმგორაზე, რომელსაც ბათუმში გულის საავადმყოფოს უწოდებდნენ.

რამაზ სურმანიძე ამბობს, დღეს ცოტას თუ აინტერესებს არქივები, რომლებიც ბევრ საინტერესო ამბავს ინახავს:

„რამდენიმე წლის წინ მითხრეს, „რესპუბლიკურიდან“ გამოიტანეს ქაღალდები და გადასაყრელადაა გამზადებულიო. მე წამოვიღე ეს ქაღალდები და ანბანის მიხედვით ინახება ჩემთან 4500-ზე მეტი მონაცემი, რომელიც დასაკარგად იყო განწირული. ესაა ექიმების პირადი საქმეები, სხვაგან  ვერსად ნახავთ ამ მასალებს.“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: